Facebook Twitter

ას-78-68-2011 23 მარტი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს «გ-ის» დირექტორი ა. ჩ-ი (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ შ. ი-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ ჯ. ხ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჯ. ხ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «გ-ის» დირექტორ ა. ჩ-ისა და მესამე პირის _ შპს «ჯ. ფ-ს» მიმართ და მოითხოვა მოპასუხე შპს «გ-ისათვის» მოსარჩელის მიერ შპს «ჯ. ფ-ს» სასარგებლოდ მოპასუხის ნაცვლად გადახდილი 4914,02 ლარის ანაზღაურება შემდეგ გარემოებათა გამო: 2008 წლის 28 ნოემბრამდე მოსარჩელე იყო შპს «გ-ის» ერთ-ერთი პარტნიორი 49%-იანი წილით. აღნიშნული წილი მხარეს გამოეყო ნატურით. შპს «გ-ის» ეკისრებოდა მესამე პირის მიმართ წყლის დავალიანება 4914,02 ლარის ოდენობით, რაც მოსარჩელეს არასწორად დაეკისრა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით ჯ.ხ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს «გ-ის» ჯ. ხ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 4914,02 ლარის გადახდა.

ამავე სასამართლოს 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინებით შპს «გ-ის» საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2010 წლის 13 აგვისტოს განჩინებით შპს ,,გ-ის’’ ჯ. ხ-ძის სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვრა 10 დღე. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, გზავნილზე დართული მიმართვით, გაფრთხილებულ იქნა სააპელაციო საჩივრის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

შპს ,,გ-ის» სააპელაციო პასუხის წარმოდგენის 10-დღიანი ვადა ამოეწურა 2010 წლის 27 აგვისტოს და მას სააპელაციო პასუხი სასამართლოში საერთოდ არ წარმოუდგენია.

სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის წარუდგენლობის გამო, პალატამ დადგენილად მიიჩნია აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები, რომ მოსარჩელეს არ უკისრია შპს «ჯ. ფ-ს» მიმართ შპს «გ-ის» დავალიანების ნაწილის გასტუმრება და ამის თაობაზე არც შპს «გ-ის» შეთანხმებია. ჯ. ხ-ძემ იმიტომ გადაიხადა შპს «გ-ის» დავალიანების ნაწილი, რომ არ მიეწოდებოდა წყალი გამოყოფილ ფართში, რითაც ეზღუდებოდა საკუთარი საქმიანობა. ჯ. ხ-ძემ შპს «ჯ. ფ-ს» მიმართ დაფარა დავალიანება, რომელიც ეკუთვნოდა შპს «გ-ის».

ასეთ პირობებში პალატამ ჩათვალა, რომ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 986-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობები ჯ. ხ-ძის სააპელაციო საჩივრის დასაკმაყოფილებლად.

სასამართლოს მითითებით, საჩივრის ავტორი თავის მოთხოვნას აფუძნებს იმაზე, რომ მის მარწმუნებელს შპს «გ-ის» დირექტორს სააპელაციო საჩივართან ერთად ჩაბარდა უწყება 2010 წლის 3 ნოემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შესახებ, რის გამოც სასამართლო უფლებამოსილი არ იყო, 2010 წლის 29 ოქტომბერს გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთან, საჩივრის ავტორმა დაუსაბუთებლად მიიჩნია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა აპელანტის მოთხოვნას.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომის თაობაზე უწყების ჩაბარება მხარეს არ ათავისუფლებს იმ საპროცესო მოქმედების (სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის წარდგენის) შესრულების ვალდებულებისაგან, რომელიც მას სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილით განესაზღვრა და, ამასთან, წინასწარ განემარტა ამ მოქმედების შესრულების შესაძლო უარყოფითი შედეგებიც.

პალატამ მიიჩნია, რომ საჩივართან ერთად საქმის განხილვის დროის შესახებ უწყების ჩაბარება სრულად შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 376-ე მუხლს.

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ შპს «გ-ის» წარმომადგენელმა შ. ი-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მათი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორმა სააპელაციო სასამართლოდან ნამდვილად მიიღო სააპელაციო საჩივარი და პალატის მიერ დადგენილ ვადაში მას შესაგებელი არ წარუდგენია, ვინაიდან სააპელაციო საჩივარში შპს «გ-ი» მოხსენიებულია არა როგორც მოპასუხე, არამედ როგორც მოწინააღმდეგე მხარე, რაც არღვევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის დანაწესს. ამასთან, სააპელაციო საჩივართან ერთად მხარემ მიიღო სასამართლო უწყება საქმის განხილვაზე დაბარების თაობაზე, თუმცა მასში მითითებული არ იყო დათქმულ დროს გაიმართებოდა მოსამზადებელი, თუ მთავარი სხდომა.

შპს «გ-ის» დირექტორმა ა. ჩ-მა ვერ შესძლო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის შეტანა, რადგან დაავადებულია გულის ქრონიკული იშემიური დაავადებით, ჰიპერტენზიით, მწვავე ბრონქოპნევმონიით და ხშირად ემატება არტერიული წნევა. სადავო პერიოდში იყო ზაფხული და მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ა. ჩ-ი იყო ცუდად.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებანი მხოლოდ იმის გამო, რომ მოწინააღმდეგე მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია, რაც კანონის დარღვევაა. რეალურად სასამართლოსათვის ცნობილი იყო შპს «გ-ის» პოზიცია საქმის მასალებიდან.

სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ჯ. ხ-ძემ სადავო წყლის დავალიანება დაფარა იმის გამო, რომ მის ობიექტს არ მიეწოდებოდა წყალი და ხელი ეშლებოდა საქმიანობაში. რეალურად მხარეთა შორის დაიდო ხელწერილი, რომლითაც ჯ. ხ-ძემ ვალდებულება იკისრა, დაეფარა შპს «გ-ის» სახელზე რიცხული დავალიანების ნაწილი, რაც პროპორციულად შეესაბამებოდა მისთვის გამოყოფილი ქონების წილს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «გ-ის» წარმომადგენელ შ. ი-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მესამე ნაწილი ადგენს, რომ აღნიშნული ნორმით მოწესრიგებულია სააპელაციო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობის შედეგები, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, კერძოდ, 2321 მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო მიიღებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომლითაც დადგენილად მიიჩნევს სააპელაციო საჩივარში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, თუ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა სააპელაციო საჩივრის ასლი, სასამართლო განჩინებით მიეცა ვადა შესაგებლის წარმოსადგენად, მაგრამ ხსენებულ ვადაში მას შესაგებელი არასაპატიო მიზეზით არ შეუტანია. ასეთ დროს სასამართლო გამოიკვლევს, აღნიშნული გარემოებანი იურიდიულად ამართლებს თუ არა აპელანტის მოთხოვნას და დადებით შემთხვევაში დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და კასატორიც ადასტურებს, რომ შპს «გ-ის» ჯ. ხ-ძის სააპელაციო საჩივარზე სასამართლო განჩინებით დადგენილ ვადაში შესაგებლი არ შეუტანია, რის გამოც საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერია.

ამდენად, დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება, რომ ჯ. ხ-ძის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებანი სასამართლომ შპს «გ-ის» მიერ შესაგებელის წარუდგენლობის გამო დადგენილად არასწორად ჩათვალა, ვინაიდან აღნიშნული მსჯელობა არ შეესაბამება კანონის ზემოხსენებულ დანაწესს. მხარის საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობის _ სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის წარუდგენლობისათვის გარკვეულ სანქციას წარმოადგენს სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებების გამოუკვლეველად გაზიარება. ასეთ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხოლოდ სამართლებრივად აფასებს აღნიშნულ ფაქტებს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს შპს «გ-ის» წარმომადგენლის არგუმენტს, რომ ჯ.ხ-ძის სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებანი აპელანტის მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებდა, კერძოდ:

სასამართლომ ჯ. ხ-ძის სააპელაციო საჩივრის შესაბამისად დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს შპს «ჯ. ფ-ს» მიმართ შპს «გ-ის» დავალიანების ნაწილის გასტუმრება არ უკისრია და აღნიშნულის თაობაზე არც შპს «გ-ის» არ შეთანხმებია. ჯ. ხ-ძემ შპს «გ-ის» დავალიანების ნაწილი იმიტომ გადაიხადა, რომ გამოყოფილ ფართში წყალი არ მიეწოდებოდა, რითაც ხელი ეშლებოდა საქმიანობაში. შესაბამისად, ჯ. ხ-ძემ შპს «ჯ. ფ-ს» მიმართ დაფარა შპს «გ-ის» დავალიანება.

ამდენად, სავსებით საფუძვლიანია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა ჯ. ხ-ძის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისათვის სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 986-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობები.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ შპს «გ-ის» დირექტორმა ა. ჩ-მა სადავო შესაგებელი ვერ წარადგინა ავადმყოფობის გამო, ვინაიდან მხარეს მოცემულ დავაში წარმოადგენს არა ფიზიკური პირი ა. ჩ-ი, არამედ იურიდიული პირი შპს «გ-ი». ამდენად, საზოგადოება ვალდებული იყო, უზრუნველეყო სასამართლო განჩინებით დაკისრებული საპროცესო მოვალეობების შესრულება სხვა წარმომადგენლის მეშვეობით, როგორც აღნიშნული განახორციელა განსახილველი საკასაციო საჩივრის შ. ი-შვილის მეშვეობით შეტანის გზით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ შპს «გ-ის» საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს «გ-ის» წარმომადგენელ შ. ი-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.