Facebook Twitter

ას-834-783-2010 8 დეკემბერი, 2010 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პ. ქათამაძე, პ. სილაგაძე

კასატორი _ სსიპ თბილისის ¹... საჯარო სკოლის დირექტორი ნ. ს-შვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ნ-შვილი (მოსარჩელე)

დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ლ. ნ-შვილმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას თბილისის ¹... საჯარო სკოლის მიმართ გათავისუფლების შესახებ ¹232 ბრძანების ბათილად ცნობის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით.

მოსარჩელემ განმარტა, რომ იგი იყო თბილისის ¹... საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების ფიზკულტურის პედაგოგი და ამავე სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი. 2009 წლის 17 ნოემბერს სკოლის დირექტორმა გამოსცა ბრზანება ¹232, რის საფუძველზეც იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნული ბრძანების მირების მიზეზად დასახელდა მესამე კლასელი ბავშვის ცემის ფაქტი, რაც მოსარჩელის განმარტებით, ვერავინ დაადასტურა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ნ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ნ-შვილმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ნ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.02.2010წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ. ნ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათლად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის ¹... საჯარო სკოლის დირექტორის 17.11.2009წ. ბრძანება. ლ. ნ-შვილი აღდგენილ იქნა სსიპ თბილისის ¹...-ე საჯარო სკოლის ფიზიკური მომზადების მასწავლებლის თანამდებობაზე სკოლასა და ლ. ნ-შვილს შორის 01.09.2009წ. დადებული შრომითი ხელშეკრულების პირობებით მისი მოქმედების ვადით 01.09.2010 წლამდე. სსიპ თბილისის ¹... საჯარო სკოლას დაეკისრა ლ. ნ-შვილის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 17.11.2009 წლიდან თვეში 328 ლარისა 30 თეთრის ოდენობით სამუშაოზე აღდგენამდე.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ნ-შვილსა და სსიპ თბილისის ¹... საჯარო სკოლას შორის ერთი წლის ვადით, კერძოდ, 01.09.2009წ.-დან 01.09.2010წ.-მდე გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ლ.ნ-შვილი დაინიშნა ფიზკულტურის მასწავლებლად (იხ.: შრომის ხელშეკრულება, ტ.I, ს.ფ.15-17,); მოსარჩელის ყოველთვიური ხელფასი _ შრომის ანაზღაურება _ შეადგენდა 328, 30 ლარს (ტ.I, ს.ფ.14).

მოსარჩელე წარმოადგენდა სამეურვეო საბჭოს წევრს და ეს სტატუსი მას გააჩნდა 17.11.2009წ. მდგომარეობითაც (იხ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაცია სამეურვეო საბჭოს წევრობის სარეგისტრაციო მომაცემთა რეესტრიდან 17.11.2009წ. მდგომარეობით, ტI, ს.ფ.146, 147);

სსიპ თბილისის ¹... საჯარო სკოლის დირექტორის 17.11.2009წ. ¹232 ბრძანებით: სამეურვეო საბჭოს ¹5 სხდომის ოქმის, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის, ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის I პუნქტის ,,ზ” და ,,ზI” ქვეპუნქტების, მეორე პუნქტის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მიისტრის 15.09.2005წ. ¹448 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის წესდების მე-7 მუხლის I პუნქტის “ნ” ქვეპუნქტის საფუძველზე ამავე სკოლის პედაგოგი ლ. ნ-შვილი გათავისუფლდა სკოლის მასწავლებლობიდან და მოეხსნა დაწყებითი კლასის ფიზკულტურის მასწავლებლის საათობრივი დატვირთვა, მასთან შრომითი ურთიერთობები შეწყდა 17.11.2009წ.-დან (ტ.I, ს.ფ.18).

პალატამ განმარტა, რომ გამომდინარე იქიდან, რომ სამუშაოდან გათავისუფლების მომენტში _ 17.11.2009წ. _ ლ. ნ-შვილი ასევე იყო სამეურვეო საბჭოს წევრი, უნდა დადგინდეს, დაცული იყო თუ არა სამეურვეო საბჭოს წევრი მასწავლებლის გათავისუფლების კანონით დადგენილი პროცედურა. კერძოდ, არსებობდა თუ არა სამეურვეო საბჭოს თანხმობა სამეურვეო საბჭოს წევრ მასწავლებელთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

დადგენილია, რომ 13.11.2009წ. ჩატარდა სკოლის სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომა, სადაც III2 კლასის მოსწავლის რ. ჩ-ძის მშობლის მ. მ-შვილის განცხადების საფუძველზე “ საბჭოს უნდა განეხილა პედაგოგ ლ. ნ-შვილის საკითხი”. სხდომის თაობაზე შედგა ოქმი ¹5, სადაც დაფიქსირდა გამომსვლელთა პოზიციები და სხდომის გადაწყვეტილება (ტI,ს.ფ. 19-22);Pპალატა ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე ¹232 ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებულია სწორედ სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმი ¹5.

ოქმით დასტურდება, რომ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ მ. ვ-შვილმა დასვა საკითხი სამეურვეო საბჭოს წინაშე ლ. ნ-შვილის “პედაგოგიური საქმიანობის ვადამდე დროებით შეჩერების თაობაზე (სასამართლოს მიერ საკითხის საბოლოო განხილვამდე) (ტ.I, ს.ფ.22).

სამეურვეო საბჭომ დაადგინა: მისცემოდა თანხმობა სკოლის დირექტორს ქ.-ნ ნ. ს-შვილს ლ. ნ-შვილის სამეურვეო საბჭოს წევრობის სტატუსის და “შრომითი ხელშეკრულების ვადამდე დროებით შეჩერების თაობაზე” (ტ.I, ს.ფ.22).

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამეურვეო საბჭოს მითითებული გადაწყვეტილება არ შეიძლება შეფასდეს თანხმობად მასწავლებლის განთავისუფლების, ანუ მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე. გადაწყვეტილება ნათლად შეიცავს ნების გამოვლებას შრომითი ურთიერთობის “შეჩერებაზე” და არა მის “შეწყვეტაზე”. ყურადსაღებია ისიც, რომ როგორც ოქმიდან ჩანს, 13.11.2009წ. სხდომას ასევე ესწრებოდა სკოლის იურისტიც.

პალატამ დაუსაბუთებელად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ 13.11.2009წ. სხდომის ოქმში სიტყვების ,,შეჩერების“ და ,,შეწყვეტის” აღრევა მექანიკური შეცდომაა, ხოლო სიტყვა ,,დროებითი” (პედაგოგიური საქმიანობის ვადამდე დროებით შეჩერება) გამოყენებულია იმიტომ, რომ ლ. ნ-შვილი აუცილებლად გაასაჩივრებდა დადგენილებას (13.11.2009წ. სხდომაზე მიღებული დადგენილება), რის გამოც დადგენილება მიიჩნიეს დროებითად სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. პალატა ამ მსჯელობას არ იზიარებს და აქვე აღნიშნავს, რომ როგორც 13.11.2009წ. ოქმიდან ირკვევა, სხდომაზე ლ. ნ-შვილი უთითებდა მის წინააღმდეგ მშობლის წერილის გაყალბების ფაქტზე, ასევე უკმაყოფილებაზე სამეურვეო საბჭოს საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებაზე და აღნიშნავდა, რომ სასამართლოში შეჰქონდა სარჩელი (ტ.I, ს.ფ.21). შესაბამისად, დაუსაბუთებელია მსჯელობა, თითქოს ოქმში მითითებულ “სასამართლოს მიერ საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტამდე” პერიოდში ნაგულისხმევი იყო უშუალოდ 13.11.2009წ. მისაღები დადგენილების ლ. ნ-შვილის მხრიდან შესაძლო გასაჩივრების შემთხვევაში დავის განხილვის პერიოდი. ამასთან, ასეც რომ არ იყოს, სამეურვეო საბჭომ გადაწყვეტილება არაორაზროვნად მიიღო შრომითი ურთიერთობის “შეჩერებაზე” და არა მის “შეწყვეტაზე”.

ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით პალატამ დაადგინა, რომ ლ. ნ-შვილის გათავისუფლებისას სსიპ თბილისის ¹... საჯარო სკოლის დირექტორს არ ჰქონდა სამეურვეო საბჭოს თანხმობა სამეურვეო საბჭოს წევრ მასწავლებელთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კოდექსი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. ამდენად, სკოლის მასწავლებელთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დროს გამოყენებულ უნდა იქნეს ასევე სპეციალური კანონი _ საქართველოს კანონი “ზოგადი განათლების შესახებ”.

“ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუქნტის “ზ1” ქვეპუნქტი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: სკოლის დირექტორი უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს წევრ მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტოს მხოლოდ სამეურვეო საბჭოს თანხმობის შემთხვევაში.

რადგან დადგენილია ასეთი თანხმობის არარსებობა, პალატამ კანონსაწინააღმდეგოდ შეაფასა სსიპ თბილისის ¹... საჯარო სკოლის დირექტორის ¹232 ბრძანება ლ. ნ-შვილის გათავისუფლების თაობაზე და დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნები 17.11.2009წ. ბრძანების ბათილად ცნობისა და ლ. ნ-შვილის თანამდებობაზე აღდგენის _ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის _ შესახებ.

პალატამ განმარტა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობისას, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. შრომითი ურთიერთობის უკანონო შეწყვეტით მოპასუხემ დასაქმებულს წაართვა შესაძლებლობა განეხორციელებინა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამსახურებრივი მოვალეობა და მიეღო შესაბამისი შრომითი ანაზღაურება. შესაბამისად, ლ. ნ-შვილისათვის მიყენებული ზიანი განისაზღვრა მისი მიუღებელი ხელფასით გათავისუფლების დღიდან სამუშაოზე აღდგენამდე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. შესაბამისად, აღდგენილ უნდა იქნეს პირვანდელი მდგომარეობა.

შესაბამისად, აპელანტი აღდგენილ იქნა სსიპ თბილისის ¹...-ე საჯარო სკოლის ფიზიკური მომზადების მასწავლებლის თანამდებობაზე სკოლასა და ლ. ნ-შვილს შორის 01.09.2009წ. დადებული შრომითი ხელშეკრულების პირობებით მისი მოქმედების ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სსიპ თბილისის ¹... საჯარო სკოლის დირექტორმა _ ნ. ს-შვილმა. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორის განმარტებით, სასამართლოს არ უმსჯელია ლ. ნ-შვილის სამსახურიდან გათავისუფლების რეალურ მიზეზზე, რასაც ბავშვის ცემის ფაქტი წარმოადგენდა. ამასთან, სასამართლოს არასწორად განმატა სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმი და დაადგინა, რომ დირექტორს არ ჰქონდა საბჭოს თანხმობა პედაგოგის გათავისუფლებისას. კასატორმა განმარტა, რომ ლ. ნ-შვილთან დადებული იყო ერთწლიანი ხელშეკრულება და მისი მოქმედების ვადა უკვე ამოწურულია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 23 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი სსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ თბილისის ¹... საჯარო სკოლის დირექტორის _ ნ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას სსიპ თბილისის ¹... საჯარო სკოლის დირექტორის _ ნ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ თბილისის ¹... საჯარო სკოლის დირექტორის _ ნ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.