¹ას-821-1107-09 14 იანვარი, 2010 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ვ. ბ-შვილი, ბ. ბ-შვილი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ი. ბ-შვილი (მოსარჩელე)
დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული ქონების ღირებულების დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს
2009 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ი. ბ-შვილმა სარჩელით მიმარტა სასამართლოს ვ. და ბ. ბ-შვილების მიმართ. მან მიუთითა, რომ 2008 წლის მაისში მოპასუხე ვ. ბ-შვილთან შეთანხმებისამებრ, მოსარჩელემ მას ფერმაში მიუყვანა მწყემსი, რომელიც ერთად უვლიდა ორივე მათგანის საქონელს, მათ შორის მოსარჩელის კუთვნილ 30 სულ ძროხას. ფერმაში დიდხანს დარჩენის შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა დაემზადებინა დაპრესილი ბალახი საქონლის ზამთარში გამოსაკვებად, ხოლო აუცილებლობისას შეეძინა ქერი. გარდა ამისა, ფერმის მესაკუთრე ბ. ბ-შვილის მონაწილეობით, მათ შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება მოსარჩელის მიერ ფერმის საძოვრისა და 80 ჰა სახნავი მიწის იჯარით აღების თაობაზე. მოლაპარაკების პერიოდში მოსარჩელემ საკუთარი სახსრებით გათიბა 17 ჰექტარი საძოვრის სრული 20 ჰექტრიდან და დაამზადა 1680 ცალი ბალახის პრესი. სარჩელის მიხედვით, ბალახის პრესის დამზადებისთანავე მამა-შვილმა ბ-შვილებმა მოსარჩელეს მოსთხოვეს, დაეტოვებინა მათი ფერმა თავიანთი ძროხებიანად და მწყემსებიანად, ამასთან უარი უთხრეს დამზადებული დაპრესილი ბალახის გატანებაზეც, თუმცა ამის სანაცვლოდ მოსარჩელე სთავაზობდა ქირის – 40 ლარის გადახდას საძოვრის გამოყენებისათვის ერთ ჰექტარზე.
მოსარჩელის აღნიშვნით, მოპასუხეთა მოქმედებების შედეგად პირუტყვი დარჩა ზამთრის საკვების გარეშე, რამაც მატერიალურად მნიშვნელოვნად დააზარალა. მოსარჩელემ ითხოვა მის მიერ დამზადებული 1260 ცალი ბალახის პრესის დაბრუნება ან მისი ღირებულების ანაზღაურება საბაზრო ფასით – ერთი ცალის 4 ლარზე გაანგარიშებით, სულ 5040 ლარის ოდენობით (ს.ფ. 1-12). სასარჩელო მოთხოვნა სამართლებრივად ი.ბ-შვილმა დააფუძნა სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლზე, რის შესახებაც მან მიუთითა სარჩელშივე.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. ბ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ი. ბ-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით ი. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ბ. და ვ. ბ-შვილებმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ბ. და ვ. ბ-შვილების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 10 – დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში მოსაზრება არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. და ვ. ბ-შვილების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ბ. და ვ. ბ-შვილების საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ. და ვ. ბ-შვილების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ბ. და ვ. ბ-შვილებს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (300 ლარის) 70% - 210 ლარი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.