საქმე # 330100119002858310
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №131აპ-20 ქ. თბილისი
ვ. ვ., 131აპ-20 1 ივლისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ნოებრის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. ვ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჩ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ნოებრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. ვ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ჩ-მ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ვ. ვ-ს მიმართ გამამართლებელი გ ანაჩენის დადგენას, შემდეგი მოტივებით:
გასაჩივრებული განაჩენი უკანონო, უსამართლო და დაუსაბუთებელია; სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; საქმეში არ მოიპოვება ერთი მტკიცებულებაც კი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ნ. კ-სგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ეკუთვნოდა ვ. ვ-ს; საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერით არ დგინდება, თუ ვინ არის ასახული ჩანაწერში და არ ჩანს ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ფაქტი. ამასთან, მასში არ საუბრობენ ნარკოტიკულ საშუალებაზე; მოწმე ნ. კ. პირადი დაინტერესებით ცრუობს და ატყუებს სასამართლოს; საქმეში არ მოიპოვება ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, არ არის დადგენილი გენეტიკური პროფილი, ასევე არ არის ჩატარებული მიკრონაწილაკებისა და ფონოსკოპიური ექსპერტიზები; ვ. ვ. შემთხვევის ადგილზე არ დაუკავებიათ და მაშინვე არ დალუქულა გასაღებული ნარკოტიკული საშუალება, რაც გაუგებარია; მტკიცებულებებით არ დგინდება ვ. ვ.ს რაიმე კავშირი ნარკოტიკულ საშუალებასთან და, შესაბამისად, გამორიცხული არ არის მისი გამოცვლის შესაძლებლობა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ივნისის განაჩენით ვ. ვ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით - 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. ვ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ვ. ვ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 22 იანვრიდან.
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით - საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ვ-მ ჩაიდინა: დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი არაერთგზის.
მსჯავრდებულ ვ. ვ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 31 ივლისის განაჩენით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღებისათვის ნასამართლევმა ვ. ვ-მა არაერთგზის, უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 0,9072 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რომელიც 2018 წლის 23 ნოემბერს ...ში, 900 (ცხრაასი) ლარად არაერთხელ, უკანონოდ გაასაღა ნ. კ-ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ვ. ვ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ჩ-მ. აპელანტებმა საჩივრით მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის გამართლება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ნოებრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას მსჯავრდებულ ვ. ვ.ს უდანაშაულობის შესახებ და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ ვ. ვ.ს ბრალეულობა შერაცხულ მსჯავრდებაში, კერძოდ: მოწმე ნ. კ-ს, ჩვენებით, ვ. ვ-ს დაკავების ოქმით, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ოქმით, ფარული აუდიო-ვიდეოგადაღების შედეგად მოპოვებული მასალებით, ამოღების ოქმით, ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო და კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 31 ივლისის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 იანვრის განჩინებითა და საქმის სხვა მასალებით.
8. საფუძველს მოკლებულია დაცვის მხარის მოსაზრება, რომ მოწმე ნ. კ. ცრუობს და რომ ფარული აუდიო-ვიდეოგადაღებით არ იკვეთება მსჯავრდებულის მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ არ არსებობს მოწმე ნ. კ-ს ჩვენების არგაზიარებისა და საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი, ვინაიდან მისი ჩვენება არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და სრულად შეესაბამება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მათ შორის - ფარული აუდიო-ვიდეოგადაღებით მოპოვებულ ინფორმაციას. თავის მხრივ, ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო და კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა,რომ მითითებულ ვიდეოჩანაწერს არ აღენიშნება მონტაჟის ნიშნები, ხოლო სასამართლოში მისი გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადგინდა, რომ მასში ასახული პირი არის ვ. ვ. ნიშანდობლივია ისიც, რომ ამ ჩანაწერში მსჯავრდებული ვ. ვ. და მოწმე ნ. კ. საუბრობენ სწორედ ნარკოტიკული საშუალების ხარისხზე, ოდენობაზე, შემადგენლობასა და ღირებულებაზე.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ვ. ვ.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი