ას-821-770-2010 18 ნოემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს “ე. ჯ.” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ. კ-ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – მოძრავი ნივთის მესაკუთრედ აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბ. კ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “ე. ჯ.-ს” დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ხობის მომსახურების ცენტრის მიმართ მოძრავი ნივთის მესაკუთრედ აღიარება შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელემ 8 წლის წინ ხობის რაიონის სოფელ ... მესაქონლეობის დამხმარე მეურნეობისაგან შეიძინა ტრანსფორმატორი, რომლის ტექნიკური პასპორტი და ნასყიდობის ხელშეკრულება დაეკარგა.
ზემოხსენებულ ტრანსფორმატორს მოსარჩელე იყენებდა კუთვნილ ინდივიდუალურ საწარმოში.
2009 წლის 18 დეკემბერს ბ.კ-იამ განცხადებით მიმართა მოპასუხეს ტრანსფორმატორის ქსელიდან გამორთვისა და წაღების მოთხოვნით, თუმცა მას უარი ეთქვა, რადგან აღნიშნული ნივთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნდა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ სადავო ტრანსფორმატორის შეძენისა და საკუთრების ფაქტი ვერ დაადასტურა.
ხობის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ბ. კ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა და ხობის რაიონის სოფელ ... მდებარე ტრანსფორმატორი ¹12454 ტუ-16-672. 089 ტემ-63/10-4-1 კილოვატი 63 აღიარებულ იქნა ბ. კ-იას საკუთრებად.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სს “ე. ჯ.-მ” გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივნისის განჩინებით სს “ე. ჯ.-ს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოწმე ა. ა-იას განმარტებით, სადავო ტრანსფორმატორი მოსარჩელეს 7-8 წლის განმავლობაში ჰქონდა სახლში. შემდგომ გახსნა ბლოკის საწარმო, სადაც გადაიტანა და ამუშავებდა მას. აღნიშნულ ტრანსფორმატორზე მოსახლეობის ელექტროქსელი მიერთებული არ იყო. მოსარჩელემ ტრანსფორმატორი მოიტანა დამხმარე მეურნეობიდან.
მოწმე რ. ა-იას მითითებით, სადავო ნივთი მოსარჩელეს არ მოუპარავს, თავდაპირველად ედგა სახლის ეზოში, შემდეგ კი მოწმის დახმარებით გადაიტანა ბლოკის საწარმოში. სოფლის მოსახლეობა ამ ტრანსფორმატორით არ სარგებლობდა.
მოწმე ე. ლ-ავამ განმარტა, რომ 1998 წლიდან მუშაობს ... საკრებულოში. სადავო ტრანსფორმატორი დამონტაჟდა მისი მუშაობის პერიოდში და ეკუთვნის ბ. კ-იას. 2005-2006 წლებში მოსარჩელემ გახსნა ბლოკის საწარმო, რომელმაც მხოლოდ 3 წელს იმუშავა. იგი ერთჯერადად აამუშავეს წინა წელს, რადგან სკოლისათვის ესჭიროებოდათ ბლოკი. ამჟამად ტრანსფორმატორი ჩართულია ქსელში, თუმცა არავინ არ სარგებლობს. ბ. კ-ია მას მხოლოდ საწარმოსთვის იყენებდა, ხოლო სოფლის მოსახლეობა ამ ტრანსფორმატორით არ სარგებლობდა. სულ სოფელში 18 ტრანსფორმატორია, აქედან 13 ეკუთვნის სს „ე. ჯ.-ს“, 5 კი კერძო საკუთრებაშია. ბ. კ-იამ აღნიშნული ნივთი შეიძინა დამხმარე მეურნეობიდან.
პალატამ მოწმეთა ჩვენების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ტრანსფორმატორს წლების მანძილზე ფლობდა ბ. კ-ია. ამ ტრანსფორმატორით სოფლის მოსახლეობა არ სარგებლობდა. აღნიშნული ფაქტი მოპასუხე სს „ე. ჯ.-ს“ წარმომადგენელმაც დაადასტურა.
საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, ტრანსფორმატორი დგას სს „ხ. კ.-ის“ კუთვნილ მიწაზე. საქმეში წარმოდგენილი იჯარის ხელშეკრულებით კი, ბ. კ-იამ იჯარით აიღო სს „ხ. კ.-ს“ საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთი მასზე არსებული დამხმარე შენობა-ნაგებობებითურთ. სწორედ ამ მიწის ნაკვეთზე დგას სადავო ტრანსფორმატორი. ამდენად, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ სადავო ნივთი სს „ე. ჯ.-ს“ საკუთრებაშია.
სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად პალატამ მიიჩნია, რომ ბ. კ-იამ ნამდვილად შეიძინა აღნიშნული ელექტროტრანსფორმატორი და სარგებლობდა კიდევაც თავისი საკუთრებით. ზემოაღნიშნული მუხლით მოძრავ ნივთზე მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია არსებობს იმ შემთხვევაშიც, თუ მოძრავი ნივთი პირის მფლობელობაშია.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ სადავო ტრანსფორმატორი რეგისტრირებული აქვთ საჯარო რეესტრში, რადგან საქმის მასალებით არ დადასტურდა და ვერ იქნა წარმოდგენილი სადავო ელექტროტრანსფორმატორის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სს “ე. ჯ.-მ” გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილი, როდესაც ბ.კ-იას მიერ სადავო ტრანსფორმატორის შეძენის ფაქტი მხოლოდ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დაადგინა. ფაქტობრივად მოსარჩელეს სათანადო მტკიცებულებებით აღნიშნული ნივთის შეძენა არ დაუსაბუთებია. ამასთან, მოწმეებმა განმარტეს, რომ ბ.კ-იას სახლში იდგა ტრანსფორმატორი, თუმცა მათი მითითებიდან არ ირკვევა სწორედ სადავო ნივთზეა თუ არა საუბარი.
აღსანიშნავია, რომ მოსარჩელემ ტრანსფორმატორი შეიძინა ორგანიზაციისაგან, რომლის საბუღალტრო დოკუმენტაციაში ნასყიდობის ფაქტი უთუოდ უნდა დაფიქსირებულიყო.
სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილი და მიიჩნია, რომ ბ.კ-ია წლების მანძილზე ფლობს სადავო ნივთს. რეალურად ტრანსფორმატორი კასატორის მფლობელობაშია, რასაც მოსარჩელეც ადასტურებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინებით სს “ე. ჯ.-ს” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს “ე. ჯ.-ს” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია მხარის მფლობელობაში არსებული მოძრავი ნივთის მესაკუთრედ აღიარების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სს “ე. ჯ.-ს” უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2010 წლის 24 სექტემბერს გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს “ე. ჯ.-ს” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ სს “ე. ჯ.-ს” დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.