ას-839-1125-09 11 მარტი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლ. ლაზარაშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური უფროსი მ. მ-ელი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,--- ბ.” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ივნისის განჩინება.
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 18 იანვარს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის სახელით მ. ც-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სს „--- ბ.“ წინააღმდეგ დოკუმენტის ყალბად აღიარებისა და თანხის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 02 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილების მიხედვით, 2008 წლის 02 დეკემბერს დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის წარმომადგენელი არ გამოცხადდა, გამოუცხადებობის მიზეზები სასამართლოსათვის უცნობი იყო.
აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით 2009 წლის 08 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილი იქნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის საჩივარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 თებერვლის განჩინებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ამავე სასამართლოს 2008 წლის 02 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმება და არსებითად განსახილველად საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამარათლოს 2009 წლის 17 ივნისის განჩინებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2008 წლის 02 დეკემბერს დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეები მოწვეული იყვნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის დაცვით.
პალატის აზრით საჩივრის ავტორმა ვერ წარმოადგინა და ვერ მიუთითა სხდომაზე მათი წარმომადგენლების დროულად გამოცხადების შესახებ დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.
სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ის წინაპირობები, რაც აუცილებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების მისაღებად მოსარჩელის გამოუცხადელობის გამო. კერძოდ, მოპასუხემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა, რათა გამოტანილია ყოფილიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ამასთან, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რომლებიც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ინვისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსმა.
კასატორის განმარტებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლები მაკა შუბლაძე და რუსუდან ჟორჟოლიანი სასამართლოს შენობაში გამოცხადდნენ დროულად, მაგრამ ვერ გაიგეს სხდომის მდივნის მიერ სასამართლო პროცესის დაწყების გამოცხადება, შესაბამისად, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი, ვინაიდან მოსარჩელე მხარე გამოცხადდა სასამართლო პროცესზე და მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ დაესწრო სასამართლო პროცესს.
კასატორის აზრით სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს შეეძლო არ გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა სასამართლო უფლებაა და არა ვალდებულება. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული საქმე ეხება დოკუმენტის სიყალბის დადგენას და საბიუჯეტო თანხის დაბრუნებას და აღნიშნული საქმის არსებით განხილვას დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო ინტერესებისათვის, არც ეს გაითვალისწინა სასამართლომ.
სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის თანახმად, მოპასუხე მხარეს უნდა წრმოედგინა შესაგებელი. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილის და 232- მუხლის შესაბამისად, შესაგებელის არასაპატიო მიზეზით წარმოუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც სს „--- ბ.“ შემთხვევაში არ განხორციელებულა.
აღნიშნული გამომდინარეობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების როგორც სპროცესო დასჯის მექანიზმის არსიდან. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა მხოლოდ მაშინ არის მიზანშეწონილი, როცა მხარე თავის მოქმედებით ან უმოქმედობით უარს განაცხადებს საპროცესო თანამშრომლობაზე, ანუ როდესაც მას აქვს პროცესზე გამოცხადების შესაძლებლობა, მაგრამ არ აქვს ნება. იმ პირობებში, როდესაც სახეზეა მხარის აშკარად გამოხატული ნება მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, მაგრამ ამას ხელს უშლის გარემოებები, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არის გამოწვეული, მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში გამოუცხადებლობა უნდა ჩაითვალოს საპატიოდ და დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდეს. კონკრეტულ შემთხვევაშიც ადგილი ჰქონდა სწორედ ასეთ მდგომარეობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დავის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია მითითებული ნორმის მოთხოვნები. კერძოდ, აპელანტი სააპელაციო საჩივარში უთითებდა, რომ მოპასუხე მხარემ მის სარჩელზე არ შეიტანა შესაგებელი სასამართლოში, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია. აღნიშნულის თაობაზე აპელანტი აღნიშნავდა საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაუქმებლად შეტანილი საჩივარშიც. ამასვე უთითებს დღეისათვის წარმოდგენილი საკასაციო საჩივარშიც. უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთი ინსტანციის სასამართლოს ამ საკითხის თაობაზე არ უმსჯელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-1ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებელია) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს მოთხოვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სს „--- ბ.“ სასამართლოში შესაგებელი არ წარუდგენია. სასამართლოს კი დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ გამოუტანია. მან მხარეები მოიწვია მთავარ სხდომაზე. ასეთ შემთხვევაში (მოსარჩელის მიერ საჩივრის შეტანისას მაინც) სასამართლოს უნდა გაეცა პასუხი იმაზე, თუ რატომ არ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილდება ანუ უნდა ემსჯელა იმის თაობაზე, თუ რა იყო ხელისშემშლელი ფაქტორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოუტანელობისა. თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას, ასეთ შემთხვევაში განჩინებაში უნდა მიეთითებინა ამის თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება საპროცესო დარღვევა, რასაც შეიძლებოდა შედეგად მოჰყოლოდა საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების დასაბუთება მითითებული თვალსაზრისით არასრულია და სააპელაციო საჩივარი ხელახლა უნდა იქნეს განხილული სასამართლოს მიერ. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა იმსჯელოს მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის შედეგებზე და იმსჯელოს სააპელაციო საჩივარში მითითებულ ამ გარემოებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სურსათის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ივნისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.