ას-786-1073-09 27 სექტემბერი 2010წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს “ჯ. ჰ.’’
წარმომადგენელი _ ზ. კ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ს. რ.”
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ივნისის განჩინება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 29 ნოემბერს შპს “ს. რ.-ს” წარმომადგენელმა თ. კ-ძემ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სს „ს. ს. და ს. ჰ.-ს“ მიმართ და მოითხოვა დავალიანების გადახდევინების თაობაზე გამარტივებული წესით ბრძანების გამოცემა და მოპასუხისათვის 1 405 000 ლარის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 დეკემბრის გადახდის ბრძანებით განცხადება დაკმაყოფილდა.
სს „ს. ს. და ს. ჰ.-ს” შესაგებლის საფუძველზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 9 იანვრის განჩინებით გაუქმდა 2007 წლის 24 დეკემბრის გადახდის ბრძანება და საქმის განხილვა გაგრძელდა საერთო სასარჩელო წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოელეგიის 2008 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ს. რ.-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე სს „ს. ს. და ს. ჰ.-ს“ შპს „ს. რ.-ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 1 405 000 ლარის გადახდა.
სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2007 წლის 14 მაისს შპს „ს. რ.-სა“ და სს „ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანას“ შორის დაიდო ხელშეკრულება ¹შს\07-216 რეფრეჟერატორული სექციის დიზელ-ვაგონის სამგზავრო ვაგონად, საექსპლუატაციო ვადის გაგრძელებით, მოდერნიზაციის მომსახურების შესყიდვაზე.
2007 წლის 11 აპრილს შპს „ს. რ.-სა“ და სს „ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანას“ შორის დაიდო ¹შს\07-147 ხელშეკრულება სამგზავრო ვაგონების სადეპოო და საქარხნო შეკეთების მომსახურების შესყიდვაზე.
სს „ს. ს. და ს. ჰ.-ს“ მიერ 2007 წლის 11 აპრილს შპს „ს. რ.-სა“ და სს „ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანას“ შორის გაფორმებული ¹შს\07-147 ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2007 წლის 11 აპრილს გაცემული იქნა საბანკო გარანტია FG 037\07 საერთო თანხაზე 1 220 000 ლარი.
სს „ს. ს. და ს. ჰ.-ს“ მიერ 2007 წლის 11 აპრილს შპს „ს. რ.-სა“ და სს „ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანას“ შორის გაფორმებული ¹შს\07-147 ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2007 წლის 11 აპრილს გაცემული იქნა საბანკო გარანტია FG 037\07 საერთო თანხაზე 175 000 ლარი.
სს „ს. ს. და ს. ჰ.-ს“ მიერ 2007 წლის 14 მაისს შპს „ს. რ.-სა“ და სს „ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანას“ შორის გაფორმებული ¹შს\07-216 ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2007 წლის 14 მაისს გაცემული იქნა საბანკო გარანტია FG 051\07 საერთო თანხაზე 10 000 ლარი.
სს „ს. ს. და ს. ჰ.-ს“ მიერ 2007 წლის 14 მაისს შპს გაცემული საბანკო გარანტია FG 051\07 გარანტიის მოქმედების ვადა გაიზარდა 2007 წლის 1 ოქტომბრამდე.
შპს „ს. რ.-მ“ გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრებამდე 2007 წლის 21 სექტემბერს ¹გ-7579 წერილით მოითხოვა გარანტ „ს. ს. და ს. ჰ.-ს“ აენაზღაურებინა FG 037\07 გარანტიით გათვალისწინებული თანხა 175 000 ლარი.
შპს „ს. რ.-მ“ გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრებამდე 2007 წლის 16 ოქტომბერს ¹გ-8240 წერილით მოითხოვა გარანტ „ს. ს. და ს. ჰ.-ს“ მიერ „ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანას“ შორის გაფორმებული ¹შს\07-2156 ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად FG 051\07 საერთო თანხაზე თანხაზე 10 000 ლარი.
სს „ს. ს. და ს. ჰ.-ს“ მიერ 2007 წლის 14 მაისს გაცემულ საბანკო გარანტია FG 051\07 გარანტიის მოქმედების ვადა გაიზარდა 2007 წლის 1 ოქტომბრამდე.
შპს „ს. რ.-მ“ გარანტიით განსაზღვრულ ვადის დამთავრებამდე 2007 წლის 21 სექტემბერს ¹გ-7579 წერილით მოითხოვა გარანტ „ს. ს. და ს. ჰ.-ს“ აენაზღაურებინა FG 037\07 გარანტიით გათვალისწინებული თანხა 175 000 ლარი.
შპს „ს. რ.-მ“ გარანტიით განსაზღვრულ ვადის დამთავრებამდე 2007 წლის 21 სექტემბერს ¹გ-7579 წერილით მოითხოვა გარანტ „ს. ს. და ს. ჰ.-ს“ აენაზღაურებინა FG 037\07 გარანტიით გათვალისწინებული თანხა 175 000 ლარი.
შპს „ს. რ.-მ“ გარანტიით განსაზღვრულ ვადის დამთავრებამდე 2007 წლის 16 ოქტომბერს სექტემბერს ¹გ-8240 წერილით მოითხოვა გარანტ „ს. ს. და ს. ჰ.-ს“ აენაზღაურებინა FG 037\07 გარანტიით გათვალისწინებული თანხა 1 220 000 ლარი.
შპს „ს. რ.-მ“ გარანტიით განსაზღვრულ ვადის დამთავრებამდე 2007 წლის 21 სექტემბერს ¹გ-7580 წერილით მოითხოვა გარანტ „ს. ს. და ს. ჰ.-ს“ აენაზღაურებინა FG 051\07 გარანტიით გათვალისწინებული თანხა 10 000 ლარი.
2008 წლის 21 თებერვალს შპს „ს. რ.-სა“ და სს „ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანას“ შორის გაფორმებული იქნა ¹001 შეთანხმება ვალის აღიარებისა და გადახდის შესახებ, რომლის საფუძველზე სს “ელექტროვაგონშემკეთებელმა ქარხანამ“ აღიარა შპს „ს. რ.-ს“ სასარგებლოდ ფულადი დავალიანება 13 072 755 მილიონი ლარის ოდენობით. აღნიშნული დავალიანება გამომდინარეობდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით, მათ შორის ¹შს\07-216, ¹შს\07-147 ხელშეკრულებებით. 2008 წლის 29 აპრილს შპს „ს. რ.-სა“ და სს „ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანას“ შორის გაფორმებული იქნა შეთანხმება ¹სგდ\08-015.
შპს „ს. რ.-სა“ და სს „ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანას“ შორის 2008 წლის 21 თებერვალს ვალის აღიარებისა და გადახდის შესახებ ¹001 შეთანხმების, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 17 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადახდის ბრძანების, შპს „ს. რ.-სა“ და სს „ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანას“ შორის 2008 წლის 29 აპრილს გაფორმებული ¹სგდ\08-015 შეთანხმების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ, სს „ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხნის“ მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, ვინაიდან მან არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ ჩათვალა, რომ პრინციპალის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობა უტყუარად იყო დადასტურებული, რაც სამართლებრივად წარმოადგენდა შპს „ს. რ.-სადმი“ მოპასუხე სს „ს. ს. და ს. ჰ.-ს“ საგარანტიო ვალდებულების წარმოშობის და შესრულების საფუძველს.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მსჯელობა სარჩელის არდაკმაყოფილების საფუძვლების თაობაზე, რომ საბანკო გარანტიის მიხედვით მოპასუხის პასუხისმგებლობა ვრცელდება მხოლოდ შეუსრულებელი ვალდებულების ფარგლებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის თანახმად, გარანიტს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია უარი განაცხადოს თანხის ანაზღაურებაზე, თუ ბენეფიციარის მოთხოვნა არ შეესაბამება გარანტიის პირობებს და წარდგენილია საგარანტიო ვადის დამთავრების შემდეგ. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლით გათვალისწინებულ არცერთ გარემოებას ადგილი არ ქონია.
სასამართლომ მიუთითა, რომ სს „ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანას“ და შპს „ს. რ.-ს“ შორის 2008 წლის 29 აპრილის შეთანხმებით, რომლითაც პრინციპალმა კვლავ დაადასტურა სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობა, სამართლებრივად არ იწვევდა შპს „ს. რ.-სადმი“ მოპასუხის საგარანტიო ვალდებულებების შეწყვეტას, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტიის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე არ იყო დამოკიდებული ძირითად ვალდებულებაზე, ხოლო ამავე კოდექსის 889-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ წყდება ბენეფიციარისათვის საგარანტიო თანხის გადახდით“, რასაც სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. ს. და ს. ჰ.-მ”, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ივნისის განჩინებით სს „ს. ს. და ს. ჰ.-ს“ უფლებამონაცვლე სს “ჯ. ჰ.-ს” სააპელაციო საჩიავრი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებების მიმართYგაკეთებული დასკვნები და სამართლებრივი შეფასებები და მიიჩნია, რომ ჩათვალა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საბანკო გარანტიების ტექსტი შეთანხმებული იყო როგორც ბენეფიციართან ასევე გარანტთან.
საქმეში არსებული 2007 წლის 14 მაისსა და 2007 წლის 11 აპრილს შპს „ს. რ.-სა“ და სს „ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანას“ შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საგარანტიო თანხის ავტომატურად შემცირება პირდაპირ უკავშირდებოდა ხელშეკრულების პირობების შესრულებას, ხოლო ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში გარანტორი კისრულობდა საგარანტიო თანხის გადახდას.
საქმის მასალებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს „ელექტროვაგონშემკეთებელმა ქარხანამ“ სახელშეკრულებო ვალდებულებები არ შეასრულა ჯეროვნად და დროულად, კერძოდ ნაცვლად შს/07-147 ხელშეკრულებით გათვალისწინებული 113 ვაგონის შეკეთებისა, 2007 წლის სექტემბრამდე დაგვიანებით შეაკეთა 69 ვაგონი, ხოლო ¹შს/07-216 ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2 რეფრეჟერატორული ვაგონის შეკეთებისა, შეაკეთა მხოლოდ ერთი ვაგონი და დაგვიანებულ დღეების რაოდენობამ შეადგინა 88 დღე.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სს „ელექტროვაგონშემკეთებელმა ქარხანამ“ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებების პირობების დაცვა, ვალძდებულებები შეასრულა ნაწილობრივ, ხელშეკრულების პირობების დარღვევით, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად, უნდა შეფასებულიყო, ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებად, შესაბამისად პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ რადგან პრინციპალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები საერთო ჯამში შესრულდა 65%-ით, ბენეფიცირს იმავე საბანკო გარანტიებიდან გამომდინარე დათქმის საფუძველზე მოთხოვნა უნდა წამოეყენებინა არა სრულად გარანტიით გათვალისწინებულ თანხაზე, არამედ მხოლოდ იმ ნაწილზე, რაც არ იქნა პრინციპალის მიერ შესრულებული.
პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ რადგან შს/07-216 და შს/07-147 ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის სრულდებოდა და თანხებიც ერიცხებოდა პრინციპალს, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელე მიიღებს ორმაგ შესრულებას: ერთის მხრივ პრინციპალი ასრულებს ბენეფიციარის წინაშე ნაკისრ ვალდებულებას და მეორეს მხრივ ბენეფიციარი დ ამატებით იღებს გარანტისაგან გარანტიით გათვალისწინებულ თანხას სრულად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლის თანახმად, პალატამ აღნიშნა, რომ აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, ბენეფიციარს ყოფველთვის შეუძლია მოსთხოვოს გარანტს გარანტიით ნაკისრი მოვალეობის შესრულება. გარანტიის ვალდებულების შეწყვეტა კი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 889-ე მუხლის თანახმად, შეიძლება ა) ბენეფიციარისათვის იმ თანხის გადახდით, დრომელზეც გაიცა გარანტია, ბ) გარანტიაში განსაზღვრული იმ ვადის გასვლით, რომლითაც იგი გაიცა და გ) ბენეფიციარის მიერ გარანტიიდან გამომდინარე თავის უფლებებზე უარის თქმისა და მათი გარანტისათვის დაბრუნებისას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
პალატამ აღნიშნა, რომ 2008 წლის 29 აპრილს ¹სგდ/08-015 შეთანხმება იყო სს „ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანასა“ და სს „ს. რ.-ს“ შორის დადებული ახალი ხელშეკრულება ვაგონების შეკეთების თაობაზე და წარმოადგენდა ზემოაღნიშნული საგარანტიო შეთანხმებებისაგან დამოუკიდებელ ხელშეკრულებას, რომლითაც მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმების ახალი პირობები, ანაზღაურების ახალი წესი და ფინანსური გარანტიებიც.
აღნიშნულის გათვალისწინებით პალატამ მიიჩნია, რომ პრინციპალის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობა დადასტურებული იყო წერილობით, რაც სამართლებრივად წარმოადგენდა ბენეფიციარისადმი აპელანტის საგანტიო ვალდებულების წარმოშობის საფუძველს.
ამასთან, პალატა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შპს „ს. რ.-მ“ საგარანტიო შეთანხმებით გათვალისწინებულ ვადაში, წერილობით მიმართა აპელანტს საგარანტიო თანხის ანაზღაურების მოთხოვნით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მოსაზრება თითქოს შპს „ს. რ.-ს“ მოთხოვნა არ შეესაბამებოდა გარანტიის პირობებს უსაფუძვლო იყო, შესაბამისად, მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 მაისის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე და აღნიშნა, რომ 2008 წლის 29 აპრილის შეთანხმებით უტყუარად დასტურდებოდა სს „ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის“ მიერ ¹შს/07-147 და ¹შს/07-216 ხელშეკრულებების პირობების დარღვევის ფაქტი, რაც სამოქალრაქო კოდექსის 879-880-ე მუხლების მიხედვით წარმოადგენდა „ს. რ.-სადმი“ აპელანტის პასუხისმგებლობის წარმოშობის-საგარანტიო თანხის გადახდის საფუძველს. სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 889-ე მუხლის შესაბამისად, არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მართებულად მიიჩნია, რომ ბენეფიციარის მიმართ არ შეწყვეტილა გარანტიის ვალდებულება და, შესაბამისად არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმის წარმოების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “ჯ. ჰ.-მ”, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყფვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის განმარტებით, განჩინების მიღებისას სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი. კერძOდ, ს. სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 880-ე, 881-ე, 885-ე, 879-ე, 887-ე და 889-ე მუხლები.
კასატორის აზრით, სასამართლომ განჩინების გამოტანისას ყურადღება არ მიაქცია საბანკო გარანტიებში აღნიშნული გარანტიის ერთ-ერთ მთავარ პირობას, იმას, რომ “საგარანტიო თანხა ავტომატურად შემცირდება პრინციპალის მიერ ხელშეკრულების შესრულების პროპორციულად”, რამეთუ გარანტიაში ამ ჩანაწერს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა საქმის კანონიერად გადაწყვეტისათვის.
კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლი, ამასთან არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლი, ვინაიდან მიიჩნია, რომ რ.-ს წერილები შეესაბამებოდა ამ მუხლის მოთხოვნებს, მაშინ, როცა ეს წერილები შეიცავდა მხოლოდ ზოგად მითითებას ვალდებულების დარღვევაზე და არა პირდაპირ მითითებას ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებით.
ამასთან, კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველი ნაწილი და, შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნული გახდა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკაკსაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2007 წლის 11 აპრილს შპს ,,ს. რ.-სა და სს ,, ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანას’’ შორის დაიდო ხელშეკრულება სამგზავრო ვაგონების სადეპოო და საქარხნო შეკეთების მომსახურების შესყიდვაზე. მითითებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად იმავე დღეს სს ,, ს. ს. და ს. ჰ.-მა ’’ გასცა საბანკო გარანტიები- FG 037\07 (1200000ლარის ოდენობით თანხაზე) და FG 038\07 ( 175000ლარის ოდენობით თანხაზე). აღნიშნული გარემოებები დადგენილია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოთ მითითებული მტკიცებულებები სასამართლოს შესწავლილი აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დარღვევით. აღნიშნული ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო მტკიცებულებას აფასებს შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. მოცემულ შემთხვევაში კი მტკიცებულებეი შეფასებულია ცალმხრივად და არასრულყოფილად. სააპელაციო პალატა ყურადღებას არ ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ერთი და იგივე ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ერთი და იგივე დღეს, ერთი და იმავე პირის მიერ გაცემულია ორი გარანტია. მათგან ერთ-ერთი მოხსენიებულია როგორც საავანსო გადახდის საგარანტიო უზრუნველყოფა, მეორე კი როგორც ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა. სასამართლომ მექანიკურად შეკრიბა საგარანტიო უზრუნველყოფით გათვალისწინებული თანხები და დააკისრა მოპასუხეს ისე, რომ არ გაურკვევია თუ კონკრეტულად რომელი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფადაა გაცემული მითითებული გარანტიები ან რატომ გაიცა ეს გარანტიები დამოუკიდებელი სახით. ასევე არ არის გარკვეული, თუ რამ განაპირობა ერთი ხელშეკრულების შესასრულებლად ორი გარანტიის გაცემა და რატომ არ გაიცა მთლიან თანხაზე ერთი საგარანტიო უზრუნველყოფა.
სამოქალაქო კოდექსის 52- ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. შეიძლება ითქვას, რომ საქმეში მითითებული გარიგებები სასამართლოს მტკიცებულებად გამოყენებული აქვს ყოველგვარი განსჯის გარეშე, რაც გადაწყვეტილების დასაბუთებას არასრულ ხასიათს აძლევს.
სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიის ძალით სადაზღვევო ორგანიზაცია სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. აღნიშნული ნორმის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გაირკვევა თუ რა ვალდებულება იკისრა გარანტმა ბენეფიციარის წინაშე და რა იგულისხმებოდა საავანსო, აგრეთვე ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში და რომელი ვალდებულების დარღვევა წარმოადგენდა გარანტის ვალდებულების წარმოშობის საფუძველს.
ზემომითითებულ გარემოებათა გამო საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს ,,ჯ. ჰ.-ს” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ივნისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.