ას-825-774-2010 20 დეკემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ზ. ს-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – გ. შ-ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. შ-ძემ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ზ. ს-ძის მიმართ და მოითხოვა უსაფუძვლო გადიდრების გამო, მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, 99150 ლარის დაკისრება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით გ. შ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ზ. ს-ძეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 98 750 ლარის გადახდა, მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი _ 2962,5 ლარის ოდენობით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ს-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გ. შ-ძის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება, კერძოდ, ზ. ს-ძისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 22 948 ლარის დაკისრება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. ს-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. შ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ზ. ს-ძეს გ. შ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 75 500 ლარის გადახდა, გ. შ-ძეს ზ. ს-ძის სასარგებლოდ დაეკისრა საპროცესო ხარჯების _ 930 ლარის გადახდა.
საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2004 წლის 25 თებერვალს გ. შ-ძემ შ. ა-ძისგან შეიძინა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მეჯინისწყალზე მდებარე მიწის ნაკვეთი და საკუთრების უფლებით დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში. შ. ა-ძეს აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2000 წლის 14 ივნისს შეძენილი ჰქონდა შაქრო ვარშანიძისგან;
როგორც 2000 წლის 14 ივნისის, ისე 2004 წლის 25 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულებები ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის გადაწყვეტილებით გაუქმდა ზ. პ-ძის მეუღლის _ ხ. ბ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებით და სადავო მიწის ნაკვეთი დაუბრუნდა ზ. პ-ძეს, რომელმაც 2008 წლის 22 ივლისს იგი მიჰყიდა ზ. ს-ძეს. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ზ. ს-ძემ შიძინა მხოლოდ თავისუფალი მიწის ნაკვეთი, მაშინ, როდესაც ფაქტობრივად იგი გახდა გ. შ-ძის მიერ აშენებული სახლის მესაკუთრე, აღნიშნულ სახლთან დაკავშირებით კი ხელშეკრულებაში საუბარი არ ყოფილა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზ. ს-ძეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გ. შ-ძის მიერ აშენებული სახლის ხარჯი, როგორც სადავო მიწის ნაკვეთის ამჟამინდელ მესაკუთრეს, უნდა აენაზღაურებინა, თუმცა იგი სადავოდ ხდიდა შპს “...”-ის მიერ შესრულებულ შეფასებას, რომლის თანახმადაც, საცხოვრებელი სახლის ღირებულება განისაზღვრა 75 500 ლარით და მიიჩნევდა, რომ უნდა გაზიარებულიყო შპს “ეკონომიკა აუდიტის” მიერ გაკეთებული დასკვნა, რომლის თანახმადაც, სახლის ღირებულება განისაზღვრა 32226 ლარამდე.
სადავო უძრავი ქონების ადგილზე დათვალიერებისას, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დამხმარე ნაგებობები, მრავალწლიანი ნარგავები და ტალავერი გ. შ-ძის მიერ არ იყო აშენებული;
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის გახილვისას ორჯერ დანიშნული ექსპერტიზის ჩატარება ვერ შესრულდა ზ. ს-ძის მხრიდან ხელშეშლის გამო, რაც ცხადყოფდა, რომ ზ. ს-ძემ არ გამოიყენა შესაძლებლობა მოეპოვებინა და სასამართლოსათვის წარედგინა მტკიცებულება (ექსპერტიზის დასკვნა), რომლითაც სასამართლოს გაუმყარებდა რწმენას იმასთან დაკავშირებით, რომ გ. შ-ძის მიერ წარმოდგენილი შპს “...”-ის დასკვნაში სადავო ქონების შეფასება (75 500 ლარი) გადაჭარბებული და არარეალური იყო; შესაბამისად, საქმეში არსებული მასალების ერთობლივი შეფასებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სწორედ აღნიშნული თანხის ოდენობა წარმოადგენდა სადავო სახლის ღირებულებას, რომლითაც გამდიდრდა მოპასუხე.
იმის გათვალისწინებით, რომ, როდესაც გ. შ-ძემ სადავო მიწის ნაკვეთზე სახლი ააგო, იგი კეთლსინდისიერი მფლობელი იყო სადავო სახლთმფლობელობისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მას სრული უფლება ჰქონდა მოეთხოვა ის ხარჯები, რაც აღნიშნულ ნაკვეთზე გასწია.
რაც შეეხება სარჩელს დამხმარე ნაგებობის, ტალავერისა და მრავალწლიანი ნარგავების, ასევე თავად მიწის ნაკვეთის ღირებულების ნაწილში, ადგილზე დათვალიერების შედეგად გაკეთებული დასკვნის თანახმად, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 987-ე, 163-ე მუხლები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ს-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილევლად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, უსაფუძვლოდ განუცხადა უარი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გაგრძელების თაობაზე და გადაწყვეტილება მიიღო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე და 377-ე მუხლების ნორმათა დარღვევით. ამასთან, არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი და ზ. ს-ძის მხარეს დააკისრა ექსპერტიზის ჩაუტარებლობის ტვირთი ისე, რომ არ გამოიკვლია ყველა გარემოება, თუ რამ შეუშალა ხელი ექსპერტიზის ჩატარებას, რითაც უგულებელყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის ნორმათა მოთხოვნები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ზ. ს-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ს-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ზ. ს-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (3775 ლარი) 70% _ 2642.5 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. ს-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. კასატორ ზ. ს-ძის დაუბრუნდეს ა. ს-ძის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (3775 ლარი) 70% _ 2642.5 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.