ას-757-708-2010 12 ნოემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. გ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ს-ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 16 აპრილს ა. ს-ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე მ. გ-შვილის მიმართ და მოითხოვა მის მიერ სარემონტო სამუშაოებზე გაწეული საფასურის ანაზღაურება 17 793 ლარის ოდენობით.
თავის მხრივ მ. გ-შვილმა შეგებებული სარჩელით მოითხოვა ა. ს-ძისათვის, მიუღებელი სარგებლის სახით, ბინით სარგებლობის საფასურის დაკისრება 6400 ლარის ოდენობით.
მ. გ-შვილმა ა. ს-ძის სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ ა. ს-ძე 2003 წლის ივნისში თვითნებურად შეიჭრა და 2008 წლის 6 ოქტომბრამდე ცხოვრობდა თავისი ძმის კუთვნილ ბინაში, სადაც, მისი თანხმობის გარეშე, ჩაატარა სარემონტო სამუშაოები.
ა. ს-ძემ მ. გ-შვილის სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა ბინის ქირის მოთხოვნის უფლება, თუ დაადასტურებდა ა. ს-ძის მიერ სადავო ბინით სარგებლობის პერიოდში მის მიერ ბინის დაქირავებისა და ბინის ქირის გადახდის ფაქტს. ამას გარდა, ა. ს-ძის განმარტებით, მ. გ-შვილი აღნიშნული პერიოდისათვის სადავო საცხოვრებელი ბინის მესაკუთრე არ იყო და, შესაბამისად, არც ბინის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის უფლება გააჩნდა, აღნიშნული უფლება მან 2008 წლის 5 ივნისს მოიპოვა, ანუ მას შემდეგ, რაც იგი საჯარო რეესტრში სადავო ბინის მესაკუთრედ აღირიცხა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ს-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. გ-შვილს ა. ს-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 9393 ლარის გადახდა, ა. ს-ძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე 6400 ლარის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში; მ. გ-შვილის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
მ. გ-შვილმა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
ა. ს-ძემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 მაისის განჩინებით მ. გ-შვილისა და ა. ს-ძის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
საქმეში არსებული მასალების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სადავო ბინაში, რომელიც კარკასულ მდგომარეობაში იყო, ა. ს-ძემ ჩაატარა მთელი რიგი სარემონტო სამუშაოები, რაც მ. გ-შვილს სადავოდ არ გაუხდია, თუმცა იგი არ დაეთანხმა ა. ს-ძის მიერ წარმოდგილი 05.09.2008წ. აუდიტორიული დასკვნით გასზაღვრულ ღირებულებას, რომლის საპირისპიროდ წარმოადგინა 7.08.2009წ. ექსპერტიზის დასკვნა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტაციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული დასკვნა მასზედ, რომ სადავო ბინაში ა. ს-ძე თვითნებურად არ შეჭრილა და იგი აღნიშნულ ბინაში საცხოვრებლად შევიდა ადმინისტრაციული ორგანოს _ გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის ზეპირი მითითების საფუძველზე, შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ს-ძე სადავო ბინას კანონიერი საფუძვლის გარეშე ფლობდა, თუმცა იგი კეთილსინდისიერი იყო აღნიშნული ფაქტის მიმართ, რადგან მიიჩნევდა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზეპირსიტყვიერი ნებართვა ბინის ფლობისა და ამ ბინით სარგებლობის მართლზომიერი საშუალება იყო.
სადავო ბინაზე ა. ს-ძის მიერ გაწეულ სამშენებლო-სარემონტო ხარჯებთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ საქმეზე წარმოდგენილი ორი ურთიერთსაწინააღმდეგო საექსპერტო დასკვნიდან სარწმუნოა და უნდა გაზიარებულიყო ის დასკვნა, რომელიც მოთხოვნის წარმოშობის მომენტთან უფრო ახლოს იდგა. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მიერ წარმოდგენილი იყო 2008 წლის 5 სექტემბრისა და 2009 წლის 7 აგვისტოს საექსპერტო დასკვნები, ხოლო ა. ს-ძის უფლება, შესრულებული სარემონტო სამუშაოების ანაზღაურების თაობაზე წამროიშვა 2008 წლის 6 ოქტომბერს ანუ პოლიციის მიერ სადავო საცხოვრებელი ბინიდან მისი გამოსახლების მომენტიდან. ამასთან, მ. გ-შვილის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ასახავდა მხოლოდ უშუალოდ სადავო ბინის სარემონტო ხარჯებს და მასში სასამართლოს მიერ გაზიარებული დასკვნისაგან განსხვავებით მოცემული არ იყო ა. ს-ძის წილი იმ საერთო ხარჯებში, რაც კორპუსის მცხოვრებლებმა გაიღეს ე.წ. “შავი კარკასის” მდგომარეობაში მყოფი კორპუსის საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში მოსაყვანად, შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249.3 მუხლის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, თუ რატომ იზიარებდა ერთ მტკიცებულებას, ხოლო მეორეს არა სათანადოდ იყო დასაბუთებული.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. ს-ძის სარჩელთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლი, როგორც კეთილსინდისიერი მფლობელის მიმართ და ასევე სწორად მოახდინა ა. ს-ძის მიერ სადავო ბინაზე კეთილსინდისიერი მფლოებლობისას გაღებული აუცილებელი ხარჯებიდან ამ ნივთის მფლობელობით მიღებული სარგებლის გამოქვითვა და სწორად დააკისრა მ. გ-შვილს მის სასარგებლოდ 9393 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელის მოთხოვნა, რომლითაც მ. გ-შვილი ბინაში ცხოვრების ღირებულების ანაზღაურებას ითხოვდა, როგორც მიუღებელ სარგებელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლიდან გამომდინარე, უსაფუძვლო იყო, ამასთან სასამართლომ განმარტა, რომ შეგებებული სარჩელით დაყენებული მოთხოვნა, სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დაექვემდებარა სადავო ბინაზე გაწეული აუცილებელი ხარჯების ღირებულებიდან გაქვითვას, როგორც ა. ს-ძის მიერ მიღებული სარგებელი, რაც თავის მხრივ გახდა საფუძველი პირვანდელი სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოწინააღმდეგე მხარე სადავო ბინაში შესახლდა ადმინისტრაციული ორგანოს ზეპირი მითითების საფუძველზე და, შესაბამისად, არასწორად მიიჩნია იგი კეთილსინდისიერ მფლობელად. საააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად გაიზიარა 2008 წლის 5 სექტემბერს გაცემული აუდიტის დასკვნა, რაც გახდა მიზეზი ხარჯების ოდენობის არასწორი განსაზღვრისა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის განხილვისას, მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:
1. მ. გ-შვილი გადაუხდის ა. ს-ძეს სადავო ბინისათვის გაწეული ხარჯებისათვის 5000 ლარს, მიმდინარე წლის _ 2010 წლის 15 დეკემბრამდე; (ქ. თბილისი, ... მე-4ა მ/რ, კორპუსი 10, ბინა 66);
2. ყადაღის მოხსნა მოხდება თანხის გადაცემისთანავე;
3. იმ შემთხვევაში, თუU მორიგების პირობა ნებაყოფლობით არ შესრულდება, მოწინააღმდეგე მხარეს რჩება უფლება მოახდინოს მორიგების პირობის იძულებითი აღსრულება;
4. მოხსნილი კარი და უნიტაზი (რომელიც სადარბაზოშია) უბრუნდება ა. ს-ძეს.
მხარეებმა მოითხოვეს მორიგების აქტის დამტკიცება და საქმეზე წარმოების შეწყვეტა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, რის გამოც წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.
მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.
მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კასატორს _ მ. გ-შვილს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 789.65 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება მხარეთა შორის შემდეგი პირობებით:
1) მ. გ-შვილი გადაუხდის ა. ს-ძეს სადავო ბინისათვის გაწეული ხარჯებისათვის 5000 ლარს, მიმდინარე წლის _ 2010 წლის 15 დეკემბრამდე; (ქ. თბილისი, ... მე-4ა მ/რ, კორპუსი 10, ბინა 66);
2) ყადაღის მოხსნა მოხდება თანხის გადაცემისთანავე;
3) იმ შემთხვევაში, თუU მორიგების პირობა ნებაყოფლობით არ შესრულდება, მოწინააღმდეგე მხარეს რჩება უფლება მოახდინოს მორიგების პირობის იძულებითი აღსრულება;
4) მოხსნილი კარი და უნიტაზი (რომელიც სადარბაზოშია) უბრუნდება ა. ს-ძეს.
2. მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო, გაუქმდეს ამ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება;
3. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდება გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება;
4. მ. გ-შვილს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 2010 წლის 6 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 789.65 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ხაზინის ერთიანი ანგარიშის ნომერი – 200122900, მიმღები ბანკი – სახელმწიფო ხაზინა 220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი - ¹300773150;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.