ბს-119-112(კ-06) 31 მაისი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2005წ. 16 მარტს თ. გ-მა სარჩელით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის თაობაზე.
2005წ. 28 მარტს თ. გ-მა დაზუსტებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004წ. 2 აგვისტოს ¹460-კს ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, სახელფასო დავალიანების _ 919 ლარისა და 10 თეთრის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მისი გათავისუფლების საფუძვლად მიეთითა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლზე. მოსარჩელის აზრით, მოხელის გათავისუფლებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნა. გათავისუფლებამდე საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალდებული იყო‚ შეეთავაზებინა მისთვის სხვა თანამდებობა, რასაც ადგილი არ ჰქონია. მას სადავო ბრძანება გადაეცა დაგვიანებით, 2005წ. 22 თებერვალს, მხოლოდ მისი ოფიციალური მიმართვის შემდეგ.
მოსარჩელის განმარტებით, სადავო ბრძანების მიღებისას ასევე დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნა, ვინაიდან იგი საბაჟო სისტემაში 1995 წლიდან მთელ რიგ თანამდებობებზე მუშაობდა, მიღებული აქვს რამდენიმე სიგელი და მადლობა, ჰყავს 5-სულიანი ოჯახი, რომელიც იმყოფება მის კმაყოფაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005წ. 21 ივლისის გადაწყვეტილებით თ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; უკანონოდ იქნა ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 2004წ. 2 აგვისტოს ¹460-კს ბრძანება; თ. გ-ი აღდგენილ იქნა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე; საბაჟო დეპარტამენტს თ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 919 ლარისა და 10 თეთრის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005წ. 22 აგვისტოს განჩინებით თ. გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2005წ. 21 ივლისის გადაწყვეტილება თ. გ-ის სამსახურში აღდგენის ნაწილში აღსრულდა დაუყოვნებლივ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005წ. 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005წ. 21 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უკანონოდ იქნა ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 2004წ. 2 აგვისტოს ¹460-კს ბრძანება და თ. გ-ი აღდგენილ იქნა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე, აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად; თ. გ-ის სარჩელი საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 2004წ. 2 აგვისტოს ¹460-კს ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2004წ. 2 აგვისტოს ¹460-კს ბრძანების, «საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ» ფინანსთა მინისტრის 2004წ. 23 ივნისის ¹426 ბრძანებით დამტკიცებული საბაჟო დეპარტამენტის დებულების 4.4. «ვ» მუხლის, «საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და რეგიონალური საბაჟოების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ» ფინანსთა მინისტრის 2004წ. 8 ივლისის ¹469 ბრძანებისა და «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 97-ე მუხლის თანახმად, თანამდებობიდან გათავისუფლდა საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის თანამშრომელი თ. გ-ი, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ........ სამსახურის პირველი განყოფილების უფროსი ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მიეთითა საფუძველი: მოხელეთა გაფრთხილებები.
სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ თ. გ-მა სარჩელი ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2004წ. 2 აგვისტოს ¹460-კს ბრძანების გაუქმებისა და სამსახურში აღდგენის მოთხოვნით თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში წარადგინა 2005წ. 16 მარტს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127.1 მუხლის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება.
სკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე თ. გ-თვის 2004წ. აგვისტოში ცნობილი იყო დაკავებული თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო მოსალოდნელი რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მხრიდან 2005წ. 16 მარტს სასამართლოში წარდგენილი სარჩელი გათავისუფლების შესახებ 2004წ. 2 აგვისტოს ¹364-კს ბრძანების ბათილად ცნობისა და სამსახურში აღდგენის თაობაზე არის ხანდაზმული. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127.1 და სკ-ის 130-ე მუხლებით და მოსარჩელე მხარის მიერ გაშვებულია სადავო ბრძანების გასაჩივრების კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა.
სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ არ არის ხანდაზმული, ვინაიდან 25.02.2005წ. ¹01-2-19/3358 წერილით მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა აღიარა თ. გ-ის მიმართ სახელფასო დავალიანების არსებობა.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამავე კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი, ხოლო საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება გახდეს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მუშაკის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება იმ ორგანოს, რომელთანაც მუშაკი იმყოფებოდა შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში და რომელსაც გააჩნია მუშაკის სახელფასო დავალიანება. ამრიგად, სახელფასო დავალიანების მოსარჩელისათვის ანაზღაურება, სააპელაციო პალატის აზრით, უნდა დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს და არა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. ამასთანავე, შესაბამისი ბიუჯეტის დაუფინანსებლობა არ წარმოადგენს მოხელისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს თ. გ-ის წარმომადგენელმა გ. მ-ემ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა.
კასატორ თ. გ-ის წარმომადგენელი გ. მ-ე აღნიშნავდა, რომ მისი მარწმუნებელი 2004წ. აგისტოს ბოლომდე მუშაობდა დაკავებულ თანანმდებობაზე, ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას და აგვისტოს თვის შემდეგაც აგრძელებდა საქმიანობას ისე, რომ მისთვის არავის უთქვამს გათავისუფლების თაობაზე და არც გათავისუფლების ბრძანება არ ჩაბარებია. მოსარჩელემ ოფიციალური მოთხოვნის შემდგომ, მან 2005წ. 25 თებერვალს სახლში მიიღო სადავო ¹460-კს ბრძანება გათავისუფლების თაობაზე, რომელიც დათარიღებული იყო 2004წ. 2 აგვისტოთი.
შესაბამისად, თ. გ-ის წარმომადგენლის, გ. მ-ის განმარტებით, თ. გ-მა სარჩელი სასამართლოში წარადგინა 2005წ. 16 მარტს ხანდაზმულობის წესების დაცვით.
კასატორი აღნიშნავდა, რომ, მართალია, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილი გათავისუფლების ბრძანების გასაჩივრებისას ადგენს ერთთვიან ვადას, მაგრამ ვერც ეს ნორმა და ვერც მთლიანად «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონი, კასატორის აზრით, ვერ განსაზღვრავს ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისს ისე, როგორც ეს შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლშია მოცემული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ. გ-ის წარმომადგენელი გ. მ-ე ითხოვდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
კასატორი _ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი მიუთითებდა, რომ საბაჟო დეპარტამენტმა სახელფასო დავალიანებები ვერ აანაზღაურა იმის გამო, რომ ბიუჯეტში თანხები რამდენჯერმე იქნა სეკვესტრირებული. ასევე, 2005წ. «სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონის 39-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დასაფარავად გამოყოფილი აქვს 140,5 მლნ ლარი, აქედან 3,0 მლნ ლარი მიმართული უნდა იქნეს სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის. აქედან გამოდინარე, კასატორის მოსაზრებით, დავალიანებები უნდა გაცემულიყო ფინანსთა სამინისტროს მიერ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ. გ-ის წარმომადგენელი გ. მ-ე ითხოვდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წარმოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
მითითებული მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დამტკიცებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2004წ. 2 აგვისტოს ¹460-კს ბრძანების, «საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ» საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004წ. 23 ივნისის ¹426 ბრძანებით დამტკიცებული საბაჟო დეპარტამენტის დებულების 4.4. «ვ» მუხლის, «საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და რეგიონალური საბაჟოების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ» საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004წ. 8 ივლისის ¹469 ბრძანებისა და «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის თანახმად, თანამდებობიდან გათავისუფლდა საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის თანამშრომელი თ. გ-ი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობის სამსახურის პირველი განყოფილების უფროსი ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მიეთითა საფუძველი: მოხელეთა გაფრთხილებები.
სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ თ. გ-მა სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2004წ. 2 აგვისტოს ¹460-კს ბრძანების გაუქმებისა და სამსახურში აღდგენის მოთხოვნით თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში წარადგინა 2005წ. 16 მარტს.
სააპელაციო სასამართლომ კასატორს, მისი განთავისუფლების თაობაზე მიღებული ბრძანების არაკანონიერად აღიარებაზე, უარი უთხრა მოთხოვნის ხანდაზმულობის მოტივით.
საკასაციო სასამართლო სარჩელზე უარის თქმის ზემოაღნიშნული საფუძვლის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ის კანონი‚ რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც, თავის მხრივ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ კასაციის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო სადავო ბრძანებების გასაჩივრების ვადის ათვლასთან დაკავშირებით ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე და განმარტავს: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2004წ. ზემოაღნიშნული ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. რომელთან მიმართებაშიც გამოყენებულ უნდა იყოს ადმინისტრაციული კანონმდებლობის მოთხოვნები.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილი სარჩელის სასამართლოში წარდგენის ვადის ათვლას უკავშირებს აქტის გაცნობია მომენტს. ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ადმინისტრაციული აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ადმინისტრაციული აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსს და თვლის, რომ აქტის გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადის ათვლისას, არსებითი ყურადღება უნდა მიექცეს ადმინისტრაციული კანონმდებლობის ნორმებს და საკითხი უნდა გადაწყდეს ამ ნორმებზე დაყრდნობით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით‚ რომ საკააციო სასამართლო მოკლებულია პრცოესუალურ უფლებამოსილებას საქმეზე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები‚ თვლის‚ რომ საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.