Facebook Twitter

¹ას-795-1082-09 14 იანვარი, 2010წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – რ. გ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – მ. მ-ოვი, გ. მ-ოვი (მოპასუხეები)

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს

2009 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიას 2008 წლის 15 აპრილს სარჩელით მიმართა რ. გ-ძემ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოსარჩელე 1962 წლიდან დღემდე ცხოვრობს ... 50-ში მდებარე ¹6-ში მეუღლესთან ერთად, ბინა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე. მოსარჩელე განმარტავს, რომ მის ბინაში ცხოვრობენ მისი შვილი მ. მ-ოვი და რძალი მ. ტ-ური შვილთან - გ. მ-ოვთან ერთად, რომლებთანაც აქვს დაძაბული ურთიერთობა, ისინი მოსარჩელეს არ აძლევენ საშუალებას, როგორც კანონიერმა მესაკუთრემ, ისარგებლოს თავისი საკუთრებით. მოპასუხეები მოსარჩელის მიმართ ახორციელებენ მორალურ ზეწოლას. აღნიშნულის შესახებ ისინი გაფხთილებული იყვნენ ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების მიერ, თუმცა უშედეგოდ.

მოსარჩელემ მოითხოვა, გ. მ-ოვისა და მ. ტ-ურის გამოსახლება ქ.თბილისში, ... ¹50-ში მდებარე ¹6 ბინიდან, ასევე მოპასუხეებისათვის მათი კუთვნილი ნივთებისაგან ბინის განთავისუფლების დავალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილები რ. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მ. და გ. მ-ოვებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით მ. და გ. მ-ოვების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა რ. გ-ძემ. მან მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ მიიღო ისეთი მტკიცებულება, რომელიც მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოში შეეძლო წარედგინა და გაუგებარია რა საფუძვლით ჩათვალა სააპელაციო სასამართლომ საპატიოდ აღნიშნული მტკიცებულების წარუდგენლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში. სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, გამცდარიყო მოთხოვნის ფარგლებს და ემსჯელა აპელანატების საკუთრების უფლების არსებობა-არარსებობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით რ. გ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 10 – დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას რ. გ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. გ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. რ. გ-ძეს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (300 ლარის) 70% - 210 ლარი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.