საქმე # 170100119003201232
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №216აპ-20 ქ. თბილისი
მ. გ., 216აპ-20 10 ივლისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 10 იანვრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 10 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, ვინაიდან მან ჩაიდინა ორი დამოუკიდებელი დანაშაული - ოჯახის წევრის მიმართ.
2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით გ. მ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ გ. მ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
მსჯავრდებულ გ. მ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 3 აგვისტოდან 2019 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით.
გაუქმდა მსჯავრდებულ გ. მ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
მსჯავრდებულ გ. მ-ს საქართველოს სსკ–ის 65-ე მუხლის საფუძველზე დაევალა: გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი და სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. ამასთან, საქართველოს სსკ–ის 66-ე მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ გ. მ-ს მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლი და დახმარება დაევალა სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.
აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. მ-მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
გ. მ.ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის 2 აგვისტოს, დაახლოებით 19:00 საათზე, ... მდებარე კ. შ-ს კუთვნილ ფერმაში, გ. მ-მ მუშტის ქვედა ყბის მარჯვენა მხარეს ერთხელ დარტყმითა და ზურგის არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით ფიზიკურად, ხოლო თანაცხოვრების ბოლო ორი თვის მანძილზე სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფითა და დამცირებით ფსიქოლოგიურად იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირზე - ს. კ-ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
- 2019 წლის 2 აგვისტოს, დაახლოებით 19:00 საათზე, ... მდებარე კ. შ-ს კუთვნილ ფერმაში, გ. მ. ძალადობის შესახებ პოლიციაში შესაძლო განცხადების გამო დანის დემონსტრირებით და სიტყვით „მოგკლავ“, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ს. კ-ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.
3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და გ. მ.ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 10 იანვრის განაჩენით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ. მ.ს მიმართ შეფარდებული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაითვალისწინა მისი პასუხისმგებლობის როგორც დამამძიმებელი გარემოებები (რის შესახებაც ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში აპელირებს), ასევე - შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ: მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, წარსულში არ არის ნასამართლევი, დაზარალებულს მასთან პრეტენზია არ გააჩნია, რის შესაბამისადაც, განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი