¹ას-773-723-2010 13 იანვარი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს «ა.» (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ვ-ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ვ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «ა.-ს» მიმართ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2007 წლის 12 თებერვალს მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 2750000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი 14%-ის დარიცხვით.
2007 წლის 1 ივნისს მხარეთა შორის დაიდო დამატებითი შეთანხმება, რომლითაც დაზუსტდა სესხისა და პროცენტის გადახდის გრაფიკი. ზემოხსენებული ვალდებულება მოპასუხეს უნდა შეესრულებინა 2007 წლის 15 დეკემბრამდე, თუმცა შპს «ა.-ს» არც ძირითადი თანხა და არც საპროცენტო დანარიცხი, სულ _ 5524529 ლარი მოსარჩელისათვის არ გადაუხდია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს სადავო თანხის მოპასუხისათვის გადაცემის ფაქტი სათანადოდ არ დაუდასტურებია. ამასთან, გარიგება დადებულია შპს «ა.-ს» პარტნიორთა კრების სავალდებულო თანხმობის გარეშე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ვ-იას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს ,,ა.-ს” გ. ვ-იას სასარგებლოდ დაეკისრა 5481772,1 ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის აღნიშნული გადაწყვეტილება შპს «ა.-მა» გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2007 წლის 12 თებერვალს გ. ვ-იასა და შპს ,,ა.-ს” შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც გ.ვ-იას შპს ,,ა.-სთვის” უნდა გადაეცა 2 750 000 აშშ დოლარი წლიური 14%-იანი სარგებლით.
2007 წლის 1 ივნისს გ. ვ-იასა და შპს ,,ა.-ს” შორის გაფორმდა შეთანხმება 2007 წლის 12 თებერვლის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლითაც განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხისა და გადახდის დროისთვის დარიცხული პროცენტის (სარგებლის) გადახდის გრაფიკი.
2008 წლის 15 აპრილს მოსარჩელემ მოსთხოვა მოპასუხეს სესხის დაბრუნება ძირითადი თანხისა და იმ პერიოდისათვის დარიცხული პროცენტის გათვალისწინებით.
2007 წლის 12 თებერვლის ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხეს მოსარჩელისათვის თანხა არ გადაუხდია და, მითითებული შეთანხმების გარდა, მხარეები სესხის პროცენტზე არ შეთანხმებულან.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას მართებულად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლი და ჩათვალა, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია საზოგადოების წესდება, რომლითაც დაასაბუთებდა თავის არგუმენტს სადავო გარიგების დადებისას შპს-ს პარტნიორთა სავალდებულო თანხმობის არარსებობის შესახებ.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ, 2007 წლის 12 თებერვლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხეს თანხა 2007 წლის 13 თებერვალს გადასცა. ამავე დღეს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, ნაღდი ანგარიშსწორების ნაცვლად ანგარიშსწორება მომხდარიყო თამასუქით. აღნიშნულის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა თამასუქი 4712125 ლარზე, ხოლო მოპასუხემ გამოიყენა იგი ნასყიდობის ხელშეკრულებაში და გადასცა მესამე პირს.
ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა გადაწყვეტილების დასაბუთება, რომ თამასუქის დედანი საქმის განხილვის დროისათვის იმყოფებოდა მესამე პირთან და მოსარჩელეს არ გააჩნდა შესაძლებლობა, სასამართლოში წარედგინა იგი. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარეს თამასუქის ასლის ნამდვილობა სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც სასამართლომ მას მტკიცებულებითი ძალა მიანიჭა და მტკიცებულების დედნის წარუდგენლობა საპატიოდ ჩათვალა. აღნიშნული განჩინება აპელანტს არ გაუსაჩივრებია, არამედ სააპელაციო საჩივრის ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითა საქმეში არსებული დოკუმენტების ასლების წარმოდგენასა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევაზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლი არ დაურღვევია.
სასამართლო არ დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას, რომ გ.ვ-იამ შპს «ა.-ს» 2007 წლის 9 თებერვლის პარტნიორთა კრების ოქმი 2009 წლის 3 აპრილს, საქმის მომზადების სტადიის დამთავრების შემდეგ წარმოადგინა. პალატის მითითებით, 2009 წლის 31 მარტს სასამართლოს მოსაზმადებელი სხდომა გადაიდო იმ მიზეზით, რომ მოსარჩელეს მოპასუხის შესაგებელი არ ჩაბარებია. 2009 წლის 3 აპრილს მოსარჩელემ წარადგინა მოსაზრებები მოპასუხის შესაგებელზე, რასაც დაურთო ხსენებული კრების ოქმი დამატებითი მტკიცებულების სახით.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება, რომ 2007 წლის 12 თებერვლის ხელშეკრულება და 1 ივნისის შეთანხმება დაიდო კანონის სრული დაცვით, ვინაიდან აპელანტს არც ერთი ინსტანციის სასამართლოში არ მოუთხოვია იმ დოკუმენტების (2007 წლის 1 ივნისის შეთანხმებისა და 2007 წლის 9 თებერვლის პარტნიორთა კრების ოქმის) ბათილად ცნობა, რომელთაც სასამართლომ აღნიშნული დასკვნა დააფუძნა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს «ა.-მა» გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ სააპელაციო საჩივრის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა 2009 წლის 5 მაისის საოქმო განჩინების გაუქმება, რომლითაც მხარეს უარი ეთქვა მტკიცებულებათა ამორიცხვაზე. სასამართლოს არ უმჯსელია მოსარჩელის მიერ 2009 წლის 28 აპრილს დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე ვალდებული იყო, სარჩელზე დაერთო მტკიცებულებები გამსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულებების შესრულების შესახებ.
სააპელაციო პალატამ არასწორად არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე, 219-ე მუხლები და აღნიშნული დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო მტკიცებულებებს, რომლებიც საპროცესო ნორმების დარღვევით იქნა წარდგენილი.
სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ 2009 წლის 31 დეკემბერს საქმის განხილვა გადაიდო, რადგან მოსარჩელეს მოპასუხის შესაგებელი ჩაბარებული არ ჰქონდა. ფაქტობრივად, სასამართლომ დანიშნა მთავარი სხდომა, რითაც ჩათვალა, რომ საქმის მომზადების ეტაპი დასრულებული იყო.
დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განჩინების მითითება, რომ 2007 წლის 12 თებერვლის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა მოპასუხისათვის თანხის გადაცემის შესახებ მოსარჩელემ 2007 წლის 13 თებერვალს შეასრულა. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება 2007 წლის 13 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტს, რომელიც მოსარჩელემ წარადგინა საქალაქო სასამართლოში 2009 წლის 28 აპრილს საპატიო მიზეზის მითითების გარეშე. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მტკიცებულება დაუშვებლად უნდა ეცნო საპროცესო ნორმების დარღვევის გამო და უნდა ამოერიცხა მტკიცებულებათა რიგიდან.
სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელე მხარეს დაევალა 2007 წლის 13 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტის დედნის წარმოდგენა, რაც მხარეს არ განუხორციელებია. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოსარჩელემ წარადგინა მიღება-ჩაბარების აქტის მხოლოდ ნოტარიულად დამოწმებული ასლი. პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლი, როდესაც აპელანტს ექსპერტიზის ჩატარების გზით არ მისცა მითითებული დოკუმენტის ნამდვილობის შემოწმების შესაძლებლობა.
სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება გ. ვ-იას მიერ შპს „ა.-სათვის“ თამასუქის საფუძველზე გადახდილი თანხის თამასუქში მითითების ფაქტი, ასევე ის გარემოება, რომ ინდოსირების წესით გადაცემული თამასუქის ფარგლებში თამასუქის მფლობელმა გ. ვ-იასაგან თამასუქში მითითებული თანხა მიიღო.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის დანაწესი, რასაც შედეგად არსებითად არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ა.-ს» საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეამოწმა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება და თვლის, რომ იგი მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი გაუქმების საფუძვლის არსებობა მხარეს არ დაუსაბუთებია.
განსახილველ საქმეზე უდავოდ დადგენილია, რომ 2007 წლის 12 თებერვალს გ. ვ-იასა და შპს ,,ა.-ს” შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც გ.ვ-იას შპს ,,ა.-სთვის” უნდა გადაეცა 2 750 000 აშშ დოლარი წლიური 14%-იანი სარგებლით.
2007 წლის 1 ივნისს გ. ვ-იასა და შპს ,,ა.-ს” შორის გაფორმდა შეთანხმება 2007 წლის 12 თებერვლის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლითაც განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხისა და გადახდის დროისთვის დარიცხული პროცენტის (სარგებლის) გადახდის გრაფიკი.
2008 წლის 15 აპრილს მოსარჩელემ მოსთხოვა მოპასუხეს სესხის დაბრუნება ძირითადი თანხისა და იმ პერიოდისათვის დარიცხული პროცენტის გათვალისწინებით.
2007 წლის 12 თებერვლის ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხეს მოსარჩელისათვის თანხა არ გადაუხდია.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ, 2007 წლის 12 თებერვლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხეს თანხა 2007 წლის 13 თებერვალს გადასცა და ამავე დღეს გაფორმდა მათ შორის სავალო დოკუმენტის _ თამასუქის მიღება-ჩაბარების აქტი.
საკასაციო საჩივრის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2007 წლის 13 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტი, როგორც უკანონოდ წარდგენილი მტკიცებულება სასამართლოს არ უნდა მიეღო. აღნიშნული მტკიცებულება სასამართლოში წარდგენილ იქნა ქსეროასლის სახით. ამასთან, მისი შინაარსიდან არ ირკვევა, რომ გ.ვ-იამ სადავო თანხა შპს «ა.-ს» ნამდვილად გადასცა, სხვა მტკიცებულება კი თანხის გადაცემის დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილი არ არის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
დასახელებული ნორმა ავალდებულებს მხარეს, სარწმუნოდ დაასაბუთოს იმ გარემოებათა უტყუარობა, რომელთაც მის მიერ მითითებული მოთხოვნები თუ შესაგებელი ეფუძნება.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გ.ვ-იამ, სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად, წერილობითი ფორმით 2007 წლის 12 თებერვალს შედგენილი სესხის ხელშეკრულებისა და 2007 წლის 1 ივნისის შეთანხმების წარდგენის გზით დაადასტურა მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობების არსებობის ფაქტი.
2007 წლის 12 თებერვლის ხელშეკრულების 3.3 პუნქტით, გამსესხებლის მიერ სესხის გაცემა წარმოებდა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 10 საბანკო დღის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ხსენებული გარიგებები მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია და მისი პრეტენზია ეხება მხოლოდ გარიგების პირობის შესრულებას _ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის მისთვის გადაცემას.
კანონის ზემოაღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, თავად მოპასუხე შპს «ა.-ს» ეკისრებოდა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ გ.ვ-იას, მხარეთა შეთანხმების საწინააღმდეგოდ, გარიგებით დადგენილ 10 დღის ვადაში მისთვის თანხა არ გადაუცია. აღნიშნული საპროცესო მოვალეობა კი მხარეს სათანადოდ არ შეუსრულებია.
2007 წლის 1 ივნისის შეთანხმებით მხარეებმა განსაზღვრეს ამავე წლის 12 თებერვლის სესხის ხელშეკრულებით შპს «ა.-სათვის» გადაცემული თანხის დაბრუნების გრაფიკი, რაც თავისთავად ადასტურებს, რომ შპს «ა.-ს» სადავო სესხი გადაეცა. წინააღმდეგ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულების დადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ვალის დაბრუნების გარაფიკის შედგენის აუცილებლობა არ წამოიშობოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მოცემული დავისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონედ არ თვლის კასატორის მოსაზრებას, რომ გ.ვ-იამ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას რიგი მტკიცებულებანი (2007 წლის 13 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტი, შპს «ა.-ს» 2007 წლის 9 თებერვლის პარტნიორთა კრების ოქმი, თამასუქები) წარადგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე და 219-ე მუხლების დარღვევით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 31 მარტის მოსამზადებელი სასამართლო სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ არც ერთი მხარე საქმის განხილვისათვის მომზადებული არ იყო, მოსარჩელეს კანონის მოთხოვნათა დაცვით მოპასუხის შესაგებელი არ ჩაბარებია, რის გამოც გადაწყდა, რომ სასამართლოს მთავარი სხდომა დანიშნულიყო 2009 წლის 1 მაისისათვის. მოსარჩელემ სადავო მტკიცებულებები წარადგინა 2009 წლის 3 და 28 აპრილს, სასამართლო მთავარი სხდომის დაწყებამდე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილი შესაძლებლობას აძლევს მხარეებს, წარადგინონ ახალი მტკიცებულებები საქმის მხოლოდ მოსამზადებელ ეტაპზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ უნდა დაასაბუთონ, რა საპატიო მიზეზით ვერ მოხდა საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების დროულად წარდგენა. ახალი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობას ეხება ამავე კოდექსის 202-ე მუხლის მეორე ნაწილიც, რომლითაც მოსარჩელეს უფლება აქვს წარუდგინოს მოსამართლეს დამატებითი მტკიცებულებები, აგრეთვე წერილობით აცნობოს მას თავისი მოსაზრებები მოპასუხის წერილობითი პასუხის თაობაზე მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს «ა.-ს» შესაგებელი მოსარჩელემ ჩაიბარა 2009 წლის 31 მარტს და 5 დღის ვადაში წარადგინა ახალი მტკიცებულებები.
გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კასატორის არგუმენტი, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია 2009 წლის 28 აპრილს გ.ვადაჭორიას მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობაზე, რადგან აღნიშნულ საპროცესო დარღვევას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა არ მოჰყოლია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას სადავო მტკიცებულებათა ასლების წარდგენის ნაწილშიც, კერძოდ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის მიხედვით, წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი, სასამართლოს, მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა. პირი შეიძლება განთავისუფლდეს დედნის წარდგენისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს, შეუძლებელია. საბუთის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე.
მითითებული კანონის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მტკიცებულებითი მნიშვნელობა მიანიჭოს წერილობითი მტკიცებულების ასლს, თუ ჩათვლის, რომ დოკუმენტის დედნის წარმოდგენა ობიექტურად შეუძლებელი იყო. შესაბამისად, კანონმდებელი აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას ცალსახად სასამართლოს შეხედულებას უკავშირებს.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა 2007 წლის 13 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტისა და თამასუქების, ასევე საზოგადოების 2007 წლის 9 თებერვლის პარტნიორთა კრების ოქმის ასლებისათვის მტკიცებულებითი ძალის მინიჭების შესახებ.
მითითებული 2007 წლის 13 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტი მოსარჩელემ წარადგინა სანოტარო წესით დამოწმებული ასლის სახით, რომელიც სასამართლომ საკმარისად მიიჩნია მასში ასახული ფაქტების დასადასტურებლად. ამდენად, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია, რომ ზემოხსენებული აქტის დედნის წარუდგენლობის გამო მასზე შესრულებული შპს «ა.-ს» დირექტორის ხელმოწერის ნამდვილობაზე ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა. სურვილისამებრ, მხარე უფლებამოსილი იყო, სათანადო წესით სადავო გაეხადა აღნიშნული დოკუმენტი და მოეთხოვა მისი ბათილად ცნობა, რაც მას არ განუხორციელებია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს «ა.-ს» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.