¹ას-783-732-2010 25 იანვარი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე
სხდომის მდივანი – ლ. სანიკიძე
კასატორი _ შპს «ე.-ს» დირექტორი ზ. ფ-შვილი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. ქ-ელი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ. ქ-ელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «ე.-სა» და საზოგადოების დირექტორ ზ. ფ-შვილის მიმართ იჯარის ხელშეკრულების ვადამდე მოშლით მიყენებული ზიანის – 20000 ლარისა და, მოსარჩელის კუთვნილი ინვენტარის რეალიზაციის გამო, 3000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით, შემდეგი საფუძვლებით:
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2009 წლის 1 აპრილს შპს «ე.-ს» დირექტორ ზ. ფ-შვილსა და ქ. ქ-ელს შორის გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება 4 წლის ვადით. ხელშეკრულების თანახმად, 2008 წლის 20 აპრილს მეიჯარე შპს «ე.-მ» მოიჯარე ქ. ქ-ელს მიაქირავა ქ.ლანჩხუთში, სოფელ ... მდებარე სასტუმრო, რესტორანი, საუნა და მიწის ნაკვეთი. აღნიშნული უძრავი ქონების მიმართ ქ. ქ-ელს გააჩნდა ბიზნესგეგმები, რითაც მიიღებდა გარკვეულ მოგებას. მოპასუხე ზ. ფ-შვილმა შეწყვიტა იჯარის ხელშეკრულება, რის გამოც ქ. ქ-ელმა ვერ მიიღო მოგება, რაც წელიწადში შეადგენდა სულ მცირე 20 000 ლარს. გარდა ხელშეკრულების შეწყვეტისა, მოპასუხე ზ. ფ-შვილმა მიითვისა შპს «ე.-ს» საკუთრებაში არსებული ქ. ქ-ელის ინვენტარი, რომელიც მიჰყიდა ამირან შავაძეს.
მოსარჩელემ მოითხოვა, შპს «ე.-ს» დაეკისროს 20 000 ლარის, ხოლო ზ. ფ-შვილს - 3000 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, ასევე მოითხოვა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოპასუხეებს დაეკისროთ, სასამართლოს ხარჯები.
მოპასუხე შპს «ე.-ს» დირექტორმა ზ. ფ-შვილმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მან, როგორც შპს «ე.-ს» დირექტორმა, მოქალაქე ქ. ქ-ელთან გააფორმა იჯარის ხელშეკრულება ოთხი წლით. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მოიჯარეს მეიჯარესთან უნდა გადაეხადა ყოველთვიურად ქირა შემდეგნაირად: 2008 წლიდან 20 აპრილიდან 2008 წლის 20 ივნისამდე - 1000 აშშ დოლარი, 2008 წლის 20 ივნისიდან 2009 წლის 20 აპრილამდე - 1500 აშშ დოლარი, 2009 წლის 20 აპრილიდან 2009 წლის 20 აპრილამდე - 1500 აშშ დოლარი, ხოლო 2009 წლის 20 აპრილიდან 2012 წლის 20 აპრილამდე - ყოველთვიურად 2000 აშშ დოლარი. მოიჯარემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლისა და იჯარის ხელშეკრულების მე-7 პუნქტის საფუძველზე, არ გადაიხადა საიჯარო ქირა და არ აღადგინა დაზიანებული მილები.
მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ 2008 წლის 1 აპრილს მეიჯარე შპს «ე.-ს» დირექტორ ზ. ფ-შვილსა და ქ. ქ-ელს შორის დადებული იჯარის ხელშეკრულება არ შეწყვეტილა, მას Dდღემდე აქვს იურიდიული ძალა და მოიჯარეს შეუძლია, კვლავ გააგრძელოს იჯარით აღებულ ქონებაში სამეწარმეო საქმიანობა. მოიჯარემ საკუთარი ინიციატივით მიატოვა აღებული ქონება და საკუთარი ინიციატივითვე შეწყვიტა სამეწარმეო საქმიანობა, რადგან მას შეექმნა ფინანსური პრობლემები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, რაც გაასაჩივრა ქ. ქ-ელმა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის განჩინებით უარი ეთქვა ქ. ქ-ელს და მის წარმომადგენელ ლ. დ-ძეს საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ქ-ელმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ივნისის განჩინებით ქ. ქ-ელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 30 მარტის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სასამართლოსთვის საჩივრის განხილვის დროს ცნობილი იყო მოსარჩელის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზები, კერძოდ, რომ ქ. ქ-ელმა 2010 წლის 11 თებერვალს გადმოკვეთა თურქეთის საზღვარი, ანუ დაინტერესებული იყო პროცესზე გამოცხადებით, მაგრამ მისგან დამოუკიდებელი მიზეზის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო, ვერ შესძლო სხდომაზე გამოცხადება.
სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ საზღვრის გადმოკვეთით მოსარჩელემ გამოხატა ნება, რომ სურდა პროცესზე დასწრება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა ქ. ქ-ელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ არსებობდა საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ისეთი მოვლენა, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა მხარისათვის სასამართლოში დროულად გამოცხადებისათვის. ამასთან მიუთითა, რომ სასამართლოსთვის საჩივრის განხილვისას ცნობილი იყო, თუ რა მიზეზით ვერ მოახერხა მოსარჩელე მხარემ სხდომაზე დროული გამოცხადება, რაც უნდა გაეთვალისწინებინა საჩივრის განხილვისას. სამართლებრივ საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» პუნქტზე. ამდენად, ამავე კოდექსის 241-ე მუხლისა და 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია საპროცესო ნორმები, რამაც არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა გამოიწვია, რაც გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ე.-ს» დირექტორმა ზ. ფ-შვილმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლი, მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი, 99 მუხლი, 102-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 215-ე მუხლის მე-3 პუნქტი და გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი, კერძოდ, სამოლაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლი, 241-ე მუხლი და 393-ე მუხლის მე-3 პუნქტი.
კასატორმა მიუთითა, რომ არასწორია სასამართლოს შეფასება, იმის თაობაზე, რომ საჩივრის განხილვის დროს სასამართლოსთვის ცნობილი იყო მოსარჩელის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი. მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს განუმარტა, რომ, საბურავის დაზიანების გამო, აგვიანდებოდა სხდომაზე გამოცხადება, ხოლო ოზურგეთის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების დროს საჩივარში კი მიუთითა, რომ 2010 წლის 11 თებერვალს სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდა ავადმყოფობის გამო. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ქ. ქ-ელმა 2010 წლის 20 იანვარს შეუწყვიტა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ნუგზარ მიქელაძეს, რის გამოც იგი არ იყო უფლებამოსილი, სასამართლო სხდომაზე დაეცვა ქ. ქ-ელის ინტერესები, შესაბამისად, მის შეტყობინებას არ ჰქონდა იურიდიული ძალა სასამართლოსთვის და უშუალოდ ქ. ქ-ელი იყო ვალდებული, სასამართლოსთვის შეეტყობინებინა საპატიო მიზეზის შესახებ. სათანადო უფლებამოსილების გარეშე სხვა მესამე პირს არ აქვს უფლებამოსილება, სასამართლოს შეატყობინოს მოსარჩელის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობდა დაუძლეველი ძალა. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს აღნიშნული გარემოების რაიმე მტკიცებულება, აქედან გამომდინარე, სასამართლოსთვის არ იყო ცნობილი ქ. ქ-ელის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი.
კასატორის მოსაზრებით, საქმეში არსებული მასალების მიხედვით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა, ვინაიდან ქ. ქ-ელს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დღის შესახებ. მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზად მიუთითა თავისი ავადმყოფობა. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოზე წარმოდგენილი ცნობები, ხელვაჩაურის სასწრაფო სამედიცინო დაწესებულება 03-ის ¹1325 და შპს «ქ.ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს» ამბოლატორიული ¹482 ბარათი მხარის სასამართლოში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება, რადგან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპატიო მიზეზად ავადმყოფობის მითითების შემთხვევაში, ავადმყოფობა უნდა დადასტურდეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა სასამართლო პროცესზე მისი გამოუცხადებლობის შეუძლებლობაზე. მოცემულ შემთხვევაში კი, წარმოდგენილ ცნობებში აღნიშნულის თაობაზე მითითებული არ არის.
კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს შეფასებას, იმის თაობაზე, რომ საზღვრის გადმოკვეთისას ქ. ქ-ელმა გამოხატა პროცესზე დასწრების ნება, ვინაიდან მიაჩნია, რომ მოსარჩელეს წინასწარ უნდა გაეთვალისწინებინა ყველა შემაფერხებელი გარემოება, რათა თავიდან აეცილებინა ის პროცესუალური შედეგი, რაც მოჰყვება მის გამოუცხადებლობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ნოემბრის განჩინებით შპს «ე.-ს» დირექტორ ზ. ფ-შვილის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:
მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს «ე.-ს» – ქ. ქ-ელის მიმართ დავის საგანზე დავალიანების სახით ერიცხება 2100 (ორიათას ასი) ლარი, რომელიც დაფარული უნდა იქნას შემდეგი თანმიმდევრობით:
- 500 (ხუთასი) ლარი ამ მორიგების აქტის გაფორმებისთანავე;
- 600 (ექვსასი) ლარი საქმის მორიგებით დასრულებასთან და საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით ზ. ფ-შვილისათვის სახელმწიფო ბაჟის ნახევარი თანხის დაბრუნებისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის განმავლობაში;
- 1000 (ათასი) ლარი 2011 წლის მაისის ბოლოს.
ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს «ე.-ს» დირექტორი ზ.ფ-შვილი ქ. ქ-ელს ამ მორიგების აქტის გაფორმებიდან ერთი კვირის განმავლობაში დაუბრუნებს ლანჩხუთის რაიონში, სოფელ ..., ლანჩხუთი-ბათუმის გზატკეცილზე მდებარე ზ.ფ-შვილის ფართში განთავსებულ ქ. ქ-ელის კუთვნილ ინვენტარს, კერძოდ:
1. მაგიდა – 10 ცალი;
2. სკამი – 40 ცალი;
3. ტელევიზორი თავისი ანტენით – 1 ცალი;
4. მაყალი - 1 ცალი;
5. გაზი - 1 ცალი;
6. ხის სეიფი - 1 ცალი;
7. ელექტროგენერატორი – 1 ცალი;
8. წყლის მოტორი - 1 ცალი;
9. გაზის ღუმელი (გამათბობელი) – 1 ცალი;
10. განათებული სარეკლამო აბრა – 1 ცალი;
11. დიდი გაზქურა – 1 ცალი;
12. «ფურნაკიანი» გაზქურა – 1 ცალი;
13. ელექტროხორცის გასატარებელი მანქანა – 1 ცალი;
14. შეშის ღუმელი – 1 ცალი;
15. წვენის გამაციებელი – 1 ცალი.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული მორიგების აქტი დამტკიცდეს სასამართლოს მიერ და შეწყდეს საქმის წარმოება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.
მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.
მხარეებს განემარტათ, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს «ე.-ს» დირექტორ ზ. ფ-შვილს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2010 წლის 1 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი _ 637.5 ლარი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა მორიგების აქტი წარმოადგინეს საკასაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დამტკიცდეს მორიგება შპს «ე.-ს» დირექტორ ზ. ფ-შვილსა და ქ. ქ-ელს შორის შემდეგი პირობებით:
მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს «ე.-ს» – ქ. ქ-ელის მიმართ დავის საგანზე დავალიანების სახით ერიცხება 2100 (ორიათას ასი) ლარი, რომელიც დაფარული უნდა იქნას შემდეგი თანმიმდევრობით:
- 500 (ხუთასი) ლარი ამ მორიგების აქტის გაფორმებისთანავე;
- 600 (ექვსასი) ლარი საქმის მორიგებით დასრულებასთან და საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით შპს «ე.-ს» დირექტორ ზ.ფ-შვილისათვის სახელმწიფო ბაჟის ნახევარი თანხის დაბრუნებისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის განმავლობაში;
- 1000 (ათასი) ლარი 2011 წლის მაისის ბოლოს.
ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს «ე.-ს» დირექტორი ზ.ფ-შვილი ქ. ქ-ელს ამ მორიგების აქტის გაფორმებიდან ერთი კვირის განმავლობაში დაუბრუნებს ლანჩხუთის რაიონში, სოფელ ..., ლანჩხუთი-ბათუმის გზატკეცილზე მდებარე ზ.ფ-შვილის ფართში განთავსებულ ქ. ქ-ელის კუთვნილ ინვენტარს, კერძოდ:
1. მაგიდა – 10 ცალი;
2. სკამი – 40 ცალი;
3. ტელევიზორი თავისი ანტენით – 1 ცალი;
4. მაყალი - 1 ცალი;
5. გაზი - 1 ცალი;
6. ხის სეიფი - 1 ცალი;
7. ელექტროგენერატორი – 1 ცალი;
8. წყლის მოტორი - 1 ცალი;
9. გაზის ღუმელი (გამათბობელი) – 1 ცალი;
10. განათებული სარეკლამო აბრა – 1 ცალი;
11. დიდი გაზქურა – 1 ცალი;
12. «ფურნაკიანი» გაზქურა – 1 ცალი;
13. ელექტროხორცის გასატარებელი მანქანა – 1 ცალი;
14. შეშის ღუმელი – 1 ცალი;
15. წვენის გამაციებელი – 1 ცალი.
შეწყდეს საქმის წარმოება ქ. ქ-ელის სარჩელის გამო შპს «ე.-სა» და საზოგადოების დირექტორ ზ. ფ-შვილის მიმართ ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.
განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.
შპს «ე.-ს» დირექტორ ზ. ფ-შვილს დაუბრუნდეს მის მიერ 2010 წლის 1 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი _ 637.5 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.