Facebook Twitter

ას-824-773-2010 25 ნოემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ამხანაგობა “ა.” (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, შპს “წ. და თ. ტ.”, ქ.ბათუმის მერია, ამხანაგობა “ე.” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი _ ადმინისტრაციული აქტისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ამხანაგობა “ა.-მ” სარჩელი აღძრა სასამართლოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, შპს “წ. და თ. ტ.-ს”, ქ.ბათუმის მერიისა და ამხანაგობა “ე.-ს” მიმართ ადმინისტრაციული აქტების, ასევე 2007 წლის 30 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ქ.ბათუმში, ... ქუჩა ¹133-ში მდებარე 1259 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა ამხანაგობა „ა.-ს“.

იმავე მისამართზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 326,7 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის მესაკუთრედ მითითებულია ამხანაგობა „ე.“.

ორივე მიწის ნაკვეთი ადრე წარმოადგენდა 1509 კვ.მ ერთი მთლიანი მიწის ნაკვეთის შემადგენელ ნაწილს და, ტექინვენტარიზაციის ბიუროს მასალებით, იმყოფებოდა ქ.ბათუმში, ... ქუჩა ¹133-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მობინადრეთა საერთო სარგებლობაში.

1259 კვ.მ და 326,7 კვ.მ ჯამში აღემატება 1509 კვ.მ-ს, რაც თავდაპირველად ტექინვენტარიზაციის სამსახურის მასალებში იყო დაფიქსირებული, შესაბამისად, აღნიშნულ მიწის ნაკვეთებს შორის მოხდა გადაფარვა და ამხანაგობა „ე.-ს“ სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წილობრივად ფარავს ამხანაგობა „ა.-ს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს.

ამდენად, ამხანაგობა „ა.-ს“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ნაწილობრივ ამხანაგობა „ე.-ს“ უკანონო მფლობელობაში იმყოფება და ეს უკანასკნელი აწარმოებს უკანონო სამშენებლო სამუშაოებს.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სადავო მიწის ნაკვეთების ნახაზები და მათზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ნებართვა კანონიერია, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მარტის განჩინებით მოცემულ საქმეს გამოეყო ამხანაგობა “ა.-ს” სარჩელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2007 წლის 14 მაისის ¹473 ბრძანების, 2007 წლის 26 ნოემბრის სააუქციონო ვაჭრობის ¹8 ოქმის, 2007 წლის 30 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში და იგი განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამოქალაქო წესით განხილული დავის ნაწილში დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტმა დააზუსტა მოთხოვნა და აღნიშნა, რომ 2007 წლის 30 ნოემბრის (2007 წლის 3 დეკემბრის) ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას ითხოვდა 77 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში.

სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 11 სექტემბრის ¹05.23.19.001 ამონაწერის შესაბამისად, ამხანაგობა „ე.-ს“ საკუთრებაში ირიცხება ქ.ბათუმში, ... ქ.¹133-ში მდებარე 326,7 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

მხარის მოთხოვნა ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ე.-ს“ სახელზე 326,7 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების არარად აღიარების შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.

იმავე მისამართზე საჯარო რეესტრის 2008 წლის 26 თებერვლის ამონაწერის თანახმად, 1259 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია ამხანაგობა „ა.-ს“ საკუთრებად. საკუთრების აღრიცხვის საფუძველს წარმოადგენდა ამხანაგობა „ა.-ს“ დებულება, ამხანაგობის დაარსების შესახებ 2006 წლის 10 სექტემბრის კრების ოქმი და მიწის ნაკვეთის საზღვრის დადგენის პროექტი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2007 წლის 14 მაისის ¹473 ბრძანების საფუძველზე შპს „წ. და თ. ტ.-ს“ საწესდებო კაპიტალში სხვა ქონებასთან ერთად შეტანილ იქნა ... ქ.¹133-ში მდებარე საქვაბეზე დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 280 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რაც დარეგისტრირდა შპს „წ. და თ. ტ.-ს“ საკუთრებად.

შპს „წ. და თ. ტ.-ს“ საკუთრებად რეგისტრირებული 280 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეალიზაციის მიზნით შპს „წ. და თ. ტ.-ს“ გაკოტრების მმართველის 2007 წლის 16 ნოემბრის ბრძანებით გამოცხადდა აუქციონი და 26 ნოემბრის სააუქციონო ვაჭრობის ¹8 ოქმით გამარჯვებულად გამოცხადდა ჯ. ზ-ძე, რომელთანაც 2007 წლის 30 ნოემბერს შპს „წ. და თ. ტ.-მ“ აუქციონის შედეგების შესაბამისად გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება და მიწის ნაკვეთი ჯერ თავის საკუთრებაში დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში, ხოლო 2008 წლის 13 თებერვალს მიწის ნაკვეთი შენატანის სახით შეიტანა ახლად დაარსებულ ამხანაგობა „ე.-ში”. მანამდე ამავე მისამართზე არსებული 43,7 კვ.მ მიწის ნაკვეთი ირიცხებოდა გია ორაგველიძის საკუთრებად, რაც მას გადაეცა მთლიანი შენობა-ნაგებობების წილობრივი მონაცემების შესაბამისად, 2001 წლის 15 მაისს გაცემული ტექნიკური პასპორტისა და ქ.ბათუმის მთავარი არქიტექტორის 2001 წლის 14 ივნისის მომართვის საფუძველზე.

სასამართლომ უდავოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ ამხანაგობა „ა.-ს“ მიერ სარჩელის აღძვრის შემდეგ ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურმა 2009 წლის 10 აპრილს მიიღო ¹01-22/211 ბრძანება 2007 წლის 21 თებერვლის ბრძანებაში გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომის გასწორების თაობაზე, რომლითაც დადგინდა, რომ ... ქ.¹133-ში მდებარე ამხანაგობა „ა.-სათვის“ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის მიკუთვნების ბრძანების გამოცემისას შპს „ტ.-მ“ მიწის ნაკვეთის საზღვრების პროექტის გამო დაუშვა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, სახლისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის საზღვრების სიგრძედ რეალურად არსებული 43.1 კვ.მ-ის ნაცვლად მიეთითა 45,60 მეტრი, რამაც 1189,56 კვ.მ-ის ნაცვლად შეცდომით შეადგინა 1258,56 კვ.მ. 2009 წლის 10 აპრილის ბრძანებით ტექნიკური შეცდომის გასწორების შედეგად ... ქ.¹133-ში მდებარე ამხანაგობა „ა.-ს“ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისათვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთი განისაზღვრა 1189,56 კვ.მ-ით.

2009 წლის 10 აპრილის ბრძანების საფუძველზე შპს „ტ.-ს“ მიერ შედგენილი ახალი ნახაზი დღესაც ძალაშია.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული უფლება და შპს „წ. და თ. ტ.-ს“ კაპიტალში შეიტანა უძრავი ქონება. ამ უკანასკნელმა კი გაკოტრების რეჟიმში ყოფნისას აუქციონის ჩატარების წესის სრული დაცვით უძრავი ქონება გაასხვისა ჯ. ზ-ძეზე, რომელმაც კანონით დადგენილი ფორმით 2007 წლის 30 ნოემბერს (2007 წლის 3 დეკემბრის) დადო ნასყიდობის ხელშეკრულება შპს „წ. და თ. ტ.-ს“ გაკოტრების მმართველთან და მყიდველი აღირიცხა საჯარო რეესტრში მესაკუთრედ.

ამდენად, პალატამ ჩათვალა, რომ საზოგადოების კაპიტალში უძრავი ქონების შეტანა და ჯ. ზ-ძეზე გასხვისება კანონშესაბამისად მოხდა და აღნიშნულის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

სასამართლომ იხელმძღვანელა მშენებლობისა და ურბანიზაციის სამინისტროს 2002 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებით “მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენისა და დამტკიცების შესახებ” და განმარტა, რომ ... ქ.¹133-ში სადავო მიწის ნაკვეთი შესდგება საქვაბისა და მასზე მიმაგრებული მიწისაგან, რომელიც შპს “წ. და თ. ტ.-ს” ბალანსზე იმყოფებოდა. მითითებული შპს-ს დაარსების შემდეგ სახელმწიფომ ბათუმში არსებული ყველა საქვაბე და მიწის ნაკვეთი გადასცა კომპანიას საწესდებო კაპიტალში ქონების შეტანის გზით. ამდენად, საზღვრის დადგენის შესახებ პროექტში არ შეიძლებოდა მოქცეულიყო საქვაბე და საქვაბეზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი.

ამხანაგობა “ე.-ს” მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საზღვრების პროექტი სწორედ ზემოაღნიშნული მოთხოვნების დაცვით იყო შედგენილი. პროექტით გათვალისწინებული წითელი ხაზები სრულ შესაბამისობაშია არსებულ რეალობასთან.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ.ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2009 წლის 10 აპრილის ბრძანებით საზღვრები არ შეცვლილა, არამედ დადგენილ საზღვრებში არსებული ფართობი სწორად გამოანგარიშდა.

პალატის მოსაზრებით, 2007 წლის 26 ნოემბრის სააუქციონო ვაჭრობის ¹8 ოქმი საკუთრების უფლებას არ წარმოშობს, შესაბამისად, იგი ბათილად ცნობილი ვერ იქნება. ამასთან, აუქციონი ჩატარდა კანონის დაცვით.

სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ, რადგან სადავო უძრავი ნივთი ირიცხება არა აპელანტის, არამედ სხვა პირის სახელზე და ჯ.ზ-ძის საკუთრების უფლების გაუქმება არ გამოიწვევს სადავო ქონებაზე ამხანაგობა “ე.-ს” საკუთრების უფლების გაუქმებასაც, მით უფრო, რომ აპელანტს 2008 წლის 12 თებერვლის ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება ბინათმშენებლობა “ე.-ს” დაფუძნების შესახებ სადავოდ არ გაუხდია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ამხანაგობა “ა.-მ” გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2007 წლის 14 მაისის ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის, ხოლო დანარჩენ ნაწილში _ სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ მოცემული დავა ორ პალატას შორის გადაანაწილა ისე, რომ არ შეუფასებია აპელანტის მიერ მითითებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში დაშვებული კანონდარღვევები, რითაც დაირღვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლება. მოცემული დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა ახალი მტკიცებულებების მოძიება და განხილვა, რაც სამოქალაქო წესით განხილვისას დაუშვებელია.

სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სახელმწიფო ქონების განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის წესები მკაცრადაა განსაზღვრული მოქმედი კანონმდებლობით. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ქონება გადაეცა იურიდიულ პირს, რის შედეგადაც გახდა მისი საკუთრება. იურიდიული პირი გაკოტრდა და ქონება გაიყიდა აუქციონზე, რაც შეიძინა ჯ.ზ-ძემ. ამდენად, ქონების გასხვისება მოხდა “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მეოთხე პუნქტით დადგენილი წესის უხეში დარღვევით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით ამხანაგობა “ა.-ს” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ამხანაგობა “ა.-ს” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერება. კასატორი სადავოდ ხდის დავის განხილვის განსჯადობის კანონიერებასაც. აღნიშნულ საკითხებზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ამხანაგობა “ა.-ს” უნდა დაუბრუნდეს 2010 წლის 1 ოქტომბერს სახელმწიფო ბაჟის სახით ნ. მ-იასა და ამხანაგობა “ა.-ს” მიერ გადახდილი 1062 ლარის 70% _ 743,4 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ამხანაგობა “ა.-ს” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ ამხანაგობა “ა-ს” დაუბრუნდეს ნ. მ-იასა და ამხანაგობა “ა.-ს” მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 743,4 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.