ას-784-733-2010 2 დეკემბერი, 2010 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი, პ. ქათამაძე
კასატორი _ ნ. დ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ... საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ე. ე-ძე (მოპასუხე)
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. დ-ძემ სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს ... საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ე. ე-ძის მიმართ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ 2010 წლის ¹2 ბრძანების ბათილად ცნობის, 2009 წლის 1 სექტემბრის შრომითი ხელშეკრულების მე-3 პუნქტის ბათილად ცნობისა და მის საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის ¹959 ბრძანების მე-91 პუნქტან შესაბამისობაში მოყვანის, სამუშაოზე აღდგენისა და 2010 წლის 20 იანვრიდან იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
მოსარჩელემ განმარტა, რომ იგი იგი მუშაობადა ... საჯარო სკოლაში ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგის თანამდებობაზე. 2009 წლის 5 დეკემბერს მას სკოლის დირექტორის მ/შ ე. ე-ძემ და პედაგოგებმა არ მისცეს მუშაობის საშუალება, კერძოდ, ე. ე-ძის მხრიდან დამამცირებელი ტონით მიმართვამ გამოიწვია პედაგოგების დამცინავი საქციელი, რაც მიმართული იყო მოსარჩელის შევიწროვებისაკენ. ნ. დ-ძემ განმარტა, რომ მან ვერ შეძლო შექმნილ პირობებში მუშაობა და მიმართა პორლიციას, რის შემდეგაც იგი შეიქმნა ცუდად და გადაყვანილი იქნა სტაციონარში.
სარჩელში მითითებულია, რომ 2010 წლის 20 იანვარს მოსარჩელე უსაფუძვლოდ იქნა გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში მოპასუხე ვერ უთითებს გათავისუფლების საფუძველს, ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, სკოლის დირექტორის მ/შ-მ და პედაგოგებმა თავად არ მისცეს 2009 წლის 5 დეკემბერს მუშაობის საშუალება, რის შედეგადაც ნ. დ-ძემ ვერ შეძლო სემესტრული ნიშნების გამოყვანა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო რამოდენიმე დღე გაატარა სტაციონარში.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით ნ. დ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. დ-ძემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივნისის განჩინებით ნ. დ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის შრომითი ხელშეკრულება დაიდო 1 წლის ვადით 2009 წლის 1 სექტემბრიდან 2010 წლის 31 აგვისტომდე. ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ნ. დ-ძესა და სხვა პედაგოგებს შორის არსებობდა დაპირისპირება, აპელანტი პედაგოგებს უწოდებდა “პირგვინებს”, “ბაყაყებს” და ემუქრებოდა სერიული მკვლელობებით.
დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ნ. დ-ძე სკოლაში არ გამოცხადებულა 2009 წლის 5 დეკემბრის შემდეგ, რის შედეგადაც მოსწავლეები დარჩნენ შეფასების გარეშე.
2009 წლის 28 დეკემბრის პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე და ამავე წლის 29 დეკემბრის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე სკოლის დირექტორს მიეცა რეკომენდაცია, ნ. დ-ძისათვის ვადაზე ადრე შეეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება.
დადგენილია, რომ 2010 წლის 5 იანვარს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ... საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ ე. ე-ძის მიერ ნ. დ-ძე გაფრთხილებულ იქნა შრომითი ურთიერთობის მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ, სადაც მოსალოდნელი გათავისუფლების მიზეზად მითითებულია 2009 წლის მანზილზე მის მიერ გამუდმებით განხორციელებული მუქარა სერიული მკველელობების შესახებ, ასევე დირექტორთან, პედაგოგებთან, მოსწავლეებთან არაჯანსაღი დამოკიდებულება და 2009-2010 წლის პირველი ტრიმესტრის ბოლოს მეშვიდე კლასის შეუფასებლობა.
დადგენილია, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ... საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ ე. ე-ძის 2010 წლის 20 იანვრის ¹2 ბრძანებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ... საჯარო სკოლის ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელ ნ. დ-ძეს ვადაზე ადრე შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება 2010 წლის 20 იანვრიდან. მის სამუშაოდან დათხოვნას საფუძვლად დაედო სკოლის სამეურვეო საბჭოს რეკომენდაცია, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ” და “დ” ქვეპუნქტების, სკოლის შინაგანაწესის მე-9 მუხლის პირველი პინქტის “ე” და “ვ” ქვეპუნქტების დარღვევა.
დადგენილია, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ... საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ-ს 2009 წლის 24 თებერვლის ¹22 ბრძანებით ნ. დ-ძეს გამოცხადებული აქვს საყვედური პედაგოგიური ეთიკის ნორმების და სკოლის შინაგანაწესის დარღვევის გამო.
დადგენილია, რომ 2009 წლის 27 თებერვლის ¹26 ბრძანების საფუძველზე მერვე კლასის მშობელთა კრების გადაწყვეტილებით ნ. დ-ძე გათავისუფლებულ იქნა კლასის დამრიგებლობიდან.
დადგენილია, რომ საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის ცნობების თანახმად, ნ. დ-ძე 2009 წლის 7 დეკემბრიდან 23 დეკემბრამდე იმყოფებოდა საავდმყოფო ფურცელზე, ხოლო 2010 წლის 25 იანვრის ჩათვლით, პერიოდულად მიმართავდა ექიმს.
დადგენილია, რომ 2009 წლის 5 დეკემბრის ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ ნ. დ-ძესთან შედგენილი გასაუბრების ოქმის თანახმად, დ-ძემ უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს განუმარტა, რომ ... საჯარო სკოლის პედაგოგებმა არ მისცეს მას მუშაობის შესაძლებლობა, ხოლო სკოლის დირექტორმა არ მოუწოდა მათ სიწყნარისაკენ. 2009 წლის 9 დეკემბერს ნ. დ-ძემ კვლავ მიმართა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოს და ითხოვა სასკოლო ჟურნალების შევსება და ყოველ სასწავლო ჟურნალში ტრიმესტრული ნიშნების გადაცემაზე ოქმის გაფორმება პედსაბჭოს მდივნის თანდასწრებით.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია “ერთ-ერთი მხარის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დაღვევა”, ხოლო ამავე მუხლის “დ” ქვეპუნქტით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია “ხელშეკრულების მოშლა”. ამავე დროს, ... საჯარო სკოლის შრომის შინაგანაწესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, შრომის შინაგანაწესის შეასაბამისად, შრომის ხელშეკრულების პირობების დარღვევად ითვლება თანამშრომლის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფსიქოლოგიური და ემოციური ზეწოლა, კონფლიქტის გაღვივება, კოლეგიალობისა და თანამშრომლობის ეთიკის დარღვევა, ხოლო ამავე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, დოკუმენტის უხარისხოდ, ან საერთოს არ წარმოება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნ. დოღომაძის მიერ დარღვეული იქნა როგორც, შრომითი ხელშეკრულება, ისე შრომის შინაგანაწესი, რის საფუძველზეც იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივნისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. დ-ძემ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის “ჭ” ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს განათლებისა დამეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის ¹959 ბრძანების მე-10 მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც ავალდებულებს სკოლის დირექტორს მასწავლებლებთან შრომითი ხელშეკრულების მოშლამდე, საკითხის ირგვლივ გამოიკვლიოს ყველა გარემოება და მხოლოდ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პროცედურის დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი სსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. დ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ნ. დ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. დ-ძეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. დ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ნ. დ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 (სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე);
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.