¹ას-811-760-2010 13 იანვარი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შ. უ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ქ.ქუთაისის მერია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ არბიტრაჟის გადაწყვეტილებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება, მესაკუთრედ აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ.ქუთაისის მერიამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქუთაისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი «თ.-ს», შპს «პ.-სა» და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ქ.ქუთაისში, ... ქ.¹27-ში მდებარე 70 კვ.მ მიწის ნაკვეთის შპს «პ.-ს» სახელზე აღრიცხვის თაობაზე საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმებისა და მითითებული ქონების მესაკუთრედ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღრიცხვის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1996 წლის 9 თებერვალს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსა და მუნიციპალურ საწარმო «პ.-ს» შორის გაფორმდა ქ.ქუთაისში, ... ქ.¹27-ში მდებარე სანაყინე პავილიონის ნასყიდობა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1996 წლის 29 მარტის დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა შპს «პ.», რომელსაც გადაეცა მუნიციპალური საწარმო «პ.-ს» საკუთრებაში არსებული ზემოხსენებულ მისამართზე მდებარე 8,8 კვ.მ ქონება.
შპს «პ.-მ» განცხადებით მიმართა ქუთაისის მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟ «თ.-ს» საზოგადოების საკუთრებად ქ.ქუთაისში, ... ქ.¹27-ში მდებარე 70 კვ.მ-ის აღრიცხვის შესახებ.
ქუთაისის მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟ «თ.-ს» დირექტორმა გ. ფ-შვილმა უკანონოდ მიიღო, განიხილა და დააკმაყოფილა შპს «პ.-ს» განცხადება, რითაც დაარღვია «არბიტრაჟის შესახებ» კანონის პირველი და მეორე მუხლები, ასევე «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» კანონის მოთხოვნები.
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ.ქუთაისის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც შპს «პ.-ს» დირექტორმა და პარტნიორმა ა. კ-შვილმა და შ. უ-ძემ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ქ.ქუთაისის მერიის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი «თ.-ს» 2008 წლის 27 დეკემბრის ¹1/247 გადაწყვეტილება, ასევე შპს «პ.-სა» და შ.უ-ძეს შორის 2008 წლის 18 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ნაწილობრივ, ხოლო ზემოხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე 2007 წლის 29 იანვარს განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი გაუქმდა, სადავო უძრავი ქონება 61,2 კვ.მ მიწის ნაკვეთი აღირიცხა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად, დანარჩენი 8,8 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობაზე კი მოსარჩელეს უარი ეთქვა შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: 1996 წლის 9 თებერვალს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსა და მუნიციპალური საწარმო „პ.-ს“ შორის გაფორმდა ¹193 ხელშეკრულება და 1995 წლის 29 დეკემბერს ჩატარებული აუქციონის შედეგად გამარჯვებულ მუნიციპალურ საწარმო „პ.-ს“ 7093,39 აშშ დოლარად მიეყიდა ქ.ქუთაისში, ... ქ.¹25-ში (ახლანდელი ... ქ.¹27) მდებარე სანაყინე პავილიონი თავისი დანადგარებით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1996 წლის 29 მარტის დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა შპს „პ.“ მისამართზე _ ქ.ქუთაისი, ... ქ.¹27, რეგისტრაციის ნომერი 1214-103.
1997 წლის 30 ოქტომბერს ქუთაისის ქონების მართვის სამმართველომ გასცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹481341-ა, რომ შპს „პ.-ს“ საკუთრებაში გადაეცა ყოფილი მუნიციპალური საწარმო „პ.-ს“ ქონება, მათ შორის, 8,8 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
შპს „პ.-ს“ დირექტორმა ა. კ-შვილმა მიმართა კერძო არბიტრაჟს მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, მაშინ როცა მხარეებს შორის არც დავა და არც შეთანხმება მის განხილვაზე არ არსებობდა. არბიტრაჟმა მიიღო გადაწყვეტილება და მიუთითა საარბიტრაჟო შეთანხმებაზე, სადაც დაფიქსირებული იყო მხოლოდ ერთ მხარე.
არბიტრაჟმა განიხილა საქმე, რაც, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონის შესაბამისად, მის კომპეტენციაში არ შედიოდა და უნდა გადაწყვეტილიყო სასამართლო წესით.
აღნიშნულთან დაკავშირებით არბიტრ გ. ფ-შვილის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და 2008 წლის 9 ივნისის განაჩენით გ. ფ-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ. მითითებულ საქმესთან დაკავშირებით არაერთი მასალა დაიბეჭდა პრესაში, გადაიცა ტელევიზიით და საზოგადოებისათვის საყოველთაოდ ცნობილი იყო, რომ გ. ფ-შვილმა გადაწყვეტილება მიიღო კანონდარღვევით.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მიწის ნაკვეთი, რომლის საკუთრებაში აღიარებისთვისაც შპს „პ.-მ“ მიმართა არბიტრაჟს, ეკუთვნოდა სახელმწიფოს, კერძოდ, ქუთაისის მერიას და მისი კერძო პირებისათვის, მით უფრო, არბიტრაჟის მიერ გადაცემა არ შეიძლებოდა.
მუდმივმოქმედმა კერძო არბიტრაჟმა „თ.-მ“ დაარღვია „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი ნაწილი, რადგან მხარეთა შორის დავის არბიტრაჟის მიერ განხილვის შეთანხმება არ არსებობდა.
სადავო 70 კვ.მ-ში შემავალი 8,8 კვ.მ საჯარო რეესტრში შპს „პ.-ს“ სახელზე ირიცხებოდა საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე ჯერ კიდევ 1997 წლიდან.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს „პ.-ს“ 70 კვ.მ მიწის ფართიდან 61,2 კვ.მ საკუთრებაში აღრიცხული უნებართვოდ ჰქონდა, ხოლო 8,8 კვ.მ სადავო არ არის. შესაბამისად, სასამართლომ ბათილად ჩათვალა გარიგება, რომლითაც შპს „პ.-მ“ 61,2 კვ.მ გაასხვისა და რეესტრის ჩანაწერიც, რომლთაც ამ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შ. უ-ძე მესაკუთრედ დარეგისტრირდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ ჩათვალა, რომ ქუთაისის მერიის სარჩელი 61,2 კვ.მ-ს მესაკუთრედ აღიარების ნაწილში საფუძვლიანია.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან განსხვავებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს, მერიის საკუთრებას განსაზღვრავს საჯარო კანონმდებლობა. 61,2 კვ.მ მიწის ნაკვეთი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთა კატეგორიას განეკუთვნება, რაც, «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» კანონის 47-ე მუხლის „ა“ პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად ითვლება.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 185-ე, 187-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ შ. უ-ძე ვერ ჩაითვლება კეთილსინდისიერ მყიდველად, რადგან მისთვის პრესითა თუ ტელევიზიით ცნობილი იყო, რომ შპს „პ.-ს“ მესაკუთრედ აღიარება სადავო მიწის ფართის ნაწილზე _ 61,2 კვ.მ-ზე არ იყო კანონიერი და ამ საქმესთან დაკავშირებით არბიტრ გ. ფ-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენიც კი დადგა, რომლითაც ის ცნობილ იქნა დამნაშავედ. ამდენად, მას უნდა სცოდნოდა, რომ მიწის ნაკვეთი ჯერ კიდევ სადავო იყო და რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრე არ იყო უძრავი ნივთის კანონიერი მესაკუთრე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება 61,2 კვ.მ-ზე სადავო გარიგებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის ნაწილში შ. უ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: დაუსაბუთებელია და რაიმე კონკრეტულ მტკიცებულებას არ ეფუძნება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ კასატორისათვის ცნობილი იყო ან უნდა ყოფილიყო შპს «პ.-ს» მიერ სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების უკანონოდ აღრიცხვის შესახებ. მოსარჩელე მხარეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, არ დაუდასტურებია პრესის ან ტელევიზიის მეშვეობით არბიტრაჟის მიერ შპს «პ.-ს» საქმის განხილვის გაშუქების ფაქტი. ამასთან, იმ ოც საქმეთა შორის, რომელთა გამოც არბიტრი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში იქნა მიცემული და დამნაშავედ იქნა ცნობილი, შპს „პ.-ს“ საქმე საერთოდ არ ფიგურირებს.
სააპელაციო პალატამ კასატორის მიერ სადავო უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შეძენის საკითხზე მსჯელობისას არასწორად მიუთითა, რომ შ.უ-ძეს უნდა სცოდნობა ზემოხსენებული გარემოებები, რა დროსაც სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გამოცემულ რეკომენდაციებში მოცემული 185-ე მუხლი საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას აუქმებს მხოლოდ მაშინ, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. რაც შეეხება ტერმინს „უნდა სცოდნოდა“, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის პირველ ნაწილშია და შესულია მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის განყოფილებაში, მას უძრავი ნივთების შეძენასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს ხსენებული დოქტრინა არ მიმოიხილავს. შესაბამისად, სააპელაციო პალატას განსახილველ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის ტერმინი („უნდა სცოდნოდა“) არ უნდა გამოეყენებინა.
სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ «კერძო არბიტრაჟის შესახებ» კანონის პირველი მუხლი არბიტრაჟს არ უკრძალავს კერძო სახის, მათ შორის, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ კანონის საფუძველზე წარმოშობილი დავების განხილვას.
სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ სადავო მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით კერძო არბიტრაჟს მიმართა შპს «პ.-ს» დირექტორმა ა.კ-შვილმა. ფაქტობრივად კერძო არბიტრაჟს მიმართა შპს-ს იმდროინდელმა დირექტორმა თ. ჟ-იანმა. კ-შვილის სააპელაციო საჩივარი მთლიანად იმ გარემოებაზე იყო აგებული, რომ მას, როგორც შპს-ს ერთ-ერთ პარტნიორს, ისე ჰქონდა შეძენილი საწარმოს წილი, რომ ვერც კი წარმოიდგენდა, თუ სადავო ქონება უკანონოდ იყო დაკანონებული. სასამართლოს შეცდომა იმითაც არის გამოწვეული, რომ მან საერთოდ არ იმსჯელა კეთილსინდისიერი შემძენის საკითხზე, რასაც ა.კ-შვილი საკუთარი თავის მიმართ მოითხოვდა. აღსანიშნავია, რომ ა.კ-შვილის კეთილსინდისიერ შემძენად აღიარება გამოიწვევდა უ-ძის, როგორც კეთილსინდისიერი მყიდველის საკითხის გადაწყვეტას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი შეიცავს პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს შეფასების თაობაზე, რომლითაც შ. უ-ძე მიჩნეულია არაკეთილსინდისიერ შემძენად. სასამართლო ასეთი შეფასების გაკეთებისას აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ამ პირისათვის პრესითა და ტელევიზიის მეშვეობით ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ შპს ,,პ.-ს’’ მესაკუთრედ აღიარება სადავო მიწის ნაკვეთზე არ იყო კანონიერი და ამ საქმესთან დაკავშირებით არბიტრის მიმართ განაჩენიც კი იყო დამდგარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული. გამომდინარე ზემოთ მითითებული ნორმიდან, სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა შეაფასოს საქმეში არსებული მტკიცებულებები და მათი შეფასებით დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებანი.
სასამართლოს მიერ ყველა ფაქტობრივი გარემოება დგინდება მხოლოდ საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებებიდან. ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები. მითითებული Fფაქტები განსხვავებით ამავე მუხლით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებისაგან საერთოდ არ საჭიროებენ არანაირი დოკუმენტის თუ მტკიცებულების წარდგენას გარკვეული გარემოების დასადგენად. ტერმინი ,,საყოველთაო” წარმომდგარია სიტყვისაგან ,,ყველა’’, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა ადამიანისათვის, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისათვის მაინც უნდა იყოს ცნობილი ესა თუ ის ფაქტი, საყოველთაოდ ცნობილად რომ მივიჩნიოთ. აღნიშნულის თვალსაჩინო მაგალითია საქართველოში 2008 წლის აგვისტოში საომარი მოქმედებების მიმდინარეობა. მითითებული გარემოება ცნობილია საქართველოს ყველა მოქალაქისათვის და შეუძლებელია, მისი არსებობა ვინმემ გახადოს სადავოდ ან ასეთი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულების არარსებობამ ასეთი ფაქტის დაუდგენლობა განაპირობოს.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მითითებული ფაქტის საყოველთაოდ ცნობილად მიჩნევისათვის უკიდურეს შემთხვევაში არბიტრის პიროვნება მაინც უნდა იყოს ისეთი ცნობილი და პოპულარული, რომ მოსახლეობის ყველა ფენისათვის წარმოადგენდეს ცნობად სახეს და მისი ცხოვრება იწვევდეს საყოველთაო ინტერესს. შესაძლებელია, მისი დაკავება იყოს ისეთი მნიშვნელოვანი მისი არაორდინალურობის ან სხვა გარემოებათა გამო, რომ მან მთელს მოსახლეობაში გამოიწვიოს ცალსახა ინტერესი. საქართველოს სინამდვილეში არბიტრის დაკავება არ შეიძლება მივიჩნიოთ ისეთ გარემოებად, რომ მას საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი ეწოდოს და მხარის მიერ ყოველგვარი მტკიცებულების წარდგენის გარეშე ცალსახად დადგენილ ფაქტად მივიჩნიოთ.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, სააპელაციო პალატას, შ.უ-ძის არაკეთილსინდისიერ შემძენად მისაჩნევად, უნდა მიეთითებინა მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდა ამ გარემოებას. სააპელაციო სასამართლო კი არ უთითებს, თუ რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გააკეთა ასეთი დასკვნა. სასამართლომ უპირობოდ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება ამ საკითხთან მიმართებაში და შეფასება არ მისცა იმ ფაქტს, სინამდვილეში ჰქონდა თუ არა ადგილი ამ გარემოებას. არც ისაა გამოკვლეული, თუ რა სახის იყო ტელევიზიით ან პრესით გადაცემული ინფორმაცია (თუ მართლაც გავრცელდა იგი) და იყო თუ არა საუბარი მასში სადავო მიწის ნაკვეთზე. გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავას მსჯელობას იმის თაობაზეც, იქნებოდა თუ არა საკმარისი მხოლოდ ტელევიზიით ან პრესით ამ ინფორმაციის გადაცემა შემძენის არაკეთილსინდისიერად მისაჩნევად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ამ ნაწილში იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და ხელახლა იქნეს განხილული სასამართლოს მიერ.
საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა იმსჯელოს შემძენის კეთილსინდისიერებაზე და დაადგინოს ფაქტი იმის შესახებ, იცოდა თუ არა შ.უ-ძემ, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. აღნიშნულის დადგენის გარეშე შეუძლებელია საქმეზე მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შ. უ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება შპს ,,პ.-სა’’ და შ. უ-ძეს შორის 2008 წლის 29 იანვარს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციოს სამსახურის ჩანაწერით ქ.ქუთაისში, ... ქ¹27-ში მდებარე 61.2 კვ.მ მიწის ნაკვეთის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადასვლის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.