Facebook Twitter

ას-785-734-2010 9 დეკემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვ. როინიშვილი, ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ. ქ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ლე. ქ-ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის პირველი ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებულად ჩათვლა

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლე. ქ-ძემ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ლ. ქ-ძის მიმართ და მოითხოვა დედის _ ზ. ქ-ძის დანაშთი ქონების 1/2 წილის მესაკუთრედ აღიარება შემდეგი საფუძვლებით: სარჩელის თანახმად, ზ. ქ-ძემ თავისი კუთვნილი ქონება უანდრძა შვილებს _ ლე. და ლ. ქ-ძეებს. მართალია მოსარჩელეს სამკვიდრო ქონების მისაღებად ნოტარიუსისათვის კანონით დადგენილ 6 თვის ვადაში არ მიუმართავს, თუმცა სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღო. ამდენად, ლე. ქ-ძემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.

მოპასუხე ლ. ქ-ძემ სარჩელი არ ცნო და თავის მხრივ შეგებებული სარჩელით მოითხოვა დედის, ზ. ქ-ძის დანაშთი ქონების ფატობრივი ფლობით მიღებულად ჩათვლა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით ლე. ქ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, იგი აღიარებულ იქნა ზ. ქ-ძის დანაშთი ქონების 1/2 წილის მესაკუთრედ; ლ. ქ-ძის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ლ. ქ-ძეს დაეკისრა მოსარჩელის მიერ გაღებული სასამართლო ხარჯის _ 260 ლარის გადახდა ლე. ქ-ძის სასარგებლოდ.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ქ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის პირველი ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ქ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება ლ. ქ-ძისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 260 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ. ქ-ძეს ლე. ქ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 100 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:L

ზ. ქ-ძემ, რომელიც გარდაიცვალა 1998 წლის 25 ივნისს, 1995 წლის 6 სექტემბერს შედგენილი ანდერძით, შვილებს _ ლე. ქ-ძეს (დაბადებული 1939 წლის 10 დეკემბერს) და ლ. ქ-ძეს (დაბადებული 1936 წლის 15 ივნისს) თანაბარწილად უანდერძა მის საკუთრებაში არსებული, სალიბაურის მეურნეობაში მდებარე საცხოვრებელი სახლი;

ზ. ქ-ძის გარდაცვალების შემდეგ, კანონით დადგენილ 6_თვიან ვადაში მხარეებს სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსისთვის არ მიუმართავათ;

მოწმეთა ჩვენებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებებით სასამართლოდ დადგენილად მიიჩნია, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ ლე. ქ-ძე შეუდგა სამკვიდრო ქონების ფლობას, სარგებლობასა და მართვას, რაც დადასტურდა 2008 წლის სასამართლო გადაწყვეტილებით, შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ რეესტრში რეგისტრირებული სანოტარო აქტით მან მიიღო სამკვიდრო ქონების 1/2.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ქ-ძემ ნოტარიუსისადმი 2007 წლის 26 თებერვლის განცხადებით მოითხოვა მხოლოდ სამკვიდრო ქონების 1/2, რაც ცხადყოფდა, რომ მან მთლიანი წილის მიღებაზე უარი განაცხადა.

სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1319-ე, 1424-ე და 1421-ე მუხლების ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზე, რომ ლე. ქ-ძემ დედის დანაშთი ქონების მიღების ნება გამოხატა სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით და შესაბამისად, დაეუფლა სამკვიდრო ქონების 1/2 წილს, ხოლო ლ. ქ-ძე დედის დანაშთი ქონების იმ ნაწილს დაეუფლა, რაც განსზღვრული იყო ანდერძით.

ვინაიდან საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ ლე. ქ-ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი ჰქონდა 100 ლარი, ამდენად, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. ქ-ძისათვის 260 ლარის დაკისრების თაობაზე არასწორად მიიჩნია და აღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გააუქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის პირველი ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ქ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მთლიანი სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებულად ჩათვლა შემდეგი საფუძვლებით: კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად გაიზიარა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსაზრება მასზე, რომ სამართლებრივი შეფასება თავდაპირველი სარჩელის მიმართ სრულად ან ნაწილობრივ გამორიცხავდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. კასატორის აზრით, აღნიშნულით სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, ვინაიდან ლე. ქ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებას სამკვიდრო ქონების 1/2 ნაწილის მიღების შესახებ, შესაძლოა გამოერიცხა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება ამავე სამკვიდროს 1/2 ნაწილში და არა დარჩენილ 1/2 ნაწილშიც, მაშინ როდესაც სადავოდ არ გამხადარა ის გარემოება, რომ ლ. ქ-ძე დედის დანაშთი სამკვიდრო ქონების დარჩენილ 1/2 ნაწილს იყო დაუფლებული.

კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა მისი 2007 წლის 26 თებერვლის განცხადება ანდერძისმიერი სამკვიდრო ქონების 1/2 ნაწილის მიღების შესახებ და არასწორად მიიჩნია იგი მოთხოვნის დაკმაყოფილების უარის თქმის საფუძვლად, ვინაიდან აღნიშნული განცხადებით ლ. ქ-ძე ითხოვდა სამკვიდრო ქონების 1/2 ნაწილის მიღებას, როგორც ანდერძისმიერი მემკვიდრე, რაც არ გულისხმობდა ფაქტობრივი ფლობით მთლიანი სამკვიდრო ქონების მიღებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის პირველი ოქტომბრის განჩინებით ლ. ქ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ქ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ლ. ქ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ლ. ქ-ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ქ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. კასატორს, ლ. ქ-ძეს დაუბრუნდეს ე. ხ-ძის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.