ას-846-795-10 28 ოქტომბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ვ. ჩაჩუა (მოსარჩელე)
კასატორის წარმომადგენელი – ა. მ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – თ. შ-უა, მ. კ-ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – მინდობილობის ბათილად ცნობა, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებით ვ. შ-უას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. შ-უამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2009 წლის 15 მაისს ვ. შ-უას მინდობილ პირს მ. კ-ძესა და თ. შ-უას შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. თბილისი ... ქ.¹7 ბინა ¹@2;
თ. შ-უა არის ვ. შ-უას შვილის, აწ გარდაცვლილი ზ. შ-უას, შვილი;
ვ. შ-უა დღემდე ცხოვრობს თ. შ-უას საკუთრებაში რიცხულ ბინაში მდებარე ქ. თბილისი, ... ქ.¹7 ბინა ¹@2 თ. შ-უასთან ერთად, სადაც სამოთახიანი ბინიდან პირად სარგებლობაში გამოყოფილი აქვს ერთი ოთახი;
2009 წლის 6 მაისის საკუთრების მინდობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა შესრულებულია ვ. შ-უას მიერ;
საკუთრების მინდობის თაობაზე 2009 წლის 6 მაისს ვ. შ-უას სახელით გაცემული მინდობილობა ვ. შ-უას წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე გაუქმებული იქნა ნოტარიუს რ. გ-იას მიერ 2009 წლის 25 აგვისტოს;
2009 წლის 6 მაისს ვ. შ-უას მიერ გამოვლენილი იქნა საკუთრების მინდობის ხელშეკრულების გაფორმების ნება. ნოტარიუსის მიერ მისი ქმედუნარიანობისა და ნების გამოვლენის ნამდვილობის შემოწმების შემდეგ მინდობილობა წაეკითხა საკუთრების მიმნდობს ვ. შ-უას, მოიწონა იგი და მკაფიოდ და ნათლად განაცხადა, რომ მინდობილობა შეესაბამება მის ნებას, რაზეც მოაწერა ხელი. მინდობილობის თანახმად მინდობილ მესაკუთრეს მ. კ-ძეს ნება დაერთო ვ. შ-უას სახელით მოახდინოს ვ. შ-უას კუთვნილი უძრავი ქონების მდებარე ქ.თბილისი ... ქ.¹7 ბინა ¹2 საცხოვრებელი ბინის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, გააჩუქოს დასახელებული უძრავი ქონება თ. შ-უაზე და განახორციელოს ყველა ის მოქმედება რაც დაკავშირებულია ამ დავალების შესრულებასთან. აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. Uუდავოა ის გარემოება, რომ მინდობილობაზე ვ. შ-უას სახელით შესრულებული ხელმოწერა ეკუთვნის მოსარჩელე ვ. შ-უას;
ვ. შ-უა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოების დასადასტურებლად უთითებს იმ ფაქტზე, რომ მან ხელი მოაწერა არა საკუთრების მინდობის ხელშეკრულებაზე არამედ სუფთა ფურცელზე ე. ი. გარემოება, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა და სწორედ მას ეკისრება ამ ფაქტის დადასტურების ტვირთი.Mდასახელებული ფაქტის დასადასტურებლად ვ. შ-უა შემოიფარგლა სასამართლო სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებით.
პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მისი მხრიდან ნების გამოვლენის ნამდვილობის საწინააღმდეგო მტკიცებულება. მას საერთოდ არ მიუთითებია გარემოება, რის გამოც მას შეეძლო გამოეხატა აბსოლუტური ნდობა მოპასუხეებისათვის და გაუაზრებლად შეესრულებინა ხელისმოწერა სუფთა ფურცელზე;
უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ... ქ. ¹7 ბინა ¹2 საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ირიცხება თ. შ-უას სახელზე;
მოპასუხე თ. შ-უას მხრიდან ვ. შ-უას მძიმე შეურაცხყოფა ან დიდ უმადურება გამოხატული არ ყოფილა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ვ. შ-უას მიერ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტები (მძიმე შეურაცხყოფის მიყენება ან დიდი უმადურების გამოჩენა) წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება და არ არის სარწმუნო და საკმარისი, ხოლო მოსარჩელის შუამდგომლობით გამოძახებული მოწმის მიერ მისთვის პირადად ცნობილი გარემოებების შესახებ მიცემული ჩვენებით სასამართლომ ვერ გამოიტანა დასკვნა საქმისათვის ისეთი მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობაზე, როგორიცაა მოპასუხის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფის მიყენება, ან დიდი უმადურების გამოჩენა.
პალატამ მიიჩნია, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა იქნეს მიჩნეული, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. შ-უას სარჩელი დაუსაბუთებელია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 27 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. შ-უამ.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ არ მოახდინა საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სრულყოფილი გამოკვლევა, გამომდინარე, აქედან მტკიცებულებას არ მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება. კერძოდ: სასამართლომ, მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებების გამოკვლევისას, ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე მხარის მოწმეებმა სასამართლოს განუმარტეს მხოლოდ ვ. შ-უას მიერ თ. კ-ძისათვის მიცემული რწმუნებულების (მინდობილობის) ნებაყოფლობით გაცემაზე. მოპასუხის არცერთი მოწმე არ ადასტურებს თ. შ-უასა და მისი დედის კეთილ ურთიერთობას ვ. შ-უას მიმართ. რაც შეეხება მოწმეების: ნ. ს-შვილისა და ც. ბ-ძის მიერ მიცემულ ჩვენებებს, ნათლად ჩანს, თუ რა მდგომარეობაში აყენებს თ. შ-უა და დედამისი ვ. შ-უას, რომელმაც მას 100 ათას აშშ დოლარად ღირებული ნივთი აჩუქა. ორივე მოწმე ადასტურებს იმ გარემოებას, რომელთა გამოც მან მოითხოვა გაჩუქებული ნივთის უკან დაბრუნებას. მოწმეები ადასტურგებენ, რომ მას, თ.ი და მისი დედა ყოველდღიურად სისტემატიურად ლანძღავენ და აგინებენ; საკვებს არ აძლევენ, არ ზრუნავენ მის ჰიგიენურ მდგომარეობაზე, სისტემატურად აყენებენ მძიმე ფსიქიკურ და მორალურ ტრამვებს და ა.შ. გამომდინარე აქედან, იგი იძულებული ხდება დასახმარებლად მიმართოს თავის ძმისშვილის მეუღლეს, მოწმედ დაკითხულ ც. ბ-ძეს, ან მეზობელს, მოწმედ დაკითხულ ნ. ს-შვილს.
კასატორის განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებების არსებითი შეუსაბამობის გამო არ დადასტურდა მათ მიერ მითითებული გარემოებები, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება. მოპასუხე მხარის მიერ მოწვეულ მოწმეთა ჩვენებებით, დადგენილია მხოლოდ მინდობილობის ნამდვილობა, ხოლო მხარეთა შორის დადებით ურთიერთობაზე ისინი არ საუბრობენ. პირიქით ისინი ადასტურებენ მხარეთა შორის დაძაბულ ურთიერთობას. გამომდინარე აქედან, როგორ შეიძლება ჩაითვალოს მათ მიერ მიცემული ჩვენებები, მოწმეების: ნ. ს-შვილისა და ც. ბ-ძის მიერ მიცემული ჩვენებებთან არსებით შეუსაბამობაში. გარემოება, რომელზედაც მოპასუხის მოწმეები ადასტურებენ ვ. შ-უასათვის ინტერესს სააპელაციო სასამართლოში და საკასაციო სასამართლოში არ წარმოადგენს, ვინაიდან კასატორი მინდობილობის ბათილად ცნობას აღარ ითხოვს. მან სააპელაციო სასამართლოში შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა. მისი საბოლოო მოთხოვნაა: ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ვინაიდან დასაჩუქრებულმა გამოიჩინა უმადურობა, როგორც მჩუქებლის ასევე მისი ნათესავების მიმართ, აგრეთვე იმის გამო, რომ ის და დედამისი მჩუქებელს აყენებენ მძიმე ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფას და გაუსაძლის მდგომარეობაში აყენებენ მას. აგრეთვე, არ შესრულდა ის პირობები, რასაც მოპასუხე იძლეოდა. გამომდინარე აქედან, მოწმეების: ზ.ა-შვილისა და ნ. მ-შვილის ჩვენებები მოსარჩელის მიერ მოყვანილ გარემოებებთან არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის და შესაბამისად, საკითხის გადაწყვეტისას, მათ მიერ მიცემული ჩვენებები, არსებული გარემოებების დადასტურების საწინააღმდეგოდ არ უნდა იქნეს გამოყენებული.
კასატორი მიიჩნევს, რომ მ. კ-ძემ ბოროტად გამოიყენა მისი მარწმუნებლის ნდობა და შეგნებულად, ჩუქების ხელშეკრულებაში არ აღნიშნა ის პირობები, რაზედაც შეთანხმდნენ მხარეები. ამ გარემოებას ადასტურებს თვითონ მ. კ-ძის მოქმედება, უფრო სწორად მისი უმოქმედლობა, რაც გამოიხატება შემდეგში; მ. კ-ძე საქმეში ჩართულია მხარედ, მეორე მოპასუხედ. ის შეგნებულად არ ცხადდება სასამართლოზე და არც შეპასუხება გაუკეთებია სასამართლოსათვის სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის ირგვლივ. ის მოქმედებს თ. შ-უას ნებაზე და მის სასარგებლოდ, რათა ნათელი არ მოეფინოს მათ ზრახვებს. მ. კ-ძის ასეთი უმოქმედობა სასამართლომ უნდა ჩათვალოს აღნიშნული გარემოების დასაბუთებად, ვინაიდან ის არ ასრულებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს. გამომდინარე აღნიშნულიდან, მ. კ-ძე ვალდებული იყო სასამართლოსათვის მიეცა ახსნა-განმარტება მინდობილობის შესრულების კანონიერებაზე. საქმეში არსებული მტკიცებულებებით ასეთი არ დასტურდება, შესაბამისად, მისი მიერ მ. კ-ძისამდი წაყენებული პრეტენზიები და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უნდა ჩაითვალოს დამტკიცებულად.
კასატორმა განმარტა, რომ სასამართლომ სამართლიანად არ შეაფასა მოსარჩელის მოწმეების: ნ. ს-შვილისა და ც. ბ-ძის ჩვენებები. ორივე მოწმე დეტალურად აღწერს ვ. შ-უას უმძიმეს მორალურ და ფიზიკურ მდგომარეობას, მოწმე ნ. ს-შვილი, მოპასუხის მოწმეებთან შედარებით, არანაირ ნათესაურ და მეგობრულ კავშირში არ იმყოფებამასთან. მას არანაირი ინტერესი არ გააჩნია სადავო ბინაზე. გამომდინარე აღნიშნულიდან, ნ. ს-შვილის ჩვენება ყველა სხვა მოწმეთა ჩვენებებისაგან განსხვავებით მიუკერძოებელი და მაღალი ხარისხით დამაჯერებელია. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ მოწმეთა ჩვენებები ხარისხობრივად არ არის სასამართლოს მიერ შეფასებული და საჭიროებს დეტალურად გამოკვლევასა და შეფასებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ივლისის განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. შ-უას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ვ. შ-უას საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. შ-უას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.