ას-818-767-2010 2 დეკემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. სსიპ “... ინსტიტუტი” (მოსარჩელე)
2. შპს “ც. ჯ.” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ “... ინსტიტუტმა” სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ც. ჯ.-ს” მიმართ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ზიანის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2008 წლის 21 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ ვალდებულება იკისრა, მოპასუხის მხრიდან 35 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ გამოეკვლია ქ.ბათუმში, ....... ქუჩაზე მდებარე ტერიტორია.
მოსარჩელემ ხელშეკრულების პირობა შეასრულა, რაზეც შესდგა მიღება-ჩაბარების აქტი, თუმცა მოპასუხემ გადაუხადა მხოლოდ 17 500 ლარი, დანარჩენ ნაწილში კი ვალდებულება არ შეუსრულებია, რითაც მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებაში მითითებული მიწის ნაკვეთი სათანადოდ არ შეუმოწმებია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა სსიპ “... ინსტიტუტის” სასარგებლოდ 17 500 ლარისა და ვალდებულების შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 35 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით შპს “ც. ჯ.-ს” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გაუქმდა და მოპასუხეს პირგასამტეხლოის სახით დაეკისრა ვალდებულების შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 17,5 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში კი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ორივე მხარის მიერ. შპს „ც. ჯ.-ს“ მოთხოვნაა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და ხელშეკრულების ბათილობა, რადგან იგი დაიდო არაუფლებამოსილი პირის მიერ, ხოლო სსიპ “... ინსტიტუტის” მოთხოვნაა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და შპს „ც. ჯ.-სათვის“ პირგასამტეხლოს იმ ოდენობის დაკისრება, რაც ხელშეკრულებაშია მითითებული.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტ შპს „ც. ჯ.-ს“ მოსაზრება, რომ მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო 0.1%-ის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენს, რადგან პირგასამტეხლოს თანხა შეადგენს 22 960 ლარს, ხოლო ძირითადი ვალი კი _ 17 500 ლარს, რაც შეუსაბამოა. ამასთან, არსებობს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების პატივსადები საფუძველი, კერძოდ, საწარმო და მისი ფილიალები, საქართველოში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, განიცდის მატერიალური კრიზისს და მისთვის შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს დაკისრება გამოიწვევს საწარმოსათვის სავალალო შედეგებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით და ჩათვალა, რომ შპს „ც. ჯ.-ს“ სააპელაციო საჩივარი პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით ძირითადი თანხის 0,05%.
სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებაზე იმ მოტივით, რომ მხარეთა შორის არ არსებობს ხელშეკრულება, ანუ ვალდებულების წარმოშობის საფუძველი, იგი ხელმოწერილია არაუფლებამოსილი პირის მიერ და თანხის ნაწილის გადარიცხვა არ ნიშნავს ვალდებულების არსებობას და აღიარებას.
პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში შპს „ც. ჯ.-ს“ ბათუმის ფილიალ „ც. ჯ.-ს“ წარმომადგენელი ი. მ-ილი ¹336 ხელშეკრულებას ხელს აწერს, როგორც ფილიალის წარმომადგენლობითი უფლებამოსილი პირი და შპს-ს დირექტორი, ხოლო ხელშეკრულება დამოწმებულია ბეჭდით. მასზე ასახულია შპს-ს საიდენტიფიკაციო კოდი, რომელიც ეკუთვნის შპს „ც. ჯ.-ს“.
ამდენად, პალატამ დაადგინა, რომ ხელშეკრულება გაფორმებულია უფლებამოსილი პირის მიერ. ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებელ პირს კი წარმოადგენს ძირითადი საწარმო შპს „ც. ჯ.“.
სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მსჯელობა, რომ მოპასუხის მიერ გადახდილი 17 500 ლარი არის ავანსი და არა ვალდებულების ნაწილის შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე და 361-ე მუხლების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ც. ჯ.-ს“ ბათუმის ფილიალის „ც. ჯ.-ს“ მიერ გადახდილია შესრულებული სამუშაოსათვის თანხის 50%, რაც უდავოდ გულისხმობს მის მიერ ვალდებულების აღიარებას. აღნიშნული კი ნიშნავს, რომ შპს „ც. ჯ.-მ “ უნდა გადაიხადოს დარჩენილი 17500 ლარის სასარგებლოდ ასევე ვალდებულების დარღვევისათვის ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ძირითადი თანხის 0.05%.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სსიპ “... ინსტიტუტმა” გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაითვალისწინა მხარეთა მიერ ხელშეკრულების ხელმოწერისას გამოვლენილი ნება და ხელშეკრულების დამრღვევ მხარეს უკანონოდ არ დააკისრა პირგასამტეხლოს სრული ოდენობა, რითაც დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი დებულებები.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს “ც. ჯ.-მაც”, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი მოტივებით: სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ 2008 წლის 21 ივლისის ხელშეკრულება ხელმოწერილი იყო არა შპს „ც. ჯ.-ს“ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის – დირექტორის, არამედ ფილიალის წარმომადგენლის მიერ.
ის ფაქტი, რომ ი. მ-ილი მოხსენიებულია როგორც „დირექტორი“, მას იურიდიული პირის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას არ ანიჭებს, ვინაიდან დირექტორის უფლებამოსილება უნდა დადგინდეს სამეწარმეო რეესტრიდან.
სასამართლოს “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლთან ერთად უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 111-ე და 113-ე მუხლები.
სააპელაციო პალატას სათანადოდ არ შეუფასებია, რომ საზოგადოების კანონიერი წარმომადგენელი _ დირექტორი სადავო არც ერთ დოკუმენტს ხელს არ აწერს (საბანკო გადარიცხვაც კი განხორციელებულია ფილიალის მიერ). სასამართლო გადაწყვეტილებაში არ უთითებს არც ერთ მტკიცებულებაზე, რომლითაც დგინდება ფილიალის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირისათვის მსგავსი ტიპის ხელშეკრულების ხელმოწერისათვის მინდობილობის გაცემა.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში არ უთითებს არც ერთ მტკიცებულებაზე, რომელიც დაადასტურებს წარმოდგენილი პირის ანუ შპს “ც. ჯ.-ს“ დირექტორის თუნდაც შემდგომ თანხმობას.
ამდენად, სსიპ “... ინსტიტუტს” უნდა სცოდნოდა, რომ იურიდიული პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება აქვს მხოლოდ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ დირექტორს და მოეთხოვა ხელშეკრულების გაფორმება ამ უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან.
სასამართლომ სადავო თანხის გადახდა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლით გათვალისწინებულ შესრულებად არასწორად ჩათვალა და დადასტურებულად მიიჩნია ძირითად საწარმოსთან ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა, ვინაიდან „შესრულება“, ანუ თანხის გადარიცხვა, ისევე როგორც „მოქმედება“ ანუ ხელშეკრულების დადება განხორციელდა არაუფლებამოსილი პირის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 სექტემბრისა და 27 ოქტომბრის განჩინებებით მხარეთა საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სსიპ “... ინსტიტუტისა” და შპს “ც. ჯ.-ს” საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ისინი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ზიანის ანაზღაურების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორები ვერ ასაბუთებენ და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივრები ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სსიპ “... ინსტიტუტს” უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2010 წლის 3 აგვისტოს გადახდილი 2205 ლარის 70% _ 1543,5 ლარი, ხოლო შპს “ც. ჯ.-ს” სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2010 წლის 4 ოქტომბერს გადახდილი 875 ლარის 70% _ 612,5 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სსიპ “... ინსტიტუტისა” და შპს “ც. ჯ.-ს” საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ “... ინსტიტუტს” დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი _ 1543,5 ლარი, ხოლო შპს “ც. ჯ.-ს” დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი _ 612,5 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.