Facebook Twitter

ას-788-737-10 4 ნოემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ე. ლ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. კ-ძე (მოპასუხე)

დავის საგანი – მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

აღწერილობითი ნაწილი

2009 წლის 26 თებერვალს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ე. ლ-ძემ მოპასუხე გ. კ-ძის მიმართ და მოითხოვა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 7 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ე. ლ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე გ. კ-ძეს დაეკისრა მოსარჩელე ე. ლ-ძის სასარგებლოდ დანაშაულის შედეგად მიყენებული ფიზიკური და მორალური ზიანის სახით 20 000 ლარის გადახდა.

აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა გ. კ-ძემ.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 8 ივნისის განჩინებით გ. კ-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, უცვლელი დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 7 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

აღნიშნულ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა გ. კ-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 10 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო პასუხის წარუდგენლობის გამო, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 7 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2009 წლის 8 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. ლ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე გ. კ-ძეს დაეკისრა ე. ლ-ძის სასარგებლოდ 300 შშ დოლარისა და 150 ლარის გადახდა.

აღნიშნული სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ე. ლ-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით ე. ლ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება მორალური ზიანის ანაზღაურების უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. კ-ძეს ე. ლ-ძის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისრა 1000 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გ. კ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნული დანაშაული გამოიხატა 2004 წლის 21 დეკემბერს კამათისა და ჩხუბის დროს, მის დას – ე. ლ-ძეს მუშტების დარტყმით განზრახ მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ასევე დადგენილია, რომ ე. ლ-ძეს მიადგა 300 აშშ დოლარისა და 150 ლარის მატერიალური ზიანი.

დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ ე. ლ-ძეს არ აქვს საცხოვრებელი ადგილი და ის ეკონომიურად შეჭირვებულად ცხოვრობს. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობა არ არის მძიმე, მას საკუთრებაში გააჩნია სუპერმარკეტი.

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ. კ-ძის მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად მოსარჩელე ე. ლ-ძემ მიიღო მორალური ზიანი და ის უნდა ანაზღაურდეს.

საქმეში მტკიცებულებათა არ არსებობის გამო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია, მოსარჩელის მოთხოვნა, მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით მოპასუხისათვის თანხის დაკისრება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ე. ლ-ძემ.

კასატორმა განმარტა, რომ, როგორც ხელვაჩაურის რაიონულმა საასმართლომ, ასევე სააპელაციო სასამართლომ მატერიალური ზიანის ანაზღაურების (მკურნალობის ხარჯის) ნაწილში, სარჩელი დააკმაყოფილა მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც აღიარა მოწინააღმდეგე მხარემ (300 აშშ დოლარი და 150 ლარი), რაც არასწორია.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა კასატორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შუამდგომლობა, რესპუბლიკური საავადმყოფოდან მისი ავადმყოფობის ისტორიის გამოთხოვის შესახებ და მკურნალობის ხარჯების წერილობითი მტკიცებულება, რითაც დამტკიცდებოდა, თუ რა ზიანი მიადგა კასატორს.

სასამართლოს მხედველობაში არ უდნა მიეღო მოპასუხისა და მოსარჩელის ქონებრივი მდგომარეობა. როცა მორალური ზიანის ოდენობაზეა მოთხოვნა, გათვალისწინებული უნდა იქნეს პირის ფიზიკური და სულიერი ტრავმა, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ლ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ე. ლ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. ლ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.