ას-775-725-2010 19 ნოემბერი, 2010 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე
კასატორი _ შპს “ა. ი.-ს” წარმომადგენლობა საქართველოში (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ ნ. გ-ია
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ს. გ. ტ. კ.” (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ გ. ქ-შვილი
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს “ს. გ. ტ. კ.-მ” სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს “ა. ი.-ს” მიმართ ფულადი ვალდებულების შერულების მოთხოვნით.
მოსარჩელემ განმარტა, რომ შპს “ს. გ. ტ. კ.-სა” და შპს “ა. ი.-ს” შორის 2008 წლის 31 ოქტომბერს დაიდო ¹171.02/02.08 და ¹171.02/03.08 ხელშეკრულებები ბუნებრივი აირის ყიდვა-გაყიდვისა და მისი ტრანსპორტირების შესახებ, რომლებიც თანხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს გადახდას. გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე შპს “ა. ი.-ს” მიერ შპს “ს. გ. ტ. კ.-ს” გადასახდელმა თანხამ შეადგინა 86580,74 ლარი, რომლის გადახდა უნდა განხორციელებულიყო არაუგვიანეს 2009 წლის 1 აპრილისა. მიუხედავად ამისა ანგარიშსწორება განხორციელდა მხოლოდ 2009 წლის 28 მაისს, შესაბამისად, 1 აპრილიდან 28 მაისამდე პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 4863,81 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო წარმოშობილი პირგასამტეხლოს _ 4863,81 ლარის გადახდის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს “ს. გ. ტ. კ.-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე შპს “ა. ი.-ს” საქართველოს წარმომადგენლობას დაეკისრა 4863 ლარისა და 81 თეთრის გადახდა შპს “ს. გ. ტ. კ.-ს” სასარგებლოდ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ა. ი.-ს” საქართველოს წარმომადგენლობამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 მაისის განჩინებით შპს “ა. ი.-ს” საქართველოს წარმომადგენლობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს “ა. ი.-ს” მიერ ვალდებულება არ შესრულდა დათქმულ დროს. კერძოდ, 2008 წლის 31 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმებული ¹171.02/02.08 ხელშეკრულების მე-6 მუხლისა და ¹171.02/03.08 ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.4 პუნქტის თანახმად, მიწოდებული და ტრანსპორტირებული გაზის ღირებულება მყიდველს უნდა გადაეხადა არაუგვიანეს 2009 წლის 1 აპრილისა მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
2008 წლის 11 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმებული იქნა ბუნებრივი გაზის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც, ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და ტრანსპორტირების ჯამურმა ღურებულებამ შეადგინა 86580 ლარის და 74 თეთრი. აღნიშნული დავალიანება ვადაგადაცილებით დაფარულ იქნა 2009 წლის 28 მაისს.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2008 წლის 31 ოქტომბერს გაფორმებული ¹171.02/02.08 ხელშეკრულების 7.2 მუხლის თანახმად, მხარეთა მიერ პირგასამტეხლო განისაზღვრა გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო 2008 წლის 31 ოქტომბერს გაფორმებული ¹171.02/03.08 ხელშეკრულების 8.1 მუხლის თანახმად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,05%-ის ოდენობით, რამაც 2009 წლის 1 აპრილიდან 28 მაისამდე შეადგინა 4863 ლარი და 81 თეთრი. ამასთან, პირგასამტეხლოს ოდენობა და მიწოდებულ პროდუქციაზე ანგარიშფაქტურის გამოწერის ფაქტი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, კი პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 მაისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს “ა. ი.-ს” წარმომადგენლობამ საქართველოში. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორის განმარტებით, მხარეთა შორის დადებული ¹171.02/03.08 ხელშეკრულების თანახმად, გადახდა უნდა განხორციელებულიყო შესაბამისი ანგარიშფაქტურის საფუძველზე. გაზის კომპანიის მიერ კი აღნიშნული ანგარიშფაქტურის გადმოცემა მოხდა 2009 წლის 20 მაისს. შესაბამისად, ანგარიშფაქტურის გარეშე ისინი ვერ განახორციელებდნენ ანგარიშსწორებას 2009 წლის 1 აპრილამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 13 სექტემბერს განჩინებით საკასაციო საჩივარი სსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ა. ი.-ს” საქართველოს წარმომადგენლობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას შპს “ა. ი.-ს” საქართველოს წარმომადგენლობის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს “ა. ი.-ს” საქართველოს წარმომადგენლობას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “ა. ი.-ს” საქართველოს წარმომადგენლობის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს “ა. ი.-ს” საქართველოს წარმომადგენლობას დაუბრუნდეს ნ. გ-იას მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 (სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე);
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.