¹ას-789-1076-09 23 თებერვალი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე
კასატორი (მოსარჩელე) _ ვ. ლ-ჩი, წარმომადგენელი ლ. ხ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ მ. კ-შვილი, გ. კ-შვილი, წარმომადგენელი ნ. ქ-შვილი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ივლისის განჩინება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 6 მარტს გურჯაანის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ვ. ლ-ჩმა მოპასუხეების _ მ. კ-შვილისა და გ. კ-შვილის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 1 500 ლარის ოდენობით.
სასარჩელო განცხადებიდან ირკვევა, რომ ვ. ლ-ჩის საცხოვრებელი ბინა მდებარეობს ... ქ. ¹1-ში, მესამე სართულზე. ამავე სახლში, მეოთხე სართულზე მდებარეობს მოპასუხეების _ გ. და მ. კ-შვილების საცხოვრებელი ბინა. სახლი ისეთი პროექტით არის აშენებული, რომ კანალიზაციის მილი გადის საძინებელ ოთახში. მოსარჩელეს და მის ქვემოთ მცხოვრებ მეზობლებს ბინაში შესახლების დღიდან გაუქმებული აქვთ კანალიზაციის მილი, მათ იქ არსებული აბაზანა გადაიტანეს და შეუერთეს საპირფარეშოს, ამასთან, კანალიზაციის მილი ხის ჩარჩოში ჩასვეს და მასთან არანაირი შეხება არ აქვთ. აღნიშნულით სარგებლობენ მხოლოდ მეოთხე და მეხუთე სართულზე მცხოვრები ოჯახები. 2007 წლის ნოემბრის თვის ბოლო რიცხვებიდან 2007 წლის 15 დეკემბრამდე, რა პერიოდშიც ვ. ლ-ჩი რაიონში არ იმყოფებოდა, მის სახლში ჭერიდან ჩავიდა წყალი, რამაც ბინის დაზიანება გამოიწვია.
სარჩელზე თანდართული შპს “ე-ის” გურჯაანის ფილიალის 24.12.2007წ. ¹153 დასკვნის თანახმად, ვიზუალურად შემოწმდა ვ. ლ-ჩის ბინაში ზედა სართულიდან ჩამოსული წყლის შედეგად დაზიანებული ჭერი, კედლები, იატაკი. აღნიშნულის შედეგად დადგინდა, რომ საძინებელ ოთახში აყრილი იყო პარკეტი, რაც საჭიროებდა შეცვლას 18კვ.მ-ზე, ამასთან, საჭირო იყო 34კვ.მ შპალერის ხელახლა გაკვრა, დაზიანებული კედლების აფხეკა და გაჯით შელესვა. მისაღებ ოთახში დაზიანებული იყო კედელი 14კვ.მ და ჭერი 18კვ.მ, ასევე დაზიანებული იყო 2 ლეიბი და ამდენივე საბანი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ არსებობდა მისთვის მიყენებული ზიანის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი.
მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სარჩელში დასახელებული იყო სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი, ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი (ტომი I, ს.ფ. 1-10).
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 17 აპრილის განჩინებით მოცემულ დავაზე დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რომლის 2008 წლის 25 ივლისის დასკვნის შესაბამისად, ა. ვ. ლ-ჩის საცხოვრებელ ბინაში წყალი ჩასულია გ. კ-შვილის ბინიდან. წყლის ჩასვლა შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო გ. კ-შვილის სააბაზანოში არსებული საკანალიზაციო ან მოწყობილი წყალგაყვანილობის მილების გაუმართაობით, წყლის გამაცხელებელი ავზის გადავსებით, გაუმართავი ან უმეთვალყურეოდ დატოვებული მოშვებული ონკანით, იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა აბაზანის გადავსება, ხოლო გაბიდნული საკანალიზაციო მილები და ტრაპი ვერ უზრუნველყოფდნენ დაგროვილი წყლის გატარებას. ქვედა სართულზე წყლის ჩასვლა შესაძლოა მომხდარიყო ადრე არსებული წყალგაყვანილობის დგარების უვარგისობის გამო, ან მათი გადაჭრის მომენტში. აგრეთვე, თუ გ. კ-შვილის საცხოვრებელი ბინის ქვემოთ, ქვედა სართულებზე კანალიზაციის დგარი გაბიდნული იყო, საკანალიზაციო დგარის გადავსების შემთხვევაში, იმის გამო, რომ ქვედა სართულებზე კანალიზაციის დგარზე მიერთებები არ არის და იგი დახურულია, ფეკალური მასა ამოვიდოდა სააბაზანოში არსებული ტრაპიდან, საიდანაც წყლის გაჟონვა მოხდებოდა ვ. ლ-ჩის საცხოვრებელ ბინაში; ბ. ვ. ლ-ჩისა და გ. კ-შვილის ბინებში გამავალ საკანალიზაციო დგარზე დაზიანებები არ შეიმჩნეოდა, რაც შეეხებოდა წყალგაყვანილობის დგარებს, მოსარჩელის ბინაში დაზიანებები არც მათზე შეიმჩნეოდა, მოპასუხის ბინაში კი ისინი გადაჭრილი და გაუქმებული იყო; გ. ვ. ლ-ჩისა და გ. კ-შვილის ბინებში გამავალი საკანალიზაციო დგარი დაზიანებული არ იყო, ხოლო რაც შეეხებოდა საკანალიზაციო დგარზე ტრაპის მიერთებას, იმის მიუხედავად პროექტით გათვალისწინებული იყო თუ არა მისი მოპასუხის სააბაზანოში არსებობა, იგი ხელს შეუწყობდა სააბაზანოში დაგროვილი წყლის გატარებას და არა წყლის ქვემო სართულზე გაჟონვას (ტომი I, ს.ფ. 46-51).
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით ვ. ლ-ჩის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ვ. ლ-ჩის საცხოვრებელი ბინა მდებარეობს ... ქ. ¹1-ში, მესამე სართულზე. მის ზემოთ, მეოთხე სართულზე მდებარეობს გ. და მ. კ-შვილების საცხოვრებელი ბინა;
მ. და გ. კ-შვილებს, აქვთ სხვა საცხოვრებელი ბინა და ... ქ. ¹1-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში მუდმივად არ ცხოვრობენ;
2007 წლის ნოემბრის თვის ბოლო რიცხვებიდან 2007 წლის 15 დეკემბრამდე ვ. ლ-ჩის ბინაში ჭერიდან ჩავიდა წყალი და დააზიანა საცხოვრებელი ბინა;
ქონების შეფასების შესახებ შპს “ე-ის” 2007 წლის 24 დეკემბრის ¹153 აუდიტორული დასკვნის თანახმად, ... ქ. ¹1-ში მცხოვრები ვ. ლ-ჩის განცხადების საფუძველზე, რომელიც ითხოვდა მის საცხოვრებელ ბინაში ჭერიდან ჩამოსული კანალიზაციის წყლის ნადენის შედეგად მიყენებული ზარალის საბაზრო ფასის დადგენას, ვიზუალურად შემოწმდა ვ. ლ-ჩის ბინაში ზედა სართულიდან ჩასული წყლის შედეგად დაზიანებული ჭერი, კედლები, იატაკი და დადგინდა, რომ საძინებელ ოთახში აყრილია და საჭიროა პარკეტის შეცვლა 18 კვ.მ-ზე, ჭერზე _ 18 კვ.მ ქაღალდის შერემონტება, კედელზე _ 34კვ.მ შპალერის ხელახლა გაკვრა, დაზიანებული კედლების აფხეკა და გაჯით შელესვა. მისაღებ ოთახში შესაკეთებელია დაზიანებული კედელი 14კვ.მ-ზე და ჭერი 18კვ.მ-ზე. ასევე დაზიანებულია ორი ცალი ლეიბი და საბანი;
... ქ. ¹1-ში მდებარე ვ. ლ-ჩის საცხოვრებელ ბინაში, ასევე ამავე მხარეს პირველ და მეორე სართულზე გაუქმებულია სააბაზანოები და აღნიშნული ფართი გაერთიანებულია საძინებელ ოთახთან, ამავე მხარეს მეხუთე სართულზე მდებარე თ-შვილის საცხოვრებელ ბინაში სააბაზანო ოთახში გადატანილია ტუალეტი, რომელიც შეერთებულია სააბაზანოების კანალიზაციის მილზე, ხოლო გ. კ-შვილის ბინაში სააბაზანო ოთახი გაუქმებული არ არის;
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა მოწმეების: ი. უ-შვილის, ი. უ-ძის, ი. თ-შვილის ჩვენებებზე. მათში საუბარია იმაზე, რომ ვ. ლ-ჩის საცხოვრებელ ბინაში ადგილი ჰქონდა წყლის ჩადინებას, თუმცა იმ დროისათვის მის ზემოთ მცხოვრები გ. კ-შვილის ბინაში სისველე არ იყო.
გარდა ამისა, რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქმეში არსებულ სსიპ ლ. ს-ულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის 2008 წლის 25 ივლისის ¹1527/15 დასკვნაზე, რომლის თანახმად, ვ. ლ-ჩის საცხოვრებელ ბინაში წყალი ჩასულია გ. კ-შვილის ბინიდან. წყლის ჩასვლა შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო გ. კ-შვილის სააბაზანოში არსებული საკანალიზაციო ან მოწყობილი წყალგაყვანილობის მილების გაუმართაობით, წყლის გამაცხელებელი ავზის გადავსებით, გაუმართავი ან უმეთვალყურეოდ დატოვებული მოშვებული ონკანით, იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა აბაზანის გადავსება, ხოლო გაბიდნული საკანალიზაციო მილები და ტრაპი ვერ უზრუნველყოფდნენ დაგროვილი წყლის გატარებას. ქვედა სართულზე წყლის ჩასვლა შესაძლოა მომხდარიყო ადრე არსებული წყალგაყვანილობის დგარების გამო, ან მათი გადაჭრის მომენტში. აგრეთვე, თუ გ. კ-შვილის საცხოვრებელი ბინის ქვემოთ, ქვედა სართულზე კანალიზაციის დგარი გაბიდნული იყო, საკანალიზაციო დგარის გადავსების შემთხვევაში, იმის გამო, რომ ქვედა სართულზე კანალიზაციის დგარზე მიერთებები არ არის და იგი დახურულია, ფეკალური მასა ამოვიდოდა ვ. ლ-ჩის საცხოვრებელ ბინაში. ვ. ლ-ჩისა და გ. კ-შვილის ბინებში გამავალ საკანალიზაციო დგარზე დაზიანებები არ შეიმჩნეოდა. მოსარჩელის ბინაში დაზიანებები არც წყალგაყვანილობის დგარებზე შეიმჩნეოდა, მოპასუხის ბინაში კი ისინი გადაჭრილი და გაუქმებული იყო. ვ. ლ-ჩისა და გ. კ-შვილის ბინებში გამავალი საკანალიზაციო დგარი დაზიანებული არ იყო, ხოლო რაც შეეხებოდა საკანალიზაციო დგარზე ტრაპის მიერთებას, იმის მიუხედავად პროექტით გათვალისწინებული იყო თუ არა მისი მოპასუხის სააბაზანოში არსებობა, იგი ხელს შეუწყობდა სააბაზანოში დაგროვილი წყლის გატარებას და არა წყლის ქვედა სართულზე გაჟონვას.
საქმეში არსებული 2008 წლის 15 ოქტობრის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა მოსარჩელე ვ. ლ-ჩის საცხოვრებელ ბინაში დაზიანებული ადგილები და მოპასუხე გ. კ-შვილის საცხოვრებელი ბინა. ამ უკანასკნელის საცხოვრებელი ბინის სააბაზანოში მოწყობილი იყო “ტრაპი”, რომელიც მოქცეული იყო ბეტონის ქვეშ, ასევე მილზე მიერთებული იყო კანალიზაცია. სპეციალისტ ბ. ლ-შვილის განმარტებით, საჭირო იყო ბეტონის გათხრა, რათა შემოწმებულიყო კანალიზაციის მილის შეერთება.
2009 წლის 12 თებერვლის დათვალიერების ოქმის თანახმად, მხარეებისა და ექსპერტ მ. ი-შვილის მონაწილეობით დათვალიერდა ... ქ. ¹1-ში მცხოვრები მოსარჩელე ვ. ლ-ჩისა და მოპასუხე გ. კ-შვილის საცხოვრებელი ბინები. დათვალიერებისას გაირკვა, რომ გ. კ-შვილის სააბაზანო ოთახში არსებულ საკანალიზაციო დგარზე მიერთებული იყო 50 მმ დიამეტრის მილი, რომელზეც თავდაპირველი პროექტით შეერთებული იყო ხელსაბანის და აბაზანის კანალიზაციები. არსებული მდგომარეობით ხელსაბანი და შესაბამისად, მისი კანალიზაცია გაუქმებული იყო. 50 მმ დიამეტრის მილზე ხელსაბანის მიერთების ადგილას გაკეთებული იყო ნახვრეტი, რომელიც დაფარული იყო პოლიეთილენის ნახვევით. სააბაზანოს იატაკი, იმის გამო, რომ მასში მოწყობილი იყო ტრაპი, ბინის იატაკის საერთო დონიდან იყო აწეული. ექსპერტ მ. იტრიაშვილის განმარტებით, პოლიეთილენი არ წარმოადგენდა იმ კატეგორიის მასალას, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა მილზე მაყუჩის მოწყობა. იმ შემთხვევაში, თუ საკანალიზაციო დგარში წყალი იქნებოდა ზემოაღნიშნულ მილზე უფრო მაღლა, მოხდებოდა მილში არსებული ღია ადგილიდან წყლის გამოჟონვა. ამავე მილზე მიერთებული იყო აბაზანის კანალიზაცია, აბაზანის დიდი ოდენობით წყლის ერთბაშად გადინების შემთხვევაში მილის ღია ადგილიდან მოხდებოდა წყლის გაჟონვა. სააბაზანო ოთახში არსებულ საკანალიზაციო დგარს გადაბმის ადგილზე არ აქვს ტექნიკური ნორმების შესაბამისად დახვეული საკანალიზაციო თოკი _ “პაკლი”, დგარის გადავსების შემთხვევაში წყლის გამოშვება შესაძლოა აღნიშნული ადგილიდან მომხდარიყო.
რაიონული სასამართლოს მითითებით, ექსპერტი მ. ი-შვილი თავისი განმარტებით ადასტურებდა მის მიერ გაცემულ ექსპერტიზის დასკვნას. ექსპერტიზის ჩატარების დროს გ. კ-შვილის ბინაში დაზიანებები ვერ შეამჩნიეს, ამიტომ დასკვნაში დასახელდა ხუთი სავარაუდო პასუხი. კონკრეტულ შემთხვევაში ექსპერტი ზუსტ და კატეგორიულ პასუხს ვერ გასცემდა, რადგან ექსპერტიზა ჩატარდა გვიან, როდესაც წყლის კვალი აღარ იყო და ვერავინ დაამტკიცებდა, კონკრეტულად რის გამო და საიდან ჩავიდა წყალი.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გათვალისწინებით რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. ლ-ჩის საცხოვრებელ ბინაში წყალი ჩასული იყო გ. კ-შვილის ბინიდან, რითაც განიცადა ზიანი, მაგრამ ვ. ლ-ჩმა ვერ დაამტკიცა, რომ ზიანი მიყენებული იყო უშუალოდ გ. კ-შვილის მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებებით. შესაბამისად, ეს უკანასკნელი არ იყო ვალდებული, ვ. ლ-ჩისათვის აენაზღაურებინა ბინაში წყლის ჩასვლით მიყენებული ზიანი.
რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა ვ. ლ-ჩის მითითება იმის შესახებ, რომ მასთან წყალი ჩავიდა გ. კ-შვილის ბინაში გადაჭრილი ორი ცენტრალური მილიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ როგორც ადგილზე დათვალიერებისას იქნა ნანახი, მოცემული მილები იყო დაცობილი. ამასთან, გ. კ-შვილის და მოწმეების ჩვენებებით დგინდებოდა, რომ ზედა სართულზე თითოეულ ბინას წყალი მიეწოდებოდა წყლის ელექტროსაქაჩებით, რის გამოც წყალი ზედა სართულზე თავისით არ ავიდოდა.
გადაწყვეტილების გამოტანისას რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით, აგრეთვე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე მუხლებით (ტომი I, ს.ფ. 127-131).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ლ-ჩმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც მოპასუხეებს მის სასარგებლოდ დაეკისრებოდათ ზიანის ანაზღაურება 2 492 ლარის ოდენობით, აგრეთვე, მათვე დაევალებოდათ მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების: 177 ლარის ოდენობით ექსპერტიზის საფასურის, 200 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟისა და 200 ლარის ოდენობით საადვოკატო მომსახურების ხარჯების გადახდა (ტომი I, ს.ფ. 137-146).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ივლისის განჩინებით ვ. ლ-ჩის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ სარჩელში მოპასუხედ მითითებული გ. კ-შვილი პირადობის მოწმობის თანახმად არის გი. კ-შვილი, რასაც დაეთანხმა მოსარჩელე ვ. ლ-ჩი.
სააპელაციო საჩივარში აპელანტის გაზრდილ მოთხოვნასთან მიმართებით, რასაც საფუძვლად დაედო 2009 წლის 4 მაისის ¹88 აუდიტის დასკვნა, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე, 215-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ დასახელებული აუდიტის დასკვნა წარმოადგენდა დაუშვებელ მტკიცებულებას. შესაბამისად, აპელანტის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ უნდა დაქვემდებარებოდა 1 500 ლარის ფარგლებში განხილვას.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ვ. ლ-ჩის საცხოვრებელ ბინაში 2007 წლის ნოემბერ-დეკემბერში ზედა სართულიდან ჩავიდა წყალი, რის შედეგადაც დაზიანდა სახოვრებელი ბინის ჭერი, კედლები, იატაკი, ლეიბები და საბნები. აღნიშნულს ადასტურებდა ასევე საქმეში არსებული აუდიტის 2007 წლის 24 დეკემბრის დასკვნა.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტის მოთხოვნას წარმოადგენდა ზემომითითებული ზიანის ანაზღაურების მოწინააღმდეგე მხარეებისათვის დაკისრება, თუმცა, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტმა ვერ წარადგინა სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ ზიანი მიყენებული იყო გ. კ-შვილის მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით.
აპელანტს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სააპელაციო სასამართლოში არ წარუდგენია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რაიმე ახალი მტკიცებულება, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო იმ მტკიცებულებებს და საქმის გარემოებებს, რაც საქალაქო სასამართლოში იქნა წარდგენილი.
იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არსებული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა ემყარებოდა მხოლოდ ვარაუდს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვარაუდზე დაფუძნებული გარემოებები სათანადო მტკიცებულებად ვერ მიიჩნეოდა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სასამართლოს მიერ მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილების თაობაზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს წარმოადგენდა ვ. ლ-ჩი, რომელიც ითხოვდა დელიქტიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებას, შესაბამისად, მტკიცების ტვირთი ზიანის დადგომის, ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენის, აგრეთვე ზიანის ოდენობის თაობაზე, ეკისრებოდა მოსარჩელეს და არა მოპასუხეს. მოპასუხის მტკიცების ტვირთის რეალიზაცია მდგომარეობდა მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გაბათილებაში და არა პირიქით _ ზიანის არსებობის დადგენაში. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და მართებულად მიიჩნია, რომ, რადგან არ არსებობდა გ. კ-შვილის მოქმედება, დამდგარი ზიანის წარმოშობაში მას ბრალი არ მიუძღვოდა (ტომი II, ს.ფ. 50-62).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ლ-ჩმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ მას არასწორად უთხრა უარი საქმეზე მტკიცებულების სახით აუდიტის 2009 წლის 4 მაისის ¹88 დასკვნის დართვაზე. დასახელებული დასკვნის თანახმად, ვ. ლ-ჩისათვის მიყენებულმა ზიანმა სააპელაციო საჩივრის წარდგენის დროისათვის 2 492 ლარი შეადგინა. მხარის შუამდგომლობა მითითებული დასკვნის საქმეზე დართვის თაობაზე ეფუძნებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40, 380-ე მუხლებს, რაც არასწორად არ დაკმაყოფილდა. მე-40 მუხლის თანახმად, სადავო საგნის შეფასებისას მხედველობაში მიიღება იმ დროს არსებული ფასები, როდესაც შეტანილ იქნა სარჩელი, ხოლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისას _ საჩივრის შეტანის დროისათვის არსებული ფასები. ამ მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ვ. ლ-ჩს რაიონულ სასამართლოში აუდიტის დასკვნა არ წარუდგენია, რადგან ვარაუდობდა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პროცესუალური ხარჯების გათვალისწინებით, შესაძლოა აღარ ედავა სამშენებლო მასალასა და ხელობაზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით. იმის გამო, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და სარჩელი არ დააკმაყოფილა, მხარემ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 40.3 მუხლით მინიჭებული შესაძლებლობა.
კასატორი ასევე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას აპელანტის მიერ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების წარუდგენლობასთან მიმართებით. ვ. ლ-ჩმა სასამართლოში წარადგინა ცნობა “წყალკანალიდან”, რომელიც ადასტურებდა, რომ წყალი მე-5 სართულზე თვითდინებით ადიოდა შეფერხებით. სააპელაციო სასამართლომ არც ეს მტკიცებულება მიიღო.
კასატორის მითითებით, დამდგარ ზიანში გ. კ-შვილის ბრალეულობას ცხადყოფს საქმეში არსებული რიგი მტკიცებულებები: ა. პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი აუდიტის დასკვნა; ბ. მოწმეთა ჩვენებები, სადაც განმარტებულია, რომ ვ. ლ-ჩის ბინაში წყალი ჩასული იყო მოპასუხის ბინიდან. დასახელებული მტკიცებულებების გამაქარწყლებელი მტკიცებულებები გ. კ-შვილს სასამართლოსათვის არ წარუდგენია, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მოპასუხის მტკიცების ტვირთთან მიმართებით, არასწორია.
კასატორი ყურადღებას მიაქცევს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 17 აპრილის განჩინებას, რომლითაც მოცემულ საქმეზე დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, თუმცა მხარეებს შორის ექსპერტიზის ხარჯების განაწილების წესი არ დადგენილა. აღნიშნულის გამო საქმის განხილვა გაჭიანურდა, მოპასუხემ თანხის გადახდაზე უარი განაცხადა და მოსარჩელე მისი ანაზღაურების აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციებში მითითებულია, რომ თუ რომელიმე მხარე ხარჯების მხარეებს შორის განაწილების შემთხვევაში არ გადაიხდის თანხას, ექსპერტიზა არ ჩატარდება. შესაბამისად, მტკიცების ტვირთი მასზე გადადის. კასატორის აზრით, ანალოგიური განმარტება მიეცემა შუამდგომლობის ავტორს, როდესაც ექსპერტიზის დანიშვნა ერთ-ერთი მხარის შუამდგომლობით ხდება.
კასატორი აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნამ ზუსტად უპასუხა მოსამართლის კითხვას კანალიზაციის მილის დაზიანებასთან დაკავშირებით. ექსპერტის განმარტებით, დაზიანება არ არის კანალიზაციის მილზე, თუმცა 2009 წლის 12 თებერვლის ადგილზე დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ გ. კ-შვილის ბინაში საკანალიზაციო მილზე მიერთება განხორციელებულია არასწორად, ყოველგვარი საინჟინრო-ტექნიკური ნორმების დაუცველად. მოპასუხის მიერ გადაჭრილია წყლის მილებიც. ექსპერტის დასკვნით, შესაძლოა წყალი მათი გადაჭრის მომენტში ჩასულიყო. ამდენად, ზუსტად დგინდება, რომ მოსარჩელის ბინაში წყალი ჩავიდა მოპასუხის ბინიდან, დგინდება დარღვევებიც, რაც მოპასუხის ბრალით არის გამოწვეული. გარდა ამისა, სახეზეა მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი. ყოველივე აღნიშნული, მოპასუხის მხრიდან ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას წარმოშობს (ტომი II, ს.ფ. 71-79).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე საჭიროებს სააპელაციო სასამართლოს მიერ ხელახლა არსებით განხილვას საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და მხარეთა მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილებისა და შეფასების საფუძველზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ვ. ლ-ჩი და მოპასუხეები _ მ. და გ. კ-შვილები ცხოვრობენ ... ქ. ¹1-ში მდებარე ერთსა და იმავე კორპუსში, მე-3 და მე-4 სართულებზე. დადგენილია, რომ მოსარჩელის ბინაში ჩავიდა წყალი ზემოდან, ამის შედეგად დაზიანდა ჭერი, კედლები, პარკეტის იატაკი, ნივთები. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის ბინის დაზიანებული ოთახების ზემოთ, საიდანაც წყალი ჩამოვიდა, მდებარეობს მოპასუხეების ბინა.
მოსარჩელე ვ. ლ-ჩი აღნიშნავს, რომ მისი ბინა დაზიანდა კ-შვილების მიერ კანალიზაციის ცენტრალური 2 მილის გადაჭრის შედეგად, სწორედ აღნიშნული გადაჭრილი მილებიდან გაჟონა წყალმა და დააზიანა ბინა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე სრულყოფილად არ არის გამოკვლეული საკითხი, კ-შვილების მიერ კანალიზაციის ცენტრალური მილების გადაჭრის ადგილი მოწყობილი იყო თუ არა ტექნიკური ნორმების დაცვით, რაც გამორიცხავდა აღნიშნული ადგილიდან წყლის გაჟონვას.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ არის გამოკვლეული საქმეში არსებული ექსპერტის განმარტება, სადაც აღნიშნულია: „საერთოდ მიერთება უნდა იყოს „სამკაპით“, მაშინ წყალი არ გავიდოდა... მილი დახვეული უნდა ყოფილიყო, უნდა დაცული იყოს საინჟინრო ნორმები“... (ს.ფ. 89). ასევე, არ არის გამოკვლეული და საქმის დანარჩენ მასალებთან ერთობლიობაში შეფასებული ადგილზე დათვალიერების ოქმი, სადაც კ-შვილების ბინაში სააბაზანო ოთახის დათვალიერებისას აღნიშნულია: „რაც შეეხება 50მმ საკანალიზაციო მილს, ის მოწყობილია არასწორად, კერძოდ: ხელსაბანის მიერთების ადგილას, ნაცვლად საკანალიზაციო „სამკაპის“ მოწყობისა, აღნიშნულ მილში არის გაკეთებული ნახვრეტი, რომელიც დღეისათვის დაფარული იყო „ცელოფნის“ ნახვევით – პოლიეთილენის პარკით... უნდა აღინიშნოს, რომ პოლიეთილენი არ წარმოადგენს იმ კატეგორიის მასალას, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა მილზე მაყუჩის – „ზაგლუშკას“ მოწყობა. იმ შემთხვევაში, თუ საკანალიზაციო დგარში წყალი და საკანალიზაციო სითხე იქნებოდა ზემოაღნიშნულ მილზე უფრო მაღლა, მოხდებოდა მილში არსებული ნახვრეტიდან წყლის გამოჟონვა. გარდა ამისა, იგივე მილზე, როგორც ზემოთ აღინიშნა, მიერთებულია აბაზანის კანალიზაციაც. აბაზანიდან დიდი რაოდენობით წყლის ერთბაშად გადინების შემთხვევაში ასევე მოხდებოდა ზემოაღნიშნულ მილზე არსებული ნახვრეტიდან წყლის გამოჟონვა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბინაში მოწყობილ საკანალიზაციო დგარს არა აქვს ტექნიკური ნორმების შესაბამისად დახვეული საკანალიზაციო თოკი _ „პაკლი“. დგარის გადავსების შემთხვევაში წყლის გამოშვება შესაძლოა აქედანაც მომხდარიყო“ (ს.ფ. 121-122).
ასევე საყურადღებოა საქმეზე დადგენილი გარემოება, რომ, როგორც ლ-ჩის, ისე კ-შვილების ბინა დათვალიერდა წყლის ჩამოსვლიდან საკმაო დროის გასვლის შემდეგ, რაც გამორიცხავს იმის უდავოდ დადასტურებულად მიჩნევის შესაძლებლობას, რომ წყლის ჩასვლის მომენტში მოპასუხეების ბინა იყო სუფთა და იქ სისველის კვალი არ შეიმჩნეოდა.
საყურადღებოა საქმეში არსებული ექსპერტის განმარტებაც, რომ მოსარჩელის ბინაში წყალი ჩასულია მოპასუხის ბინიდან, რადგან მოპასუხის ბინის ჭერზე, კედლებსა და იატაკზე დაზიანებების კვალი, რაც იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელის ბინაში წყალი ჩავიდოდა მე-5 სართულიდან, მოპასუხის ბინის გავლით, არ შეიმჩნევა (ს.ფ. 49, 85).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეები არ უარყოფენ მოსარჩელის ბინაში წყლის ჩასვლას ზემოდან, სადაც მათი ბინა მდებარეობს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ ვითარებაში მოპასუხეებმა, მათი წილი მტკიცების ტვირთის გათვალისწინებით, სარწმუნოდ უნდა დაამტკიცონ, რომ წყალი მათ ბინაში არსებული საკანალიზაციო მილების გადაჭრის ადგილების ტექნიკური გაუმართაობის შედეგად არ ჩასულა.
მხოლოდ ორივე მხარის მიერ მათ წილი მტკიცების ტვირთის სწორად გაწევისა და აღნიშნულის შედეგად შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების სწორად დადგენის შემთხვევაშია შესაძლებელი გაირკვეს, არის თუ არა სახეზე სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შემადგენლობა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მსჯელობას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა სარჩელის თავდაპირველი მოთხოვნის ფარგლებში არასწორია და რომ სააპელაციო სასამართლოს საქმე უნდა განეხილა სააპელაციო საჩივარში წარდგენილი მოთხოვნის ფარგლებში აუდიტის ახალი დასკვნის გათვალისწინებით. ამასთან დაკავშირებით კასატორი უთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული ნორმა ითვალისწინებს სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟის გამოანგარიშებისას დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესს, რაც სრულიად სხვა ურთიერთობაა, ვიდრე ეს მოცემულ შემთხვევაშია სადავო. ამასთან, მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოში გაზარდა დავის საგანი, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.