საქმე N 330100119002911839
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
#961აპ-19 ქ. თბილისი
გ. ნ., 961აპ-19 15 მაისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილსის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. გ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილსის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ. გ-მ.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი ითხოვს თბილსის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიაჩნია, რომ იგი უდანაშაულოა, რაც დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით; კასატორის მითითებით, მას არ სურდა ვითარების დამძიმება და უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა; მის მიმართ ხელოვნურად დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა; პასუხისმგებლობა არ დაეკისრათ დაზარალებულებსა და მოწმეებს, რომლებმაც მის წინააღმდეგ ცრუ ჩვენებები მისცეს სასამართლოს, ასევე დანაშაულის ორგანიზატორ ს. გ-ს, რომელსაც პროკურორი მფარველობს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 სექტემბრის განაჩენით:
ნ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ა. ზ-ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
ნ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დ. გ-ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
ნ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ლ. ბ-ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
ნ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
ნ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ. ი-ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
ნ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (მ. დ-ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
ნ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ი. მ-ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ა. ზ-ს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ ნ. გ-ს სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. გ-მ ჩაიდინა: თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით; თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (2 ეპიზოდი); თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით (2 ეპიზოდი); იძულება ჯგუფურად, ესე იგი ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვა - მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა და თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ნ. გ-ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
20.. წლის ივლისში ინტერნეტში გამოქვეყნებული განცხადების საფუძველზე, რომლის მიხედვით, 7000 აშშ დოლარად გირავდებოდა ... მდებარე ბინა #.., ა. ზ. ტელეფონით დაუკავშირდა ვინმე მ-ს, რომელიც აღმოჩნდა ნ. გ.. ბინა ეკუთვნოდა ნ. გ-ს ძმას - ნ. ხ-ს. ნ. გ. ა. ზ-ს დაჰპირდა, რომ მას შემდეგ, რაც ბინაში ქირით მყოფ ზ. კ-ს მისცემდა თანხას და დააცლევინებდა ბინას, მიაგირავებდა მას, რაზეც ა. ზ. დასთანხმდა. ნ. გ-ს ინიციატივით 20.. წლის .. ივლისს ... არსებულ სანოტარო ბიუროში, ნაცვლად გირავნობის ხელშეკრულებისა, ნ. გ-მ ა. ზ-სთან გააფორმა სესხის ხელშეკრულება და ა. ზ-მ ნ. გ-ს იქვე გადასცა 5000 აშშ დოლარი, ხოლო 2000 აშშ დოლარი უნდა გადაეცა ორი თვის განმავლობაში, თუმცა ერთი კვირის შემდეგ ნ. გ-ს მოთხოვნით გადასცა კიდევ 1000 აშშ დოლარი. დათქმულ დროს - 2015 წლის 10 აგვისტოს, როცა ა. ზ. საცხოვრებლად უნდა შესულიყო ნაგირავებ ბინაში, ნ. გ-მ მოულოდნელად უთხრა, რომ დედასა და ძმასთან ურთიერთობა დაეძაბა და ბინაში ვერ იცხოვრებდა. ა. ზ. სთხოვდა თავის თანხას ნ. გ-ს, რომელმაც მოატყუა იგი და აქეთ სთხოვა საქმეების მოსაგვარებლად სააღსრულებო ბიუროში შესატანი თანხა. ა. ზ-მ 20.. წლის .. ოქტომბერს გადაურიცხა მას 342 ლარი, ხოლო შემდეგი წლის 18 დეკემბერს კიდევ - 300 ლარი იმ იმედით, რომ ნ. გ. მოაგვარებდა პრობლემებს და მთლიან თანხას უკან დაუბრუნებდა, მაგრამ ნ. გ-მ ისევ მოატყუა იგი და თაღლითურად დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 6000 აშშ დოლარსა და 742 ლარს. ნ. გ-ს ქმედებით ა. ზ-ს მიადგა 14289,5 ლარის - დიდი ოდენობის ზიანი.
20.. წლის გაზაფხულზე ნ. გ-სთვის ცნობილი გახდა, რომ დ. გ-ს იპოთეკარი აძლევდა 3000 აშშ დოლარს და განიზრახა, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა მის თანხას. დ. გ-ს გაეცნო როგორც ადვოკატი და შესთავაზა, რომ 3000 აშშ დოლარად 3 წლის ვადით მიაგირავებდა ... მდებარე ბინას. აღნიშნული პირობა ხელსაყრელი იყო დ. გ-სათვის და იგი დასთანხმდა. ამავდროულად ნ. გ-მ მოახერხა, მოეპოვებინა დ. გ-ს ოჯახის ნდობა, რომლის საფუძველზე დ. გ-მ და მისმა მეუღლემ - მ. ბ-მ ...., ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის გარეშე გადასცეს ნ. გ-ს 2500 აშშ დოლარი, რომელსაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. ნ. გ-მ დ. გ-ს ოჯახი მოატყუა, რომ ბინაში, რომელიც სინამდვილეში ეკუთვნოდა ზ. ბ-ს ოჯახს და რომელიც ასევე კანონსაწინააღმდეგოდ ჰქონდა გაფორმებული ნ. გ-ს მეუღლეს - რ. გ-ს, უკანონოდ ცხოვრობდნენ სხვები და სასამართლოს წესით აპირებდა მათ გამოსახლებას. ნ. გ-ს ქმედებით დ. გ-ს მიადგა 2500 აშშ დოლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
მ. ი-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეეძლო ... საცხოვრებელი ბინის დასარეგისტრირებლად საჭირო დოკუმენტაციის მოგროვება, რის გამოც დახმარება სთხოვა ნაცნობს - ჯ. ნ-ს, რომელმაც დააკავშირა იგი ნ. გ-ს. 20.. წლის მარტში მ. ი-თან მივიდა ნ. გ., გაეცნო როგორც ადვოკატი და შეჰპირდა სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებული იურიდიული საკითხების მოგვარებას 750 აშშ დოლარად. ნ. გ-მ მ. ი. დაარწმუნა, რომ ყველგან ჰყავდა ნაცნობები და გადაფორმების საკითხს მალე მოაგვარებდა. მ. ი. ენდო მას და 20.. წლის .. მაისს ნ. გ-ს გაუფორმა მინდობილობა, რათა გამოეთხოვა ყველა საჭირო დოკუმენტი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან. გაცნობიდან რამდენიმე დღეში მ. ი-ს ნ. გ-მ გამოართვა 1000 ლარი. 20.. წლის მაისში ნ. გ-მ მ. ი. მოატყუა, რომ თითქოს, მისი მეუღლის დაბადების მოწმობას ვერ პოულობდნენ და სჭირდებოდა 700 აშშ დოლარი. მ. ი-მ აღნიშნული თანხა ვერ მისცა ნ. გ-ს, თუმცა მოგვიანებით, თითქოსდა მისი საქმის მოსაგვარებლად, მაინც გამოართვა მას 1200 ლარი. ნ. გ-მ მ. ი. ასევე დაარწმუნა, რომ დაეხმარებოდა დ-ს რაიონში მამამთილის კუთვნილი ბინის გაფორმებაში, რისთვისაც 20.. წლის მაისში გამოართვა 750 აშშ დოლარი. ნ. გ-მ მ. ი-ს სახელზე არცერთი ბინა არ გადააფორმა და 2200 ლარსა და 750 აშშ დოლარს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. მას შემდეგ, რაც მ. ი. დარწმუნდა, რომ ნ. გ. ატყუებდა, 20.. წლის .. აგვისტოს გაცემული მინდობილობა გააუქმა. ნ. გ-ს ქმედებით მ. ი-ს მიადგა 4021 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
20.. წლის 10 თებერვალს რ. და ნ. გ-ებმა ისარგებლეს ზ. ბ-ს მდგომარეობით, რომელიც იყო ალკოჰოლური სასმლის აქტიური მომხმარებელი, მიიყვანეს იგი ... მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს, მე-.. სართულზე არსებულ სანოტარო ბიუროში და დაარწმუნეს, გაეცა მინდობილობა რ. გ-ზე. გაცემული მინდობილობის საფუძველზე რ. გ-მ გარიგება დადო საკუთარ თავთან და 2016 წლის 31 მარტს გააფორმა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ზ. ბ-მ თითქოსდა რ. გ-ს 15000 აშშ დოლარად მიჰყიდა ... მდებარე საცხოვრებელი ბინა, მთლიანი ფართობით - 890 კვმ (საკადასტრო კოდი #...), რომელიც რეგისტრირებული იყო ზ. ბ-ზე, თუმცა ფაქტობრივად ფლობდა ზ. ბ-ს დედა - ლ. ბ., რომელიც იქვე ცხოვრობდა. რ. გ-მ მოატყუა ზ. ბ. და აღნიშნული თანხა მისთვის არ გადაუცია. 2016 წლის 13 აპრილს რ. გ-მ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა კერძო იპოთეკარებთან და 5000 აშშ დოლარად დატვირთა ზ. ბ-ს სახლი. 20.. წლის .. მაისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ბინა გაფორმდა რ. გ-ს დედაზე - ვ. გ-ზე და კვლავ იპოთეკით დაიტვირთა სს „...“ სესხის უზრუნველსაყოფად. მას შემდეგ, რაც ზ. ბ-სთვის ცნობილი გახდა, რომ ოჯახის ქონება ნ. და რ. გ-ებმა დატვირთეს იპოთეკით, მივიდა მათთან ვითარების გასარკვევად, ვინაიდან ბინის გაყიდვა და მისი იპოთეკით დატვირთვა მოხდა მისი ნების საწინააღმდეგოდ. ნ. და რ. გ-ებმა უთხრეს, რომ შეცდომას გამოასწორებდნენ, მანამდე კი სთხოვეს, დასასვენებლად გაჰყოლოდათ რაჭაში, რაზეც ზ. ბ. დასთანხმდა და გაჰყვა ა-ს რაიონის სოფელ ი-ში. დაახლოებით ორი-სამი დღის შემდეგ ნ. და რ. გ-ებმა ზ. ბ. წაიყვანეს ხ-ს რაიონში მცხოვრებ ს. კ-ს ბინაში. მას შემდეგ, რაც ზ. ბ-ს დამ - ი. ბ-მ შეიტყო, რომ მისი ძმა იმყოფებოდა ს. კ-ს ბინაში, ზ. ბ. დისგან მალულად წაიყვანეს თ-ში, მიტოვებულ ბინაში, სადაც არ იყო ცხოვრების პირობები და აუკრძალეს ტელეფონით ახლობლებთან ურთიერთობა იმ მიზეზით, რომ თითქოს, ისინი ემუქრებოდნენ მოკვლით. ზ. ბ-ს მისცეს ახალი სიმბარათები და უმოწმებდნენ შემავალ-გამავალ ზარებს. ნ. გ. აშინებდა, თუ ჩუმად არ იქნებოდა, შესაძლოა, პოლიციას დაეჭირა ნარკოტიკული საშუალების შენახვისათვის. 20.. წლის .. თებერვალს ზ. ბ-ს ჩააკითხეს ნათესავებმა და იგი სახლში დააბრუნეს. 20.. წლის აპრილ-მაისიდან 20.. წლის .. თებერვლამდე პერიოდში ზ. ბ., რ. და ნ. გ-ების მხრიდან მუქარისა და ფსიქიკური ზემოქმედების გამო, იძულებული იყო, ეცხოვრა რ. და ნ. გ-ების საცხოვრებელ სახლში, ..., რის გამოც გაუუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა. ნ. და რ. გ-ების ქმედებით ლ. ბ-ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი, ხოლო ზ. ბ-ს - მორალური ზიანი.
2016 წლის 1 მარტს მ. დ-სა და ნ. რ-ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მ. დ-მ ნ. რ-ს ერთი წლით ასესხა 15000 აშშ დოლარი. სანაცვლოდ ნ. რ-მ იპოთეკით დატვირთა კუთვნილი, 89,14 კვმ ბინა (სამი სხვადასხვა ფართი), მდებარე ....... ნ. რ. ვერ იხდიდა სესხის თანხას და მ. დ-ს მიმართვის საფუძველზე 2016 წლის 4 ნოემბერს ნოტარიუმა ე. შ-მ გასცა სააღსრულებო ფურცელი. 2017 წლის 23 იანვარს გამართულ იძულებით აუქციონზე მ. დ-მ 69,7 კვმ ფართი, საკადასტრო კოდით - .... (შენობა 1), შეიძინა 49000 ლარად, ხოლო 2017 წლის 2 მარტს გამართულ იძულებით აუქციონზე, 7,95 კვ.მ. ფართი საკადასტრო კოდით ... (შენობა 3) - 2800 ლარად. აღნიშნულის შემდეგ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 30 იანვრისა და 2017 წლის 9 მარტის განკარგულებებით მითითებული ფართების მესაკუთრე გახდა მ. დ., რაც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. რ-ების ოჯახი არც ბინიდან გამოდიოდა და არც მ. დ-ს შეთავაზებას იღებდა. მ. დ-მ გადაწყვიტა, მათი გამოსახლების მიზნით მიემართა სასამართლოსთვის, რაშიც დახმარება სთხოვა ნ. გ.ს, რომელიც მას გაეცნო როგორც ადვოკატი და მოატყუა, რომ თითქოს, ყველა სტრუქტურაში ჰყავდა ნაცნობები და დაჰპირდა, რომ სასამართლოსა და აღსრულების ბიუროს მეშვეობით ადვილად მოაგვარებდა გამოსახლების საკითხს და ორ თვეში ბინას ჩააბარებდა, რისთვისაც სჭირდებოდა მინდობილობა, რაზეც მ. დ. დასთანხმდა. 2017 წლის 24 აპრილს ..... მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს, მე-2 სართულზე არსებულ ე. მ-ს სანოტარო ბიუროში, მ. დ-მ ნ. გ.ს გადასცა მინდობილობა ... მდებარე ორი უძრავი ქონების (საკადასტრო კოდებით: N... და #...) შეუზღუდავ მართვასა და განკარგვაზე. ნ. გ-ს მ. დ-ს დახმარების ნაცვლად მისი ქონების ხელში ჩაგდება სურდა და მინდობილობის გაცემიდან მეორე დღეს - 2017 წლის 25 აპრილს, ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე მ. დ-ს კუთვნილი ფართები - 7,95 კვმ და 69,7 კვმ, მეუღლესთან შეთანხმებითა და სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების განზრახვით, თითქოსდა მიჰყიდა მეუღლეს - რ. გ-ს. თვალის ასახვევად ნ. გ. იმავე დღეს დაუკავშირდა მ. დ-ს და თითქოსდა, სასამართლოში სარჩელის შეტანის მიზნით, სთხოვა 600 აშშ დოლარი და 120 ლარი, რაც მ. დ-მ 2017 წლის 26 აპრილს თავის სახლში გადასცა რ. გ-ს. ორი დღის შემდეგ ნ. გ. კვლავ დაუკავშირდა მ. დ-ს და თითქოსდა დაჩქარებული წესით რ-ების ოჯახის გამოსახლებისთვის, მოსთხოვა 600 აშშ დოლარი და 120 ლარი, რაზეც მ. დ. დასთანხმდა და თანხა კვლავ მასთან მისულ რ. გ-ს გადასცა. გარკვეული დროის შემდეგ, როცა ნ. გ-მ ნ. რ-ს ბინა არ გამოათავისუფლა და არც თანხა დაუბრუნა მ. დ-ს, ეს უკანასკნელი დაეჭვდა და საჯარო რეესტრში გადამოწმების შემდეგ აღმოაჩინა, რომ მისი უძრავი ქონება ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების საფუძველზე ნ. გ-სგან გადაფორმებული იყო რ. გ.ზე, ხოლო 2017 წლის 11 მაისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ნ. და რ. გ-ების მიერ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ქონების მესაკუთრე გახდა ვერა გ.. აღნიშნული ქმედებით ნ. და რ. გ-ები თაღლითურად დაეუფლნენ მ. დ-ს კუთვნილ 51800 ლარად ღირებულ 69,07 კვმ და 7,97 კვმ ფართებს, ასევე - 1200 აშშ დოლარსა და 250 ლარს, რითაც დაზარალებულს მიაყენეს დიდი ოდენობის ზიანი.
2017 წლის 23 თებერვალს ... არსებულ გ. მ- სანოტარო ბიუროში, ი. მ-სა და გ. ბ-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ი. მ-ს ავტომანქანის ნასყიდობის შესახებ და ი. მ-მ თავისი „ოპელ ომეგას“ მარკის ავტომანქანა 1700 აშშ დოლარად მიჰყიდა გ. ბ-ს, რომელსაც თანხა უნდა დაეფარა 2018 წლის 23 იანვრის ჩათვლით. გ. ბ. პირობას ვერ ასრულებდა და დაპირებულ თანხას ვერ უხდიდა ი. მ-ს, რომელიც ვერც ამ უკანასკნელს უკავშირდებოდა და ავტომანქანასაც ვეღარ პოულობდა. ი. მ-მ პრობლემის მოგვარება მიანდო ნაცნობს - ნ. გ-ს, რომელიც მას შეჰპირდა, რომ დაეხმარებოდა თითქოსდა ავტოავარიაში დაზიანებული ავტომანქანის შეკეთებასა და გ. ბ-ს მიერ ყოველთვიურად ჩასარიცხი თანხის მობილიზებაში, რისთვისაც სთხოვა მის სახელზე მინდობილობის გაცემა. მეტი დამაჯერებლობისთვის ინგა მღებრიშვილს ანგარიშიც კი გაახსნევინა სს „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში. 2017 წლის 23 მარტს .... მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს, მე-2 სართულზე არსებულ ე. მ-ს სანოტარო ბიუროში, ი. მ-მ ნ. გ-ს გადასცა მინდობილობა მისი „ოპელ ომეგას“ მარკის ავტომანქანის მართვისა და განკარგვის თაობაზე. ნ. გ-მ მოატყუა ი. მ, არ შეასრულა დანაპირები და მინდობილობის საფუძველზე, 2017 წლის 2 მაისს, ისე, რომ ავტომანქანის მესაკუთრემ არაფერი იცოდა, ავტომანქანა ჯერ თავის სახელზე დაირეგისტრირა - ხელშეკრულება გააფორმა საკუთარ თავთან, ხოლო 2017 წლის 3 აგვისტოს, მეუღლესთან შეთანხმებით, ავტომანქანა გადააფორმა რ. გ-ს სახელზე, რომელიც დღესაც მის სახელზეა დარეგისტრირებული. აღნიშნული ქმედებით ნ. და რ. გ-ები თაღლითურად დაეუფლნენ ი. მ-ს ავტომანქანას, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 4149,87 ლარის (1700 აშშ დოლარის ეკვივალენტი) მნიშნელოვანი ზიანი.
ამავე განაჩენით მსჯავრი დაედო რ. გ.ს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ინგა ჯაბანიშვილმა, მსჯავრდებულ რ. გ-სთვის შერჩეული სასჯელის გამკაცრების მოთხოვნითა და მსჯავრდებულმა ნ. გ.მ, მისთვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 სექტემბრის განაჩენი შეიცვალა მსჯავრდებულ რ. გ-ს სასჯელის დამძიმების კუთხთ, ხოლო მსჯავრდებულ ნ. გ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასეს, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებებში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც ცალსახად დადასტურებულია ნ. გ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებული უდანაშაულოა, ვინაიდან საწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოებებია დადგენილი კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, უტყუარი, ურთიერთშეჯერებეული და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების - ა. ზ-ს, მ. დ-ს, მ. ი-ს, დ. გ-ს, ზ. ბ-ს, ლ. ბ-სა და ი. მ-ს, მოწმეების - ი. ზ-ს, ლ. კ-ს, ს. გ-ს, მ. მ-ს, გ. მ-ს, გ. დ-ს, გ. კ-ს, თ. ყ-ს, ნ. რ-ს, ე. მ-ს, ვ. გ-ს, მ. ბ-ს, ი. ბ-ს, ე. გ-ს, კ. ძ-ს, რ. კ-ს, რ. თ-ს, ჯ. მ-ს, ლ. ბ-ს, ე. კ-ს, მ. ხ-ს, გ. მ-ს, გ. თ-ს, ე. მ-ს, გ. ბ-ს, ქ. ბ-ს, ნ. ლ-სა და დ. კ-ს ჩვენებებით, სხვადასხვა სტრუქტურიდან გამოთხოვილი ინფორმაციითა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია ნ. გ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ა. ზ-ს ეპიზოდი), ამავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დ. გ-ს ეპიზოდი), ამავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ლ. ბ-ს ეპიზოდი), ამავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (მ. ი-ს ეპიზოდი), ამავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (მ. დ-ს ეპიზოდი), ამავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებითა (ი. მ-ს ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა; საკასაციო პალატის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია კასატორის მითითება მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ხელოვნურად აღძვრისა და ბრალდების მხარისა და საქმეში ფიგურანტი დაზარალებულებისა და მოწმეების მიკერძოების თაობაზე, ვინაიდან რაიმე გარემოება, რაც საეჭვოს გახდიდა პროკურორის კეთილსინდისიერებას, საქმეზე დაზარალებულებისა და მოწმეების ჩვენებების სანდოობას, რომლებიც ამხელდნენ ნ. გ.ს დანაშაულების ჩადენაში, საქმის მასალებით არ გამოკვეთილა და არც კასატორი უთითებს თავისი პოზიციის გასამყარებლად რაიმე კონკრეტულ ფაქტს ან არგუმენტს; საკასაციო საჩივარში სხვა პირთა შესაძლო ბრალეულობაზე მითითებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს კონკრეტული ბრალდების ფარგლებში, კონკრეტული ბრალდებულ(ებ)ის მიმართ და სხვა პირთა შესაძლო ბრალეულობაზე მსჯელობა, ერთი მხრივ, ვერ გამორიცხავს ნ. გ-ს დამნაშავეობას, ხოლო, მეორე მხრივ, სცდება სასამართლოს კომპეტენციას; პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ნ. გ.ს სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ნ. გ-ს ქმედებები სამართლებრივად სწორად შეფასდა და მისი მსჯავრდება ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში არის კანონიერი, ხოლო შეფარდებული სასჯელი - სამართლიანი.
7. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ნ. გ-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი