Facebook Twitter

ას-790-739-2010 2 დეკემბერი, 2010 წელი

ქ.თბილის

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ჯ. მ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე – თ. გ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – არასრულწლოვანი შვილების ერთ-ერთი მშობლისათვის აღსაზრდელად მიკუთვნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. გ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ. მ-შვილის მიმართ განქორწინებისა და შვილების დაბრუნების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2006 წლიდან მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, რა დროსაც შეეძინათ ორი შვილი _ თ. და ი. მ-შვილები.

მოპასუხე ხშირად აყენებდა მოსარჩელეს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც თ.გ-შვილი იძულებული გახდა, დაეტოვებინა მეუღლე, თუმცა მოპასუხემ მას შვილების წაყვანის ნება არ მისცა. ბავშვების მცირე ასაკიდან გამომდინარე, მათ უთუოდ ესაჭიროებათ დედის მოვლა და მასთან განშორება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ბავშვების ფსიქიკას.

მოპასუხემ განქორწინების ნაწილში სარჩელი ცნო, ხოლო შვილების გადაცემის მოთხოვნას არ დაეთანხმა და მიიჩნია, რომ მას ბავშვების აღზრდისათვის უკეთესი პირობები გააჩნია.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით თ. გ-შვილის მოთხოვნა განქორწინებისა და მცირეწლოვანი შვილებისათვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე დაკმაყოფილდა, ჯ. მ-შვილსა და თ. გ-შვილს შორის ქორწინება შეწყდა, მცირეწლოვანი შვილები – 2004 წლის 8 ნოემბერს დაბადებული თ. მ-შვილი და 2006 წლის 10 დეკემბერს დაბადებული ი. მ-შვილი აღსაზრდელად გადაეცა დედას, მოსარჩელე თ. გ-შვილს.

სასამართლოს გადაწყვეტილება ჯ. მ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ივნისის განჩინებით ჯ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მხარეთა შორის ქორწინების შეწყვეტის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხაშურის სამსახურის მიერ 2009 წლის 9 ოქტომბერს გაცემული ¹ა1291593 მოქალაქის პირადობის მოწმობის თანახმად, თ. გ-შვილი დაბადებულია 1982 წლის 27 მარტს ქ.თბილისში და ცხოვრობს ხაშურში, მისამართის გარეშე.

ჭიათურის შს განყოფილების მიერ 2002 წლის 25 ივნისს გაცემული ¹ა0396320 მოქალაქის პირადობის მოწმობით ჯ. მ-შვილი, დაბადებული 1977 წლის 4 აგვისტოს ჭიათურაში, ცხოვრობს ჭიათურის სოფელ ....

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ჭიათურის სამსახურის მიერ 2006 წლის 19 ოქტომბერს გაცემული მნ ¹118947 ქორწინების მოწმობით, თ. გ-შვილი, დაბადებული 1982 წლის 27 მარტს ქ.თბილისში და ჯ. მ-შვილი, დაბადებული 1977 წლის 4 აგვისტოს ჭიათურაში, დაქორწინდნენ 2006 წლის 19 ოქტომბერს სააქტო ჩანაწერი ¹1961 მნ 0081601.

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების მიერ 2004 წლის 10 ნოემბერს გაცემული ნკ ¹180117 დაბადების მოწმობით თ. მ-შვილი დაიბადა 2004 წლის 8 ნოემბერს ჭიათურაში და მისი მშობლები არიან: მამა – ჯ. მ-შვილი და დედა – თ. გ-შვილი.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ჭიათურის სამსახურის მიერ 2006 წლის 12 დეკემბერს გაცემული ნკ ¹546552 დაბადების მოწმობით, ი. მ-შვილი დაიბადა 2006 წლის 10 დეკემბერს ჭიათურაში და მისი მშობლები არიან: მამა – ჯ. მ-შვილი, დედა – თ. გ-შვილი.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების მიერ 2009 წლის 9 ნოემბერს გაცემული ¹02\29 დასკვნა-რეკომენდაციით მოპასუხე ჯ. მ-შვილის ოჯახში ყოველგვარი პირობაა შექმნილი არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდისა და განვითარებისათვის, ოჯახის ყველა წევრი ზრუნავს მათზე. ბავშვების ყველა ძირითადი მოთხოვნილებები (კვება, ჯანმრთელობა, ჩაცმა) დაკმაყოფილებულია.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის ცენტრის მიერ 2009 წლის 18 ნოემბერს გაცემული დასკვნით მოსარჩელე – თ. გ-შვილის ოჯახში საცხოვრებელი პირობები არასახარბიელოა, თუმცა ოჯახში შექმნილია არასრულწლოვანი ბავშვებისათვის თბილი და მზრუნველი გარემო, ბებია-ბაბუა დიდი სიყვარულით ახსენებს შვილიშვილებს, მზად არიან იზრუნონ მათზე. მეზობლების განმარტებით, ა. და მ. გ-შვილებს შესწევთ უნარი, შვილიშვილებს შეუქმნან კეთილსაიმედო და უსაფრთხო გარემო. ოჯახი არის უკონფლიქტო, ოჯახის წევრები პატივისცემით და სიყვარულით ეპყრობიან ერთმანეთს, რაც გამოიხატება მათ მიმართვებში ერთმანეთის მიმართ, შვილიშვილების მათთან ყოფნისას არ აკლებდნენ მზრუნველობასა და სითბოს, თბილი და პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ მეზობლებთან. ოჯახში აღინიშნება რელიგიური და სხვა დღესასწაულები.

პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თ. გ-შვილი არის ჯანმრთელი, არ იმყოფება აღრიცხვაზე არც ჭიათურისა და არც ხაშურის ნარკოლოგიურ კაბინეტში, ასევე არ შემოწმებულა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობის ფაქტის დადგენის მიზნით.

შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ თ. გ-შვილი არის ავად, ეტანება ალკოჰოლს და ა.შ.

საქმეში წარმოდგენილი ხაშურის სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე სასამართლომ ჩათვალა, რომ, მართალია, დედის _ თ. გ-შვილის ოჯახში საცხოვრებელი პირობები არასახარბიელოა, თუმცა ოჯახში შექმნილია არასრულწლოვანი ბავშვებისათვის თბილი და მზრუნველი გარემო და მათ შესწევთ უნარი სრულფასოვნად აღზარდონ და მოუარონ არასრულწლოვან შვილებს.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ დედის ოჯახში არსებულ გარემოში ბავშვები ვერ აღიზრდებიან და ვერ მიიღებენ მატერიალურ და სულიერ საზრდოს, რაც ყველა ნორმალური ადამიანის განვითარებისათვის არის საჭირო.

სააპელაციო სასამართლომ საქმეში სპეციალისტის სახით მოიწვია ფსიქოლოგი, რომელიც შეხვდა საქმეში მონაწილე ყველა მხარეს, მათ შორის ერთ-ერთ არასრულწლოვან თ. მ-შვილს.

ფსიქოლოგმა არასრულწლოვან თ. მ-შვილთან საუბრის შემდეგ განმარტა, რომ იგი დედასთან ცხოვრების კატეგორიული წინააღმდეგია. მამის ნათესავები, განსაკუთრებით მამა, ძალიან უყვარს, დედა კი არა. აღნიშნულის მიზეზად მიუთითა, რომ დედა მას ხშირად სცემდა. ფსიქოლოგის განმარტებით, თ.-მ მასთან საუბრისას განაცხადა, რომ დედა ენატრებოდა, მაგრამ მას შემდეგ რაც სცემა, აღარ ენატრება.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლით და მიიჩნია, რომ შვილების აღზრდის პირად უფლებებსა და მოვალეობებს მშობლები ახორციელებენ არა მარტო თანასწორობის საწყისზე, არამედ არასრულწლოვანი შვილების ინტერესების სასარგებლოდ. დავის შემთხვევაშიც სასამართლოსათვის პრიორიტეტულია სწორედ აღნიშნული გარემოებები. ბავშვის აღზრდის ინტერესებში პალატამ მოიაზრა როგორც მატერიალური, ისე მორალური პირობების შექმნა, შესაბამისად, დაუშვებელია ერთ-ერთი მშობლისათვის შვილის აღსაზრდელად გადაცემაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ მეორე მშობელს უკეთესი მატერიალური მდგომარეობა აქვს. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ბავშვების აღზრდის მორალურ მხარეზე და ასევე იმაზე, რომ აღსაზრდელები არიან მცირეწლოვნები.

პალატა მხარეთა და ფსიქოლოგის განმარტების მოსმენის შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ არასრულწლოვანი შვილები თ. და ი. მ-შვილები უნდა იზრდებოდნენ დედასთან.

სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. გ-შვილმა ხელი არ უნდა შეუშალოს ჯ. მ-შვილის ურთიერთობას შვილებთან. მამამ უნდა მოინახულოს ისინი და მონაწილეობა მიიღოს მათ აღზრდა-განვითარებაში.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჯ. მ-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე

სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ მოცემული საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, 101-ე მუხლის პირველი ნაწილი და არ გაითვალისწინა, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომებში მონაწილეობდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების თანამშრომლები _ ს. კ-ძე და ვ. გ-ძე, რომლებიც წარმოადგენდნენ სოცმომსახურების სააგენტოს იმერეთის რეგიონალური საკორდინაციო ცენტრის ინტერესებს.

მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს არ დაუნიშნავს ბავშვების წარმომადგენელი, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს მათ ინტერესებს დაიცავდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით ჯ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ჯ. მ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია არასრულწლოვანი შვილების აღსაზრდელად ერთ-ერთი მშობლისათვის მიკუთვნების მართლზომიერება. კასატორი ასევე სადავოდ ხდის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმე განიხილა არასრულწლოვან ბავშვთა წარმომადგენლად მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩაუბმელად.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული გარემოება ჯ.მ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება, ვინაიდან აღნიშნულ საპროცესო უზუსტობას არასრულწლოვანი თ. და ი. მ-შვილების უფლებების არსებითად დარღვევა არ გამოუწვევია, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად კი, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო პალატის დასაბუთება ეფუძნება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მითითებული დაწესებულების პოზიცია სასამართლომ საქმის განხილვისას გაითვალისწინა.

ამდენად, არასრულწლოვანი ბავშვების წარმომადგენლად მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩართვის გარეშე დავის გადაწყვეტის მოტივით გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ჯ. მ-შვილს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2010 წლის 27 ივლისსა და 25 სექტემბერს გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ჯ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ ჯ. მ-შვილს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.