საქმე # 330100118002648752
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №18აპ-20 ქ. თბილისი
კ-ი დ., 18აპ-20 6 ივლისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მზია თოდუა
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანჟელა გეთიასა და მსჯავრდებულ დ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. თ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის განაჩენით:
1.1. დ. კ-ი, - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 25 აგვისტოს განაჩენით დ. კ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 25 აგვისტოს განაჩენით დ. კ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. კ-ს მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 7 აგვისტოდან.
2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 25 აგვისტოს განაჩენით დ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, რისთვისაც მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით (რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი და 6 თვე); მასვე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა - 100 საათით. 2018 წლის 4 აგვისტოს, ღამის საათებში, თ-ში, ვ-ის მ-ზე, გადასასვლელი ხიდის ქვეშ არსებულ ლიანდაგებზე, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი დ. კ. და არასრულწლოვანი რ. კ., დანების გამოყენებით, თავს დაესხნენ ე. ჯ-ის და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გასტაცეს: 50 ლარად ღირებული საფულე, მასში მოთავსებული 150 ლარით, 450 ლარად ღირებული „აიფონ 5S-ის“ ფირმის მობილური ტელეფონი, 200 ლარად ღირებული „TISSOT-ის“ ფირმის მაჯის საათი, 15 ლარად ღირებული ყურსასმენი და 10 ლარად ღირებული ე.წ. „კეპი“. დ. კ-სა და რ. კ-ის დანაშაულებრივი ქმედებით ე. ჯ-ის მიადგა ჯამურად - 875 ლარის ქონებრივი და ასევე მორალური სახის ზიანი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ დ. კ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
3.1. დ. კ-ის ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებზე. დ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 25 აგვისტოს განაჩენით დ. კ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 25 აგვისტოს განაჩენით დ. კ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2018 წლის 7 აგვისტოდან.
4. კასატორი - პროკურორი ანჟელა გეთია საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანასა და დ. კ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
4.1. კასატორის მითითებით, მიუხედავად დაზარალებულის დამაჯერებელი და თანმიმდევრული ჩვენებისა, რომელიც შეესაბამებოდა საგამოძიებო მოქმედებებს, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ე. ჯ-ის ჩვენება კრიტიკას ვერ უძლებდა. სასამართლომ გამოძიების სტადიაზე განცხადებასა და გამოკითხვაში მითითებულ - „მონიკას“ ხსენების ფაქტს მიაქცია ყურადღება. დ. კ-მა მიუთითა კონკრეტულად იმ ადგილზე, სადაც გადააგდო დანა და ე. ჯ-ის საფულე. სააპელაციო სასამართლოს ლოგიკით, თუკი საქმეზე ამოღებული არ არის დანაშაულის იარაღი, ე.ი ყაჩაღობის მაკვალიფიცირებელი გარემოება არ არსებობს და ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს ძარცვად.
5. კასატორი - ადვოკატი ნ. თ. საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანასა და დ. კ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
5.1. კასატორის მითითებით, დ. კ-ი წარსულში ნასამართლევი რომ იყო, სწორედ ამიტომ ჩაითვალა მისი ქმედება არაერთგზისად. ამდენად, ამ შემთხვევაში სასჯელს დამატებით მინიმუმ ერთი წელი არ უნდა დამატებოდა; გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ვკითხულობთ, რომ დ. კ-ს სასამართლომ მინიმალური სასჯელი დაუნიშნა. დ. კ. გამოძიების დაწყებისთანავე აღიარებდა, რომ მან ჩაიდინა ძარცვა, რაც სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. პალატა აღნიშნავს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №381აპ-16 და №1101აპ-10 გადაწყვეტილებები), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.
9. საკასაციო პალატა გამოკვლეული მტკიცებულებების (მათ შორის: ჩხრეკისა და ამოცნობის ოქმების, დაზარალებულისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებების) საფუძველზე ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დ. კ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებიდან სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებზე გადაკვალიფიცირების შესახებ.
10. რაც შეეხება დ. კ-ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, შემამსუბუქებელი (დანაშაულის აღიარება) გარემოება, დანაშაულის გამოსაცდელი ვადის პერიოდში ჩადენის ფაქტი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, დ. კ-ს სამართლიანი სასჯელი დაუნიშნა. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლომ დ. კ-ის მიმართ რეციდივის დანიშვნის წესი გამოიყენა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განაჩენში საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლზე მითითებული არ არის.
11. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანჟელა გეთიასა და მსჯავრდებულ დ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. თ-ას საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. თოდუა