¹ ას-799-853-2011 30 ივნისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ სს «კ. ც-ი» (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «რ. კ-ი» (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი _ თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს «რ. კ-მა» სარჩელი აღძრა სასამართლოში სს «კ. ც-ის» მიმართ ზიანის _ 450000 აშშ დოლარისა და 48727,79 ლარის, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით 700000 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 225000 აშშ დოლარის გადახდა, აღნიშნული თანხის წლიური 9%-ის ანაზღაურება 2009 წლის 8 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სს «კ. ც-მა» გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:
შპს «რ. კ-ი» რეგისტრირებულია 2000 წლის 21 დეკემბერს კოდით ¹.... მისი დირექტორია ფ. ა-ლი. სს «კ. ც-ი» რეგისტრირებულია 2008 წლის 15 მაისს საიდენტიფიკაციო კოდით ¹..., რომლის დირექტორია გ. ტ-ძე.
2008 წლის 12 აგვისტოს ქ. თბილისში შედგა განზრახულებათა წერილი, რომელსაც ხელს აწერენ შპს «ფ. მ-ის» დირექტორი ი. ჰ-გი, სს «კ. ც-ის» პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი დ. ფ-სი, სს «კ. ც-ის» თავმჯდომარე პ. რ-კო, შპს «რ. კ-ის» აღმასრულებელი დირექტორი ლ. შ-ძე. წერილი ხელმოწერილია 19 აგვისტოს.
2008 წლის 27 აგვისტოს სს «კ. ც-მა» შპს «რ. კ-ის» საბანკო ანგარიშზე გადარიცხა 300 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. საგადასახადო დავალებაში გადახდის დანიშნულების გრაფაში მითითებულია ...ის კირქვის საბადოს სალიცენზიო მოსაკრებლის ნაწილი.
2008 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გამოაცხადა აუქციონი სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიის მოპოვებაზე, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად შპს «რ. კ-მა» შეიტანა განაცხადი და 450 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი ბეს სახით.
ბეს თანხის ნახევარი _ 225 000 აშშ დოლარი, გადახდილი იყო სს «კ. ც-ის» მიერ გადარიცხული 300 000 აშშ დოლარიდან, ხოლო მეორე ნახევარი გადაიხადა შპს «რ. კ-მა». ამდენად, სს «კ. ც-ის» მიერ გადარიცხული 300 000 აშშ დოლარიდან დარჩენილი იყო 75000 აშშ დოლარი.
2008 წლის 9 ოქტომბერს ჩატარებულ აუქციონში გაიმარჯვა შპს «რ. კ-მა» და, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 20 ოქტომბრის ¹1-1/2260 ბრძანების საფუძველზე, 21 ოქტომბერს შპს «რ. კ-ის» სახელზე გაიცა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია 20 წლის ვადით მარნეულის რაიონის ...ის საცემენტე კირქვის საბადოზე კირქვის მოპოვების მიზნით. ლიცენზიის მთლიანი საფასური უნდა გადახდილიყო შემდეგი გარაფიკით: 3 175 000 აშშ დოლარი – 2009 წლის 15 იანვრამდე, 3 175 000 აშშ დოლარი – 2009 წლის 15 ივლისამდე. 2008 წლის 21 ნოემბერს სს «კ. ც-მა» ელექტრონული წერილით აცნობა შპს «რ. კ-ს», რომ, მხარეთა შორის სხვადასხვა საკითხებზე უთანხმოებისა და შპს «რ. კ-ისადმი» ნდობის დაკარგვის გამო, მასთან ურთიერთობას წყვეტდა და ითხოვდა წიაღისეულის ლიცენზიის მოპოვებისათვის მის მიერ გაღებულ ხარჯს _ 225 000 აშშ დოლარს.
2009 წლის 8 იანვარს შპს «რ. კ-მა» ელექტრონული წერილით სს «კ. ც-ს» მოსთხოვა ლიცენზიის ღირებულების ნახევრის გადახდა. 2009 წლის 13 იანვარს სს «კ. ც-მა» კვლავ აცნობა შპს «რ. კ-ს», რომ აღარ მიიღებდა მონაწილეობას ...ის პროექტის განხორციელებაში.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის ¹1-1/742 ბრძანებით, ლიცენზიის საფასურის გადაუხდელობის გამო, ძალადაკარგულად გამოცხადდა შპს «რ. კ-ზე» ლიცენზიის გაცემის შესახებ 2008 წლის 20 ოქტომბრის ბრძანება და გაუქმდა შპს «რ. კ-ზე» გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია.
ასევე დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გამხდარა, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა დაიწყო მარნეულის რაიონში, ...ის საბადოზე წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მიღების მიზნით, რათა შემდგომ დაეფუძნებინათ ერთობლივი საწარმო, რომელსაც უნდა გადასცემოდა ლიცენზია, ან სს «კ. ც-ი» უნდა გამხდარიყო შპს «რ. კ-ის» 50% წილის მფლობელი.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2008 წლის 12 აგვისტოს განზრახულებათა წერილი მართებულად არ მიიჩნია შპს «რ. კ-სა» და სს «კ. ც-ს» შორის წინარე ხელშეკრულებად მომავალში საწარმოს ერთობლივად დაფუძნების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული წერილი თავისი შინაარსით არ წარმოადგენს მხარეთათვის მავალდებულებელ დოკუმენტს და წინარე ხელშეკრულებას წიაღისეულის მოპოვების მიზნით საწარმოს (იურიდიული პირის) ერთობლივად შექმნაზე და ასახავს მხოლოდ სავარაუდო სამომავლო გეგმების და სხვადასხვა საკითხებზე სავარაუდო გათვლების დაფიქსირებას.
ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ განზრახულებათა წერილი არ წარმოადგენს მისი ხელმოწერის დროისათვის «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონით დადგენილი წესით შედგენილ წინარე ხელშეკრულებას მომავალში საწარმოს ერთობლივად დაფუძნების თაობაზე.
2008 წლის 12 აგვისტოს განზრახულობათა წერილის მე-10 პუნქტში მითითებულია, რომ ტენდერის ხელმძღვანელობის (ანუ ეკონომიკის სამინისტროს) მიერ მოთხოვნილი კეთილი ნების დეპოზიტი შეადგენს 600 000 აშშ დოლარს, რომელიც დაუბრუნდება მფლობელს, თუ იგი ვერ გაიმარჯვებდა ტენდერში ან კრედიტად დაჯდებოდა ლიცენზიის ღირებულებაში გამარჯვების შემთხევაში. ამავე წერილის მე-11 პუნქტით, «მხარეები თანხმდებიან, რომ ისინი თანაბრად დააფინანსებენ კეთილი ნების დეპოზიტს _ 600 000 აშშ დოლარს და განვითარების ეტაპის სავარაუდო ბიუჯეტს _ 7.5 მლნ აშშ დოლარს. მხარეების საკუთრებაში იქნება ...ის პროექტის 100% საანგარიშო პერიოდის დახურვამდე.”
აღნიშნულის და ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ სს «კ. ც-მა» 300 000 აშშ დოლარი (600 000-ის ნახევარი) გადაიხადა ლიცენზიის მოსაპოვებლად წინასწარი შესატანის სახით, პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ მხარეები შეთანხმებული იყვნენ ლიცენზიის მთლიანი ღირებულების თანაბარწილად გადახდაზე.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას საფუძვლად დაუდო ნორმათა სწორი განმარტება.
სააპელაციო პალატამ თავისი განჩინება დააფუძნა სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 52-ე, 930-ე მუხლებს, 932-ე მუხლის პირველ ნაწილს, 934-ე მესამე ნაწილს 361-ე მუხლს, 938-ე მუხლის პირველ ნაწილს, 394-ე მუხლის პირველ ნაწილს, 411-ე და 412-ე მუხლებს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება სს «კ. ც-მა» გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში გამოსარკვევია არა გამოხატული ნების განმარტება, არამედ ზოგადად ნების გამოხატვის არსებობა.
სააპელაციო პალატას ასევე არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლი, 932-ე მუხლის პირველი ნაწილი, 934-ე მუხლი და 938-ე მუხლის პირველი ნაწილი, რადგან მითითებული ნორმები არეგულირებს ამხანაგობასთან დაკავშირებულ საკითხებს. მოცემულ შემთხვევაში სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ხელშეკრულება საერთოდ არ დადებულა, ხოლო ე.წ. «განზრახულობათა წერილი» წარმოადგენს არა ამხანაგობის ხელშეკრულებას, არამედ აფიქსირებს მხარეთა სამომავლო სურვილებს.
სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსი 361-ე მუხლი. აღსანიშნავია, რომ კეთილი ნების დეპოზიტი თავისი შინაარსით განსხვავდება ლიცენზიის საფასურისაგან. კეთილი ნების დეპოზიტის თანადაფინანსება შეთანხმებული იყო განზრახულობათა წერილით, ხოლო ლიცენზიის საფასურს არ ეხება არც ერთი დოკუმენტი.
სააპელაციო პალატას მოცემული დავის გადაწყვეტისას უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 59-ე, 50-ე და 391-ე მუხლებით. აღნიშნულის წინააღმდეგ კი სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა კასატორის არგუმენტზე ამხანაგობის ხელშეკრულების ფორმალური მოთხოვნების დაუცველობის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ივნისის განჩინებით სს «კ. ც-ის» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს «კ. ც-ის» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სს «კ. ც-ს» უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2011 წლის 13 მაისს გადახდილი 8000 ლარის 70% _ 5600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს «კ. ც-ის» საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ სს «კ. ც-ს» (პირადი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 5600 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.