Facebook Twitter

ას-838-787-2010 2 დეკემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ი. ვ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. კ-ავა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 11 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ა. კ-ავამ მოპასუხე ი. ვ-ძის მიმართ და მოითხოვა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება 20 000 ლარის ოდენობით შემდეგი საფუძვლებით: სარჩელის თანახმად, 2008 წლის 28 მარტს ქ. ბათუმში, ... და ...... ქუჩების კვეთაში მოპასუხე ნასვამ მდგომარეობაში მართავდა რა ავტომანქანას, შეეჯახა მოსარჩელე ა. კ-ავას, რის გამოც ი. ვ-ძის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც 2008 წლის 16 მაისს დამთავრდა საპროცესო შეთანხმებით.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ა. კ-ავამ მიიღო ჯამრთელობის მძიმე დაზიანება, რის გამოც რამდენიმე დღე უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა ქ. ბათუმის ¹1 საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში. ჯამრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მოსარჩელე გადაყვანილ იქნა ქ. თბილისში, სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრში, რომელიც დღემდე მკურნალობას სახლში აგრძელებს და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. ა. კ-ავას განმარტებით, მოპასუხე საერთოდ არ დაინტერესებულა მისი ჯამრთელობის მდგომარეობით და არც რაიმე თანხა არ გადაუხდია, მაშინ, როდესაც მოპასუხის ბრალეული ქმედების გამო იგი მკურნალობისათვის საჭიროებს სოლიდურ თანხას.

ი. ვ-ძემ მის მიერ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო დაუსაბუთებლობის გამო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. კ-ავას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ი. ვ-ძეს ა. კ-ავას სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის სახით 10 580 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

ი. ვ-ძემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ა. კ-ავამ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ი. ვ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ა. კ-ავას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება, ი. ვ-ძეს ა. კ-ავას სასარგებლოდ დაეკისრა 7175 ლარის გადახდა, ა. კ-ავას ი. ვ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის-136,20 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 16 მაისის განაჩენით, ი. ბ.-ს ძე ვ-ძეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ა. კ-ავამ მიიღო ჯამრთელობის მძიმე სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება (მენჯის ძვლების ტრამვული მოტეხილობა, ორივე ქვედა კიდურის მოტეხილობა გავა-კუდუსუნის მიდამოს ფლეგმონია), შესაბამისად, სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ვ-ძის ქმედებით, ა. კ-ევას მიადგა ზიანი;

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. კ-ავა, რომელიც 2007 წლის 22 თებერვლიდან შპს ,,ტ.-ში” მუშაობდა ექსპედიტორად და შრომით საქმიანობას ასრულებდა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში, სამსახურიდან გათავისუფლდა ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო;

საქმეზე წარმოდგენილი შპს ,,ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს” დირექტორის მიერ გაცემული ცნობით, სასამართლომ დაადგინა, რომ საავადმყოფოს ჩირქოვანი ქირურგიის განყოფილებაში 2008 წლის 17 აპრილიდან 20 აპრილამდე ა. კ-ავას მკურნალობის საფასურმა შეადგინა _ 325,28 ლარი, ხოლო გადასახდელი დარჩა 164,84 ლარი.

საქმეში არსებული 2008 წლის 6 მაისის ¹148 ანგარიშ-ფაქტურით და შპს ,,სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის” მკურნალი ექიმის მიერ შედგენილი ა. კ-ავას მკურნალობის ხარჯების კალკულაციით, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. კ-ავას მკურნალობის საფასურმა შეადგინა 3034,91 ლარი. ამასთან, დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ გაცემული სამედიცინო დახმარების კალკულაციის მიხედვით, ფიქსატორის დემონტაჟი პირდაპირ და არაპირდაპირი ხარჯების გთვალისწინებით შეადგენდა 650 ლარს.

საქმეში წარმოდგენილი მედიკამენტების შეძენის დამადასტურებელი ქვითრებით, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. კ-ავას სამკურნალო მედიკამენტების შეძენისათვის ხარჯმა შეადგინა 2074,63 ლარი, ხოლო სალაროს შემოსავლის ორდერის თანახმად, მისი რეანომობილით ტრანსპორტირების ხარჯმა _ 500 ლარი.

საქმეში წარმოდგენილი შპს “ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს” დირექტორის მიმართვის შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. კ-ავამ რამდენჯერმე გაირა მკურნალობის კურსი და საავადმყოფოს ორგანიზაციული ბრძანების თანახმად, ავადმყოფის ორივე ოპერაციისათვის გადასახდელმა თანხამ შეადგინა 750 ლარი (1500.65 ლარის 50%).

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ გადასაღები (რენტგენის) სურათებისათვის გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 405 ლარი, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მტკიცებულებების არარსებობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ განვლილი პერიოდისათვის ავადმყოფის კვების ხარჯი შეადგენდა 3 000 ლარს, საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა და მტკიცებულების არსებობის შემთხვევაშიც კი, კვების ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, ვინაიდან აღნიშნა, რომ მითითებული გარემოება ბუნებრივი, ყოფითი და ადამიანური მოთხოვნილებაა, რომელიც ესაჭიროება, როგორც ავადმყოფს, ასევე ჯამრთელ მდგომარეობაში მყოფ პირსაც, და, რომ არ შექმნილიყო ი. ვ-ძის მავალდებულებელი გარემოება, ა. კ-ავას მხრიდან აღნიშნული თანხის გაღება კვების მიზნით მაინც მოხდებოდა.

ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ი. ვ-ძის ბრალეული ქმდების გამო ა. კ-ავასთვის მიყენებული მატერიალური ზიანი შეადგენდა 7175 ლარს.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე და სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ვ-ძემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: კასატორის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არასწორი შეფასება მისცა მათ, რითაც არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი. კერძოდ ქალაქ ბათუმის ¹1 საავადმყოფოს მიერ გაცემულ ფორმა ¹ 100-ში მითითებულია, რომ ა. კ-ავა სტაციონარში მოთავსდა 2008 წლის 28 მარტს, ხოლო 2008 წლის 8 აპრილს დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გაწერილ იქნა სახლში.

კასატორის განმარტებით, სეფისის ცენტრში მოსარჩელის მიერ მკურნალობისათვის გაღებული თანხის დაკისრება კასატორისათვის უკანონოა, ვინაიდან ა. კ-ავას სეფსისი განუვითარდა საოჯახო პირობებში მკურნალობით, რის შედეგადაც ის გადაყვანილი იქნა სეფსისის ცენტრში, რაც არანაირ კავშირში არ იყო მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ი. ვ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ვ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ი. ვ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ი. ვ-ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 358.75 ლარის 70% _ 251.13 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ვ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. კასატორს, ი. ვ-ძეს დაუბრუნდეს გ. ს-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 358.75 ლარის 70% _ 251.13 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.