Facebook Twitter

ას-767-717-10 21 ოქტომბერი 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – თბილისის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,...”(მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება– თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი –თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიის სარჩელი სს “...” მიმართ 11 810 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა გასაჩივრებული განჩინება.

პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2008 წლის 2 დეკემბერს შპს ,,ტ. გ. ს. თ.-სა” და სს “...” შორის გაფორმდა საბანკო გარანტიის ხელშეკრულება (FG268/08) 11 810 ლარზე;

აღნიშნული საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი იქნა 2008 წლის 26 თებერვალს ქ. თბილისის მერიასა და შპს “ტ. გ. ს.თ.-ს” შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს “ტ. გ. ს. თ.-მ” იკისრა ვალდებულება, ქალაქ თბილისში არსებული მწვანე საფარის მოწესრიგების მიზნით შეედგინა ამორტიზებული სარწყავი ქსელების აღდგენისა და ახალი სარწყავი ქსელების მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, განეხორციელებინა სამუშაოების მიმდინარეობისას საავტორო ზედამხედველობა

შპს ,,ტ. გ. ს. თ.-ს” მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულების პირობები, რომელიც გამოიხატა მომსახურების გაწევის ვადების დარღვევაში;

2008 წლის 2 დეკემბრის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2008 წლის 30 დეკემბერი;

ქ თბილისის მერიამ 2008 წლის 5 დეკემებერს ¹07-5/10569 წერილით მიმართა სს “...” საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის _ 11 810 ლარის ჩარიცხვის მოთხოვნით, რომელიც მოპასუხეს გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით;

თბილისის მერიის 2008 წლის 5 დეკემბრის ¹07-5/10569 წერილი ს/ს “...” არ ჩაჰბარებია;

ქ. თბილისის მერიამ 2008 წლის 29 დეკემბერს მიმართა სს “...” ¹10/76720-15 წერილით და მოითხოვა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის 11 810 ლარის ჩარიცხვა, რომელიც მოპასუხეს ჩაჰბარდა 2009 წლის 12 იანვარს;

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 885-ე და 51-ე მუხლებზე მითითებით სწორად უთხრა უარი მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ.

კასატორის აზრით, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ქ.თბილისის მერიასა და შპს „ტ. გ. ს. თ.-ს“ შორის 2008 წლის 26 თებერვალს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ¹010207/30/89 ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-12 მუხლის 12.2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ქ.თბილისის მერიამ 2008 წლის 5 დეკემბერს (საბანკო გარანტიის ვადის ამოწურვამდე – 2008 წლის 30 დეკემბერამდე) ¹07-5/10569 წერილით მიმართა სს „...“ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის – 11,810 ლარის – ქ.თბილისის მერიისათვის ჩარიცხვის მოთხოვნით, ხოლო დამატებით, 2008 წლის 29 დეკემბერს, გარანტიით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვის განხორციელების გადამოწმების მიზნით, გაგზავნილი იქნა ქ.თბილისის მერიიის შესყიდვების საქალაქო სამსახურის ¹10/76720-15 წერილი. თბილისის მერიის მიერ სს „...“ 2008 წლის 5 და 29 დეკემბერს გაეგზავნა ორი წერილი საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის ჩარიცხვის მოთხოვნით, შესაბამისად ქ. თბილისის მერიის მიერ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნა შესრულებულ იქნა და საბანკო გარანტიით განსაზღვრულ ვადაში.

კასატორის განმარტებით, უსაფუძვლოა სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლზე მითითება და იმპერატიულად იმის განსაზღვრა, რომ ნება გამოხატულად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი მეორე მხარეს მიუვა, რადგან ბენეფიცირების მიერ ვერ იქნება უზრუნველყოფილი გამოხატული ნების მეორე მხარეზე მისვლა და არც კანონი აკისრებს მას „ამ ნების“ გარანტამდე მისვლის კონტროლის ვალდებულებას. მით უმეტეს, რომ ბენეფიციარის მიერ გამოხატული ნების დამადასტურებელი დოკუმენტაცია საქმეში წარმოდგენილ იქნა. ფაქტობრივად შეუძლებელიც კი არის „თითოეული ნების“ გამოვლენის ადრესატამდე ჩაბარების გაკონტროლება.

ზემაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თბილისი მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.