¹ას-839-788-2010 18 იანვარი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ თ. ყ-შვილ-ყ-შვილი (მოპასუხე ძირითად სარჩელში, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარეები _ დ. ყ-შვილი (მოსარჩელე ძირითად სარჩელში, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი ძირითად სარჩელში _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
შეგებებულ სარჩელში _ მემკვიდრედ და თანამესაკუთრედ ცნობა, ანდერძის, ჩუქების ხელშეკრულებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ყ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ყ-შვილის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის მამა ი. ყ-შვილი გარდაიცვალა 1998 წლის 1 თებერვალს. ქ.დედოფლისწყაროში, ... ქ.¹19-ში მცხოვრებმა დედამ _ ნ. ყ-შვილმა, 1998 წლის 22 ოქტომბრის ანდერძით მთელი თავისი ქონება, მათ შორის, სახლი დაუტოვა მოსარჩელეს, ხოლო მის დას - თ. ყ-შვილს, როგორც უღირს მემკვიდრეს, ჩამოართვა ყველანაირი მემკვიდრეობა. ნ. ყ-შვილი გარდაიცვალა 2005 წლის 23 მაისს. მოსარჩელემ კანონით დადგენილ ვადაში მიიღო მემკვიდრეობა, სამკვიდრო ქონება დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში და გახდა ბინის მესაკუთრე. მოსარჩელე არჩენდა მშობლებს და მანვე გასწია მშობლების დაკრძალვის ხარჯები. მოპასუხე უკანონოდ ფლობს მის საკუთრებაში არსებულ ბინას და არ ათავისუფლებს.
მოპასუხე თ. ყ-შვილმა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს თავდაპირველი მოსარჩელე დ. ყ-შვილის, მოპასუხეების - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, დედოფლისწყაროს რაიონის ნოტარიუსის - მ.ა-ურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა მემკვიდრედ და თანამესაკუთრედ ცნობა, ანდერძის, ჩუქების ხელშეკრულებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: ქ.დედოფლისწყაროში, ... ქ.¹19-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ირიცხებოდა მოპასუხის - მამის ი. ყ-შვილის სახელზე, რომელიც გარდაიცვალა 1998 წლის 1 თებერვალს. მამის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო ქონებიდან კუთვნილი წილის მისაღებად მიმართა ნოტარიუსს, რომელმაც 1998 წლის 3 აგვისტოს დადგენილებით უარი უთხრა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე მემკვიდრეთა შორის სამკვიდროს გაყოფის თაობაზე შეუთანხმებლობის გამო. ავადმყოფობის გამო სამკვიდროს გაყოფის თაობაზე მას კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოსთვის არ მიუმართავს; 2005 წლის 23 მაისს გარდაეცვალა დედა ნ. ყ-შვილი; კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის მისაღებად მიმართა ნოტარიუსს, რომელმაც 2005 წლის 20 დეკემბრის დადგენილებით უარი უთხრა სამკვიდრო მოწმობის მიცემაზე იმ საფუძვლით, რომ მემკვიდრეებს შორის შეუთანხმებლობისას დავას განიხილავდა სასამართლო; მოგვიანებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ სადავო სახლი აღრიცხული იყო დედის - ნ. ყ-შვილის სახელზე, რომელმაც 1999 წლის 13 ივლისს სადავო სახლი აჩუქა მოსარჩელე დ. ყ-შვილს. თ. ყ-შვილმა შეგებებული სარჩელით მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი ქ.დედოფლისწყაროს გამგეობის 1998 წლის 14 სექტემბრის ¹28 დადგენილება; ცნობილ იქნეს მამის კანონისმიერ მემკვიდრედ და მესაკუთრედ სამკვიდრო ქონების – საცხოვრებელი სახლის ნახევრის 1\3 წილზე; გაუქმდეს 1999 წლის 13 ივლისს ნ. ყ-შვილსა და დ. ყ-შვილს შორის დადებული ბინის ჩუქების ხელშეკრულება, ტექბიუროს მიერ განხორციელებული ჩანაწერი, გაუქმდეს ნ. ყ-შვილის სახელზე რეგისტრაცია, გაუქმდეს სახლისა და მიწის ნაკვეთის დ. ყ-შვილის სახელზე საჯარო რეესტრის ჩანაწერები, გაუქმდეს 1998 წლის 22 ოქტომბერს შედგენილი ანდერძი და ცნობილ იქნეს დედის სამკვიდროდან – მთლიანი ბინის 2/3-ის ნახევარზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ; ანდერძის ძალაში დატოვების შემთხვევაში თ.ყ-შვილს მიეცეს სავალდებულო წილი, განხორციელდეს შესაბამისი რეგისტრაციები საჯარო რეესტრში, ასევე მიეკუთვნოს დედის მიუღებელი პენსიიდან 321 ლარი და 40 თეთრი, მამის სამკვიდროდან 7177 მანეთი და 232 857 კუპონი.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით დ. ყ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, თ. ყ-შვილი ოჯახთან ერთად გამოსახლდა ქ.დედოფლისწყაროში, ... ქ. ¹19-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან; თ. ყ-შვილის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თ. ყ-შვილს მიეკუთვნა პენსიიდან 321 ლარი და 40 თეთრი, მამის სამკვიდროდან 7177 მანეთი და 323 857 კუპონი, შეგებებული სარჩელის დანარჩენ მოთხოვნებს უარი ეთქვა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ყ-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინებით მოცემულ საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო თ. ყ-შვილის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა დედოფლისწყაროს გამგეობის 1998 წლის 14 სექტემბრის ¹28 დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში და იგი განსახილველად გადაეცა ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას; იმავე განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება დ. ყ-შვილის სარჩელზე უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში და თ. ყ-შვილის შეგებებული სარჩელის შემდეგ მოთხოვნებზე: მამის სამკვიდრო ქონების – საცხოვრებელი სახლის 1/3 წილზე კანონისმიერ მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის, 1999 წლის 13 ივლისის ნ. ყ-შვილსა და დ. ყ-შვილს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების, ტექბიუროს მიერ განხორციელებული ჩანაწერის, ნ. ყ-შვილის რეგისტრაციის გაუქმების, სახლისა და მიწის ნაკვეთის დ. ყ-შვილის სახელზე საჯარო რეესტრის ჩანაწერების გაუქმების, 1998 წლის 22 ოქტომბრის შედგენილი ანდერძის გაუქმებისა და დედის სამკვიდროდან – მთლიანი ბინის 2/3 მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. ყ-შვილის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი დედოფლისწყაროს გამგეობის 1998 წლის 14 სექტემბრის ¹28 დადგენილება. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ყ-შვილის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება თ. ყ-შვილის ოჯახით გამოსახლებისა და თ. ყ-შვილის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დ. ყ-შვილის სარჩელი თ. ყ-შვილის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ, არ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ. ყ-შვილის შეგებებული სარჩელი, კერძოდ, 1/4¼ ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი 1999 წლის 13 ივლისის ჩუქების ხელშეკრულება, დადებული ნ. ყ-შვილსა და დ. ყ-შვილს შორის, ამავე ნაწილში გაუქმდა საჯარო რეესტრში განხორციელებული დ. ყ-შვილის საკუთრებაში უფლების სარეგისტრაციო ჩანაწერი, თ. ყ-შვილი ცნობილ იქნა ქ.დედოფლისწყაროში, ... ქ. ¹19-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებებობის) 1/4 ნაწილის მესაკუთრედ, თ. ყ-შვილის სარჩელი 1998 წლის 22 ოქტომბრის ანდერძის გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: დედოფლისწყაროში, ... ქ. ¹19-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი აღრიცხული იყო ი. ყ-შვილის სახელზე, რომელიც გარდაიცვალა 1998 წლის 1 თებერვალს. ი. ყ-შვილს გარდაცვალების შემდეგ დარჩა ოთხი რიგის მემკვიდრე მეუღლე – ნ. ყ-შვილი, შვილები – დ. ყ-შვილი, თ. ყ-შვილი (ქორწინებამდე გვარი ყ-შვილი) და ამჟამად გარდაცვლილი და, რომელსაც ჰყავს შვილები; ი. ყ-შვილის გარდაცვალებიდან 6 თვის გასვლამდე თ. ყ-შვილმა მიმართა სანოტარო ბიუროს მამის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, მაგრამ ქ.დედოფლისწყაროს ნოტარიუსის 1998 წლის 3 აგვისტოს დადგენილებით თ.ყ-შვილს უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ მამკვიდრებელს ჰყავდა თანამესაკუთრე მეუღლე ნ. ყ-შვილი, რომელიც ასევე მოითხოვდა მემკვიდრეობის უფლების მოწმობის მიღებას. ქ.დედოფლისწყაროს რაიონის გამგეობის 1998 წლის 14 სექტემბრის ¹28 დადგენილებით ქ.დედოფლისწყაროში, ... ქ. ¹19-ში მდებარე აწ გარდაცვლილი ი. ყ-შვილის სახელზე რიცხული სახლი გადაუფორმდა მის მეუღლეს – ნ. ყ-შვილს, როგორც კომლის უკანასკნელ წევრს. 1998 წლის 22 ოქტომბერს ნ. ყ-შვილმა მთელი თავისი ქონება უანდერძა შვილს - დ. ყ-შვილს. 1999 წლის 13 ივლისს ნ. ყ-შვილსა და დ. ყ-შვილს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც ნ. ყ-შვილმა დედოფლისწყაროში, ... ქ. ¹19-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, მიწასთან ერთად აჩუქა დ. ყ-შვილს. პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ანდერძი და ჩუქების ხელშეკრულება შედგენილ იქნა ნ. ყ-შვილის ნების გამოვლენის საფუძველზე და 1999 წლის 13 ივლისს ¹345 ჩუქების ხელშეკრულების თანახმად, სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხა დ. ყ-შვილის სახელზე. სააპელაციო პალატამ მოცემული დავის გადწყვეტისას გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1307-ე მუხლი, 1336-ე მუხლი, 1157-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1161-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტი, 1421-ე მუხლის პირველი ნაწილი და 1424-ე მუხლი.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ ქ.დედოფლისწყაროში, ... ქ.¹19-ში მდებარე უძრავი ქონება ი. ყ-შვილის მიერ შეძენილ იქნა ნ. ყ-შვილთან ქორწინების რეგისტრაციამდე და მიიჩნია, რომ აღნიშნული ქონება მის სიცოცხლეში წარმოადგენდა მხოლოდ ი. ყ-შვილის ინდივიდუალურ საკუთრებას, ხოლო გარდაცვალების შემდეგ, მის სამკვიდროში შემავალ ქონებას; ი. ყ-შვილს ანდერძი არ დაუტოვებია და მისი გარდაცვალების შემდეგ მის სამკვიდრო ქონებაზე კანონით მემკვიდრეობის მიღების თანაბარი უფლება წარმოეშვა სამკვიდროს გახსნის დროს ცოცხალ ოთხ პირს – მეუღლესა და სამ შვილს (პირველი რიგის მემკვიდრეებს); მამის გარდაცვალებიდან კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში, თ. ყ-შვილმა გამოხატა მემკვიდრეობის მიღების ნება და სანოტარო ბიუროს მიმართა სამკვიდრო მოწმობის მიღების მოთხოვნით; თ. ყ-შვილმა კანონით დადგენილ ვადაში მიიღო მამის, ი. ყ-შვილის, სამკვიდრო, მემკვიდრეთა რაოდენობის (4 მემკვიდრე) გათვალისწინებით სამკვიდროში შემავალი ქონების 1/4¼ წილის ოდენობით; პალატამ მიიჩნია, რომ, მიუხედავად იმისა, თ.ყ-შვილის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ ყოფილა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის დანაწესით იგი დედოფლისწყაროში, ... ქ.¹19-ში მდებარე უძრავი ქონების 1/4 ნაწილის მესაკუთრედ ითვლება. ნ. ყ-შვილმა მის სახელზე აღრიცხული მთლიანი ქონება 1999 წლის 13 ივლისის ხელშეკრულებით უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა დ. ყ-შვილს. აღნიშნულით მან განკარგა ქონების ის 1/4¼ ნაწილიც, რომელიც თ. ყ-შვილის საკუთრებას წარმოადგენდა და რომლის გასხვისების უფლებამოსილებაც მას არ გააჩნდა. სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლზე.
მოდავე მხარეები წარმოადგენენ რა ოჯახის წევრებს, თანაბარი უფლების მქონე მემკვიდრეებს, სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. ყ-შვილის მიმართ ვერ გავრცელდება სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით გათვალისწინებული საჯარო რეესტრის მონაცემთა სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია (აღნიშნული წარმოადგენს პრეზუმფციას მესამე პირთათვის და არა ოჯახის წევრთათვის). სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლზე მითითებით, პალატამ მიიჩნია, რომ ჩუქების ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს იმ მოცულობით, რამდენადაც იგი თ. ყ-შვილის უფლებებსა და კანონიერ ინტერესს შეეხო, ამავე ჩუქების ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 1/4 ნაწილში, შესაბამისად, 1/4¼ ნაწილში უნდა გაუქმდეს საჯარო რეესტრში დ. ყ-შვილის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ჩანაწერი, როგორც ხელშეკრულების ბათილად ცნობის თანამდევი შედეგი და თ. ყ-შვილი ცნობილ იქნეს, ქ.დედოფლისწყაროში, ... ქ. ¹19-ში მდებარე, მამის - ი. ყ-შვილის სამკვიდრო ქონების 1/4¼ მესაკუთრედ.
პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ, ვინაიდან, თ.ყ-შვილს ნოტარიუსის 1998 წლის 3 აგვისტოს დადგენილებით უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე და იგი კანონით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია, მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან მიიჩნია, რომ, სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, თ.ყ-შვილი სამკვიდროს გახსნის დღიდან ითვლება მამის სამკვიდროდან კუთვნილი წილის მესაკუთრედ და სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის დადგენილების გაუსაჩივრებლობა ვერ იმოქმედებს მისი, როგორც მესაკუთრის, უფლებების განხორციელებაზე. სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს დედის, ნ. ყ-შვილის, სამკვიდროდან წილის მიკუთვნების შესახებ თ. ყ-შვილის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან ნ. ყ-შვილმა, გარდაცვალებამდე გააჩუქა კუთვნილი ქონება. ამდენად, გარდაცვალების მომენტისათვის დედოფლისწყაროში, ... ქ.¹19-ში მდებარე უძრავი ნივთი მის საკუთრებას აღარ წარმოადგენდა, შესაბამისად, იგი სამკვიდრო მასაში ვერ შევიდოდა. პალატამ ასევე მიუთითა, რომ არ არსებობს 1999 წლის 22 ოქტომბრის ანდერძის გაუქმების შესახებ თ.ყ-შვილის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან მიიჩნია, რომ ნ. ყ-შვილის სამკვიდროს გახსნის დროისათვის აღარ არსებობდა ანდერძში მითითებული უძრავი ქონება, როგორც სამკვიდრო ქონება და სადავო ანდერძი იურიდიული ძალის არმქონეა. სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია სამოქალაქო კოდექსის 1402-ე მუხლზე. ნ.ყ-შვილის სამკვიდროში შემავალი სხვა ქონება – პენსია 321,4 ლარის ოდენობით, დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით, მიეკუთვნა თ.ყ-შვილს და ამ ნაწილში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, ამდენად, ანდერძის იმ ნაწილს, რომლითაც მოანდერძის მიერ მას, როგორც უღირს მემკვიდრეს, ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, რაიმე სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თ.ყ-შვილს ანდერძის ბათილად ცნობის მიმართ არ გააჩნია იურიდიული ინტერესი. არ უნდა დაკმაყოფილდეს დ. ყ-შვილის თავდაპირველი სარჩელი თ. ყ-შვილის მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ, რადგან მიიჩნია, რომ თ. ყ-შვილი და დ. ყ-შვილი წარმოადგენენ დედოფლისწყაროში, ... ქ. ¹19-ში მდებარე უძრავი ქონების თანამესაკუთრეებს, რის გამოც თ. ყ-შვილს, დ. ყ-შვილის თანაბრად უფლება აქვს, ფლობდეს და სარგებლობდეს საზიარო საგნით, შესაბამისად, ნივთს არამართლზომიერად არ ფლობს. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 173-ე მუხლის პირველი ნაწილზე და 955-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ყ-შვილმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: პალატამ არასწორად დაადგინა მოცემულ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, არც ერთ მხარეს სადავოდ არ გაუხდია გარდაცვლილი დის ქონებრივი წილი და არ მოუთხოვია იგი, პალატა კი გასცდა სააპელაციო საჩივრისა და მოწინააღმდეგე მხარის შესაგებლის მოთხოვნებს; პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლისა და 1421-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები და მიუთითა, რომ მამის გარდაცვალებიდან კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში თ. ყ-შვილმა გამოხატა მემკვიდრეობის მიღების ნება და სანოტარო ბიუროს მიმართა სამკვიდროს მოწმობის მიღების მოთხოვნით, მაშინ, როდესაც მამის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეები დარჩნენ თვითონ და დედა, რომლებმაც სანოტარო წესების დაცვით მოითხოვეს სამკვიდროდან წილი. მოწინააღმდეგე მხარეს და არც გარდაცვლილი დის შვილებს კანონით დადგენილ ვადაში და არც შემდგომ არ მიუმართავთ სანოტარო ბიუროსათვის სამკვიდრო მოწმობის მიღების მოთხოვნით. პალატამ სამართლებრივად ვერ დაასაბუთა, თუ რატომ ცნო ბათილად ჩუქების ხელშეკრულება 1/4¼ნაწილში და რატომ გააუქმა 1/4¼ნაწილში საჯარო რეესტრში მისი საკუთრების უფლების¼რეგისტრაციის ჩანაწერი; პალატამ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილი და მიუთითა, რომ ნ. ყ-შვილმა გარდაცვალებამდე გააჩუქა კუთვნილი ქონება, ამდენად, გარდაცვალების მომენტისათვის დედოფლისწყაროში, ... ქ. ¹19-ში მდებარე უძრავი ნივთი მის საკუთრებას აღარ წარმოადგენდა, შესაბამისად, იგი სამკვიდრო მასაში ვერ შევიდოდა, მაშინ, როდესაც, ნ. ყ-შვილი, როგორც გარდაცვალებამდე, ისე გარდაცვალების შემდეგ არ გამხდარა მთლიანი ქონების განმკარგავი, ვინაიდან მას ეს უფლება მოუსპო ადმინისტრაციული პალატის მიერ 1998 წლის 14 სექტემბრის ¹28 დადგენილების გაუქმებამ. სამართლებრივად დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მოსაზრებები, ვინაიდან ნ. ყ-შვილის სამკვიდროს გახსნის დროისათვის აღარ არსებობდა ანდერძში მითითებული უძრავი ქონება, როგორც სამკვიდრო ქონება, სადავო ანდერძი იურიდიული ძალის არმქონეა, ასევე დაუსაბუთებელია, რომ კასატორი თითქოს ცნობილი იყო უღირს მემკვიდრედ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ყ-შვილის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ _ ქონების 1/3 ნაწილის მიკუთვნების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს სამკვიდროს გაყოფის კანონიერება, ვინაიდან კასატორ თ.ყ-შვილის წილი სამკვიდრო ქონებაში არასწორად განისაზღვრა. დანარჩენ ნაწილში საკასაციო სასამართლო სრულიად იზიარებს და Eეთანხმება სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას, კერძოდ:
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ი. ყ-შვილს გარდაცვალების შემდეგ (1998 წლის 1 თებერვალი) დარჩა ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე: მეუღლე – ნ. ყ-შვილი, შვილები – დ. ყ-შვილი, თ. ყ-შვილი და ამჟამად გარდაცვლილი და, რომელსაც ჰყავს შვილები; ი. ყ-შვილის გარდაცვალებიდან 6 თვის გასვლამდე თ. ყ-შვილმა მიმართა სანოტარო ბიუროს მამის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, მაგრამ დედოფლისწყაროს ნოტარიუსის 1998 წლის 3 აგვისტოს დადგენილებით თ.ყ-შვილს უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ მამკვიდრებელს ჰყავდა თანამესაკუთრე მეუღლე ნ. ყ-შვილი, რომელიც ასევე მოითხოვდა მემკვიდრეობის უფლების მოწმობის მიღებას. დედოფლისწყაროს რაიონის გამგეობის 1998 წლის 14 სექტემბრის ¹28 დადგენილებით ქ.დედოფლისწყაროში, ... ქ. ¹19-ში მდებარე აწ გარდაცვლილი ი. ყ-შვილის სახელზე რიცხული სახლი გადაუფორმდა მის მეუღლეს - ნ. ყ-შვილს, როგორც კომლის უკანასკნელ წევრს. 1998 წლის 22 ოქტომბერს ნ. ყ-შვილმა მთელი თავისი ქონება უანდერძა შვილს - დ. ყ-შვილს. 1999 წლის 13 ივლისს ნ. ყ-შვილსა და დ. ყ-შვილს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც ნ. ყ-შვილმა დედოფლისწყაროში, ... ქ. ¹19-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, მიწასთან ერთად აჩუქა დ. ყ-შვილს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულია საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება, რომ ი. ყ-შვილის სამკვიდროს მიღება მოდავე მხარეების აწ გარდაცვლილი დის ან მისი მემკვიდრეების მიერ, სასამართლოს არ დაუდგენია და ეს ფაქტი არც სადავოდ არ მიუჩნევიათ. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ნ. ყ-შვილმა და თ. ყ-შვილმა სამკვიდრო მოწმობის მიღების მოთხოვნით კანონით დადგენილ ვადაში მიმართეს სანოტარო ბიუროს. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე, 1424-ე და 1433-ე მუხლების შესაბამისად, მათ მიერ სამკვიდრო მიღებულია. რაც შეეხება მეოთხე მემკვიდრე დ. ყ-შვილს, ი. ყ-შვილის სამკვიდროზე მისი მემკვიდრეობის უფლება აღიარებულია თვით თ. ყ-შვილის მიერ(იხ. თ. ყ-შვილის შეგებებული სარჩელი ტ. 1, ს.ფ. 56-61, თ. ყ-შვილის საკასაციო საჩივარი ს.ფ. 186-194), რომელიც ხაზგასმით უთითებს და მოითხოვს, რომ აწ გარდაცვლილი ი. ყ-შვილის სამკვიდრო ორ მემკვიდრე _ დ. ყ-შვილსა და თ. ყ-შვილს შორის უნდა გაიყოს. ამასთან, სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამდენად, ი. ყ-შვილის სამკვიდრო მიღებული აქვს სამი პირველი რიგის მემკვიდრეს _ ნ. ყ-შვილს, დ. ყ-შვილსა და თ. ყ-შვილს. ასევე დადგენილია, რომ ნ. ყ-შვილმა ჩუქების ხელშეკრულებით სადავო ქონება მთლიანად საკუთრებაში გადასცა დ. ყ-შვილს.
სამოქალაქო კოდექსის 1452-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გაყოფა ხდება სამკვიდროს მიმღები მემკვიდრეების შეთანხმებით იმ წილის კვალობაზე, რაც თითოეულ მათგანს კანონით ან ანდერძით ერგებათ. მითითებული ნორმიდან და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სამკვიდრო მიღებულია რა სამი თანაბარი უფლებების მემკვიდრის მიერ, სამკვიდრო მათ შორის თანაბრად უნდა განაწილდეს და თ. ყ-შვილს უნდა მიეკუთვნოს ი. ყ-შვილის სამკვიდროდან 1/3 წილი. იმავე ოდენობით _ თითოეულს 1/3 წილზე მემკვიდრეობის უფლება უნდა განესაზღვროს დანარჩენ მემკვიდრეებს _ ნ. ყ-შვილს და დ. ყ-შვილს. შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს გასაჩივრებული ჩუქების ხელშეკრულებაში და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში, ვინაიდან ნ. ყ-შვილმა ჩუქების ხელშეკრულებით არაკანონიერად განკარგა თ. ყ-შვილის 1/3 წილიც, რისი უფლებამოსილებაც მას არ გააჩნდა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის არგუმენტს, რომ ნ. ყ-შვილს ქონების განკარგვის _ გაჩუქების იურიდიული უფლება არ ჰქონდა. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია ნ. ყ-შვილს მიერ კანონით დადგენილ ვადაში ნოტარიუსისათვის მიმართვის გზით სამკვიდროს მიღების ფაქტი და ეს ფაქტი დასაბუთებულია საქმეში არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას, ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. დადგენილი ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგოდ კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია(შედავება).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ თ. ყ-შვილის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ _ სადავო სამკვიდრო ქონების 1/3_ის მიკუთვნების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილებაც აღნიშნულ ნაწილში უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
თ. ყ-შვილის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება თ. ყ-შვილის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ბათილად იქნეს ცნობილი ნ. ყ-შვილსა და დ. ყ-შვილს შორის დადებული 1999 წლის 13 ივლისის ჩუქების ხელშეკრულება ქ.დედოფლისწყაროში, ... ქ. ¹19-ში მდებარე უძრავი ქონების 1/3¼ნაწილში; ამავე ნაწილში გაუქმდეს საჯარო რეესტრში განხორციელებული დ. ყ-შვილის საკუთრების უფლების სარეგისტრაციო ჩანაწერი.
თ. ყ-შვილი ცნობილ იქნეს ქ.დედოფლისწყაროში, ... ქ. ¹19-ში მდებარე უძრავი ქონების 1/3 ნაწილის მესაკუთრედ.
დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.