Facebook Twitter

ას-828-777-2010 11 ნოემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ჯ-ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 იანვრის განჩინება

დავის საგანი _ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ძის განცხადება დაკმაყოფილდა, დადგენილად იქნა ცნობილი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი მასზედ, რომ საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების 23-ე მექანიზირებული ბრიგადის საზენიტო დივიზიონის მეთაურის ბრძანება ¹19, გაცემული 1993 წლის 10 თებერვალს ქ. სოხუმში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება ¹134, გაცემული 1995 წლის 17 მარტს ქ. თბილისში და საბრძოლო მოკვლევა ¹59, გაცემული 2003 წლის 7 აპრილს სოხუმის გარნიზონის მეომართა კავშირი “ჯიხას” მიერ, 1947 წლის 19 მარტს დაბადებული მ. ს.-ს ძე ჯ-ძის სახელზე ეკუთვნის 1947 წლის 18 მარტს ამბროლაურის რაიონის სოფელ ... დაბადებულ მ. ს.-ს ძე ჯ-ძეს.

მ. ჯ-ძის დაბადებისა და პირადობის მოწმობების, იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის), კადრების დეპარტამენტის მიერ გაცემული ცნობით, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობებით, საქმეში არსებული სხვა მასალებითა და მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების 23-ე მექანიზირებული ბრიგადის საზენიტო დივიზიონის მეთაურის ბრძანება ¹19, გაცემული 1993 წლის 10 თებერვალს ქ. სოხუმში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება ¹134, გაცემული 1995 წლის 17 მარტს ქ. თბილისში და საბრძოლო მოკვლევა ¹59, გაცემული 2003 წლის 7 აპრილს სოხუმის გარნიზონის მეომართა კავშირი “ჯიხას” მიერ, 1947 წლის 19 მარტს დაბადებული მ. ს.-ს ძე ჯ-ძის სახელზე ეკუთვნის 1947 წლის 18 მარტს ამბროლაურის რაიონის სოფელ ... დაბადებულ მ. ს.-ს ძე ჯ-ძეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მაცხოვრებლების საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის სხდომის ¹1/69 ოქმის თანახმად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ს.-ს ძე ჯ-ძე აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ჩარიცხული იყო და მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების 23-ე მექანიზირებული ბრიგადის საზენიტო დივიზიონში;

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2009 წლის 8 მაისის წერილობითი პასუხის თანახმად, სასამართლომ დაადგინა, რომ მონაცემთა ბაზაში არ ფიქსირდებოდა 1947 წლის 18 მარტს დაბადებული მ. ს.-ს ძე ჯ-ძის სახელზე საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა.

დაინტერესებული პირის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელ ჟ. ქ-ძის მოსაზრება მოცემული საქმის სასარჩელო წესით განხილვის თაობაზე, სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლზე მითითებით არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ, ვინაიდან მ. ჯ-ძე ითხოვდა მხოლოდ საბუთებში არსებული ხარვეზის გამო უფლებადამდგენი საბუთის მისდამი კუთვნილების ფაქტის დადგენას, რაიმე დავა მას უფლებაზე არ გააჩნდა და, შესაბამისად, მოთხოვნა წარმოადგენდა უდავო წარმოების წესით განსახილველ საქმეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაინტერესებულმა პირმა _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა ასლის სახით წარმოდგენილი მტკიცებულებები, იგი ვალდებული იყო გამოეთხოვა წარდგენილი ბრძანებების დედნები და შეემოწმებინა ასლის დედანთან შესაბამისობა, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან საქმის მასალებიდან გამომდინარე, დადგენილად მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სოციალური მომსახურების სააგენტოში არსებული მ. ჯ-ძის საპენსიო საქმიდან გამოითხოვა სადავო მტკიცებულებების დედნები ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლები, რაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ არ წარმოადგინა ასეთი დოკუმენტების მასთან არარსებობის გამო, ხოლო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სააგენტოში არსებული მ. ჯ-ძის საპენსიო საქმიდან სასამართლოს წარედგინა საპენსიო საქმეში არსებული დოკუმენტაციის, მათ შორის სადავო დოკუმენტების დამოწმებული ასლები, რომელთა სისწორეც დედანთან შემოწმებული იყო სოციალური მომსახურიების სააგენტოს მიერ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აღნიშნული დოკუმენტების დედნების ნამდვილობა სადავოდ არ გაუხდია და არც მათი სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოუდგენია სასამართლოსათვის. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილი იყო სადავო დოკუმენტების დამოწმებული ასლებისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობა მიენიჭებინა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლისა და 312-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უდავო წარმოებაში დაინტერესებული პირის არსებობა და მის მიერ გამოთქმული უარყოფითი მოსაზრება დასადგენ იურიდიულ ფაქტთან მიმართებაში, ცალსახად არ ნიშნავდა ამ პირის უფლების დარღვევას.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ვერ მიუთითა იურიდიული ფაქტის დადგენით მისი მატერიალური უფლების დარღვევაზე, რაც სასარჩელო წარმოებაში მოდავე მხარის სტატუსისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 311-ე მუხლით გათვალისწინებული გარემობა განცხადების განუხილევლად დატოვების თაობაზე, რის გამოც აპელანტის მოსაზრება მოთხოვნის სასარჩელო წესით განხილვის შესახებ, სასამართლომ არ გაიზიარა.

აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ, ვინაიდან განცხადებლმა ვერ დაამტკიცა მის მიერ მოთხოვნილი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შეუძლებელობა სასამართლოსათვის მიმართვის გარეშე, სასამართლოს იგი განსახილველად არ უნდა მიეღო, სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა, ვინაიდან აღნიშნა, რომ აპელანტი ვერ უთითებდა, თუ არა სასამართლოს, სხვა რა გზით იქნებოდა შესაძლებელი განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლი, რომლის თანახმად, იმისთვის, რომ სასამართლომ მიიღოს განცხადება განსახილევლად, მას უნდა ერთვოდეს დოკუმენტი ამ ფაქტის დადგენის შეუძლებლობის შესახებ ამა თუ იმ მიზეზის გამო. მოცემულ შემთხვევაში კი განმცხადებელმა ვერ დაამტკიცა მის მიერ მოთხოვნილი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შეუძლებლობა სასამართლოსათვის მომართვის გარეშე, რაც ცხადყოფდა, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა უდავო წარმოების დაწყების წინაპირობა.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს საბრძოლო მოკვლევა მილორ ჯ-ძის საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ, მტკიცებულებად არ უნდა მიეღო, ვინაიდან აღნიშნული მოკვლევით დგინდება მხოლოდ მისი მონაწილეობის და არა სამხედრო მოსამსახურედ და შესაბამისი სტატუსის მქონედ ყოფნის ფაქტი, და, ამასთან, საბრძოლო მოკვლევა არცერთ დადგენილ რეკვიზიტს არ პასუხობს.

კასატორი ასევე სადავოდ ხდის განცხადებაში მითითებული დოკუმენტების კუთვნილების შესაძლებლობას, მოთხოვნის სამართლებვრივ და ფაქტობრივ საფუძვლიანობას, რაც მისი მოსაზრებით, იმაზე მიანიშნებს, რომ ახდენს შედავების უფლების რეალიზებას, რის გამოც მოითხოვს განცხადების განუხილველად დატოვებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

“სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “უ” ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.