ას-7-6-2010 6 ივლისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლ. ლაზარაშვილი, თ. თოდრიასხდომის მიდვანი _ ლ.სანიკიძე
კასატორი _ ინდივიდუალური მეწარმე ა. ხ-ია (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ გ. მ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ტ-ი” (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ ი. დ-ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლება, შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების პირობების მისადაგება, დამატებითი კრედიტის გაცემის დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ინდივიდუალურმა მეწარმე ა. ხ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “ტ-ის” ფოთის ფილიალის მიმართ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადაგადაცილების გამო დარიცხული პირგასამტეხლოს _ 2097,23 აშშ დოლარის გადახდისაგან გათავისუფლების, გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადაში დამატებითი საკრედიტო ხელშეკრულებების რესტრუქტურიზაციისა და გათვალისწინებული აუთვისებელი კრედიტის თანხით სამეწარმეო საქმიანობის რეფინანსირების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2008 წლის 14 მარტს ა.ხ-იასა და სს „ტ-ს“ შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება 10 წლის ვადით, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 130000 აშშ დოლარით. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდა 2008 წლის 19 მარტის დამატებითი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელეს 3 წლის ვადით გადაეცა 80000 აშშ დოლარი შერეული მიზნებისათვის, ასევე 2008 წლის 29 მაისის დამატებითი საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 3 წლის ვადით გადაეცა 20000 აშშ დოლარი. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომმა და მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა შეცვალა მანამდე არსებული საბაზრო პირობები და მკვეთრად შეამცირა მოსარჩელის შემოსავალი, რაც ფორსმაჟორულ გარემოებას წარმოადგენს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი მოტივებით: ინდივიდუალურმა მეწარმე ა.ხ-იამ დაარღვია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და გარიგებით გათვალისწინებულ ვადებში სესხი არ დაფარა. დავალიანების პატიება ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის და არც ფორსმაჟორული მდგომარეობა სახელმწიფოს არ გამოუცხადებია.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით ა.ხ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ა. ხ-იამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქმეში წარმოდგენილი 2008 წლის 14 მარტის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით, ა. ხ-იასა და სს „ტ-ს“ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება 10 წლის ვადით, რომლითაც საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 130 000 აშშ დოლარით, ასევე განისაზღვრა ხელშეკრულების მონაწილე მხარეების უფლება-მოვალეობები და ხელშეკრულების შესრულების პირობები. მხარეთა მიერ დადებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 9.1 პუნქტით, იმ შემთხვევაში, თუ ბანკის ანგარიშზე არ ჩაირიცხებოდა თანხა კრედიტის დაბრუნების გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში, ბანკი უფლებამოსილი იყო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრებინა პირგასამტეხლო შესაბამისი გადასახდელი თანხის 0,5%-ის ოდენობით, ხოლო მსესხებელს უნდა გადაეხადა იგი. ამავე ხელშეკრულების მე-11 მუხლის თანახმად, მხარეები დროებით თავისუფლდებოდნენ პასუხისმგებლობისაგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისას ფორსმაჟორული გარემოებების მოქმედების პერიოდში, თუ ისინი გამოწვეული იქნებოდა გადაუხალავი ძალის შედეგად. ფორსმაჟორული გარემოებების დადგომისას, მხარეები ვალდებული იყვნენ, დაუყოვნებლივ წერილობით ეცნობებინათ მეორე მხარისათვის ამის შესახებ. მხარეთა მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება გადაიდებოდა ფორსმაჟორული გარემოებების ლიკვიდაციამდე. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 3.4 პუნქტის მიხედვით წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში, ბანკის მიერ ყოველი მომდევნო საბანკო პროდუქტის გაცემა ხელშეკრულების საფუძველზე, მათ შორის, ტრანშების, იწარმოებდა მსესხებლის მიერ, წინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებისას და/ან მოქმედი კრედიტის პირობებში ბანკის მოთხოვნების დაკმაყოფილებისას. ამავე მუხლის 3.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების პირობები ძალაშია ამ ხელშეკრულების და მის საფუძველზე გაფორმებული საბანკო პროდუქციით მომსახურეობის ყველა დამატებითი ხელშეკრულების მოქმედებისას. მსესხებლისათვის გაცემულ კრედიტებზე სრულად ვრცელდებოდა წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი პირობები და უზრუნველყოფა. შესაბამისად მსესხებელი კისრულობდა ვალდებულებას, ჯეროვნად შეესრულებინა, როგორც წინამდებარე, ასევე ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. საქმეში არსებული 2008 წლის 19 მარტის ¹0017-1 დამატებითი საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, სხვადასხვა მიზნების განხორციელებისათვის ა. ხ-იას სამი წლის ვადით გამოეყო 80 000 აშშ დოლარის კრედიტი და სესხის დაფარვის გრაფიკით განისაზღვრა სესხის შეტანის ოდენობა და ვადები. საქმეში არსებული 2008 წლის 29 მაისის დამატებითი ხელშეკრულებით, გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, ა. ხ-იას სამი წლის ვადით, საბრუნავი საშუალებების შეძენის მიზნით, გამოეყო 20 000 აშშ დოლარის კრედიტი და გაფორმდა სესხის დაფარვის გრაფიკი. მხარეთა განმარტებებისა და საქმეში არსებული სს „ტ-ის“ 2009 წლის 20 თებერვლის წერილის მიხედვით, ა. ხ-იამ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია 2009 წლის იანვრიდან, რის გამოც 2009 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით მას გადასახდელად დაერიცხა ვადაგადასული დავალიანება _ 6587 აშშ დოლარი, საიდანაც ჯარიმას წარმოადგენდა 2152 აშშ დოლარი. პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი წერილების შესაბამისად, 2008 წლის 9 დეკემბერს ინდივიდუალურმა მეწარმე ა. ხ-იამ მოითხოვა გენერალური ხელშეკრულებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში დამატებით 30000 აშშ დოლარის კრედიტის გაცემა (რეფინანსირება), ხოლო სესხის ხელშეკრულების პირობების შეცვლის მოთხოვნით (რესტრუქტურიზაცია) სს „ტ-ს“ მიმართა 2009 წლის 18 თებერვალს. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 19-ე მუხლის პირველი ნაწილით, 401-ე მუხლით და განმარტა, რომ დაუძლეველი ძალა იმ შემთხვევაში ათავისუფლებს მოვალეს ვადის გადაცილებით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ იგი პირდაპირ იქნება დაკავშირებული ვალდებულების შესრულების შეუძლებლობასთან, ამასთან, ხელშეკრულების დადებისას ამ გარემოების გათვალისწინება არ შეიძლებოდა. პალატის მითითებით, ა. ხ-იამ დაარღვია რა 2008 წლის 14 მარტის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებითა და 2008 წლის 19 მარტის, ასევე 2008 წლის 29 მაისის დამატებითი საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში სესხის ძირითადი თანხა და საპროცენტო სარგებელი არ გადაიხადა, სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის შესაბამისად, ბანკმა საჯარიმო თანხის გადახდა მას სწორად დააკისრა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვადის გადაცილება გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალით, რაც ამავე ხელშეკრულების მე-11 მუხლის თანახმად, მისი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველია. პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ დაუძლეველ ძალად მიჩნეული 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებები არ შეიძლება ჩაითვალოს 2009 წლის თებერვალში ვალდებულების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად, ვინაიდან ამ დრომდე იგი ვალდებულების შესრულებას კვლავ აგრძელებდა, ხოლო საქმის მასალებით არ დასტურდება 2009 წლის თებერვლისათვის სხვა ისეთი ახალი გარემოება, რაც მოვალისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, პირდაპირ იქნებოდა დაკავშირებული ვალდებულების შესრულების შეუძლებლობასთან, ამასთან, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე სახელმწიფოს რაიმე დოკუმენტი არ მიუღია. სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლისა და 406-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოთხოვნა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების (რესტრუქტურიზაციის) და 2008 წლის 14 მარტის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში დამატებით 30000 აშშ დოლარის სესხის გაცემაზე მოწინააღმდეგე მხარის დავალდებულების თაობაზე. პალატის მითითებით, გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.4 პუნქტითა და 2.2 მუხლით, მხარეთა მიერ განისაზღვრა, რომ ამ ხელშეკრულების ფარგლებში ბანკის მიერ ყოველი მომდევნო საბანკო პროდუქტის გაცემა იწარმოებოდა მსესხებლის მიერ წინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებისას და/ან მოქმედი კრედიტის პირობებში ბანკის მოთხოვნების დაკმაყოფილებისას. გენერალური ხელშეკრულების დადება არ ნიშნავდა სესხის შეპირებას და ამ მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილ საბანკო პროდუქტებს მსესხებელი მიიღებდა, მხოლოდ წინამდებარე ხელშეკრულების მე-3 მუხლით დადგენილი პირობების დაკმაყოფილებისას, ბანკის შეხებულებისამებრ მსესხებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ინდივიდუალურმა მეწარმე ა. ხ-იამ დაარღვია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის პირობები. ამასთან, გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში დამატებით 3000 აშშ დოლარის კრედიტის მოთხოვნა ბანკს წერილობით წარუდგინა მის მიერ სესხის დაფარვის ვადის დარღვევის შემდეგ, 2009 წლის 18 თებერვალს, რის გამოც პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული არ იყო არც ბანკის ბრალით და არც დაუძლეველი ძალით, რაც გამორიცხავს 2008 წლის 14 მარტის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში დამატებით 30000 აშშ დოლარის სესხის გაცემაზე მოწინააღმდეგე მხარის დავალდებულების შესაძლებლობას. სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, როგორც გენერალური ხელშეკრულების შინაარსით ირკვევა, ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული ყოველი საბანკო პროდუქტების მიზნობრიობა განისაზღვრებოდა შესაბამისი კონკრეტული ხელშეკრულებებით და ამ ხელშეკრულების დადებას, რაიმე განსაკუთრებული პირობა არ ედო საფუძვლად. სავაჭრო სფეროში ბრუნვის თავისებურებიდან გამომდინარე ყოველთვის არსებობს ეკონომიკური კრიზისის რისკი. ამდენად, მოსარჩელეს მითითება მსოფლიო ეკონომიკური კრიზისზე (რამაც საქართველოზეც ჰპოვა ასახვა და ხელი შეუწყო 2008 წლის აგვისტოს საომარმა მოვლენებმა) არ შეიძლება ჩაითვალოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით განსაზღვრულ ისეთ პირობად, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით უკვე განსაზღვრული პირობების შეცვლას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ა. ხ-იამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არასრულად განიხილა სარჩელი და წარმოდგენილი მტკიცებულებები სათანადოდ არ გამოიკვლია. პალატა დაეყრდნო რა მოწინააღმდეგე მხარის განმარტებას, არ შეაფასა კასატორის მიერ მითითებული გარემოებები. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით მტკიცებას არ საჭიროებდა მოცემული სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოება, კერძოდ ის, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოში საომარი მდგომარეობის შედეგად არსებულმა კრიზისმა, გამოიწვია კასატორის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა. აღნიშნულის დასადასტურებლად საქმეს დაერთო პირველი არხის სატელევიზიო გადაცემის ჩანაწერი, სადაც განხილულ და შეფასებულ იქნა სწორედ სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებები. მხარეს შეეძლო რიგი ვიდეო მასალის წარმოდგენა, თუმცა ჩათვალა, რომ ზემოხსენებული საყოველთაოდ აღიარებულ ფაქტებს წარმოადგენდა. სასამართლოს არ შეუფასებია, რომ 2008 წლის ოქტომბრიდან კასატორმა მოლაპარაკება აწარმოა ბანკთან პრობლემის დარეგულირების მიზნით, რომელიც მონოპოლიური მდგომარეობის გამოყენებით უსამართლოდ მოეკიდა კლიენტის ინტერესებს და შედეგად იგი გაკოტრდა, ვინაიდან ომისა და ფინანსური კრიზისით გამოწვეულმა სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანმა ვარდნამ აიძულა კასატორი, საბანკო ვალდებულებები 2009 წლის იანვრის თვის ჩათვლით ეხადა საბრუნავი საშუალებების ხარჯზე. თავდაპირველი კრედიტის დროს კასატორის ბიზნესის შესწავლის საფუძველზე ბანკს უნდა მიეცა კასატორისათვის კრედიტი 130 000 აშშ დოლარის ოდენობით, რითაც ეს უკანასკნელი უზრუნველყოფდა მცირე საწარმოო ხაზის აღდგენასა და სადავო დავალიანების დაფარვას. ამდენად, ბანკმა ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 398-ე და 401-ე მუხლები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ მეწარმე ა. ხ-იას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად დააბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. კანონის ეს დანაწესი საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლად მიუთითებს ისეთ გარემოებას, როდესაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება არ ეფუძნება სწორ ფაქტობრივ დასაბუთებას.
გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტთა მითითება სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლზე და 401-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოების _ დაუძლეველი ძალის გამო ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სრულად არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და გარემოებები, კერძოდ:
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ დაუძლეველ ძალად მიჩნეული 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებები არ შეიძლება ჩაითვალოს 2009 წლის თებერვალში ვალდებულების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად, ვინაიდან ამ დრომდე იგი ვალდებულების შესრულებას კვლავ აგრძელებდა, ხოლო საქმის მასალებით არ დასტურდება 2009 წლის თებერვლისათვის სხვა ისეთი ახალი გარემოება, რაც მოვალისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, პირდაპირ იქნებოდა დაკავშირებული ვალდებულების შესრულების შეუძლებლობასთან, ამასთან, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე სახელმწიფოს რაიმე დოკუმენტი არ მიუღია.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნულ დასკვნებს, კერძოდ:
სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის ფარგლებში დაზარალებულმა მხარემ უნდა ამტკიცოს, რომ მოვლენის დადგომამ ვალდებულების შესრულება გახადა უკიდურესად მძიმე (განუხორციელებელი); ხელშეკრულება დაიდო იმ ძირითადი ვარაუდით, რომ მოვლენა არ დადგებოდა და რომ ხელშეკრულებით ვალდებულ პირს არ ჰქონდა გათვალისწინებული მოვლენის დადგომის რისკი (ამასთან, განუხორციელებლობა არ უნდა იყოს გამოწვეული მოვალის ბრალით);
მითითებული ნორმა არ ითვალისწინებს პერიოდს, თუ რა დროის განმავლობაში უნდა მოითხოვოს დაზარალებულმა მხარემ შეცვლილი გარემოების შესაბამისი პირობების ხელშეკრულებაში ასახვა, მაგრამ მითითებული ნორმის არსიდან იკვეთება, რომ ასეთი მოთხოვნა ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ, შეცვლილი გარემოების დადგომისთანავე. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შეცვლილი გარემოების სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება, მოთხოვნა გარემოების წარმოშობის მომენტიდან მოგვიანებითაც წარმოიშვას. აღნიშნულს განაპირობებს ის რეალობა, რომ ზოგ შემთხვევაში გარემოებათა შეცვლა ხდება თანდათან, გარკვეული დროის გასვლის შემდეგაც, ანუ მოცემულ შემთხვევაში შეცვლილი გარემოების საფუძვლის _ ომის უარყოფითი ეკონომიკური შედეგები, როგორც წესი, არ სრულდება საომარი მოქმედებების დასრულებასთან ერთად და მას ზოგ შემთხვევაში საკმაოდ ხანგრძლივი განვითარება აქვს. ამდენად, საფუძველს მოკლებულია გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული დასკვნა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ შეიძლება იყოს საფუძველი 6 თვის შემდეგ ვალდებულების შესრულების გაგრძელების შეუძლებლობისა. აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასებას საჭიროებს ა.ხ-იას მიერ ვალდებულების დარღვევამდე _ 2009 წლის თებერვლამდე ბანკის მიმართ განხორციელებული შეტყობინებები მოსალოდნელ პრობლემებთან დაკავშირებით, ასევე მოსარჩელე მხარის _ ა.ხ-იას განმარტება ბანკის წინაშე განხორციელებული ზეპირი შეტყობინებების შესახებ, რომელიც მოწინააღმდეგე მხარეს სადავოდ არ გაუხდია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე სახელმწიფოს მიერ გამოცემული დოკუმენტის არარსებობის შესახებ, ვინაიდან ასეთი დოკუმენტის არარსებობა საყოველთაოდ ცნობილი ფაქტის არსებობის დადგენისათვის აუცილებელი არ არის.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს კასატორის მითითებას, რომ 2008 წლის აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, საყოვლთაოდ ცნობილი ფაქტია და იგი დამტკიცებას არ საჭიროებს. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ ორივე მხარე არის რა მეწარმე სუბიექტი, ბანკის მიერ სესხი გაცემულია სწორედ კასატორის სამეწარმეო საქმიანობისა და მატერიალური მდგომარეობის დეტალური და გულმოდგინე შესწავლით. გამსესხებლის მიერ სესხის გაცემას საფუძვლად დაედო მსესხებლის, როგორც მიმდინარე, ასევე სამომავლო სამეწარმეო საქმიანობის _ ბიზნეს-გეგმის გამოკვლევის შედეგად მეწარმის საქმიანობის პერსპექტიულობასა და გაცემული სესხის დაბრუნების საიმედოობაში დარწმუნება. ამ დასკვნას ამყარებს ბანკის მიერ მეწარმეზე სესხის განმეორებით გაცემა.
კეთილსინდისიერების ფარგლებში ხელშეკრულების ორივე მხარე თანაბარწილად ვალდებულია, ხელი შეუწყოს ხელშეკრულების შესრულებას, ამასთან, სამოქალაქო კოდექსი ამავე პრინციპზე დაყრდნობით მხარეს ზოგ შემთხვევაში უფრო მეტს აკისრებს, ვიდრე ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსიდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.фამდენად, კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო სამართლის აღიარებული ზოგადი დათქმაა, რომელიც განმტკიცებულია სამოქალაქო კანონმდებლობით. მართალია, ნორმათა უმრავლესობა მასზე პირდაპირ არ უთითებს, მაგრამ მაინც მას ემყარება, ვინაიდან სამოქალაქო მართლწესრიგი სწორედ ამ პრინციპზეა დაფუძნებული. კეთილსინდისიერი ქცევა სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ერთმანეთის უფლებებისადმი გულისხმიერებითა და პატივისცემით მოქმედებას გულისხმობს. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობასა და სიმყარეს.
ამავდროულად, სამოქალაქო კოდექსის ფუძემდებლურ პრინციპს წარმოადგენს რა ვალდებულების ჯეროვანი შესრულება (სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი), მოვალე მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება გათავისუფლდეს ამ ვალდებულების შესრულებისაგან.
აღნიშნული ნორმების არსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ბანკი, რომელსაც კონტრაჰენტი გულმოდგინე შემოწმებით ჰყავს შერჩეული, კეთილსინდისიერების ფარგლებში ვალდებულია, გაითვალისწინოს შეცვლილი ვითარება ხელშეკრულების პირობებთან მიმართებით და ამით ხელი შეუწყოს ვალდებულების შესრულებას. ამასთან დაკავშირებით შეფასება უნდა მიეცეს მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგად გაზრდილი პრობლემური სესხების გამო მიღებული სახელმწიფო დახმარების შედეგად კომერციულმა ბანკებმა განახორციელეს საკრედიტო ხელშეკრულებების პირობებში ცვლილებების შეტანა. საგულისხმოა, რომ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ამგვარი მოქმედების _ სახელშეკრულებო შეღავათების განხორციელება სხვა კონტრაჰენტებთან მიმართებაში.
სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის თანახმად, თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა. გარემოებათა შეცვლას უთანაბრდება, როცა წარმოდგენები, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველი გახდა, არასწორი აღმოჩნდა.
ამავე კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
აღნიშნული ნორმებით სამოქალაქო კოდექსი ადგენს სახელშეკრულებო შესრულების ვადის გადაცილებისას მოვალის პასუხისმგებლობის გამომრიცხავ და შემზღუდავ გარემოებებს. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ამ ორ ინსტიტუტს შორის არსებითი განსხვავებაა, კერძოდ, შესრულების შეუძლებლობისას ვალდებულების შესრულება მთლიანად გამორიცხულია, ანუ ამ შემთხვევაში ისეთ სუბიექტურ თუ ობიექტურ გარემოებებთან გვაქვს საქმე, რომელიც გამორიცხავს ვალდებულების შესრულების შესაძლებლობას, ხოლო შეცვლილი გარემოებების შემთხვევაში შესრულების შესაძლებლობა მაინც არსებობს, თუმცა შესრულება გართულებულია, რადგან ხელშეკრულების დადების პერიოდში არსებული გარემოებანი კარდინალურად შეცვლილია. შეცვლილი გარემოება იმდენად ართულებს შესრულებას, რომ მისი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით მოთხოვნა ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვისთვის დამახასიათებელ სამართლიანობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს. შეცვლილი გარემოებების საწყისი, წარმომშობი მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ფორსმაჟორი, ისე სხვა გარემოებები, რომელიც რეალურად ართულებს შესრულებას.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:
სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის გამოყენება დასაშვებია ამავე მუხლით გათვალისწინებული შემდეგი აუცილებელი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში: 1. შეცვლილმა გარემოებებმა უნდა გამოიწვიოს ვალდებულების შესრულების უკიდურესი დამძიმება; 2. გარემოება აშკარად უნდა შეიცვალოს ხელშეკრულების დადების შემდეგ; 3. გარემოებების შეცვლის გონივრულად გათვალისწინება ხელშეკრულების დადების დროს შესაძლებელი არ უნდა იყოს, ანუ შეცვლილი გარემოებები არ უნდა შედიოდეს დაზარალებული მხარის კონტროლის სფეროში; 4. ხელშეკრულებით არ უნდა იყოს გათვალისწინებული გარემოებების შეცვლის რისკის დაზარალებული მხარისათვის დაკისრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელშეკრულებო პირობა მოქმედებს და 398-ე მუხლის გამოყენება დაუშვებელია; 5. ხელშეკრულების შესრულების გართულება გამოწვეული უნდა იყოს სწორედ აშკარად შეცვლილ გარემოებათა გამო, ანუ არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.
მითითებული ნორმა განსაზღვრავს შესრულების გართულების შედეგების თავიდან აცილების მიზნით კონტრაჰენტთა ხელახალ შეთანხმებას ხელშეკრულების შექმნილი ვითარებისადმი მისადაგებული პირობებით. ამასთან, მხარეთა ამგვარი შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დაზარალებული მხარის უფლების დაცვა უზრუნველყოფილია სასამართლო წესით.
ამდენად, დავის განმხილველმა სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას უნდა გამორიცხოს, კრედიტორის მიერ ხელშეკრულების თავდაპირველი პირობებით შესრულების მოთხოვნა, შექმნილი ვითარების ფონზე ხომ არ გამოიწვევს მოვალის მძიმე მდგომარეობით ბოროტად სარგებლობას. ამავდროულად, ახალი სახელშეკრულებო პირობების შემუშავებისას (რომლითაც შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგება ხდება), გათვალისწინებულ უნდა იქნეს ორივე მხარის ის ინტერესები, რომელიც მათ გააჩნდათ ამჟამად მოქმედი ხელშეკრულების დადებისას. აღნიშნული გულისხმობს, იმ ინტერესის გათვალისწინებას, რაც კრედიტორს გააჩნია ხელშეკრულების დადებისას (მოგება, სარგებელი და სხვა), მაგრამ ინტერესი გაითვალისწინება შეცვლილი გარემოების შესაბამისად.
ნორმით აღწერილ ვითარებაში სამართლებრივი შედეგი ცალსახაა _ მხარეებმა ხელშეკრულება უნდა მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს ან უარი თქვან ხელშეკრულებაზე.U აღნიშნული ნორმის მესამე ნაწილით მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ, რომ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს. თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, ან მეორე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს და მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი დგება. შეცვლილი გარემოებისადმი მისადაგებაზე კრედიტორის უარი არ ათავისუფლებს მოვალეს მიღებული შესრულების (სესხის) დაბრუნებისაგან. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს 398-ე პირველი ნაწილის დათქმა, რომლითაც შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მიუსადაგებლობის შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა.
გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ ისე გამორიცხა სადავო ხელშეკრულების დადების შემდგომ გარემოებათა შეცვლის არსებობა, რომ გადაწყვეტილების კვლევით ნაწილში მითითებულ არსებით საკითხებზე არ უმსჯელია. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის გამოყენების კანონიერება დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ამ ნორმის აუცილებელ წინაპირობებთან მიმართებაში უნდა შემოწმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ინდივიდუალურ მეწარმე ა. ხ-იას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.