Facebook Twitter

ას-75-72-10 20 მაისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – დ. დ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. მ-ძე (მოსარჩელე)

დავის საგანი – ალიმენტის ოდენობის შემცირება

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

2009 წლის 24 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2009 წლის 25 აგვისტოს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა გ. მ-ძემ მოპასუხე დ. დ-ძის მიმართ და მოითხოვა, მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გამო, დაკისრებული ალიმენტის შემცირება 100 ლარამდე.

მოსარჩელემ განმარტა, რომ ალიმენტის დაკისრების შემდეგ მისი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა Dდამძიმდა, კერძოდ, მეუღლე თ. მ-ძე დაავადებულია ავთვისებიანი სიმსივნით, რომლისათვისაც სამკურნალოდ ყოველ თვეში ეხარჯება 800 აშშ დოლარი. ვაჟი დ. მ-ძე დაავადებულია ჩიყვით, გოგონა ა. მ-ძე სქოლიოზით და მათი პერიოდული მკურნალობის საფასური 380 ლარია, თანაც მოსარჩელე დაავადებულია გავა _ წელის დისკოზიური რადიკულიტით, ასევე “...” ბანკიდან გამოტანილი აქვს სესხი 5500 აშშ დოლარი, რომელიც უნდა დაფაროს 2010 წლის თებერვალში, საცხოვრებელი ბინის ქირა თვეში შეადგენს 200 ლარს.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. მ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, 1995 წლის 7 მარტს დაბადებული გ. დ-ძის სასარგებლოდ გ. მ-ძეს შეუმცირდა ალიმენტი 100 ლარის ოდენობით.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა დ. დ-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ნოემბრის განჩინებით დ. დ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, როდესაც შვილის რჩენის მიზნით, ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო, ამ ოდენობის განსაზღვრა ხდება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლის, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა ადგენს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი, იგი შესაძლებელია შეიცვალოს მხლოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლომ გ. მ-ძის ოჯახური და მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ დ. დ-ძის სასარგებლოდ გ. მ-ძისათვის ალიმენტის 100 ლარამდე შემცირება სამართლიანია.

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა დ. დ-ძემ. მან მიუთითა, რომ გ. მ-ძის მიერ სარჩელის წარდგენისას არ ყოფილა მითითებული და დამტკიცებული რაიმე ახალი გარემოება მისი ეკონომიკური მგდომარეობის გაუარესების შესახებ, რაც საფუძველი გახდებოდა ალიმენტის ოდენობის შემცირებისა.

გ. მ-ძის წარმოდგენილი გარემოება, რომ მან სახლი გაყიდა და ცხოვრობს ნაქირავებში, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მას არ წარმოუდგენია ქირავნობის ხელშეკრულება, ასევე საცხოვრებელი ბინის გასხვისების დამადასტურებელი ხელშეკრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. დ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას დ. დ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ. დ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.