¹ას-764-820-2011 20 ივნისი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ნ. ბ-ძე
ვ. ს-ვილი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. ბ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ვ. ს-შვილის მიმართ ავტოავარიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით:
სარჩელის თანახმად, 2009 წლის 28 მარტს მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაზიანდა ნ. ბ-ძის კუთვნილი ავტომანქანა, ვინაიდან ავტოავარია გამოწვეულია ვ. ს-შვილის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით, ხოლო მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის აღდგენის ღირებულებაა 36785 ლარი, მოსარჩელემ მოითხოვა ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოპასუხისათვის.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და თავის შესაგებელში განმარტა, რომ სარჩელში დასახელებული ავტოსაგზაო შემთხვევა მისი ბრალით არ იყო გამოწვეული, ვინაიდან მოსარჩელე არ მოძრაობდა დასაშვები სიჩქარით, რის გამოც ვერ შეძლო ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება. მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ სადაოდ ხდიდა ნ. ბ-ძის მიერ სარჩელში დასახელებული თანხების რეალობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ვ.ს-შვილს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 33652 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ს-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. ს-შვილის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ბ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ვ. ს-შვილს ნ. ბ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 20000 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მასზე, რომ 2009 წლის 28 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო ბმვ-ს მარკის ავტომანქანის მძღოლის _ ვ. ს-შვილის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით. ამასთან, ნ. ბ-ძეს არ შეეძლო თავიდან აეცილებინა ავტოავარია და მის მოქმედებაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნებოდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაკისრებული თანხის ოდენობის ნაწილში გადაწყვეტილება უნდა შეცვლილიყო, ვინაიდან მოპასუხისათვის დაკისრებული თანხა _ 33652 ლარი არ შეესაბამებოდა მიყენებული ზიანის ოდენობას. სააპელაციო პალატამ გაიზიარა 2010 წლის 28 ივლისის ექსპერტის დასკვნაში აღნიშნული ოდენობა (14799,3 ლარი) და ჩათვალა, რომ იგი ასახავდა ავტომობილის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისათვის საჭირო თახნის რეალურ ოდენობას.
სასამართლომ საგულისხმოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ 2010 წლის 28 ივლისის ექსპერტის დასკვნაში შენიშვნის სახით განიმარტა, რომ «აღნიშნული ავტომობილის აღდგენითი ღირებულება შეადგენდა 14799,3 ლარს, რაც დაახლოებით მთლიანად ავტომობილის საორიენტაციო საბაზრო ღირებულების 50%-ს აღემატება, ხოლო აღდგენილი ავტომობილი განიცდის სასაქონლო სახის კარგვას, რაც აისახება ავტომობილის შემდგომ საბაზრო ღირებულებებში». ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ექსპერტიზის მიერ განსაზღვრული თანხა _ 14799,3 ლარი უნდა გაზრდილიყო 20000 ლარამდე, რითაც უნდა ანაზღაურებულიყო ის ზიანი, რაც მიადგა ავტომობილს მისი სასაქონლო სახის დაკარგვით, რომლის დაკსირების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი _ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ვალდებულება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დასახელებული გადაწყვეტილება საკასციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
ვ. ს-შვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისთვის ექსპერტიზის მიერ დადგენილი ავტომობილის აღდგენითი ღირებულების _ 14799.3 ლარის დაკისრება.
ნ. ბ-ძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყევტილების მიღებით მოპასუხისათვის პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის _ 33652 ლარის გადახდევინება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრების დასაშვებობის ეტაპზე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:
1. კასატორმა ვ. ს-შვილმა ნ. ბ-ძეს გადაუხადა ავარიის შედეგად მიყენებული ზიანის თანხა _ 12400 აშშ დოლარი და დარჩენილ 777 აშშ დოლარს გადაუხდის ეტაპობრივად ერთი წლის ვადაში _ 2012 წლის 8 ივნისამდე;
2. კასატორმა ნ. ბ-ძემ მიიღო ვ. ს-შვილისგან თანხა – 12400 აშშ დოლარი და თანახმაა დარჩენილი თანხა _ 777 აშშ დოლარი მიიღოს ერთი წლის ვადაში;
3. მხარეები თანახმა არიან შეწყდეს საქმის წარმოება;
4. მხარეები თანხმდებიან, რომ მორიგების დადებისთანავე მოიხსნას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ბინაზე, მდებარე ქ. თბილისში, .... ¹39, რომელიც გამოტანილია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ.
5. მხარეებმა მოითხოვეს მორიგების აქტის დამტკიცება, საქმეზე წარმოების შეწყვეტა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს, მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს და გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილის განჩინებით მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიება _ ყადაღა მოეხსნას ვ. ს-შვილის კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ... ¹39, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, რის გამოც წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.
მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.
მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის თანახმად, მორიგების ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენდა მორიგების დადებისთანავე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება, კერძოდ, ბინაზე, მდებარე ქ. თბილისში, ... ყადაღის გაუქმება.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილის განჩინებით მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიების _ ვ. ს-შვილის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ... ¹39, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - დაყადაღების, კანონით გათვალისწინებული, ფაქტობრივი საფუძველი აღარ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტით, 284-ე, 1991 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება მხარეთა შორის შემდეგი პირობებით:
ა) კასატორმა ვ. ს-შვილმა ნ. ბ-ძეს გადაუხადა ავარიის შედეგად მიყენებული ზიანის თანხა _ 12400 აშშ დოლარი და დარჩენილ 777 აშშ დოლარს გადაუხდის ეტაპობრივად ერთი წლის ვადაში _ 2012 წლის 8 ივნისამდე;
ბ) კასატორმა ნ. ბ-ძემ მიიღო ვ. ს-შვილისგან თანხა – 12400 აშშ დოლარი და თანახმაა დარჩენილი თანხა _ 777 აშშ დოლარი მიიღოს ერთი წლის ვადაში;
გ) მხარეები თანახმა არიან შეწყდეს საქმის წარმოება;
დ) მხარეები თანხმდებიან, რომ მორიგების დადებისთანავე მოიხსნას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ბინაზე, მდებარე ქ. თბილისში, ... ¹39, რომელიც გამოტანილია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ.
2. მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო, გაუქმდეს ამ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება;
3. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდება გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება;
4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილის განჩინებით მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიება _ ყადაღა მოეხსნას ვ. ს-შვილის კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ... ¹39, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი -
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.