Facebook Twitter

ას-777-727-2010 1 ნოემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მ. სულხანიშვილი, ლ. მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს “ს. რ.” (მოსარჩელე)

წარმომადგენელი – ა. ს-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ე.” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მაისის განჩინება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 2 ოქტომბერს შპს “ს. რ.-მ” თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს “ე.-ს” წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოპასუხისათვის 2618,88 ლარის დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლის 4 ივნისს შპს “ს. რ.-სა” და შპს “ე.-ს” შორის ¹შს/07-268 ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, შპს “ე.-ს” შპს “ს. რ.-სათვის” ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღის ვადაში - 2007 წლის 2 ოქტომბრამდე, მხარეთა შორის დადგენილი გრაფიკისა და ოდენობის შესაბამისად, ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვადასხვა სახის საქონელი უნდა მიეწოდებინა, რომელთა საერთო ღირებულება დღგ-ს გარეშე 318 253 ლარს შეადგენდა. მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ნაწილი დადგენილ ვადაში მიაწოდა, ხოლო ნაწილი _ 30 დღის დაგვიანებით. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების სპეციფიური პირობების მე-8 მუხლის 8.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველი დაგვიანებული დღისათვის ხელშეკრულების ფასის 0,1%-ის ოდენობის პირგასამტეხლო ეკისრებოდა. ვინაიდან შპს “ე.-მ” საქონლის მიწოდების ვადები დაარღვია, მას შპს “ს. რ.-სათვის” პირგასამტეხლოს სახით 38 190,36 ლარი უნდა გადაეხადა. შპს “ს. რ.-სა” და შპს “ე.-ს” შორის განხორციელებული ანგარიშსწორების შედეგად, მოპასუხეს 19 571,48 ლარი დაუკავდა, 16 000 ლარი კი მოპასუხის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიიდან დაიქვითა, რის შედეგადაც შპს “ე.-ს” დავალიანებამ 2 618,88 ლარი შეადგინა.

მოპასუხემ სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ შპს “ე.-ს” პირგასამტეხლოს სახით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ხელშეკრულების ფასის (318 253 ლარის) 0,1% უნდა დაჰკისრებოდა, შესაბამისად, შპს “ს. რ.-სათვის” 9547 ლარი უნდა გადაეხადა, მოსარჩელემ კი ისედაც ზედმეტი თანხა დაუქვითა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს “ს. რ.-ს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. 2007 წლის 4 ივნისს შპს “ს. რ.-სა” და შპს “ე.-ს” შორის ¹შს/07-268 ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, ¹1, ¹3, ¹4, ¹5 და ¹6 ლოტებში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს “ე.-ს” სატენდერო წინადადება, რომლითაც მიმწოდებელმა შემსყიდველისათვის შემდეგი ღირებულების ელექტროსაქონლის მიწოდების ვალდებულება იკისრა: ლოტი ¹1 - 265457 ლარი, ლოტი ¹3 - 29720 ლარი, ლოტი ¹4 - 11640 ლარი, ლოტი ¹5 - 4260 ლარი, სულ 318253 ლარი (ხელშეკრულების ფასი);

2. ხელშეკრულების სპეციფიური პირობების 3.7 პუნქტით საქონლის მიწოდების ვადად ხელშეკრულების დადების მომენტიდან 120 დღე განისაზღვრა (2007 წლის 2 ოქტომბერი);

3. შპს “ე.-მ” ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ნაწილი შპს “ს. რ.-ს” ვადაში მიაწოდა, ხოლო მე-4 ლოტით გათვალისწინებული საქონელი – 30 დღის დაგვიანებით;

4. ხელშეკრულების სპეციფიური პირობების მე-8 მუხლის 8.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველი დაგვიანებული დღისათვის ხელშეკრულების ფასის 0,1%-ის ოდენობის პირგასამტეხლო ეკისრება;

5. შპს “ს. რ.-სა” და შპს “ე.-ს” შორის განხორციელებული ანგარიშსწორების შედეგად მოპასუხეს 19 517,48 ლარი დაუკავდა, ხოლო 16 000 ლარი მის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტიიდან დაიქვითა;

6. შპს “ე.-ს” მიერ ელექტროსაქონლის დაგვიანებით მიწოდების გამო დარიცხული პირგასამტეხლო 9547,59 ლარს შეადგენს.

სასამართლომ მოპასუხის პოზიცია გაიზიარა და აღნიშნა, რომ ორივე მხარე პირგასამტეხლოს დაანგარიშების ერთნაირ წესზე მიუთითებდა: ყოველი დაგვიანებული დღისათვის მიმწოდებელს პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების ფასის 0,1% უნდა დარიცხვოდა. ხელშეკრულების ფასი, ამავე ხელშეკრულების პრეამბულის თანახმად, 318 253 ლარი იყო. შესაბამისად, ვინაიდან მიმწოდებელმა ვადა 30 დღით დაარღვია, 318 253 ლარის 0,1% უნდა გამრავლებულიყო ოცდაათზე, რაც 9547,59 ლარს შეადგენდა.

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული თანხა ოთხზე უნდა გამრავლებულიყო, რადგან, ხელშეკრულების რთული ფორმატიდან გამომდინარე, იგი დადებული იყო ხუთი ლოტით გათვალისწინებული საქონლის შესყიდვაზე და გულისხმობდა ამდენივე ვალდებულების შესრულებას, რომელთაგან ოთხზე მოპასუხემ ვადა გადააცილა.

აღნიშნული გადაწყვეტილება შპს “ს. რ.-მ” სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მაისის განჩინებით შპს “ს. რ.-ს” საააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლით იხელმძღვანელა და პირველი ინსტაციის სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ შეფასებას სრულად დაეთანხმა.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება შპს “ს. რ.-ს” წარმომადგენელმა ა. ს-შვილმა საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ამასთან, არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 აგვისტოს განჩინებით შპს “ს. რ.-ს” წარმომადგენელ ა. ს-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ს. რ.-ს” წარმომადგენელ ა. ს-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას შპს “ს. რ.-ს” წარმომადგენელ ა. ს-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “ს. რ.-ს” წარმომადგენელ ა. ს-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.