ას-805-754-2010 18 ოქტომბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე თ. თოდრია
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. თ-ძისა და ა. ა-ელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 მაისის განჩინებაზე, საქმეზე, ა. მ-შვილის სარჩელის გამო მ. თ-ძისა და ა. ა-ელის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე. საკასაციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 სექტემბრის განჩინებით კასატორებს განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალათ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის – 3 442.5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად შედგენილი და ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა;
განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა (ტ.II, ს.ფ. 95-97).
მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე მ. თ-ძისა და ა. ა-ელის წარმომადგენელს ც. დ-შვილს გაეგზავნა 2010 წლის 22 სექტემბერს (ტ. II, ს.ფ. 98). ც. დ-შვილის მდივანმა - ს. ხ-შვილმა ხარვეზის განჩინება პირადად ჩაიბარა 2010 წლის 23 სექტემბერს, თუმცა კასატორებს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავთ (ტ.II, ს.ფ. 99).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო ვალდებულია საპროცესო მოქმედების შესახებ წერილობითი ფორმით აცნობოს როგორც მხარეს, ისე მის წარმომადგენელს, თუმცა სასამართლო უწყება თუ გზავნილი ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ჩაბარდა მხოლოდ მხარეს, ან მხოლოდ მის წარმომადგენელს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს წარმომადგენლის ვალდებულებას, აცნობოს მხარეს მის მიერ სასამართლოდან მიღებული ინფორმაცია. ამდენად, სასამართლო უწყებისა თუ გზავნილის მხარისათვის ჩაუბარებლობის შემთხვევაში მისი კანონიერი ინტერესები არ იზღუდება, თუ მითითებული დოკუმენტები მის წარმომადგენელს ჩაბარდება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. თ-ძისა და ა. ა-ელის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. თ-ძისა და ა. ა-ელის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 მაისის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.