Facebook Twitter

ას-793-742-2010 16 სექტემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ჯ. შ-ძის უფლებამონაცვლე გ. ხ-ი

წარმომადგენელი _ თ. გ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. ბ-შვილი, თ. ქ-შვილი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჯ. შ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. ბ-შვილისა და თ. ქ-შვილის მიმართ მოპასუხეთა მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: ქ.ბათუმში, ... ქ.¹36-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/4 ნაწილი მისი საკუთრებაა, კერძოდ, „ლიტერ-ა-ში“ საცხოვრებელი ოთახები 38 კვ.მ 32 კვ.მ და 38 კვ.მ. ეს ოთახები დაკავებული აქვთ მოპასუხეებს როგორც მდგმურებს, რომლებიც 1990 წლიდან ბინის ქირას აღარ იხდიდნენ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეები ქ. ბ-შვილი და თ. ქ-შვილი გამოსახლებულ იქნენ მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი სადგომიდან, მდებარე, ქ.ბათუმში, ... ქ.¹36, ლიტერ „ა“-ს პირველი სართულის ¹32, ¹36 და ¹37 ოთახებიდან.

ქ. ბ-შვილმა და თ. ქ-შვილმა ასევე აღძრეს სარჩელი სასამართლოში ჯ. შ-ძის მიმართ და აღნიშნეს, რომ ბათუმში, ... ქ¹36-ში 18 კვ.მ ფართში სახელმწიფოს მიერ იქნენ შესახლებული 1937 წელს ამავე წლის 15 ივნისის ნებართვით. მოსარჩელეებმა მოითხოვეს 1991 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ასევე პრივატიზაციის უფლების მქონე პირად ცნობა, რადგან ამ ფართს 1937 წლიდან ფლობენ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ბ-შვილმა და თ. ქ-შვილმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 10 ნოემბრის განჩინებით მოცემული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად, ამავე სასამართლოს 2010 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით ქ. ბ-შვილისა და თ. ქ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 5 აპრილს გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი, რომლითაც ჯ. შ-ძის უფლებამონაცვლე გ. ხ-ის სარჩელი ქ. ბ-შვილსა და თ. ქ-შვილის გამოსახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ხ-შის წარმომადგენელმა თ. გ-ძემ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. შ-ძის უფლებამონაცვლე გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამდენად, მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, კანონმდებელი სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრებისათვის იმპერატიულად ადგენს ერთთვიან ვადას. აღნიშნული ვადის დენა იწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების (განჩინების) მოდავე მხარეთათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გადაცემის დღის მომდევნო კალენდარული დღიდან და მისი გაგრძელების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება 2010 წლის 17 ივნისს ჩაბარდა კასატორის წარმომადგენლის ოჯახის სრულწლოვან წევრს მ.ბ-შვილს, ამავე დღეს ჩაბარდა სასამართლო გზავნილი ადრესატის თანამშრომელს ადვოკატ ი.თ-ძეს თ.გ-ძის სამუშაო ადგილის მისამართზე (იხ.ტ.III, ს.ფ.266-267).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლო შეტყობინება ეგზავნება უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს და კანონმდებელი მითითებულ პირთაგან ერთ-ერთისათვის ჩაბარებას განიხილავს კანონმდებლობით დადგენილი ან სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის დენის დასაწყისად. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად კი მხარის მიერ მითითებულ მისამართზე უწყების ჩამბარებლის მიერ ადრესატის მოუძიებლობის შემთხვევაში, სასამართლო შეტყობინება ბარდება ადრესატის ოჯახის სრულწლოვან წევრს, ხოლო სამუშაო ადგილის მისამართზე შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში იგი ჩაბარებულად ჩაითვლება ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სუბიქტთაგან ერთ-ერთისათვის ჩაბარების შემთხვევაში. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 18 მაისის დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაბარდა კასატორის წარმომადგენლის ოჯახის სრულწლოვან წევრს, ასევე ადვოკატ ი.თ-ძეს 2010 წლის 17 ივნისს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრებისათვის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილი ერთთვიანი ვადის დენა ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე დაიწყო 2010 წლის 18 ივნისს და რადგანაც ვადის უკანასკნელი დღე _ 18 ივლისი ემთხვეოდა დასვენების დღეს _ კვირას, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, ამოიწურა ამავე წლის 19 ივლისს. კასატორის წარმომადგენელმა თ.გ-ძემ კი სასამართლოს მიმართა 2010 წლის 26 ივლისს (იხ. ტ.III, ს.ფ.274-275), საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით. აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ჯ. შ-ძის უფლებამონაცვლე გ. ხ-შის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.