საქმე # 140100117002710600
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №208აპ-20 ქ. თბილისი
ჩ. გ., 208აპ-20 31 ივლისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 8 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ჩ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ-სა და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - ზურაბ წერეთლის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 თებერვლის განაჩენით:
გ. ჩ., - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 15 მაისიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
2.1. 2017 წლის 14 მაისს, დაახლოებით 23:30 საათზე, გ-ის რაიონის სოფელ ნ-ში, გ. ჩ-თან შელაპარაკება მოუვიდა თ. ბ-სა და ა. ბ-ს, რა დროსაც თ. ბ-მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ. ჩ-ს. თ. ბ-ის ქმედებით განაწყენებულმა გ. ჩ-მა შურისძიების მოტივით თანნაქონი დანა მოიქნია ერთმანეთის გვერდით მდგომ - თ. ბ-სა და ა. ბ-ის მისამართით და განზრახ სიცოცხლის ხელყოფის მიზნით, ა. ბ-ს დაარტყა გულმკერდის არეში. ა. ბ. გ. ჩ-ის მიერ განზრახ მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 8 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. მსჯავრდებულის ადვოკატი საკასაციო საჩივრით ითხოვს გ. ჩ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
4.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ასევე უდავოდ დადგენილი ფაქტია, რომ ინციდენტამდე გ. ჩ. იმყოფებოდა სახლში. იგი გვიან ღამით გამოიყვანეს არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, კერძოდ, მას უთხრეს, რომ ნაცნობები ელოდებოდნენ. შეხვედრა მოხდა ღამის საათებში, სოფელ ნ-ში, ე.წ. „ბირჟაზე.“ მას შემდეგ, რაც გ. ჩ. გაემართა ტელეფონის მოსატანად, მას, სრულიად უმიზეზოდ, დაედევნენ თ. ბ., მასთან მყოფი პირები და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დანაშაულის იარაღი არის „ვიქტორინოქსის“ ტურისტული დასაკეცი დანა. დასკვნას თან ახლავს ფოტოსურათი, რომელზეც აღბეჭდილია აღნიშნული დანა, მასზე განთავსებული ასხმულით, რომელზეც მიბმულია სხვადასხვა მეტალის ნივთი. ეს დეტალი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ბრალდებულმა გ. ჩ-მა ჩვენებისას განმარტა, რომ ჩხუბის მეორე ეტაპზე, როდესაც მისთვის თ. ბ-ს ისევ ყელში ჰქონდა ხელი წაჭერილი, მოესმა რკინის მეტალების ერთმანეთზე მირტყმის ხმა, გაახსენდა, რომ ეს იყო იმ დანაზე მიბმული მეტალების ხმა, რომელსაც მუდმივად თან ატარებდა, მან ინსტინქტურად ამოიღო დანა და როგორც მოგერიების, ისე თავდამსხმელების შეშინების მიზნით, მოიქნია.
5. პროკურორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გ. ჩ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
5.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბრალდებული არ არის მოწოდებული, დაზარალებულს აუნაზღაუროს ზიანი, პირიქით, არ ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და ცდილობს, გამართლება მოუძებნოს თავის ქმედებას, თითქოს, ის თავს იცავდა თ. ბ-სგან, მაშინ, როდესაც დადასტურებულია, რომ ვიდრე თ. ბ. მიუახლოვდებოდა გ. ჩ-ს, მას უკვე დანა ჰქონდა მოღერებული და მასთან მისულ თ. და ა. ბ-დან ამოარჩია ა. ბ., რომელიც მასთან უფრო ახლოს აღმოჩნდა და განზრახ მოკვლის მიზნით გულმკერდის არეში დაარტყა.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. სააპელაციო სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სწორად განიხილა და შეაფასა აუცილებელი მოგერიებისათვის სავალდებულო წინაპირობათა ელემენტები და მიიჩნია, რომ ამ მტკიცებულებების საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის წინაპირობები გამოკვეთილი არ იყო.
9. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის: მოწმეების - ა. ზ-ის, გ. ჩ-ის, თ. ნ-ის, თ. ბ-ის ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნით) მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას.
10. საკასაციო პალატა პროკურორის აპელირებას სასჯელის დამძიმების თაობაზე, მის საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე დაყრდნობით, არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გ. ჩ-სათვის დანიშნული სასჯელი სამართლიანია და მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ჩ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ-სა და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - ზურაბ წერეთლის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი