Facebook Twitter

¹ ას-802-856-2011 16 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ მ. რ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ დ. ქ-ძე, ო. ვ-ია, დ. ქ-ძე, მ. ქ-შვილი, მ. ა-ნი, ლ. კ-ია (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი _ სესხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ქ-ძემ, ო. ვ-იამ, დ. ქ-ძემ, მ. ქ-შვილმა, მ. ა-ნმა და ლ. კ-იამ სარჩელი აღძრეს სასამართლოში მ. რ-ძის მიმართ დ. ქ-ძის სასარგებლოდ 17000 აშშ დოლარის, ო. ვ-იასათვის _ 6000 აშშ დოლარის, დ. ქ-ძისათვის _ 4000 აშშ დოლარის, მ. ქ-შვილისათვის _ 8000 აშშ დოლარის, მ. ა-ნისათვის _ 3000 აშშ დოლარისა და ლ. კ-იასათვის 2000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ. მოსარჩელეთა განმარტებით, 2008 წლის 30 იანვრის მხარეთა შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. მოპასუხემ აღნიშნული გარიგებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ხელშეკრულება დაიდო მოტყუებით. რეალურად თანხა გადაეცა ნ. ს-ს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტ მ. რ-ძის მოსაზრება, რომ მას მოსარჩელეებისაგან თანხა არ მიუღია და სასამართლო თანხის გადაცემის ფაქტის დასადასტურებლად დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელეების ახსნა-განმარტებებს. აღნიშნულთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 103-ე მუხლებზე და მართებულად დაასკვნა, რომ მ. რ-ძემ მოსარჩელეებისაგან სადავო თანხის მიუღებლობის ფაქტი ვერ დაადასტურა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მიერ სადავო თანხის სესხება მოსარჩელეთა ახსნა-განმარტებების გარდა, ასევე დასტურდება 2008 წლის 30 იანვარს მხარეთა შორის ნოტარიულად გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით და თვით მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი საბრალდებო დასკვნით. ამასთან, საგულისხმოა, რომ მოპასუხე მხარეს საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე მოსარჩელეებთან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების სანოტარო წესით დადების ფაქტი სადავოდ არ გაუხდია. იგი მიუთითებდა, რომ მოსარჩელეებისაგან გადაცემული თანხიდან აიღო მხოლოდ მცირე ნაწილი, დანარჩენი კი თაღლითურად მიითვისა მისმა ნათესავმა ნ. ს-მა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. რ-ძის დეიდაშვილის შვილ ნ. ს-ის მიერ მოპასუხის მოტყუების ფაქტი მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილობის საფუძველს არ წარმოადგენს და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის სამოქალაქო პასუხისმგებლობას მოსარჩელეთა წინაშე არ გამორიცხავს.

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 361-ე მუხლის მეორე ნაწილის, 317-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 623-ე მუხლის თანახმად, პალატამ ჩათვალა, რომ არსებობდა დ. ქ-ძის, ო. ვ-იას, დ. ქ-ძის, მ. ქ-შვილის, მ. ა-ნის და ლ. კ-იას სარჩელის დაკმაყოფილებისა და სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის _ 40000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. რ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა არასწორად შეაფასა და სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 623-ე მუხლები არასწორად გამოიყენა. ფაქტობრივად კასატორს სადავო სესხი არ აუღია.

ამასთან, მოცემული საქმის განხილვის პარალელურად მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ნ. ს-ის მიმართ. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩინებით ნ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თაღლითობის ჩადენის ფაქტში. ამდენად, სასამართლო განაჩენით დასტურდება, რომ მ. რ-ძეს მოსარჩელეებისაგან თანხა არ მიუღია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 მაისის განჩინებით მ. რ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მ. რ-ძემ წარმოადგინა ¹..., ¹... განცხადებები, რომელთაც დაურთო მასალები სულ _ 29+65=94 ფურცლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. რ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

მ. რ-ძეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ¹..., ¹... განცხადებებზე დართული წერილობითი მტკიცებულებები 94 ფურცლად, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. რ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

მ. რ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ ¹..., ¹... განცხადებებზე დართული წერილობითი მტკიცებულებები 94 ფურცლად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.