¹ას-815-1102-09 4 თებერვალი, 2010წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო,სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ქ. მ-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეე – რ. ტ-ში, ვ. მ-შვილი (მოპასუხეები)
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს
2009 წლის 4 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქ. მ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. ტ-შისა და ვ. მ-შვილის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობის შესახებ.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1999 წლის 13 მაისს ვ. მ-შვილმა ქ. მ-შვილს აჩუქა საცხოვრებელი სახლი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. მ-შვილის სარჩელი და გაუქმდა ვ. მ-შვილისა და ქ. მ-შვილს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა ქ. მ-შვილის წარმომადგენლის – ნ. ხ-შვილის განცხადება, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.
2007 წლის 26 ოქტომბერს ვ. მ-შვილსა და რ. ტ-შს შორის გაფორმდა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც რ. ტ-შმა იყიდა ვ. მ-შვილის კუთვნილი ბინა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ. მ-შვილის სარჩელი არ დაკამყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ქ. მ-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 მარტის განჩინებით ქ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ქ. მ-შვილმა. მან მიუთითა, რომ ვ. მ-შვილი არ იყო სადავო ნივთის მესაკუთრე. აღნიშნულის შესახებ იცოდა რ. ტ-შმა, რის გამოც იგი არის არაკეთილსინდისიერი მყიდველი. საქმეში მოიპოვება შესაბამისი მტკიცებულებები, რაც არ გაითვალისწინა სასამართლომ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ქ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 10 – დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში მოსაზრება არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ქ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ქ. მ-შვილს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (1472 ლარის) 70% - 1030 ლარი და 40 თეთრი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.