Facebook Twitter

საქმე #330100113002418442

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №277აპ-20 ქ. თბილისი

პ–ი ვ., 277აპ-20 31 ივლისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 16 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. პ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 16 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

მსჯავრდებულ ვ. პ–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. გ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ვ. პ–ის გამართლებას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენით ვ. პ–ი, - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილს „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 21 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 11 თებერვლიდან იმავე წლის 25 თებერვლის ჩათვლით.

ვ. პ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 10 თებერვალს ა. ბ–ი, რომელიც მართავდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „.....“ სახელმწიფო ნომრის მქონე „ტოიოტა ჰაილუქსის“ მოდელის ავტომანქანას, მივიდა ქ. თ–ში, დაბა ....... მდებარე მ. გ–ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ამ უკანასკნელის ნათესავები. მ. გ–ის ბინაში ყოფნისას მ. გ–ის ნათესავი - ვ. პ–ი ფარულად დაეუფლა ა. ბ–ის ავტომანქანას და ხსენებული ავტომაქანით დაიწყო მოძრაობა ქ. ...... მიმართულებით. მოძრაობისას, ........ გზატკეცილზე, ...... ქუჩაზე, № ელექტროგანათების ბოძის მიმდებარედ, ავტომანქანა, რომელსაც ვ. პ–ი მართავდა, გადავიდა გზიდან და ამობრუნდა. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა 16848 ლარის ქონებრივი ზიანი.

3. პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ და ითხოვა გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 16 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, კასატორები არ უთითებენ არც სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს სასამართლოს განმარტებას.

6. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას მტკიცებულებათა არასაკმარისობის თაობაზე.

7. მოწმე ბ. ე–ის ჩვენების თანახმად, ვ. პ–ი არის სწორედ ის პირი, რომელიც მარტო დატოვა ა. ბ–ზე განპიროვნებულ ავტომანქანაში მძღოლის სავარძელში მჯდომი და თვითონ გადავიდა ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. მანვე განმარტა, რომ ამ დროს ავტომანქანის ძრავა უკვე ჩართული ჰქონდა თავად ა. ბ–ს, რომელიც იქვე ესაუბრებოდა მეგობარს. თავად კი, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ვ. პ–თან ერთად იჯდა სუფრაზე და იყო იმ ოჯახის ახლობელი, არ აკადრა მას, რომ ავტომანქანის ძრავა ჩაექრო, გასაღები აეღო და ისე გადასულიყო მანქანიდან. მოწმემ დაადასტურა, რომ ავტომანქანის მოკითხვისთანავე შემთხვევის ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა ქალბატონმა დაუდასტურა ვ. პ–ის მიერ ავტომანქანის დაუფლების ფაქტი, ხოლო მას შემდეგ, რაც დაიწყეს ავტომანქანის მოძიება და გზად შემხვედრ პოლიციის თანამშრომლებს ჰკითხეს თეთრი ფერის „ჰაილუქსის“ მარკის ავტომობილის შესახებ, პოლიციელებმა საპასუხოდ იკითხეს - იცნობდნენ თუ არა ვ. პ–ს, რომელიც ხსენებული ავტომანქანით ხევში იყო გადავარდნილი.

8. მოწმე ბ. ე–ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება არ ეწინააღმდეგება გამოძიების ეტაპზე მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. მან სასამართლო სხდომაზე მხოლოდ დააზუსტა და უფრო დეტალურად ასახა შემთხვევის დღეს განვითარებული გარემოებები, რაც ახსნა გამომძიებლის წინაშე ჩვენების მიცემისას მეგობრის თვითმკვლელობით გამოწვეული მძიმე ემოციური მდგომარეობით.

9. ვ. პ–ის ჩვენება შეესაბამება მოწმეების - მ. ც–ის, თ. გ–ის და მ. გ–ის ჩვენებებს, სუფრაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით (პირდაპირი ჩვენებები). ვ. პ–ის მიერ ა. ბ–ის ავტომანქანის დაუფლების ნაწილში მ. ც–ის, თ. გ–ისა და მ. გ–ის ჩვენებები არის ირიბი ჩვენებები (და შესაბამისად ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს). სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა - კ. ა–მა, ხ. ნ–მ, მ. ბ–მა და ა. მ–მ დაადასტურეს რომ ავტოავარიის დროს ვ. პ–ი მარტო იმყოფებოდა ა. ბ–ზე განპიროვნებულ მანქანაში. მოწმე კ. ა–ს, რომელმაც ავტომანქანით გზიდან გადავარდნილი ვ. პ–ი სახლში აიყვანა, შემთხვევის ადგილზე სხვა პირი არ უნახავს. ასევე, ექიმმა ხ. ნ–ემ, რომელიც ვ. პ–სათვის დახმარების აღმოჩენის შემდეგ დაინტერესდა, სხვა მგზავრებიც ხომ არ იყვნენ დაშავებულები, შეიტყო, რომ ავტოავარიის დროს მანქანაში ვ. პ–ის გარდა არავინ მჯდარა. მოწმეებს - ხ. ნ–ესა და კ. ა–ს, ისევე როგორც ამ უკანასკნელის სახლში მისულ სამართალდამცავებს - მ. ბ–ს და ა. მ–ს, ვ. პ–მა თავად განუცხადა, რომ მანქანაში იჯდა მარტო.

10. სამედიცინო ექსპერტიზის N..... დასკვნის თანახმად, შპს ................ ცენტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა N...-დან, მოქ. ვ. პ–ს 2013 წლის 11 თებერვალს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით დადგენილი აქვს დიაგნოზი: ორივე წვივის ექსკორიაციები, მარცხენა წვივის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, ორივე მტევნის ექსკორიაციები, მარჯვენა ყვრიმალის ექსკორიაცია. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ე. კ–მ.

11. შემთხვევის ადგილისა და ავტომანქანის დათვალიერების ოქმები, მსჯავრდებულ ვ. პ–ის მიმართ ჩატარებული სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები სრულ შესაბამისობაშია მოწმეების - კ. ა–ის, ხ. ნ–ის, მ. ბ–ის და ა. მ–ის ჩვენებებთან იმ ფაქტების შესახებ, თუ რა მდგომარეობაში ნახეს ვ. პ–ი და მისი ავტომანქანა. ასევე, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით ა. ბ–ზე განპიროვნებული ავტომობილის წინა, მარცხენა სავარძლის საზურგიდან (მძღოლის მხარე) ამოღებულ ბოჭკოს მიკრონაწილაკებს შორის აღმოჩენილ ნაცრისფერი ბამბის ბოჭკოს მიკრონაწილაკებსა და ვ. პ–ის მაისურის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალ ნაცრისფერი ბამბის ბოჭკოებს გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება. აღნიშნული გარემოება ცალსახად მოწმობს, რომ მსჯავრდებული ნამდვილად იჯდა ხსენებულ ავტომობილში სწორედ მძღოლის სავარძელში. შესაბამისად, სასამართლოს არ აქვს საფუძველი გაიზიაროს მსჯავრდებულის ჩვენება რომ ის არ მჯდარა მძღოლის სავარძელზე და ავტომანქანას მართავდა მისთვის უცნობი პირი. მსჯავრდებული არ უთითებს მის მიერ მითითებული ‘სხვა პირის“ ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ასევე საჭესთან უცხო პირის ჯდომის ფაქტი არ დასტურდება არც ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული საექსპერტო კვლევებით და დაცვის მხარესაც არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა გაეზიარებინა მსჯავრდებულის ჩვენება.

12. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „მიუხედავად იმისა, რომ სსსკ მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე ბრალდების მხარეს აკისრებს გონივრულ ეჭვს მიღმა ბრალდებულის ბრალეულობის დასაბუთების ვალდებულებას .... ხშირ შემთხვევაში აღნიშნული მიზნის მიღწევა შეუძლებელია ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების მხოლოდ კრიტიკული შეფასების გზით (რაც დასტურდება სარჩელში მითითებული საქმის ფაქტორივი გარემოებებითაც) და უკავშირდება დაცვის მხარის მიერ კონკრეტული ინფორმაციის მოპოვებას, რომელიც ქმნის გონივრულ ეჭვს ბრალდების დასაბუთებულობაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება N1/1/650,699 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-28, 42).

13. სასამართლო ითვალისწინებს რომ ვ. პ–ის ჩვენება ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს ( მაგალითად, ვ. პ–ი მიუთითებს რომ მოწმე ა–ის შემთხვევის ადგილას არ უნახია, ხოლო მოწმე ა–ის განმარტებით მან გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება რომლის მოსვლამდეც შეიყვანა დაშავებული მსჯავრდებული სახლში), დაცვის მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი საექსპერტო კვლევის შედეგები ან სხვა სახის მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა სატრანსპორტო საშუალებაში მსჯავრდებულის გარდა სხვა უცხო პირის ყოფნას (მაგალითად, ტრასოლოგიური, გენეტიკური ან ბიო-ქიმიური კვალის არსებობას), სატრანსპორტო საშუალების უცხო პირის მიერ მართვა არ დასტურდება საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით. სასამართლო ასევე ითვალისწინებს რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია რომ ავტომანქანა რომელშიც იქნა ნაპოვნი მსჯავრდებული ( „ტოიოტა ჰაილუქსი“ სახელმწიფო ნომრით ......)ირიცხება შსს ...... ა/რ მთავარი სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელ ა. ბ–ზე. შესაბამისად, გაუგებარია უცნობი პირის მიერ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების კანონსაწინააღმდეგოდ დაუფლების შემთხვევაში უცხო ადამიანისთვის თბილისში ჩაყვანის შეთავაზება თანაც იმ დათქმით რომ ჯერ სამხედრო ნაწილში უნდა ასულიყო მძღოლი, სადაც 10-20 წუთის საქმე ჰქონდა და შემდეგ ჩაიყვანდა თბილისში, მსჯავრდებულს არ გაუგია არც სატრანსპორტო საშუალების გზიდან გადავარდნის შესახებ და გამოეღვიძა მხოლოდ მას შემდეგ რაც უკვე გადავარდნილი იყო მანქანიდან და ფეხი საბურავის ქვეშ ჰქონდა მოყოლილი, არ მოუკითხია არც მძღოლის ამბავი და მძღოლის შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებია არც დასახმარებლად მისული ადგილობრივი მოსახლეობის და სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლებისთვის.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N548 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებისთვის. აღნიშნულის მიუხედავად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა აკმაყოფილებს მტკიცებულებათა სარწმუნოობის და საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტს. საქმეში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ვ. პ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

15. კასატორი - მსჯავრდებულ ვ. პ–ის ადვოკატი საკასაციო საჩივარში ვერ უთითებს სასამართლოების მიერ საქმის განხილვისას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების ისეთ დარღვევაზე, რომელიც გავლენას მოახდენდა გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივ შეფასებასა და ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციაზე.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, no 12686/03, §37, §41,20/03/2009). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001).

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ვ. პ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე