¹ას-785-839-11 27 მაისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე _ ბ. ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ლ. ე-ძე-ს-ას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 თებერვლის განჩინებაზე, საქმეზე _ ლ. ე-ძე-ს-ას სარჩელის გამო, მოპასუხე ვ. მ-იას მიმართ სამკვიდრო ქონებიდან წილის მიკუთნების შესახებ.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ლ. ე-ძე-ს-ას წარმომადგენელ ლ. დ-ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, ვალდებულია, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
საქმის მასალებიდან ნათელია, რომ კასატორი და მისი წარმომადგენელი ესწრებოდნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების გამოცხადებას (სასამართლო სხდომის ოქმი, ტ.I, ს.ფ.161).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 6 მარტი, ხოლო 30-ე დღე _ 16 მარტი, ამდენად კასატორს შეეძლო მისულიყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაებარებინა განჩინების ასლი 2011 წლის 6 მარტიდან 2011 წლის 16 მარტამდე.
საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ ლ. ე-ძე-ს-ას წარმომადგენელი ლ. დ-ძე სასამართლოში მივიდა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჩაიბარა 2011 წლის 25 მარტს. ამდენად, საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის დენა იწყება 2011 წლის 16 მარტს.
საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში.
აღნიშნული ნორმების ანალიზიდან ნათელია, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყო 2011 წლის 16 მარტს და დამთავრდა 2011 წლის 16 აპრილს, მაგრამ ვინაიდან 16 აპრილი დაემთხვა შაბათს, ვადა დამთავრებულად უნდა მივიჩნიოთ 2011 წლის 18 აპრილს.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი ფოსტას ჩაბარდა 2011 წლის 26 აპრილს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მიერ გაშვებულია საკასაციო საჩივრის შეტანის 1 თვიანი ვადა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე, 285-ე მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ე-ძე-ს-ას წარმომადგენელ ლ. დ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.