Facebook Twitter

ას-769-719-2010 1 ნოემბერი, 2010 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მ. სულხანიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა. ბ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ყ. თ.” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 მაისის განჩინება

დავის საგანი – შვებულების თანხის ანაზღაურება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 2 ოქტომბერს ა. ბ-ძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს “ყ. თ.-ს” წინააღმდეგ სარჩელი აღძრა.

მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლის 2 ივლისს შპს “ყ. თ.-ს” უსაფრთხოების დეპარტამენტში ინსპექტორად დაინიშნა, ხოლო 2009 წლის 1 თებერვლიდან - იმავე დეპარტამენტის სპეციალურ დავალებათა განყოფილების მთავარ სპეციალისტად. მოპასუხე ორგანიზაციასთან გაფორმდა ერთთვიანი შრომის ხელშეკურლება, რომლის ვადაც რამდენჯერმა გაგრძელდა. 2009 წლის 31 აგვისტოს მას ეცნობა, რომ დამსაქმებელი იმავე წლის 1 სექტემბრიდან შრომის ხელშეკრულებას აღარ უგრძელებდა. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე არ უსარგებლია კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა. ბ-ძემ ანაზღაურებადი შვებულების თანხის -1050 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ბ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. მოსარჩელსა და მოპასუხე შპს “ყ. თ.-ს” შორის შრომითი ურთიერთობა განსაზღვრულ ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე იყო წარმოშობილი;

2. ა. ბ-ძესთან შრომითი ურთიერთობა 2009 წლის 1 სექტემბრიდან შეწყდა შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო;

3. მოსარჩელეს არ მოუთხოვია 2009 წლის ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობა;

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ, მართალია, საქართველოს შრომის კოდექსი ითვალისწინებს ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უფლებას, მაგრამ კანონი არ ადგენს, დასაქმებულის მიერ გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების თანხის ანაზღაურების შესაძლებლობას.

აღნიშნული გადაწყვეტილება ა. ბ-ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა. საკუთარი მოთხოვნის დასასაბუთებლად აპელანტმა დამატებით “ყოველწლიური ფასიანი შვებულების” შესახებ კონვეცნიის მე-6 მუხლზე მიუთითა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 მაისის განჩინებით ა. ბ-ძის საააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლით იხელმძღვანელა და პირველი ინსტაციის სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ შეფასებას სრულად დაეთანხმა, ამასთან დამატებით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდებოდა “ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ” 1936 წლის 4 ივნისის კონვენციის მე-6 მუხლი, რადგანაც არ არსებოდა ამ მუხლით გათვალისწინებული პირობა, კერძოდ - მეწარმის მიზეზით დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლება ამ უკანასკნელის მიერ შვებულების გამოყენებამდე.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება ა. ბ-ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა “ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ” 1936 წლის 4 ივნისის კონვენციის მე-3 მუხლი, ხოლო მე-6 მუხლი არასწორად განმარტა. გარდა ამისა, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოპასუხემ დაარღვია შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილით, 21-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 34-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 აგვისტოს განჩინებით ა. ბ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ა. ბ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. ბ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.