Facebook Twitter

ას-808-757-2010 2 დეკემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ი. ჩ-შვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ხელვაჩაურის რესურსცენტრი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ სამართალმემკვიდრედ აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ჩ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ხელვაჩაურის რესურსცენტრის მიმართ და მოითხოვა, რომ მოპასუხე აღიარებულ იქნას საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების/სამმართველოს და განათლების განყოფილების უფლებამონაცვლედ შემდეგი საფუძვლებით: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე აღდგენილ იქნა სამუშაოზე ხელვაჩაურის რაიონის განათლების, კულტურისა და სპორტის განყოფილებაში, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება მოცემული სარჩელის დაკმაყოფილების გარეშე შეუძლებელია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით ი. ჩ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ივნისის განჩინებით ი. ჩ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ჩ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის რაიონის განათლების, კულტურისა და სპორტის განყოფილების 2005 წლის 25 მარტის ¹35 ბრძანება და იგი აღდგენილ იქნა ხელვაჩაურის რაიონის განათლების, კულტურისა და სპორტის განყოფილების განათლების სფეროს წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მესამე ნაწილით, 25-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, 454-ე მუხლით და მიიჩნია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 29 ნოემბრის ¹117 დადგენილებით იურიდიული პირი, რომელშიც აპელანტი აღდგენილ იქნა სამუშაოზე ლიკვიდირებულია. აღნიშნული დადგენილებით არ დგინდება, რომ ლიკვიდირებულ ორგანიზაციას სამართალმემკვიდრე ჰყავს.

ამდენად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ ლიკვიდირებული განათლების, კულტურისა და სპორტის განყოფილებები და ამჟამად მოქმედი რესურსცენტრები ფუნქციურად ერთი და იგივე სამსახურებია, რადგან აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დგინდება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ი. ჩ-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და არ გაითვალისწინა, რომ უმთავრესია იმ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, რომლითაც აღდგენილ იქნა ი.ჩ-შვილის კანონიერი უფლებები სამუშაოზე აღდგენის ნაწილში.

სააპელაციო პალატას სათანადოდ არ შეუფასებია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ ამჟამად არსებული რესურსცენტრები ხელვაჩაურის რაიონის განათლების, კულტურისა და სპორტის განყოფილების უფლებამონაცვლეები არიან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ი. ჩ-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ი. ჩ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია სახელმწიფო დაწესებულების სამართლმემკვიდრედ აღიარების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მესამე ნაწილს, 25-ე მუხლის მეოთხე ნაწილსა და 454-ე მუხლს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ი. ჩ-შვილს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2010 წლის 28 სექტემბერს გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. ჩ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ ი. ჩ-შვილს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.