Facebook Twitter

¹ას-764-715-2010 18 აპრილი, 2011წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები _ შპს «გ-ო», შპს «გ-ოს» პარტნიორები მ. ს-ძე, დ. კ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ხ-ძე

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი _ საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა, გაუნაწილებელი მოგების თანხის საზოგადოებისათვის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 28 აპრილს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს შპს «გ-ომ» და მისმა პარტნიორებმა დ. კ-ძემ და მ. ს-ძემ მოპასუხე მ. ხ-ძის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა. მოპასუხის საზოგადოების პარტნიორობიდან გარიცხვის შესახებ შპს «გ-ოს» პარტნიორთა რიგგარეშე ¹3 კრების 2009 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების კანონიერად ცნობა; ბ. მ. ხ-ძისათვის, როგორც შპს «გ-ოს» ყოფილი დირექტორისათვის, შპს «გ-ოს» სასარგებლოდ აუდიტორული დასკვნით დადგენილი და საზოგადოების პარტნიორებს შორის გაუნაწილებელი მოგების 26444.79 ლარის დაკისრება; გ. მ. ხ-ძისათვის მოსარჩელის მიერ გაწეული და გასაწევი სხვადასხვა ხარჯების, მთლიანობაში 2715.32 ლარის დაკისრება.

სარჩელის თანახმად, შპს «გ-ო» დააფუძნეს დ. კ-ძემ და გ. ხ-ძემ. საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას წარმოადგენს ავტონაწილების რეალიზაცია. 1996 წლის სამეწარმეო რეესტრის ჩანაწერებით საზოგადოების პირველი პარტნიორები არიან: მ. ს-ძე და დ. კ-ძე (მეუღლეები), აგრეთვე, გ. ხ-ძე და მ. ხ-ძე (მამა-შვილი). დაფუძნების დღიდან საზოგადოების დირექტორს წარმოადგენდა გ. ხ-ძე, ხოლო 2001 წლის 5 დეკემბრიდან 2009 წლის 24 მარტამდე – მისი ვაჟი მ. ხ-ძე, რომელსაც გ. ხ-ძემ დაუთმო თავისი წილიც და ის გახდა 50%-იანი წილის მესაკუთრე.

მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ 2008 წლის თებერვლიდან საზოგადოებაში აუდიტორული შემოწმების ჩატარების მიზნით ორჯერ უშედეგოდ სცადეს პარტნიორთა კრების მოწვევა. მათი ინიციატივით ჩატარებული აუდიტორული შემოწმების შედეგად საზოგადოებაში გამოვლენილია დირექტორის სხვადასხვა სახის კანონდარღვევები. აღმოჩნდა, რომ საზოგადოებაში არ მოიპოვება კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულოდ შესანახი მთელი რიგი დოკუმენტები. აუდიტორული შემოწმებისათვის წარდგენილი არასრული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ შპს «გ-ოს» მთლიანობაში მოგების სახით მიღებული აქვს 26444.79 ლარი. ეს თანხა პარტნიორთა შორის არ განაწილებულა. აუდიტორული დასკვნის გაცნობის შემდგომ მოსარჩელე პარტნიორებმა საზოგადოების პარტნიორსა და დირექტორ მ. ხ-ძეს გაუგზავნეს შეტყობინება პარტნიორთა კრების ჩატარების, ადგილმდებარეობის, დროისა და განსახილველი საკითხების მითითებით. მიუხედავად ამისა, მ. ხ-ძე კრებაზე არ გამოცხადებულა. იგი ასევე არ გამოცხადებულა განმეორებით, იმავე პირობებით დანიშნულ კრებაზე. აღნიშნულ კრებაზე გამოცხადებული პარტნიორების, მ. ს-ძისა და დ. კ-ძის წარმომადგენლებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. კრებამ მიიღო გადაწყვეტილება დირექტორობიდან მ. ხ-ძის გათავისუფლებისა და პარტნიორობიდან მისი გარიცხვის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების მოტივად დასახელდა წლების მანძილზე საზოგადოებაში მ. ხ-ძის კანონსაწინააღმდეგო საქმიანობა, პარტნიორებისადმი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება. კრების მონაწილეებმა მიიჩნიეს, რომ მომავალში მ. ხ-ძესთან ერთად საქმიანობის გაგრძელება შეუძლებელი იყო. პარტნიორთა კრებამ საზოგადოების დირექტორად დანიშნა ი. ს-ძე. საზოგადოების ახალმა დირექტორმა ი. ს-ძემ განცხადებით მიმართა საგადასახადო სამსახურს საზოგადოების რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელების მოთხოვნით. სამეწარმეო რეესტრის 2009 წლის 26 მარტის ამონაწერით შპს «გ-ოს» დირექტორია ი. ს-ძე (ტომი 1, ს.ფ. 1-13).

2009 წლის 5 ივნისს იმავე სასამართლოს სარჩელით მიმართეს მ. და გ. ხ-ძეებმა მოპასუხე შპს «გ-ოს» მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა. შპს «გ-ოს» ქონების გაუმჯობესებისათვის გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის გ. ხ-ძის სასარგებლოდ 11248 ლარის დაკისრება; ბ. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, შპს «გ-ოს» წარმომადგენლებისათვის გ. ხ-ძის საკუთრებაში არსებული 8837 ლარის ღირებულების ავტონაწილების ფლობის შეწყვეტისა და აღნიშნული ქონების გ. ხ-ძისათვის დაბრუნების დავალება; გ. შპს «გ-ოსათვის» მოსარჩელეების სასარგებლოდ ხარჯების დაკისრება.

სასარჩელო განცხადებიდან ირკვევა, რომ შპს «გ-ოს» სამეწარმეო საქმიანობა მოიცავდა ავტონაწილებით ვაჭრობას. გ. ხ-ძე, რომელიც თავდაპირველად წარმოადგენდა საზოგადოების პარტნიორსა და დირექტორს, ვაჭრობდა ავტონაწილების მაღაზიაში. შპს «გ-ოს» ჩამოყალიბებისას ავტონაწილების მაღაზიაში არსებული მატერიალური ფასეულობა _ ავტონაწილები, წარმოადგენდა მის საკუთრებას. გ. ხ-ძე ამ ქონებას ავითარებდა შპს «გ-ოს» დაფუძნების შემდგომაც, რაშიც დანარჩენ პარტნიორებს მონაწილეობა არ მიუღიათ. შპს «გ-ოს» მთლიანი საქმიანობა წესდებისა და კანონის შესაბამისად ასახულია საწარმოს ყოველწლიურ ბალანსში, რომელშიც მოცემულია საწარმოს მთლიანი საბალანსო მოგება, გადარიცხვები ბიუჯეტში და წმინდა მოგება.

მოსარჩელეების მითითებით, საქმეზე წარდგენილი აუდიტორული დასკვნით დასტურდებოდა, რომ შპს «გ-ოში» მატერიალური ფასეულობების (ძირითადად ავტონაწილები) შეძენასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები (ხელფასები, სოცანარიცხები, სამეურნეო და საკანცელარიო ხარჯები) ძირითადად რეალურად არის ასახული საბუღალტრო დოკუმენტაციაში და რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევა არ დაფიქსირებულა. 2002-2006 წლებში შპს «გ-ოს» სამეწარმეო საქმიანობის განვითარება-გაფართოების მიზნით გ. ხ-ძემ შეასრულა სხვადასხვა სარემონტო და აღდგენითი სამუშაოები. აღნიშნული რემონტისა და გაუმჯობესებისათვის საჭირო თანხები მოსარჩელემ გაიღო როგორც შპს «გ-ოს» სამეწარმეო საქმიანობიდან დარჩენილი წმინდა მოგებიდან, ისე თავისი პირადი სახსრებიდან (ტომი 2, ს.ფ. 1-17).

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 ივლისის საოქმო განჩინებით ზემოაღნიშნული სარჩელებით განსახილველი საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად (ტომი 1, ს.ფ. 311-322).

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით შპს «გ-ოს», შპს «გ-ოს» პარტნიორების დ. კ-ძისა და მ. ს-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ასევე არ დაკმაყოფილდა გ. და მ. ხ-ძეების სარჩელი.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე:

შპს «გ-ო» რეგისტრირებულ იქნა 1996 წლის 22 ივლისს სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ. მისი პარტნიორები არიან: მ. ხ-ძე – კაპიტალის 50%-იანი წილით, დ. კ-ძე _ 40%-იანი წილით და მ. ს-ძე _ 10%-იანი წილით;

2009 წლის 24 მარტს გაიმართა შპს «გ-ოს» პარტნიორთა ¹3 კრება, რომელსაც ესწრებოდნენ საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორების, მ. ს-ძისა და დ. კ-ძის წარმომადგენლები ზ. ს-ძე და ეთერ ს-ძე. აღნიშნულ კრებაზე მოხდა საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის მ. ხ-ძის საზოგადოების დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება და საზოგადოების პარტნიორობიდან გარიცხვა;

2004 წლიდან რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის დრომდე შპს «გ-ოში» შედარების აქტი არ შემდგარა;

ავტონაწილების მაღაზიის დალუქვის შემდგომ მაღაზიის გასაღები გადაეცა შპს «გ-ოს» დირექტორ ი. ს-ძეს. რამდენადაც მიღება-ჩაბარების აქტი არ შემდგარა, ავტონაწილების სახეობებიც და ღირებულებაც დაუდგენელია.

რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს «გ-ოს» პარტნიორთა 2009 წლის 24 მარტის ¹3 კრება ჩატარდა შპს «გ-ოს» წესდების დარღვევით.

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის 91 მუხლით გათვალისწინებულია პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია იმ შემთხვევაში, თუ «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. შპს «გ-ოს» წესდების 7.7 მუხლის თანახმად, კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მასში მონაწილეობენ ის პარტნიორები, რომლებსაც აქვთ ხმების უმრავლესობა. თუ კრება გადაწყვეტილებაუნარიანი არ არის, მაშინ თავმჯდომარე ან დირექტორი იწვევს კრებას კიდევ ერთხელ იმავე დღის წესრიგით. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც, თუ არ გამოცხადდა პარტნიორთა უმრავლესობა, მაგრამ დამსწრე პარტნიორთა წილი საწესდებო კაპიტალში უნდა აღემატებოდეს 50%-ს.

რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში შპს «გ-ოს» პარტნიორთა 2009 წლის 24 მარტის სხდომას ესწრებოდნენ დ. კ-ძისა და მ. ს-ძის წარმომადგენლები, რომელთა წილი საწესდებო კაპიტალში ზუსტად შეადგენდა და არ აღემატებოდა 50%-ს, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს «გ-ოს» პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებაუნარიანი ვერ იქნებოდა.

რაიონული სასამართლოს მითითებით, საქმეში არ მოიპოვებოდა სათანადო მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა საზოგადოებაში გაუნაწილებელი მოგების 26444.79 ლარის არსებობა, ან შპს «გ-ოს» ქონებაზე გ. ხ-ძის მიერ 11248 ლარის ოდენობით ხარჯების გაწევა და შპს «გ-ოს» მიერ გ. ხ-ძის კუთვნილი 8837 ლარის ღირებულების ავტონაწილების ფლობა. მხარეებმა აღნიშნულის დასადასტურებლად წარადგინეს სხვადასხვა აუდიტის მიერ შედგენილი ორი აუდიტორული დასკვნა, რომელთა შედეგები ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდებოდა.

რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა შპს «...ის» მიერ შესრულებული ხარჯთაღრიცხვის მონაცემები მასში ასახული ხარჯების ჟ. (გ.) ხ-ძის მიერ გაღების თაობაზე, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარეს ხარჯთაღრიცხვის შედეგად დადგენილი თანხა _ 19263 ლარი, არ უღიარებია. პირიქით, მათ სარჩელი არ ცნეს. სხვა მტკიცებულებები ამ ხარჯების ჟ. (გ.) ხ-ძის მიერ გაღების შესახებ საქმეში არ მოიპოვებოდა.

რაიონულმა სასამართლომ ავტონაწილების ღირებულების (ნაშთის) 8837 ლარის ნახევრის შპს «გ-ოსათვის» დაკისრების მოთხოვნაც უსაფუძვლოდ მიიჩნია, რაც იმით დაასაბუთა, რომ ავტონაწილების მაღაზიის დალუქვის შემდეგ არ შემდგარა მღება-ჩაბარების აქტი, ამიტომ ავტონაწილების სახეობები და ღირებულება დაუდგენელი იყო. ამასთან, საქმეში წარდგენილი სასაქონლო ზედდებულებით ავტონაწილების შესყიდვები განხორციელებული იყო შპს «გ-ოს» სახელით (ტომი 1, ს.ფ. 393-398).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მათი სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. და გ. ხ-ძეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება, კერძოდ: ა. ქონების გაუმჯობესებისათვის გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად ამ ხარჯების (11248 ლარი) ნახევარის _ 5624 ლარის შპს «გ-ოსათვის» დაკისრება; ბ. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, შპს «გ-ოსათვის» გ. ხ-ძის საკუთრებაში არსებული 4418 ლარის ღირებულების ავტონაწილების ფლობის შეწყვეტისა და აღნიშნული ქონების გ. ხ-ძისათვის დაბრუნების დავალება; გ. მ. და გ. ხ-ძეების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 402 ლარის შპს «გ-ოსათვის» დაკისრება (ტომი 1, ს.ფ. 408-422).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მათი სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს აგრეთვე შპს «გ-ომ» და მისმა პარტნიორებმა მ. ს-ძემ და დ. კ-ძემ. აპელანტების საბოლოო მოთხოვნას წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც: ა. კანონიერად იქნებოდა ცნობილი მოპასუხე მ. ხ-ძის საზოგადოების პარტნიორობიდან გარიცხვის შესახებ შპს «გ-ოს» პარტნიორთა რიგგარეშე ¹3 კრების 2009 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება; ბ. მ. ხ-ძეს დაეკისრებოდა შპს «გ-ოს» სასარგებლოდ საზოგადოების პარტნიორებს შორის გაუნაწილებელი მოგების 10122.93 ლარის გადახდა; გ. მ. ხ-ძეს მ. ს-ძისა და დ. კ-ძის სასარგებლოდ დაეკისრებოდა აუდიტორული მომსახურების გამო გადახდილი 1200 ლარის, სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, მთლიანობაში 1833.32 ლარის, აგრეთვე საადვოკატო მომსახურების თანხის 600 ლარის გადახდა (ტომი 1, ს.ფ. 423-433, ტომი 3, ს.ფ. 131-139).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივნისის განჩინებით შპს «გ-ოს», შპს «გ-ოს» პარტნიორების – მ. ს-ძისა და დ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მ. ხ-ძისა და გ. ხ-ძის სააპელაციო საჩივარს ასევე უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე; უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოცემულ საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით აღნიშნა შემდეგი:

საქმეში განთავსებული საჯარო რეესტრის ამონაწერისა და მხარეთა განმარტებების მიხედვით, სამტრედიაში, ... ქ.¹31-ის I ჩიხში მდებარე უძრავი ქონება, კერძოდ, 125.8 კვ.მ შენობა-ნაგებობა და 51.6 კვ.მ დამხმარე შენობა წარმოადგენდა შპს «გ-ოს» საკუთრებას;

სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ¹... ექსპერტის დასკვნის თანახმად, სამტრედიაში, ... პირველი ჩიხის ¹31-ში მდებარე შპს «გ-ოს» საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე გაწეული სარემონტო სამუშაოების ღირებულება 2003 წლის ფასებით შეადგენდა 9487 ლარს;

სარემონტო სამუშაოების ჩამონათვალი გაკეთდა მხარეთა მითითებების საფუძველზე, თუმცა ამ სამუშაოების ჩატარების დამადასტურებელი ბუღალტრული დოკუმენტები არც საქმეში მოიპოვებოდა და არც მხარეებს წარუდგენიათ;

შპს «გ-ოს» მიერ 1998 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე პერიოდში გაუნაწილებელი მოგება შეადგენდა 10122.93 ლარს.

სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად დაუსაბუთებლად მიიჩნია მ. ხ-ძისა და გ. ხ-ძის სარჩელის მოთხოვნა ქონების ნახევრის დაბრუნების, ან მისი ღირებულების 4 418 ლარის ანაზღაურების თაობაზე, რამდენადაც საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ გ. ხ-ძემ პირადი თანხებით შეიძინა მოძრავი ნივთები, კერძოდ, 8 837 ლარის ღირებულების ავტონაწილები, რაც შპს «გ-ოს» მფლობელობაში იმყოფებოდა. ¹... ექსპერტის დასკვნით დგინდებოდა, რომ სამტრედიაში, ... პირველი ჩიხის ¹31-ში მდებარე შპს «გ-ოს» საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე გაწეული სარემონტო სამუშაოების ღირებულება 2003 წლის ფასებით შეადგენდა 9487 ლარს, თუმცა ამ სამუშაოების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტები არც საქმეში მოიპოვებოდა და არც მხარეებს წარუდგენიათ. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია სარჩელის მოთხოვნა ზემომითითებულ ქონებაზე განხორციელებულ სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯების ნახევარის ანაზღაურების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ¹... ექსპერტის დასკვნით დგინდებოდა, რომ შპს «გ-ოს» მიერ 1998 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე პერიოდში გაუნაწილებელი მოგება შეადგენდა 10122.93 ლარს, ხოლო სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექსპერტის განმარტებით, საბუღალტრო დოკუმენტებით არ ირკვეოდა, თუ რა მიზნით განიკარგა აღნიშნული თანხა, საზოგადოების თუ სხვა პირის სასარგებლოდ.

იმის გათვალისწინებით, რომ შპს «გ-ოს» სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულებები, რომ გაუნაწილებელი მოგება 10122.93 ლარი პირადი მოხმარების მიზნით გაიხარჯა საზოგადოების ყოფილი დირექტორის მ. ხ-ძის მიერ, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სარჩელის მოთხოვნა დასახელებული თანხის შპს «გ-ოს» სასარგებლოდ მ. ხ-ძისათვის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლო იყო და არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.

საზოგადოებიდან პარტნიორის (მ. ხ-ძე) გარიცხვის შესახებ დადგენილების კანონიერად ცნობის მოთხოვნის ნაწილში შპს «გ-ოსა» და მისი პარტნიორების სარჩელის დაუკმაყოფილებლობა სააპელაციო სასამართლომ შემდეგი ძირითადი არგუმენტებით დაასაბუთა:

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პარტნიორის წილი საზოგადოებაში წარმოადგენს მის საკუთრებას. საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის შემთხვევაში პარტნიორი კარგავს საკუთრებას წილზე. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრება აღიარებული და უზრუნველყოფილია და მისი ჩამორთმევა დასაშვებია მხოლოდ კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში. საკორპორაციო ურთიერთობათა სპეციფიკა და სახელშეკრულებო პირობები, არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს პარტნიორისათვის წილის ჩამორთმევას მისი ნების გარეშე.

«მეწარმეთა შესახებ» კანონის 91 მუხლის შესაბამისად, თუ ამ კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესების მიხედვით. 3.7 მუხლის თანახმად, პარტნიორებს შეუძლიათ წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში განსაზღვრონ თითოეული პარტნიორის შენატანის წესი და ვადა. ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში პარტნიორი, რომელმაც არ განახორციელა გადახდა, კარგავს წილს და ნაწილობრივ შესრულებულ ვალდებულებათა შედეგებსაც, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა დასაშვებია მხოლოდ «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის 3.7 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ყველა სხვა შემთხვევაში პარტნიორის საზოგადოებიდან გასარიცხად ანუ მისთვის საკუთრების ჩამოსართმევად, აუცილებელია სასამართლო გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში საზოგადოებამ პარტნიორის გარიცხვის მოთხოვნით სარჩელით უნდა მიმართოს სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვებოდა 2009 წლის 24 მარტამდე კრების ჩატარებისა და მასზე მ. ხ-ძის მიწვევის დამადასტურებელი მტკიცებულება, ამიტომ 50% წილის მქონე პარტნიორთა მიერ პირველივე კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება, «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის 91 მუხლის შესაბამისად, კანონსაწინააღმდეგო იყო. გარდა ამისა, შპს «გ-ოს» პარტნიორების, მ. ს-ძისა და დ. კ-ძის მიერ მ. ხ-ძის პარტნიორობიდან გარიცხვის საფუძვლის, კერძოდ, 10122.93 ლარის პირადი მოხმარების მიზნით გახარჯვის, დაუდასტურებლობა, ასევე დაუსაბუთებელს ხდიდა პარტნიორების მიერ კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას (ტომი 3, ს.ფ. 143-156).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს «გ-ომ» და მისმა პარტნიორებმა მ. ს-ძემ და დ. კ-ძემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

კასატორების მითითებით, სააპელაციო სასამართლომ მოპასუხისათვის საზოგადოების სასარგებლოდ გაუნაწილებელი მოგების 10122.93 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში შპს «გ-ოს» სარჩელის დაუკმაყოფილებლობა იმით დაასაბუთა, რომ შპს «გ-ოს» სასამართლოსათვის არ წარუდგენია ამ თანხის მოპასუხის მიერ პირადი მოხმარების მიზნით გახარჯვის დამადასტურებელი მტკიცებულება. კასატორები არ იზიარებენ სააპელაციო სასამართლოს მოცემულ მსჯელობას და აღნიშნავენ, რომ საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება შემდეგი გარემოებები: 1998 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე შპს «გ-ოს» გაუნაწილებელი მოგება შეადგენდა 10122.93 ლარს (მტკიცებულება სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა); შპს «გ-ოს» 2001 წლამდე მართავდა გ. ხ-ძე, ხოლო 2001 წლიდან 2009 წლის 1 მაისამდე მ. ხ-ძე; შპს «გ-ოს» პარტნიორებს უნდა მიეღოთ წმინდა მოგება დივიდენდების სახით, თავად მოწინააღმდეგე მხარეც აღიარებს, რომ დივიდენდები არ განაწილებულა პარტნიორებს შორის; შპს «გ-ოს» საბუღალტრო დოკუმენტაციაში ასახული გაუნაწილებელი მოგება, 10122.93 ლარი ყოფილ დირექტორ მ. ხ-ძეს არ გამოუყენებია საზოგადოების საჭიროებისათვის, საამისოდ აუცილებელი იყო პარტნიორთა კრების ჩატარება.

ამდენად, კასატორთა მოსაზრებით, შპს «გ-ომ» საქმეში არსებული მტკიცებულებებით დაუდასტურა სასამართლოს, რომ 10 წლის განმავლობაში საზოგადოების გაუნაწილებელმა მოგებამ შეადგინა 10122.93 ლარი, რის გამოც წესდების 9.4 მუხლის შესაბამისად შპს «გ-ომ» მოითხოვა ყოფილი დირექტორის მიერ ამ მოგების თანხის საზოგადოებისათვის დაბრუნება. კასატორები მიიჩნევენ, რომ მ. ხ-ძის მიერ მოგების თანხის პირადი საჭიროებისათვის მოხმარების ფაქტი ნათელია, რამდენადაც მოწინააღმდეგე მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ: გაუნაწილებელი მოგება დივიდენდების სახით გაუნაწილა პარტნიორებს, ამასთან, მოგების გადასახადი (პროცენტულად 1909 ლარი) სახელმწიფოსათვის გადახდილი აქვს, მოგების თანხა გამოიყენა საზოგადოების საჭიროებისათვის ან ეს თანხა განთავსებულია ბანკში შპს «გ-ოს» ანგარიშზე. რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, თუ რაში გამოიყენა აღნიშნული თანხა ან აქედან რა შეიძინა პირადი საჭიროებისათვის მ. ხ-ძემ, ამის დამტკიცება შპს «გ-ოს» მხრიდან შეუძლებელია და ეს ბუნებრივიცაა. აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი კასატორებს არ აკისრიათ, იგი აკისრია შპს «გ-ოს» ყოფილ დირექტორ მ. ხ-ძეს.

კასატორები თვლიან, რომ შპს «გ-ოს» პარტნიორთა 2009 წლის 24 მარტის ¹3 კრება გადაწყვეტილებაუნარიანი იყო. კერძოდ, «მეწარმეთა შესახებ» კანონის 47.2, 9.1 მუხლებისა და წესდების 7.3 პუნქტის თანახმად, პარტნიორებს ჰქონდათ რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება. პარტნიორთა კრების მოწვევის შესახებ ორჯერ წინასწარ ეცნობა მ. ხ-ძეს, რასაც ცხადყოფს საქმეში არსებული მასალები. მოპასუხე შეგნებულად არ გამოცხადდა კრებაზე, უფრო მეტიც, მან არც კი აცნობა საზოგადოებას კრებაზე გამოუცხადებლობის მიზეზი. გარდა ამისა, დირექტორები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ აწარმოებდნენ ბუღალტრულ აღრიცხვას და ანგარიშგებას, მალავდნენ შემოსავალს, სრულად არ იხდიდნენ სახელმწიფო გადასახადებს, არ ატარებდნენ პარტნიორთა კრებას, არ ადგენდნენ შედარების აქტებს, პარტნიორებს უფლებას არ აძლევდნენ გაეკონტროლებინათ საზოგადოების საქმიანობა. ამდენად, მოწინააღმდეგე მხარე მოქმედებდა საზოგადოების პარტნიორების ინტერესების საწინააღმდეგოდ, მარტოოდენ პირადი მოტივით. მ. ხ-ძის კანონსაწინააღმდეგო საქციელმა უნდობლობა გამოიწვია საზოგადოების პარტნიორებში, რომელთაც შემდგომში მოპასუხესთან ერთად საქმიანობის განხორციელება შეუძლებლად მიაჩნიათ (ტომი 3, ს.ფ. 166-175).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორების მოთხოვნას წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მათი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ: ა. შპს «გ-ოს» პარტნიორთა 2009 წლის 24 მარტის ¹3 კრების გადაწყვეტილების კანონიერად ცნობა, რომლითაც მოპასუხე მ. ხ-ძე გაირიცხა საზოგადოების პარტნიორობიდან; ბ. მოპასუხე მ. ხ-ძისათვის, როგორც შპს «გ-ოს» ყოფილი დირექტორისათვის, შპს «გ-ოს» სასარგებლოდ საზოგადოების პარტნიორებს შორის გაუნაწილებელი მოგების - 10122.93 ლარის დაკისრება; გ. მოპასუხისათვის სასამართლო ხარჯების გადახდის დაკისრება.

ზემოაღნიშნულ მოთხოვნებთან მიმართებით სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

შპს «გ-ო» რეგისტრირებულია 1996 წლის 22 ივლისს სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ. მისი პარტნიორები არიან: მ. ხ-ძე – კაპიტალის 50%-იანი წილით, დ. კ-ძე _ 40%-იანი წილით და მ. ს-ძე _ 10%-იანი წილით;

2009 წლის 24 მარტს გაიმართა შპს «გ-ოს» პარტნიორთა ¹3 კრება, რომელსაც ესწრებოდნენ საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორების, მ. ს-ძისა და დ. კ-ძის წარმომადგენლები ზ. ს-ძე და ე. ს-ძე. აღნიშნულ კრებაზე მოხდა საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის მ. ხ-ძის საზოგადოების დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება და საზოგადოების პარტნიორობიდან გარიცხვა;

შპს «გ-ოს» პარტნიორთა 2009 წლის 24 მარტის ¹3 კრება არ იყო გადაწყვეტილებაუნარიანი. კერძოდ, საქმეში არ მოიპოვებოდა 2009 წლის 24 მარტამდე პარტნიორთა კრების მოწვევის და აღნიშნულის თაობაზე საზოგადოების პარტნიორის – მ. ხ-ძის გაფრთხილების დამადასტურებელი მტკიცებულებები;

¹... ექსპერტის დასკვნის მიხედვით, 1998 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე პერიოდში შპს «გ-ოს» გაუნაწილებელი მოგება შეადგენდა 10122.93 ლარს. დადგენილია ასევე, რომ მითითებული თანხა დახარჯულია, თუმცა ვერ ირკვევა, თუ რა მიზნით დაიხარჯა იგი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

კასატორებს მიაჩნიათ, რომ შპს «გ-ოს» პარტნიორთა 2009 წლის 24 მარტის ¹3 კრება გადაწყვეტილებაუნარიანი იყო. მათი მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტი იმის შესახებ, რომ 50% წილის მფლობელმა პარტნიორებმა პირველივე მოწვევის კრებაზე მიიღეს გადაწყვეტილება საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის თაობაზე. კასატორთა მითითებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ ზემოაღნიშნული კრება განმეორებით იყო მოწვეული.

საკასაციო სასამართლო კასატორების ხსენებულ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. დასახელებულ ნორმათა დანაწესიდან გამომდინარე, კასატორებს ეკისრებოდათ იმ გარემოების დამტკიცების ტვირთი, რომ 2009 წლის 24 მარტის ¹3 კრება განმეორებით იყო მოწვეული და, რომ აღნიშნულის თაობაზე კანონით დადგენილი წესით ეცნობა საზოგადოების პარტნიორს მ. ხ-ძეს. ხსენებულ გარემოებათა დასადასტურებლად საკასაციო საჩივარში მითითებულია საფოსტო გზავნილებზე (ტომი 1, ს.ფ. 334-348). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებულ მტკიცებულებათა მიღებაზე მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის საოქმო განჩინებით (ტომი 1, ს.ფ. 356-357), რომელიც მათ მიერ კანონით დადგენილი წესით გასაჩივრებული არ ყოფილა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.3 მუხლი). შესაბამისად, ეს მტკიცებულებები სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია და მათზე ვერც საკასაციო სასამართლო იმსჯელებს, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილისა. სადავო გარემოებათა დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებები კი კასატორებს არ წარმოუდგენიათ.

«მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პარტნიორთა საერთო კრება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. საწარმოს ყოველ პარტნიორს, შპს-ის შემთხვევაში – დირექტორსაც, შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს პარტნიორთა საერთო კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას. წერილი უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს. მოწვევის მიღებიდან 3 დღის ვადაში პარტნიორებს შეუძლიათ დამატებათა შეტანა დღის წერიგში. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც კი, თუ მასზე არ გამოცხადდება ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები).

აღნიშნული ნორმის თანახმად, პარტნიორთა კრება, რომელიც კონკრეტული დღის წესრიგით პირველადაა მოწვეული, გადაწყვეტილებაუნარიანია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ესწრება ხმების უმრავლესობის (50%-ზე მეტი ხმის) მქონე პარტნიორი (პარტნიორები). მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს «გ-ოს» პარტნიორთა 2009 წლის 24 მარტის კრებას, რომელიც პირველად იყო მოწვეული, ესწრებოდნენ მხოლოდ 50% წილის მქონე პარტნიორები. შესაბამისად, ეს კრება არ იყო გადაწყვეტილებაუნარიანი და, ამდენად, უფლებამოსილი საზოგადოებიდან გაერიცხა 50% წილის მფლობელი პარტნიორი მ. ხ-ძე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის მოთხოვნა საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის შესახებ საერთო კრების გადაწყვეტილების კანონიერად ცნობის თაობაზე დაუსაბუთებელია და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება, შესაბამისად, ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

საკასაციო საჩივარი მოითხოვს ასევე გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილში გაუქმებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი შპს «გ-ოს» სასარგებლოდ მოპასუხისათვის საზოგადოების გაუნაწილებელი მოგების დაკისრების თაობაზე. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნით დადგენილია, რომ 1998 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე პერიოდში შპს «გ-ოს» მოგება შეადგენდა 10122.93 ლარს. დადგენილია ასევე, რომ მითითებული თანხა დახარჯულია, თუმცა ვერ ირკვევა, თუ რა მიზნით დაიხარჯა იგი.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულებები საწარმოს გაუნაწილებელი მოგების მოპასუხის მიერ პირადი საჭიროებისათვის გახარჯვის თაობაზე, ამიტომ სარჩელი ამ ნაწილში დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს აღნიშნულ მსჯელობას და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი მხარეთა შორის, კერძოდ, საწარმოს მოგების ხარჯვის კანონიერების დამტკიცების ტვირთი არასწორად დააკისრა მოსარჩელეს (საზოგადოებას), მაშინ როცა ეს გარემოება მოპასუხეს (საზოგადოების ყოფილ დირექტორს) უნდა ემტკიცებინა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში სადაო საკითხი ეხება საზოგადოების წინაშე ყოფილი დირექტორის პასუხისმგებლობას, კერძოდ, ამ უკანასკნელის მიერ საწარმოს მოგების დაუსაბუთებელ ხარჯვას და ამით საზოგადოებისათვის ზიანის მიყენებას. სამეწარმეო გადაწყვეტილებათა მიღებისას საზოგადოების ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის საკითხებს აწესრიგებს «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოების საქმეების გაძღოლისას შპს-ს დირექტორთა გულმოდგინე ხელმძღვანელობისა და ერთგულების მოვალეობას, ასევე ამ მოვალეობათა დარღვევის შემთხვევაში საზოგადოების წინაშე მათ პასუხისმგებლობას (მე-9 მუხლი). კორპორაციის დირექტორებს სამართავად გადაცემული აქვთ რა სხვისი (საზოგადოების) ქონება, მათი უპირველესი ვალდებულება სწორედ ამ ქონების დაცვა და ზიანის თავიდან აცილებაა. ამ ვალდებულების დარღვევა დირექტორებისათვის წარმოშობს შიდა კორპორაციულ პასუხისმგებლობას ანუ საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობას. საზოგადოების წინაშე დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი მათ ეკისრებათ. ე.ი. დირექტორმა უნდა დაამტკიცოს, რომ არ მიუძღვის ბრალი იმ ზიანის წარმოშობაში, რომელიც მიადგა საზოგადოებას და, რომ ის მოქმედებდა გულმოდგინე ხელმძღვანელის კეთილსინდისიერებით.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო პერიოდში საწარმოს ჰქონდა მოგება, რომელიც გახარჯულია. საწარმოში მოგების არსებობის და მისი გახარჯვის ფაქტს არც მოპასუხე მ. ხ-ძე უარყოფს, მაგრამ მისი შესაგებელი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სადავო თანხით მოხდა საწარმოში რემონტის ჩატარება და საწარმოს საქმიანობისათვის ავტონაწილების შეძენა (ტომი 3, ს.ფ. 103-104). ამ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი კი ეკისრება მოპასუხეს (საზოგადოების ყოფილ დირექტორს) და არა მოსარჩელეს. სწორედ საზოგადოების ყოფილმა დირექტორმა უნდა ამტკიცოს ის გარემოება, რომ საწარმოს მოგება მან დახარჯა არა პირადი საჭიროებისათვის, არამედ _ მართლზომიერად, საზოგადოების ინტერესების შესაბამისად. ამდენად, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მიერ მოსარჩელისათვის იმ გარემოების დამტკიცების ტვირთის დაკისრება, რომ საზოგადოების ყოფილმა დირექტორმა მოგება არა საზოგადოების, არამედ პირადი მიზნებისათვის გამოიყენა (დახარჯა). როგორც ითქვა, ეს გარემოება მოპასუხეს უნდა ემტკიცებინა. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა ზემოხსენებული გარემოება, ვინაიდან ეს მისი მტკიცების ტვირთი არ იყო. ამასთან, ვინაიდან მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილების გამო, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია მოპასუხის შესაგებელზე, კერძოდ, მის მიერ მითითებულ გარემოებებზე და შეფასება არ მიუცია ამ გარემოებათა დასადასტურებლად საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებისათვის, ამიტომ საკასაციო სასამართლო მოკლებულია ამ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია საწარმოს გაუნაწილებელი მოგების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში, რაც ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად.

საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სწორად განაწილების საფუძველზე, უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მიიღოს გადაწყვეტილება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე და 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «გ-ოს» დირექტორის, ი. ს-ძის და შპს «გ-ოს» პარტნიორების – მ. ს-ძის და დ. კ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივნისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საწარმოს გაუნაწილებელი მოგების მოპასუხე მ. ხ-ძისათვის დაკისრების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.