Facebook Twitter

¹ას-822-1108-09 28 იანვარი, 2010წ. 28 ნოემბერი, 2008 წ.

ქ. თბილისი ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს “ს.-ი”

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. მ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჯ. მ-შვილის სარჩელი მოპასუხე სს “თ.-ის” მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა, სს “თ.-ას” ჯ. მ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 121908 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადახდა, მასვე დაეკისრა მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3000 ლარის გადახდაც.

სასამართლომ საქმეზე უდავოდ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სახაზინო საწარმო სახელმწიფო კომპანია “ს.-ის” უფლებამონაცვლეს წარმოადგენს სს “ს.-ი”, ხოლო სს “ს.-ის” უფლებამონაცვლეს სს “თ.-ა”;

ჯ. მ-შვილი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხესთან;

სს ნავთობის ეროვნული კომპანიის “ს.-ის” ადმინისტრაციისა და პროფკომის პრეზიდიუმის ¹148/9-55 გადაწყვეტილებით დადგინდა იმ განაწილებული ბინების ( ... ¹29/2 კორპუსის ბინათმფლობელებისათვის) სანაცვლოდ, რომელიც ვერ აშენდა, ბინებში შესასახლებელი პირებისათვის საკომპენსაციო თანხების გაცემა. გადაწყვეტილების დანართის მიხედვით, ... ¹29/2 კორპუსის ბინათმფლობელთა სიაში მე-6 ნომრად მითითებული იყო ჯ. მ-შვილი, რომელსაც უნდა გადასცემოდა ოროთახიანი ბინა _ ფართით 101,59 კვ.მ;

საცხოვრებელი კორპუსი არ აშენებულა და მშენებარე ნაგებობა მიწის ნაკვეთთან ერთად გასხვისდა;

ქ. თბილისის მერიის შპს “ბ.-ის” 2.07.2001 წლის ¹149 ცნობით დადგინდა ოროთახიანი ბინის საერთო ფართის ოდენობა მშენებარე სახლში ... 29/2 კორპუსში;

შპს “დ.-ის” დასკვნის თანახმად, დადგინდა მშენებარე სახლებში ქ. თბილისში, ... გამზირზე 1 კვ.მ “შავი კარკასისა” (800-900 აშშ დოლარი) და “თეთრი კარკასის” (1000-1200 აშშ დოლარი) ღირებულება.

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება მასზედ, რომ მოსარჩელესა და ეროვნულ კომპანია “ს.-ს” შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არ არსებობდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო ურთიერთობა შეეხებოდა 22.10.2002 წლის ¹148/55 გადაწყვეტილებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას და შესაბამისად, ადგილი ჰქონდა ვალის არსებობის აღიარებას და დავა სწორედ ამ ურთიერთობიდან გამომდინარეობდა. სასამართლოს მოსაზრებით, ვალდებულების აღიარება დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებისაგან და წარმოადგენს ახალ გარიგებას.

სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მიიჩნია, რომ სს “ს.-ის” ადმინისტრაციისა და პროფკომიტეტის პრეზიდიუმის 2002 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოხდა ვალის აღიარება და დადგინდა საკომპენსაციო თანხების გაცემა მშენებარე კორპუსის სწორედ იმ ბინათმფლობლებზე, რომლებსაც გაუნაწილდათ ბინები საწარმოო გაერთიანება “ს.-ის” 1987 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით;

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის შესაგებელი სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და სამოქალაქო კოდექისს 365-ე მუხლის თანახმად, მიიჩნია, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა მოცემულ შემთხვევაში არ იყო გასული.

სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ სს “თ.-მ” მოსარჩელის მიმართ იკისრა მასზე განაწილებული იმ ბინების სანაცვლო კომპენსაციის ანაზღაურება, რომელიც ვერ აშენდა;

საქმეში წარმოდგენილი აუდიტის დასკვნის თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისში, ... გამზირზე მშენებარე მრავალბიანიან კორპუსებში, 1 კვ.მ ე.წ. “თეთრი კარკასის” საბაზრო ღირებულება შეადგენდა 1000-1200 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში. მოსარჩელემ მოითხოვა 1 კვ.მ ფართზე 1200 აშშ დოლარის დაკისრება, შესაბამისი გაანგარიშებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა 121 908 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “თ.-ის” უფლებამონაცვლე შპს “ს.-ის” წარმომადგენელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით შპს “ს.-ის” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების მეორე ნაწილის შეცვლით, რომლითაც სს “თ.-ას” ჯ. მ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 121908 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადახდა, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ჯ. მ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს “ს.-ს” ჯ. მ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 76 192 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით მიუთითა, რომ სს “თ.-ის” უფლებამონაცვლე იყო შპს “ს.-ი”;

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მხოლოდ ის მოსაზრება, რომ საქალაქო სასამართლომ უძრავი ქონების ფასების შემცირების ფონზე, არასწორად გაიზიარა და არასწორად დაადგინა 1 კვ.მ ფართობზე 1200 აშშ დოლარი;

მხარეთა მიერ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ აუდიტორულ დასკვნებში ფართების საბაზრო ღირებულების განსახვავებული ფასების გამო, სასამართლომ ჩათვალა, რომ მტკიცებულებად უნდა მიეღო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნა, რომელიც გაცემულ იქნა 2009 წლის 13 ივლისს და რომლის მიხედვით, ... გამზირზე, საცხოვრებელი სახლის 1 კვ.მ-ის საშუალო საორიენტაციო საბაზრო ღირებულება შეადგენდა 750 აშშ დოლარს;

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება და აღნიშნა, რომ დავის გადასაწყვეტად სწორად იქნა გამოყენებული სამოქალქო კოდექსის ვალდებულებითი სამართლოს ნორმები, კერძოდ, 316-ე, 341-ე, 361-ე, 365-ე, 394-ე, 412-ე და 414-ე მუხლები.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს “ს.-ის” სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით უნდა შეცვლილიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მეორე პუნქტი, რომლის თანახმად, სს “თ.-ას” ჯ. მ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 121908 აშშ დოლარის ეკვივალენტის გადახდა ლარში და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით შპს “ს.-ს” ჯ. მ-შვილის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 76 192 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადახდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ს.-მა”, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას არასწორად იქნა განმარტებული სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლით დადგენილი დანაწესი, რაც შემდგომში არასწორი გადაწყვეტილების გამოტანის ერთ-ერთი საფუძველი გახდა;

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლი და არასწორად მიიჩნია, რომ სარჩელი არ იყო ხანდაზმული;

ამასთან, კასატორის აზრით, მოსარჩელემ ვერ შეძლო დაედასტურებინა ზიანის დადგომის ფაქტი და წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის მასში მითითებული თანხის ოდენობა მართლაც შეესაბამებოდა იმ დროისათვის საცხოვრებელი ბინების საბაზრო ფასებს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 27 დეკემბრის განჩინებით შპს “ს.-ის” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 5 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

შპს “ს.-ის”საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, საკასაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ს.-ის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს “ს.-ის” საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 4 ნოემბრის განჩინებით შპს “ს.-ს” დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 3809,6 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, რომლის გადახდა 2009 წლის 27 დეკემბრის განჩინებით კასატორს გადაუვადდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩიავრი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს “ს.-ს” უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 3809,6 აშშ დოლარის 30% _ 1142.88 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “ს.-ის” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. კასატორს დაევალოს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 3809,6 აშშ დოლარის 30% _ 1142.88 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.