Facebook Twitter

ას-804-753-2010 16 სექტემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ გ. ა-ანი (შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. გ-ავა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ძირითად სარჩელში _ უკანონო ხელშელშლის აღკვეთა, შეგებებულ სარჩელში _ მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლების მინიჭება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. გ-ავამ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ა-ანის მიმართ მოსარჩელის კუთვნილ, ქ.თბილისში, ... ქ¹20-ში მდებარე ნივთით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო: მოპასუხე გ.ა-ანი ცდილობს ისარგებლოს მოსარჩელის კუთვნილი ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთით, კერძოდ, სურს ავტომობილით შევიდეს თავის ეზოში. გ.ა-ანი ხელს უშლის მ.გ-ავას ღობის გამაგრებაში და, მიუხედავად სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციისა, გ.ა-ანი ნაკვეთს მიიჩნევს მისსავე საკუთრებად.

მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მ.გ-ავას კუთვნილ მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლების მინიჭება შემდეგი საფუძვლებით: სადავო ტერიტორია მოქცეულია გ.ა-ანის კუთვნილ ტერიტორიაზე. აღნიშნული მიწა 1939 წლიდან წარმოადგენდა საერთო სარგებლობის გზას, იგი ერთადერთი მისასვლელია მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან. სხვადასხვა დროს დასახელებული მიწით სარგებლობდნენ ........... ქ¹19ა-ში მდებარე უძრავი ნივთის მესაკუთრეები. ის გარემოება, რომ სადავო მიწა წარმოადგენდა საერთო სარგებლობის გზას დასტურდება იმითაც, რომ მოდავე მხარეთა ნაკვეთების მიჯნაზე განთავსებულია ჭიშკარი. ამასთან, სადავო გზა წარმოადგენს გ.აბრამანის ეზოსთან დასაკავშირებელ ერთადერთ გზას და მ.გ-ავას მიერ ეზოს გადაღობვით მას მოესპო ეზოში შესვლის შესაძლებლობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ა-ანის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თავდაპირველი სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. ა-ანს აღეკვეთა მ. გ-ავას კუთვნილ უძრავ ნივთზე (მდებარე ქ. თბილისი, ... ქ. ¹20) მესაკუთრის უფლების განხორციელებაში ხელშეშლა შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ.თბილისში, ... ქ. ¹20ა-ში (მიწის ნაკვეთის ფართით 610 კვ.მ. 015/01-ზე) და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე ¹1, ¹2, ¹3 რეგისტრირებულია მ. გ-ავას საკუთრების უფლება, ხოლო ქ.თბილისში, ........... ქ. ¹19ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე რეგისტრირებულია გ. ა-ანის საკუთრების უფლება. დასახელებული მიწის ნაკვეთები განლაგებულია ერთმანეთის მომიჯნავედ. გ. ა-ანი წინააღმდეგია მ. გ-ავასა და მის კუთვნილ ნაკვეთებს შორის არსებული რკინის ჭიშკარი იქნეს გაუქმებული და მის ნაცვლად განთავსდეს ნაკვეთების გამყოფი ღობე. ამასთან, გ.ა-ანი ცდილობს მ. გ-ავას კუთვნილი მიწის ნაკვეთის გამოყენებას, რის საშუალებასაც არ აძლევს მოწინააღმდეგე მხარე. გ. ა-ანის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილზე განლაგებულია სახლი, ხოლო ნაწილი დატოვებულია და გამოყენებულია ეზოდ, ამასთან, დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, რომელიც განთავსებულია ........... ქუჩის მხარეს, მთელ პარამეტრზე განლაგებულია გ. ა-ანის კუთვნილი შენობა-ნაგებობა (სახლი) და სამანქანო შესასვლელი ეზოში არ არის დატოვებული. ასევე უდავოდ დადგენილია, რომ ........... ქუჩიდან გ. ა-ანის კუთვნილ სახლს გააჩნია შესასვლელი უშუალოდ შენობაში. საჯარო რეესტრის მონაცემებით დადგენილია, რომ მ. გ-ავას კუთვნილი მიწის ნაკვეთი სერვიტუტით არ არის დატვირთული. გ.ა-ანი შეგებებული სარჩელის მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ მ.გ-ავას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებობდა სამანქანო გზა და წლების განმავლობაში დასახელებული მიწის ნაკვეთის ყოფილი მესაკუთრეები სარგებლობდნენ აღნიშნული სამანქანო გზით. ამასთან, მხარე მიუთითებს იმ ჭიშკარზეც, რომელიც დღესაც არსებობს და განთავსებულია მხარეთა კუთვნილი მიწის ნაკვეთების საზღვარზე. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ მტკიცების ტვირთზე და განმარტა, რომ დასახელებული მიწის ნაკვეთის საერთო სარგებლობისა და აუცილებელ გზად მიჩნევის მტკიცება წარმოადგენს შეგებებული სარჩელის ავტორის ტვირთს. გ.ა-ანის მტკიცება მიმართულია იქითკენ, რომ დადასტურებული იქნეს უძრავი ნივთის ამა თუ იმ სანივთო, თუ ვალდებულებითი უფლებით დატვირთულობა, ანუ მხარე ერთ შემთხვევაში აღნიშნავს, რომ მ.გ-ავას მიწის ნაკვეთის ნაწილი წარმოადგენს საერთო სარგებლობის გზას, რამდენადაც წარმოდგენილი ნახაზების მიხედვით 1939 წლიდან იგი წარმოადგენდა სამანქანო გზას. ასევე უთითებს, რომ დასახელებული გზა წარმოადგენს აუცილებელ გზას და შესაბამისად, მ.გ-ავამ უნდა ითმინოს მიწის ნაკვეთის გამოყენება. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი არც ერთი წერილობითი დოკუმენტი არ ადასტურებს ამ დროისათვის სადავო მიწის ნაკვეთზე რაიმე საერთო სარგებლობის გზის არსებობას. რაც შეეხება მოწმე ოგანესიანის ჩვენებას, რომლითაც მან დაადასტურა, რომ ამ მიწის ნაკვეთით წლების განმავლობაში სარგებლობდნენ სხვადასხვა მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეები და, რომ ა-ანის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ყოფილი მესაკუთრეები სარგებლობდნენ მ.გ-ავას მიწის ნაკვეთით, თავისთავად არ ადასტურებს დასახელებული ნაკვეთის რაიმე სანივთო უფლებით დატვირთვის ფაქტს. ამასთან, აღნიშნული გარემოება დადასტურებულია თავად მ.გ-ავას წარმომადგენლის _ ო.გ-ავას განმარტებითაც, რომ მიწის ნაკვეთით მართლაც სარგებლობდა გ.ა-ანის კუთვნილი ნაკვეთის ყოფილი მესაკუთრე, მაგრამ აღნიშნული ხორციელდებოდა ნათესაური ურთიერთობის საფუძველზე. მათი მხრიდანაც ყოფილა ამგვარი ნება გამოვლენილი და გარკვეული დანადგარები გ.ა-ანის კუთვნილი ნაკვეთის ყოფილ მესაკუთრეს სწორედ მ.გ-ავას მიწის ნაკვეთის გამოყენებით გაატანინეს. რაც შეეხება გ.ა-ანის და მისი წარმომადგენლის მოსაზრებას, რომ, ვინაიდან მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით სარგებლობდა ამ ნაკვეთის ყოფილი მესაკუთრე და ის გარემოება, რომ მხარეთა ნაკვეთების საზღვარზე დღეის მდგომარეობითაც განთავსებულია ჭიშკარი, სასამართლომ მიიჩნია, რომ მ.გ-ავას კუთვნილი მიწის ნაკვეთით სარგებლობა შეიძლება განხორციელებულიყო და ამჟამადაც განხორციელდეს მეზობელთა შეთანხმებისა და კეთილი ნების გამოვლენის საფუძველზე, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს გ.ა-ანის სასარგებლოდ მ.გ-ავას ნაკვეთის დატვირთვის ფაქტის არსებობას.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ა-ნმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 13 მაისის განჩინებით გ.ა-ანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ საქმეში წარმოდგენილი არც ერთი წერილობითი დოკუმენტით არ დასტურდება მოცემული დროისათვის სადავო მიწის ნაკვეთზე რაიმე საერთო სარგებლობის გზის არსებობა, ასევე სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის განმარტება. სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ არ არსებობდა გ.ა-ანის მიერ მისი საკუთრებით სარგებლობისათვის მ.გ-ავას კუთვნილი ნაკვეთის გამოყენების აუცილებლობა, რამდენადაც აპელანტის ნაკვეთი უშუალოდ ესაზღვრება საჯარო გზას, ........... ქუჩას, გ.ა-ანს ........... ქუჩიდან აქვს მოწყობილი შესასვლელი უშუალოდ სახლში, საიდანაც ასევე შეუძლია შევიდეს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე. ის გარემოება, რომ, შენობის მიწის ნაკვეთის მთელ პერიმეტრზე განთავსების გამო, შეუძლებელი ხდება თავისუფალ ნაკვეთში (ეზოში) მანქანით შესვლა, არ წარმოშობს მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრის (მ.გ-ავას) ვალდებულებას ითმინოს მისი ნაკვეთით სარგებლობა გ.ა-ანის მიერ. პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას, რომ ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირის არარსებობა საჯარო გზებთან, გულისხმობს ამგვარი შესაძლებლობის არარსებობასაც. ის, რომ მესაკუთრეს არა აქვს შესაძლებლობა მანქანით შევიდეს კუთვნილ ნაკვეთში, მიუხედავად იმისა, რომ მიწის ნაკვეთი უშუალოდ ესაზღვრება საჯარო გზას, განპირობებულია არა იმით, რომ ობიექტურად არ გააჩნია შესაძლებლობა ასეთი კავშირის არსებობისა, არამედ იმ გარემოებით, რომ მისივე შენობის განლაგების გამო არ ეძლევა ამის საშუალება. აღნიშნული კი გამორიცხავს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების წარმოშობის სამართლებრივ შესაძლებლობას. მართალია, აღნიშნული შენობა და ნაკვეთი ამ სახით შეიძინა ა-ანმა და უშუალოდ თვითონ არ მოუხდენია ამ ნაკვეთზე შენობის ამგვარად განთავსება, თუმცა ფაქტობრივად, ნაკვეთის ყოფილმა მესაკუთრემ თავადვე შეიზღუდა თავი იმით, რომ შენობა განათავსა ქუჩის მომიჯნავე ნაკვეთის მთელ პერიმეტრზე და არ დატოვა მანქანის შესასვლელი. პალატის მითითებით, ის გარემოება, რომ უშუალოდ გ.ა-ანის მიერ არ განხორციელებულა მშენებლობა ისეთი სახით, როგორითაც იგი ამჟამად არსებობს, არ გულისხმობს მისი, როგორც ახალი მესაკუთრის უფლების წარმოშობას, ისარგებლოს მეზობელი ნაკვეთით, როგორც აუცილებელი გზით. პალატამ ასევე გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთება მ.გ-ავას თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ა-ანმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მ.გ-ავას კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გამავალი გზის გახსნის დავალდებულება შემდეგი დასაბუთებით: სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავო მიწის ნაკვეთის საერთო სარგებლობის გზად მიჩნევისათვის, ასევე არასწორად განმარტა სამოქალაქო კოედექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილი. დასახელებული ნორმა ეხება ნაკვეთის არაჯეროვან გამოყენებას. კასატორის კუთვნილ სახლში ........... ქუჩის მხრიდან შესასვლელი კარის არსებობა არ გამორიცხავს მ.გ-ავას ვალდებულებას მოითმინოს მისი მიწის ნაკვეთით, როგორც აუცილებელი გზით სარგებლობა. ასევე გამორიცხულია კასატორის ბრალეულობა სახლის განლაგებასთან მიმართებით, რადგანაც ის აგებულია 1939 წელს მაშინ არსებული სახელმწიფო ნებით. თავად მ.გ-ავას წინამორბედს სადავო მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გააჩნდა და მიწით სარგებლობაზე უარის ართქმით მან აღნიშნულზე ფაქტობრივად თანხმობა განაცხადა. კასატორის მითითებით, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მისი კუთვნილი სახლი აშენებულია 1939 წელს და ნაგებობა ამორტიზებულია, რის გამოც ........... ქუჩიდან გზის გახსნა არ არის შესაძლებელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ა-ანის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამდენად, მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, კანონმდებელი სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრებისათვის იმპერატიულად ადგენს ერთთვიან ვადას. აღნიშნული ვადის დენა იწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების (განჩინების) მოდავე მხარეთათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გადაცემის დღის მომდევნო კალენდარული დღიდან და მისი გაგრძელების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 მაისის განჩინება 2010 წლის 22 ივლისს პირადად ჩაბარდა კასატორის წარმომადგენელ ზ. ხ-ძეს (იხ.ტ.II, ს.ფ.641).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლო შეტყობინება ეგზავნება უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს და კანონმდებელი მითითებულ პირთაგან ერთ-ერთისათვის ჩაბარებას განიხილავს კანონმდებლობით დადგენილი ან სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის დენის დასაწყისად. განსახილველ შემთხვევაში კი დასტურდება, რომ მხარის მიერ მითითებულ მისამართზე გაგზავნილი სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 13 მაისის დასაბუთებული განჩინება ჩაბარდა წარმომადგენელს 2010 წლის 22 ივლისს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრებისათვის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილი ერთთვიანი ვადის დენა ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე დაიწყო 2010 წლის 23 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 23 აგვისტოს. კასატორმა კი სასამართლოს მიმართა 2010 წლის 24 აგვისტოს (იხ. ტ.II, ს.ფ.65), საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით. აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ა-ანის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.