Facebook Twitter

¹ას-841-790-2010 5 იანვარი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ი. ჯ-ავა, გ. ვ-ინი

მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. პ-ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ საცხოვრებელი სახლიდან რეალური წილის გამოყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ი. ჯ-ავამ და გ. ვ-ინმა სარჩელით მიმართეს ახალციხის რაიონულ სასამართლოს ვ. პ-ძის მიმართ და მოითხოვეს ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანში, ... ქ.¹21-ში მდებარე საერთო საკუთრების სახლიდან მოსარჩელეებისათვის თანაბარი წილების იზოლირებულად გამოყოფა.

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ჯ-ავასა და გ. ვ-ინის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანში, ... ქუჩა ¹21-ში მდებარე საერთო საკუთრების სახლიდან მოსარჩელეებს თანაბარ წილებში, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, საიჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის ¹კ-677/18-ის შესაბამისად, ვ. პ-ძის საერთო საკუთრებიდან იზოლირებულად გამოეყოთ სახლის პირველ სართულზე @¹2 ოთახი ფართით _ 11,41 კვ.მ, ¹4 ოთახი ფართით _ 22,74 კვ.მ, ¹6 სანკვანძი ფართით _ 3,64 კვ.მ და ¹7 სათავსი _ ფართით 2,79 კვ.მ. აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოსარჩელეებისათვის გამოყოფილი ფართის, ვ. პ-ძის საკუთრებიდან იზოლირების მიზნით, ¹2 და ¹3, ¹4 და ¹5 ოთახების დამაკავშირებელი კარის ღიობები ამოშენედა, ¹3 და ¹4 ოთახებს შორის დამაკავშირებელი თაღი ამოშენდა, ¹6 ოთახში მოეწყო ბინაში შესასვლელი კარი. მოსარჩელეებს პირველ სართულზე მდებარე ¹5 ოთახის (8,66კვ.მ-ის) გამოყოფაზე და ამოშენების ხარჯების მოპასუხე ვ. პ-ძისათვის დაკისრებაზე ეთქვათ უარი.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ვ. პ-ძემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. პ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება ი. ჯ-ავასა და გ. ვ-ინის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ი. ჯ-ავასა და გ. ვ-ინს უარი ეთქვათ დაბა ბაკურიანში, ... ¹21-ში მდებარე საერთო საკუთრების სახლის ნატურით გაყოფაზე.

სააპელაციო სასამართლომ, საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილად ჩათვალა, რომ დაბა ბაკურიანში, ... ქუჩა ¹21-ში მდებარე უძრავი ნივთი წარმოადგენდა თანასაკუთრებას, რომლის 1/5 ეკუთვნოდა ი. ჯ-ავას და გ. ვ-ინს, ხოლო 4/5 -ვ. პ-ძეს. მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და საქმეში წარმოდგენილი ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნულ მისამართზე არსებული სახლის დანიშნულებაა საოჯახო სასტუმრო. პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ, ნატურით გაყოფის შესახებ, ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ უმსჯელია სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლით განსაზღვრულ ისეთ აუცილებელ გარემოებებზე, როგორიცაა შემცირდებოდა თუ არა ნივთის ღირებულება მისი გამოყოფის შედეგად. სასამართლოს აზრით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ” ქვეპუნქტით, ,,რეგისტრაცია ნიშნავს ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით”. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატმ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჯარო რეესტრში ვერ შევიდოდა რაიმე ჩანაწერი ნივთის დანიშნულების შესახებ, ვინაიდან აღნიშნულს კანონი არ ითვალისწინებს და გარდა ამისა, ნივთის მესაკუთრეს ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს ნივთის დანიშნულება და ყოველი ასეთი შეცვლის აღრიცხვა საჯარო რეესტრში უსაფუძვლოდ შეზღუდავდა ამ ნივთის მიმართ მესაკუთრის უფლებას, გამოეყენებინა იგი თავისი შეხედულებისამებრ. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტის დასკვნა, თავისი არსით, არ ასახავდა ნივთის ამჟამინდელ დანიშნულებას - საოჯახო სასტუმროს, რის გამოც ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გაიზიარა იგი.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოცემული უძრავი ნივთის სასტუმროს დანიშნულებით გამოყენებას ადასტურებდა საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 28 სექტემბრის ცნობა. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი 2008 წლის 14 ივლისის საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდებოდა, რომ მხარეთა თანასაკუთრების უფლება ვრცელდებოდა არა საცხოვრებელ სახლზე, როგორც უფლების ცალკეულ ობიექტზე, არამედ მიწის ნაკვეთზე - სარეგისტრაციო ზონა ბორჯომი, კოდი 64, სექტორი დაბა ბაკურიანი, კოდი 10, კვარტალი ¹03, ნაკვეთი ¹077, დაუზუსტებელი ფართობი 550 კვ.მ, ნაკვეთის მისამართი-დაბა ბაკურიანი, ... ქუჩა ¹21.

იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, საზიარო საგანს წარმოადგენდა მიწის ნაკვეთი, რომლის არსებითი შემადგენელი ნაწილიც, სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იყო საცხოვრებელი სახლიც, შესაბამისად, მოთხოვნა გაუქმებულიყო საზიარო უფლება მხოლოდ ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე, მაშინ, როდესაც ეს ნივთი ცალკე უფლების ობიექტს არ წარმოადგენდა, სასამართლოს მოსაზრებით, არ გამომდინარეობდა სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლიდან, ვინაიდან, მითითებული მუხლი ითვალისწინებს საზიარო უფლების გაუქმებას არა საზიარო საგნის ნაწილზე, არამედ მთლიანად საზიარო საგანზე, რაც პალატის აზრით, გადაწყვეტილების გაუქმებისა და ი. ჯ-ავასა და გ. ვ-ინის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კიდევ ერთ საფუძველს წარმოადგენდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ი. ჯ-ავამ და გ. ვ-ინმა. კასატორებმა მიუთითეს, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და განკარგავდეს საკუთარ ქონებას, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, აღკვეთოს ნებისმიერი პირის მხრიდან მისი ქონების უკანონო სარგებლობა. კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ, აღნიშნული არ გაითვალისწინა და თავის გადაწყვეტილებაში საერთოდ უგულებელყო მესაკუთრეთა ინტერესები. სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანამესაკუთრეებს საერთო საკუთრებაში ნივთის გამოყენება ან რაიმე ვალდებულებებით დატვირთვა მხოლოდ ურთიერთშეთანხმებით უნდა მოხდეს. მესაკუთრის ამ უფლებას კი, სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ მიაქცია ყურადღება და უგულებელყო ის გარემოება, რომ მესაკუთრეთა თანხმობის გარეშე და მათი ნების საწინააღმდეგოდD ხდებოდა საერთო საკუთრებაში არსებული სახლის გამოყენება, ასევე სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლი, რომლის თანახმად, თითოეულ მონაწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება, ამ უფლების შეზღუდვა დაუშვებელია და იგი იზღუდება მხოლოდ თანამესაკუთრეთა შეთანხმებით, სხვა შეზღუდვა არ არსებობს და არავის არ აქვს უფლება თანამესაკუთრეს შეუზღუდოს საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნა.

კასატორებმა ასევე მიუთითეს, რომ სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სიზუსტის პრეზუმფცია. საზიარო საგანი წარმოადგენს საცხოვრებელ სახლს, იგი რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, როგორც საცხოვრებელი სახლი. ნასყიდობის ხელშეკრულებაშიც საზიარო საგანი წარმოადგენს სახლს, ხოლო სასამართლო ამ ჩანაწერების საწინააღმდეგოდ აკეთებს დასკვნას, რომ საზიარო საგანი არ წარმოადგენს საცხოვრებელ სახლს. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საზიარო სახლში ვ. პ-ძე ცხოვრობს თავისი ოჯახით, ეწევა საქმიანობას, რომელიც არ არის შეთანხმებული თანამესაკუთრეებთან, ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ვ. პ-ძე თანახმაა გაყოფაზე, მაგრამ მის მიერ შემოთავაზებული ვარიანტი ტექნიკურად შეუძლებელია და ამიტომ ვერ ჩატარდა ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდებოდა ოპტიმალური ვარიანტი.

ყოველივე ზემოაღნიშნული კი, კასატორთა მოსაზრებით, გახდა მიზეზი საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანისა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის განხილვისას, სასამართლო სხდომის დანიშვნამდე მხარეებმა წარმოადგინეს ნოტარიულად დამოწმებული მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:

1. ვ. პ-ძე საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას გადაუხადოს გ. ვ-ინს 12 500 აშშ (თორმეტი ათას ხუთასი) დოლარი (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღისთვის არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის კურსით) და ი. ჯ-ავას 12 500 აშშ (თორმეტი ათას ხუთასი) დოლარი (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღისთვის არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის კურსით) 2011 წლის 30 მარტამდე მათი კუთვნილი უძრავი ქონების 1/5 წილის სანაცვლოდ, ქონება მდებარე ბორჯომის რაიონი, დაბა ბაკურიანი, ... ქ.¹21, მიწის (უძრავი ქონების სარეგისტრაციო) ¹641003077;

2. გ. ვ-ინი და ი. ჯ-ავა საკუთარ თავზე იღებენ ვალდებულებას პირველ პუნქტში მითითებული თანხების დათქმულ დროში მიღების შემდეგ, უარი განაცხადონ სადავო ქონების მატერიალურ და არამატერიალურ პრეტენზიაზე ვ. პ-ძის მიმართ;

3. მხარეები თანხმდებიან ასევე მასზე, რომ, თუ ვ. პ-ძე არ შეასრულებს პირველ პუნქტში ჩამოყალიბებულ ვალდებულებებს, მაშინ განხორციელდება გ. ვ-ინისა და ი. ჯ-ავას კუთვნილი წილის ნატურით გაყოფა «საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს» ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი პირობებით (24 ივნისი, 2009 წელი, ¹კ-677/18), კერძოდ: გ. ვ-ინსა და ი. ჯ-ავას ნატურით გამოეყოფათ ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანში, ... ¹21-ში, მიწის (უძრავი ქონების სარეგისტრაციო) ¹641003077, განთავსებულ შენობაში მათი კუთვნილი იდეალური წილის შესაბამისი ფართი 42,92 კვ.მ, მათ შორის _ პირველ სართულზე ¹2 ოთახი _ ფართით 11,41 კვ.მ, ¹4 ოთახი _ ფართით 22,74 კვ.მ, ¹6 სანკვანძი _ ფართით 3,64 კვ.მ, სათავსო _ ფართით 3,79 კვ.მ, ასევე, მიწის ნაკვეთის შესაბამისი 1/5 ნაწილი. ზემოაღნიშნული გაყოფის შემთხვევაში: ¹2 და ¹3, ასევე ¹4 და ¹5 ოთახების დამაკავშირებელი კარის ღიობები უნდა ამოშენდეს: ¹3 და ¹4 ოთახებს შორის დამაკავშირებელი თაღი (არკა) უნდა ამოშენდეს; @¹2 და ¹6 ოთახების გამმიჯნავ ტიხარზე უნდა მოეწყოს კარები; ¹6 ოთახში უნდა მოეწყოს კარები; ¹6 ოთახში არსებული სანკვანძი უნდა მოეწყოს ¹7 ოთახში.

4. მხარეები იღებენ ვალდებულებას ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ სრულად, ჯეროვნად და დათქმულ დროში.

მხარეებმა მოითხოვეს მორიგების აქტის დამტკიცება და საქმეზე წარმოების შეწყვეტა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, რის გამოც წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.

მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კასატორებს _ ი. ჯ-ავასა და გ. ვ-ინს უნდა დაუბრუნდეთ გ. ვ-ინის მიერ მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 1723.50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება მხარეთა შორის შემდეგი პირობებით:

ა) ვ. პ-ძე საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას გადაუხადოს გ. ვ-ინს 12 500 აშშ (თორმეტი ათას ხუთასი) დოლარი (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღისთვის არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის კურსით) და ი. ჯ-ავას 12 500 აშშ (თორმეტი ათას ხუთასი) დოლარი (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღისთვის არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის კურსით) 2011 წლის 30 მარტამდე მათი კუთვნილი უძრავი ქონების 1/5 წილის სანაცვლოდ, ქონება მდებარე ბორჯომის რაიონი, დაბა ბაკურიანი, ... ქ.¹21, მიწის (უძრავი ქონების სარეგისტრაციო) ¹641003077;

ბ) გ. ვ-ინი და ი. ჯ-ავა საკუთარ თავზე იღებენ ვალდებულებას პირველ პუნქტში მითითებული თანხების დათქმულ დროში მიღების შემდეგ, უარი განაცხადონ სადავო ქონების მატერიალურ და არამატერიალურ პრეტენზიაზე ვ. პ-ძის მიმართ;

გ) მხარეები თანხმდებიან ასევე მასზე, რომ, თუ ვ. პ-ძე არ შეასრულებს პირველ პუნქტში ჩამოყალიბებულ ვალდებულებებს, მაშინ განხორციელდება გ. ვ-ინისა და ი. ჯ-ავას კუთვნილი წილის ნატურით გაყოფა «საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს» ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი პირობებით (24 ივნისი, 2009 წელი, ¹კ-677/18), კერძოდ: გ. ვ-ინსა და ი. ჯ-ავას ნატურით გამოეყოფათ ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანში, ... ¹21-ში, მიწის (უძრავი ქონების სარეგისტრაციო) ¹641003077, განთავსებულ შენობაში მათი კუთვნილი იდეალური წილის შესაბამისი ფართი 42,92 კვ.მ, მათ შორის _ პირველ სართულზე ¹2 ოთახი _ ფართით 11,41 კვ.მ, ¹4 ოთახი _ ფართით 22,74 კვ.მ, ¹6 სანკვანძი _ ფართით 3,64 კვ.მ, სათავსო _ ფართით 3,79 კვ.მ, ასევე, მიწის ნაკვეთის შესაბამისი 1/5 ნაწილი. ზემოაღნიშნული გაყოფის შემთხვევაში: ¹2 და ¹3, ასევე ¹4 და ¹5 ოთახების დამაკავშირებელი კარის ღიობები უნდა ამოშენდეს: ¹3 და ¹4 ოთახებს შორის დამაკავშირებელი თაღი (არკა) უნდა ამოშენდეს; @¹2 და ¹6 ოთახების გამმიჯნავ ტიხარზე უნდა მოეწყოს კარები; ¹6 ოთახში უნდა მოეწყოს კარები; ¹6 ოთახში არსებული სანკვანძი უნდა მოეწყოს ¹7 ოთახში.

დ) მხარეები იღებენ ვალდებულებას ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ სრულად, ჯეროვნად და დათქმულ დროში.

2. მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო, გაუქმდეს ამ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება;

3. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდება გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება;

4. ი. ჯ-ავასა და გ. ვ-ინს დაუბრუნდეთ გ. ვ-ინის მიერ საკასაციო საჩივარზე 2010 წლის 5 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 1732.50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ხაზინის ერთიანი ანგარიშის ნომერი – 200122900, მიმღები ბანკი – სახელმწიფო ხაზინა 220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი - ¹300773150;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.