ას-814-763-2010 9 დეკემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ გ. ჭ-ძე, გ. ს-ია, ბ. შ-ძე, ა. ხ-შვილი და სხვა (მოსარჩელეები)
წარმომადგენლები _ ი. დ-ძე, ტ. ლ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ჯ. მ.”, საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა, ზიანის ანაზღაურება, სარჩოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ჭ-ძემ, გ. ს-იამ, ბ. შ-ძემ, ა. ხ-შვილმა და სხვ. სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს “ჯ. მ.-ს”, საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების მიმართ 2006 წლის 13 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის, ზიანის ანაზღაურებისა და სარჩოს დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელეები წლების განმავლობაში მუშაობდნენ ფეროშენადნობ ქარხანაში, საიდანაც იღებდნენ სარჩოს.
მითითებული ქარხანა შეისყიდა შპს “ჯ. მ.-მ”, რის შემდეგაც მოსარჩელეებს სარჩოს გადახდა შეუწყვიტა. სადავო ხელშეკრულების 8.4 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეები წარმოადგენენ მესამე პირებს, რომელთა მიერ ყიდვა-გაყიდვის საგნის მიმართ უფლების სამართლებრივი დასაბუთების შემთხვევაში, ამ მუხლის მეორე პუნქტით დადგენილი ნორმის გამოყენების საფუძვლის არსებობისას, გამყიდველი ვალდებულია, მყიდველს აუნაზღაუროს ზიანი.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიიჩნიეს, რომ მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:
2006 წლის 13 დეკემბერს შპს „ჯ. მ.-სა“ და სს „ფ.-ს“ შორის დაიდო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება.
მოსარჩელეები მუშაობდნენ სს „ფ.-ში“, დაავადებულნი არიან სს „ფ.-ში“ მიღებული სხვადასხვა საწარმოო ტრავმებით, რის გამოც წლების მანძილზე, 2007 წლამდე, სს „ფ.-საგან“ იღებდნენ ყოველთვიურ სარჩოს.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო არ იყო სადავო ხელშეკრულების მონაწილე მხარე, რადგან შპს „ჯ. მ.-ს“ არ დაურღვევია სს „ფ.-სთან“ დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების პირობა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სს „ფ.-ს“ აქტივების სახით ქონება არ გადასცემია.
მოსარჩელეები საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში არ იმყოფებოდნენ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ასევე არ წარმოადგენს 2006 წლის 13 დეკემბრის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს.
2006 წლის 13 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე სს „ჯ. მ.-მ“ სს „ფ.-საგან“ შეისყიდა ქონების მხოლოდ ნაწილი, მან დავალიანების გადახდის ვალდებულება მხოლოდ ხელშეკრულების 3.2 პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების _ „ს. ჰ. ლ.-ს“ და „ს. ფ. ე. ლ.-ს“ წინაშე იკისრა.
ხსენებული ხელშეკრულების 1.1 მუხლის თანახმად, ყიდვა-გაყიდვის საგანს წარმოადგენს მხოლოდ ქონება, აქტივები (მოძრავი და უძრავი), რომელიც ნასყიდობამდე სს „ფ.-ს“ ქონებას წარმოადგენდა.
ამდენად, მოსარჩელეებთან ვალდებულებით ურთიერთობაში იმყოფებოდა სს „ფ.“.
სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენლების მიერ დადასტურდა, რომ ნასყიდობის დროისათვის გასაყიდ ქონებას ყადაღა არ ედო, არ იყო დატვირთული იპოთეკით და არც სხვა რაიმე სანივთო უფლებით.
მოსარჩელეები, რომლებმაც წარუდგინეს მოთხოვნა გაკოტრების რეჟიმში მყოფ სს „ფ.-ს“ ითხოვენ სარჩელის აღძვრამდე 16 თვის დავალიანებას, ხოლო ისინი, ვინც ვერ მოხვდნენ კრედიტორთა რეესტრში სარჩელის აღძვრამდე დარჩენილი 34 თვის დავალიანებას ედავებიან მოპასუხეებს.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით და მიიჩნია, რომ, მართალია, ხელშეკრულების პრეამბულაში, დასაწყისში, ხელშეკრულების მხარეებად სს „ფ.-სა“ და შპს „ჯ. მ.-სთან“ ერთად დაფიქსირებული არიან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, მაგრამ ისინი არ წარმოადგენენ არც მყიდველსა და არც გამყიდველს, არამედ მათი მონაწილეობა აღნიშნულ ხელშეკრულებაში განაპირობა ხელშეკრულების 24-ე პუნქტში მითითებულმა დათქმამ. აღნიშნული დათქმით, თუ ხელშეკრულების ხელმოწერიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე მყიდველი შპს „ჯ. მ.“ 51 500 000 ლარს არ ჩარიცხავდა, აქტივებზე საკუთრების უფლება ეკონომიკის სამინისტროზე გადავიდოდა.
ხელშეკრულების ეს პუნქტი არ ამოქმედებულა, რადგან გამყიდველს მყიდველის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს, ამასთან, შპს „ჯ. მ.-ს“ ხელშეკრულება არ დაურღვევია, პირიქით, ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტთა მოსაზრება, რომ ყიდვა-გაყიდვის საგანი უფლებრივი ნივთის მატარებელი იყო, რადგან მასზე მესამე პირებს, ამ შემთხვევაში მოსარჩელეებს გააჩნდათ გარკვეული უფლება.
სასამართლოს მითითებით, ხელშეკრულების მე-8 პუნქტში ნამდვილად არის საუბარი მესამე პირებზე, რომლებიც მყიდველს პრეტენზიას ყიდვა-გაყიდვის საგნის გამო უყენებენ იმ უფლების საფუძველზე, რომელიც წარმოიშვა ყიდვა-გაყიდვის საგნის მიმართ წინამდებარე ხელშეკრულების დადებამდე, თუმცა პალატამ განმარტა, რომ ხელშეკრულების მითითებული მუხლიც არ არის საშეღავათო გარემოების შემქმნელი მოსარჩელეთათვის, რადგან მოსარჩელეები ვერ უთითებენ იმ სამართლებრივ ან ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც ნასყიდობის საგანზე მათ რაიმე უფლებას დაადასტურებს. სადავო ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა სრულიად კონკრეტული (უძრავი და მოძრავი) ქონება, რომელიც არ იყო სადავო, სარჩელი არ ყოფილა აღძრული მესამე პირთა მიმართ ყიდვა-გაყიდვის საგანზე საკუთრების ან სხვა უფლების მოპოვების მოთხოვნით.
სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე მუხლის თანახმად პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელეთა მიმართ მოპასუხეების _ შპს „ჯ. მ.-ს“, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვალდებულებების დამადასტურებელი საფუძველი არ არსებობს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელეთა წარმომადგენლებმა ი. დ-ძემ და ტ. ლ-ძემ გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ არასწორად არ გაიზიარა კასატორთა დასაბუთება, რომ ისინი სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების 8.4 პუნქტში მითითებულ მესამე პირებს წარმოადგენენ.
სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ნასყიდობის საგანი მთლიანად გადაეცა მოპასუხე შპს “ჯ. მ.-ს”, შესაბამისად, მასზე გადავიდა მოსარჩელეთათვის სარჩოს გადახდის ვალდებულებაც, ხოლო მოპასუხეებმა მიზანმიმართულად მიუთითეს ხელშეკრულებაში, რომ მათთვის მესამე პირების არსებობის შესახებ ცნობილი არ იყო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ნოემბრის განჩინებით ზემოხსენებული საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მოცემული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის, ზიანის ანაზღაურებისა და სარჩოს გადახდის მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორები ვერ ასაბუთებენ და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ჭ-ძის, გ. ს-იას, ბ. შ-ძის, ა. ხ-შვილისა და სხვათა წარმომადგენლების _ ი. დ-ძისა და ტ. ლ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.