Facebook Twitter

¹ას-762-713-2010 17 იანვარი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მ. სულხანიშვილი, პ. ქათამაძე

საქმის განზილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ საქართველოს ავტორთა საზოგადოება (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ტვ-...» (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი _ საავტორო უფლებების დაცვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს ავტორთა საზოგადოებამ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «ტვ-...-ის» მიმართ საავტორო უფლებების დაცვის, ჰონორარის შეგროვებისა და განაწილებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის კანონისმიერი ვალდებულების შესრულების, სალიცენზიო შეთანხმების გაფორმების, სალიცენზიო შეთანხმებების გარეშე მუსიკალური ნაწარმოების კაბელით გადაცემის (კაბელით ხელახალი გადაცემის) აკრძალვის, ასევე ნებართვის გარეშე მუსიკალური ნაწარმოებების კაბელით გადაცემისათვის ავტორთა საზოგადოების სასარგებლოდ ფულადი კომპენსაციის _ 73422 ლარის, აგრეთვე სასამართლო ხარჯების – 424 ლარის გადახდის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელე გასცემს ლიცენზიებს მუსიკალური (ტექსტით ან უტექსტოდ) ნაწარმოებების საჯარო შესრულებასა და რეპროდუქცირებაზე, საჯარო გადაცემაზე, კაბელით გადაცემაზე (კაბელით ხელახალ გადაცემაზე), აგროვებს, ანაწილებს საავტორო ჰონორარებს შესაბამისი უფლების მფლობელებზე. საკაბელო მაუწყებლობის ორგანიზაცია შპს «ტვ-...-ს» ევალებოდა, მოსარჩელისათვის მოთხოვნისთანავე წარედგინა ყველა დოკუმენტი, რომელიც შეიცავდა საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტის გამოყენების შესახებ ზუსტ ცნობებს, რაც აუცილებელია ჰონორარის შეგროვებისა და განაწილებისათვის. მოსარჩელემ ამ მიზნით ორჯერ მიმართა მოპასუხეს, რასაც ადასტურებს 2007 წლის 19 თებერვლის ¹01/306 წერილი, მაგრამ დღემდე პასუხი არ მიუღია. დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა და საავტორო ჰონორარების გადაუხდელობა იწვევს საავტორო უფლების დარღვევას და ზიანი ადგებათ როგორც ადგილობრივ, ისე მუსიკალური ნაწარმოებების (ტექსტით თუ უტექსტოდ) უცხოელ ავტორებს, მემკვიდრეებს, მუსიკალურ გამომცემლობებს.

მოპასუხემ სარჩელი არ სცნო შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელის მოთხოვნა ემყარება «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონს», რომლის მე-3 მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მოქმედება შეიძლება გავრცელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე მაუწყებლობის ორგანიზაციებზე. მოპასუხე არ არის ზემოაღნიშნული ლიცენზიის მქონე ორგანიზაცია, არამედ გააჩნია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გაცემული ავტორიზაციის მოწმობა და არის ავტორიზებული პირი, რომელიც უფლებამოსილია, აწარმოოს საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობა. თავისი საქმიანობის ფარგლებში მოპასუხე ხელშეკრულებას აფორმებს მაუწყებლობის ორგანიზაციებთან და ურიცხავს შესაბამის თანხას მათი პროგრამის პაკეტის ტრანზიტისათვის. იგი ქსელით უზრუნველყოფისა და მომსახურებისას არ იყენებს საავტორო უფლების ობიექტს, არამედ სარგებლობს მომიჯნავე ობიექტით და მას ტრანზიტის მეშვეობით აწვდის აბონენტს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ მოსარჩელე რეესტრში შეტანილია, როგორც ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის მიზანია «საავტორო უფლებათა რეალიზაცია (განხორციელება), დაცვა, ავტორების ან მათი მემკვიდრეებისა და საავტორო უფლებების სხვა მფლობელების ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვა კანონით დადგენილი წესით», ამდენად, მისი საქმიანობა არ მოიცავს მომიჯნავე უფლებების დაცვას.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განჩინებით საქართველოს ავტორთა საზოგადოების სააპელაციო საჩივარი არ დაკმყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საქართველოს ავტორთა საზოგადოებამ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 2 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ავტორთა საზოგადოების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 29 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს ავტორთა საზოგადოების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საქართველოს ავტორთა საზოგადოების სარჩელი; საკაბელო მაუწყებლობის ორგანიზაცია «ტვ-...-ს» აეკრძალა მუსიკალური ნაწარმოებების კაბელით გადაცემა (კაბელით ხელახლა გადაცემა) საქართველოს ავტორთა საზოგადოებასთან დადებული სალიცენზიო შეთანხმების გარეშე; საკაბელო მაუწყებლობის ორგანიზაცია «ტვ-...-ს» ნებართვის გარეშე მუსიკალური ნაწარმოებების კაბელით გადაცემისათვის დაეკისრა 17539,70 ლარი და სამივლინებო თანხა 424 ლარი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხეს არა აქვს უფლება მოსარჩელის თანხმობისა და სალიცენზიო შეთანხმების გარეშე მოახდინოს მუსიკალური ნაწარმოების კაბელით გადაცემა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საკაბელო სატრანზიტო ოპერატორმა «ტვ-...-მ.»

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 21 იანვრის განჩინებით შპს «ტვ-...-ის» საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის იმავე პალატას დაუბრუნდა. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლო არ იკვლევდა, თუ კონკრეტულად რომელი მუსიკალური ნაწარმოების აკრძალვას ითხოვდა მოსარჩელე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივნისის განჩინებით საქართველოს ავტორთა საზოგადოების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

2007 წლის 19 თებერვალს მოსარჩელემ შპს «ტვ-...-ს» გაუგზავნა წერილი, რომლითაც მისგან მოითხოვა საავტორო უფლებების დაცვის, ჰონორარების შეგროვებისა და განაწილებისათვის საჭირო დოკუმენტების წარმოდგენა და მასთან სალიცენზიო შეთანხმების გაფორმება;

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 4 თებერვლის დადგენილებით სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა შპს «ტვ-...», რომელიც წარმოადგენს საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის ავტორიზაციის მოწმობით ავტორიზებულ პირს. სასამართლომ «ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონის» მე-2 მუხლის „ვ“ პუნქტზე დაყრდნობით მიუთითა, რომ მოსარჩელე შეტანილია რეესტრში, როგორც ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის მიზანია საავტორო უფლებათა რეალიზაცია (განხორციელება) და დაცვა, ავტორების ან მათი მემკვიდრეებისა და საავტორო უფლებების სხვა მფლობელების ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვა კანონით დადგენილი წესით;

შპს «ტვ-...-ს» გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები სხვადასხვა მაუწყებლობის ორგანიზაციებთან. ამ ხელშეკრულებებში შპს «ტვ-...» მოხსენიებულია, როგორც ოპერატორი, რეგისტრაციის მოწმობითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2006 წლის 22 თებერვლის წერილიდან ირკვევა, რომ საქართველოს ავტორთა საზოგადოების – ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის საქმიანობის მიზანია საავტორო უფლებათა რეალიზაცია (განხორციელება) და დაცვა, ავტორების ან მათი მემკვიდრეებისა და საავტორო უფლებების სხვა მფლობელების კოლექტიურ საფუძველზე მართვა კანონით დადგენილი წესით;

შპს «ტვ-...-ს» საქმიანობა მოიცავს სატრანზიტო ტელემაუწყებლობას, რაც გულისხმობს ქსელით უზრუნველყოფასა და მომსახურების მიწოდებას, შესაბამისად, იგი ახროციელებს იმ გადაცემათა ტრანზიტს, რომლებიც, მათი შემქმნელი ორგანიზაციის მიერ უკვე დაცული და ანაზღაურებული უნდა იყოს ინტელექტუალური საკუთრების ქონებრივი უფლების მქონე პირებთან;

შპს «ტვ-...-ს» მაუწყებლობის ორგანიზაციებთან დადებული აქვს ხელშეკურლებები, რომლებიც განსაზღვრავს მომიჯნავე უფლებებით სარგებლობის წესს, ტერიტორიასა და ვადებს.

სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და მიიჩნია, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებდა შესაბამისი მტკიცებულებებით, თუ რა სახის მუსიკალურ ნაწარმოებებზე ავრცელებდა თავის მოთხოვნას ან კონკრეტულად რომელი ნაწარმოებების გადაცემის აკრძალვას მოითხოვდა.

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საქართველოს ავტორთა საზოგადოებამ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» კანონის 64-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები, ასევე არასწორად განმარტა იმავე კანონის 65-ე მუხლის მე-3 პუნქტი.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მოითხოვა კონკრეტული ნაწარმოებების მითითება, ვინაიდან, წინასწარ შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რომელ ნაწარმოებს გადასცემს «ტვ-...» ეთერში. სასამართლომ, ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხეს, როგორც მოსარგებლეს, არ ჰქონდა გადახდილი ჰონორარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ საქართველოს ავტორთა საზოგადოების საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში, მხარის სასარჩელო მოთხოვნა იყო შპს «ტვ ...-სათვის» სალიცენზიო შეთანხმების გარეშე მუსიკალური ნაწარმოების კაბელით გადაცემის (კაბელით ხელახალი გადაცემის) აკრძალვისა და ნებართვის გარეშე მუსიკალური ნაწარმოებების კაბელით გადაცემისათვის ავტორთა საზოგადოების სასარგებლოდ ფულადი კომპენსაციის _ 73422 ლარის დაკისრება. შესაბამისად, მოცემულ დავაზე უნდა განისაზღვროს რამდენად აუცილებელია მოპასუხის მიერ სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმება მოსარჩელესთან.

,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც სხვა Uუფლებებთან ერთად მოიაზრებს ნაწარმოების საჯარო გადაცემას, პირველი ან\და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემას სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროსა და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება).

ამავე კანონის მე-4 მუხლის «ი1» და «ჟ» ქვეპუნქტები განმარტავენ «კაბელით ხელახალი გადაცემისა» და «საჯარო გადაცემის» ტერმინებს. «საჯარო გადაცემა» გულისხმობს ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემას ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე, რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნეს მიღების ადგილზე, მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლების ობიექტები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან. ხოლო «კაბელით ხელახალი გადაცემა» განსაზღვრულია, როგორც სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისათვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. მოცემულ შემთხვევაში კაბელით გადაცემა არ გულისხმობს ცალკე დამოუკიდებელი პროგრამის შექმნას მომზადებას და გადაცემას, არამედ უკვე მომზადებული და ეთერში მიმდინარე პროგრამის შეუწყვეტლად, შეუკვეცავად დაEერთდროულად გადაცემას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კაბელით გადაცემაში იგულისხმება არა როგორც ცალკე დამოუკიდებელი სამაუწყებლო ტელევიზიის გადაცემებში ჩართული გადაცემა, არამედ ტელე-რადიო გადაცემების ყოველგვარი სახეცვლილების გარეშე მაყურებლისათვი მიწოდება გადაცემის სხვადასხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, როგორიცაა გადაცემები სადენით, საჰაერო (სატელიტური კავშირის) გზით. ბუნებრივია, სატელიტური კავშირით ან კაბელით ტელე თუ რადიო პროგრამების გადაცემისას იზრდება საჯარო გადაცემის არეალი, გადაცემები მიეწოდება უფრო მაღალი ხარისხით და ხელმისაწვდომი ხდება უფრო მეტი მომხმარებლისათვის. პალატა თვლის, რომ მითითებული ტექნიკური საშუალებების მეშვეობით გადაცემაც წარმოადგენს ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტის მე-18 მუხლით დაცულ უფლებას და იგი საჭიროებს ავტორის თანხმობას.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე შპს «ტვ-...» ტექნიკური საშუალებების გამოყენებით შეუცვლელად ახორციელებს მიღებული გადაცემების ტრანზიტს, რითაც ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას, რაც არ გამორიცხავს ნაწარმოებების გამოყენების ფაქტს, რომლის დაცვის უფლება გააჩნია მოსარჩელეს, როგორც ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ მაუწყებლობის გადაცემების, კერძოდ, მუსიკალური ნაწარმოებების კაბელით ტრანზიტი წარმოადგენს «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონით დაცვის ობიექტს.

პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მითითებული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციაც. მითითებული ნორმატიული აქტის მე-11ბის(1)(იი) მუხლის თანახმად, ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების ავტორებს განსაკუთრებული უფლება აქვთ, გასცენ ნებართვა, რომ სადენებით და უსადენოდ კავშირგაბმულობის საშუალებებით, ეთერში განმეორებით გადაიცეს ყოველგვარი საჯარო გადაცემა, თუ ამას აკეთებს სხვა და არა თავდაპირველი ორგანიზაცია. მითითებული ნორმა მოიცავს უფლებას ეთერით გადაცემული ნაწარმოების ნებისმიერ საჯარო გადაცემაზე სადენით, ან ეთერით ხელახალ გადაცემაზე. აღნიშნული ნორმით ყურადღება გამახვილებულია, ერთი მხრივ, საჯარო გადაცემაზე, როგორც დაცვის აუცილებელ ელემენტზე, მეორე მხრივ, სადენით ან ეთერით ხელახალ გადაცემაზე, როგორც ავტორის დამოუკიდებელ უფლებებზე, ასევე, იმაზე, რომ ავტორის აღნიშნული განსაკუთრებული უფლება ვრცელდება არა პირვანდელ, არამედ სხვა ორგანიზაციაზე, რომელიც ახორციელებს ნაწარმოების საჯარო გადაცემას.

ბერნის კონვენციის აღნიშნულ რეგულირებას სრულად შეესაბამება «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის «ვ» ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის მიერ ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლებას. პალატა თვლის, რომ კაბელით გადაცემა წარმოადგენს ნაწარმოების გამოყენების ერთ-ერთ სახეს და ასეთი სახით ნაწარმოების გამოყენებისათვის აუცილებელია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის ნებართვა.

ამასთან, გასათვალისწინებელია «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მე-3 ნაწილი. ამ ნორმის თანახმად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ ყველა ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლების ობიექტი, რომელიც საჯაროდ სრულდება, გადაიცემა ეთერით, კაბელით, ან საზოგადოებისათვის სხვაგვარად ხელმისაწვდომი ხდება, შედის შესაბამისი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის რეპერტუარში. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარგებლეს. მოცემული ნორმა ადგენს იმის პრეზუმფციას, რომ კოლექტიური მართვის ორგანიზაცია უფლებამოსილია დაიცვას ნებისმიერი საჯაროდ შესრულებული, კაბელით ეთერით ან სხვა საშუალებით გადაცემული ნაწარმოებების ავტორთა და მომიჯნავე უფლებების მფლობელებთა უფლებები. აღნიშნული პრეზუმფცია მოქმედებს, ვიდრე მოსარგებლე არ დაამტკიცებს საწინააღმდეგოს, ე.ი. მიუთითებს ფაქტებზე, რომლითაც დასტურდება, რომ კონკრეტული ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლებების ობიექტი არ შედის კოლექტიური მართვის ორგანიზაციაში. კანონის თანახმად, დაცვის ობიექტია რეპერტუარში შემავალი ყველა ნაწარმოები, ხოლო სალიცენზიო ხელშეკრულებები, «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» კანონის მე-40 მუხლის თანახმად იდება რეპერტუარში შემავალ კონკრეტულ ნაწარმოებებზე.

პალატა ყურადღებას ამახვილებს ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილზეც, რომლის თანახმად, კოლექტიური მართვის ორგანიზაცია უფლებამოსილია წარმოადგინოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების ყველა მისთვის უცნობი მფლობელი, ან მფლობელი, რომლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება და ჩართოს მათი ნაწარმოებები და დაცვის სხვა ობიექტები მოსარგებლეებზე გაცემულ ლიცენზიებში. ამ შემთხვევაში ივარაუდება, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებების ყველა უცნობი მფლობელი, ან მფლობელი, რომლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, შედის კოლექტიური მართვის ორგანიზაციის რეპერტუარში.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კანონის თანახმად განსაზღვრულია დაცვის ობიექტი _ მოსარჩელის რეპერტუარში შემავალი ნაწარმოებები და, არსებობს მოსარჩელის უფლების განსახორციელებლად საკმარისი პირობა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ფაქტობრივი გარემოებების დაგდენისა და მტკიცებულებათა დამატებით გამოკლვლევის აუცილებლობა, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თავად მიიღოს გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა მიიჩნვეს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს შპს «ტვ-...-სათვის» საქართველოს ავტორთა საზოგადოების რეპერტუარში შემავალი მუსიკალური ნაწარმოებების საქართველოს ავტორთა საზოგადოებასთან დადებული სალიცენზიო შეთანხმების გარეშე კაბელით გადაცემის აკრძალვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება საქართველოს ავტორთა საზოგადოების მეორე სასარჩელო მოთხოვნას, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა მის რეპერტუარში შემავალი ის ნაწარმოებები, რომელთა კაბელით გადაცემის გზით დაირღვა საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელთა ინტერესები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჰონორარის დაკისრებისა და ოდენობის განსაზღვრის საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება, ჰონორარის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, დასაბუტებული, კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს ავტორთა საზოგადოების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივნისის განჩინება შპს «ტვ-...-სათვის» საქართველოს ავტორთა საზოგადოების რეპერტუარში შემავალი მუსიკალური ნაწარმოებების საქართველოს ავტორთა საზოგადოებასთან დადებული სალიცენზიო შეთანხმების გარეშე კაბელით გადაცემის აკრძალვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება:

3. საქართველოს ავტორთა საზოგადოების სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. შპს «ტვ-...-ს» აეკრძალოს საქართველოს ავტორთა საზოგადოების რეპერტუარში შემავალი მუსიკალური ნაწარმოებების კაბელით გადაცემა საქართველოს ავტორთა საზოგადოებასთან დადებული სალიცენზიო შეთანხმების გარეშე;

5. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.